გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2019
საქმის ნომერი
080210019002882046
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/466-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი

მოსარჩელე - დ------ ა-–----ე;

მოპასუხე - დ-------ი გ-----–--ე;

წარმომადგენელი - ე-–---- დ--------ი;

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე დ-------ი გ-----–--ეს მისი არასრულწლოვანი შვილების - ბ-------ე გ-----–--ის (დაბ. 2007 წლის 27 დეკემბერს) და ე---------ე გ-----–--ის (დაბ. 2014 წლის 27 თებერვალს) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის სახით ყოველთვიურად თითოეულისათვის 200 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან მათ სრულწლოვანებამდე.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: დ-------ი გ-----–--ესთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი შვილი - 2007 წლის 27 დეკემბერს დაბადებული ბ-------ე გ-----–--ე და 2014 წლის 27 თებერვალს დაბადებული ე---------ე გ-----–--ე. მოსარჩელეს სურს მისი შვილებისათვის გააკეთოს ყველაფერი, რათა ისინი აღიზარდონ ფიზიკურად, გონებრივად და ზნეობრივად. იზრუნოს მათი სულიერი და სოციალური განვითარებისათვის და მათი უპირატესი ინტერსების გათვალისწინებით, მაგრამ ყოველივე ეს შეუძლებელია მარტო მისი სახსრებით, რადგან ის არის მარტოხელა მცირეწლოვანი შვილების დედა, ბავშვებს კი ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებიდან დაწყებული კვება, ჩაცმა, მედიკამენტები, განათლება და უამრავი ხარჯი სჭირდება, რათა ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად ჩამოყალიბდნენ, რაც მარტო მის ფინანსურ შესაძლებლობებს ბევრად აღემატება. მოპასუხე დასაქმებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში და აქვს შემოსავალი, რის გამოც ითხოვს თითოეული ბავშვისათვის თვეში 200 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. დ-------ი გ-----–--ემ შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, განმარტა, რომ თანახმაა შვილების სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტი, მაგრამ არა იმ ოდენობით რასაც მოსარჩელე ითხოვს. მართალია ის დასაქმებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, სადაც მისი სახელფასო ანაზღაურება განისაზღვრება დარიცხული 1000 (ხელზე მისაღები - 800) ლარის ოდენობით. იგი ასევე მუშაობს შპს ,,მ-------ს“ წარმომადგენლობა საქართველოში ქუთაისის ნეფროლოგიისა და ჰემოდიალიზის ცენტრში, სადაც მისი ყოველთვიური სახელფასო სარგო განისაზღვრება ხელზე მისაღები (გადასახადების გარეშე) 800 ლარის ოდენობით. ასევე დასაქმებულია ი----–-----------------------–---------------–------------–----–----–------ში, სადაც მისი ყოველთვიური სახელფასო სარგო შეადგენს - დარიცხულ 250 (ხელზე მისაღები 200) ლარს. ამდენად, მისი ყოველთვიური ხელფასი ჯამურად, ხელზე ასაღები შეადგენს 1800 ლარს, მაგრამ სს ,,ს----------–--------იდან“ აქვს გამოტანილი კრედიტი ბინისათვის, სადაც მოსარჩელე და მისი შვილები ცხოვრობენ და ყოველთვიურად ბანკში შეაქვს 1249.59 ლარი. იგი იძულებულია ქირით იცხოვრობს, რისთვისაც იხდის 500 ლარს. ამდენად, მისი ყოველთვიური ხარჯი შეადგენს 1749,59 ლარს და ასეთ ვითარებაში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტის გადახდის შესაძლებლობა არა აქვს. ამასთან, 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 19 მარტამდე პერიოდში მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადარიცხული აქვს 4367 ლარი. ამავე პერიოდში მოპასუხე ასევე იხდიდა კომუნალურ გადასახადებსაც. შესაბამისად, არასწორია მოსარჩელის მითითება, რომ იგი თითქოს თავს არიდებს მშობლის ვალდებულების შესრულებას, არამედ პირიქით მაქსიმალურად იჩენს ყურადღებას ბავშვების მიმართ. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ამას მოყვება არამარტო მოპასუხის, არამედ არასრულწლოვანი შვილების ინტერსების შელახვაც, რადგან ვეღარ შეძლებს ბანკის დავალიანების გადახდას, რაც გამოიწვევს უძრავი ქონების რეალიზაციას და ბავშვების სახლის გარეშე დარჩენას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე დ------ ა-–----ე და მოპასუხე დ-------ი გ-----–--ე ცხოვრობდნენ ერთად. უთანხმოების გამო მხარეებმა ერთად ცხოვრება შეწყვიტეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. დ------ ა-–----ეს და დ-------ი გ-----–--ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ბ-------ე გ-----–--ე (დაბადებული - 2007 წლის 27 დეკემბერს) და ე---------ე გ-----–--ე (დაბადებული - 2014 წლის 27 თებერვალს).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობები (ს.ფ. 16-17).

 

3.1.3. დ------ ა-–----ე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. დ-------ი გ-----–--ე მუშაობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, სადაც მისი სახელფასო ანაზღაურება განისაზღვრება დარიცხული 1000 (ხელზე მისაღები - 800) ლარის ოდენობით. იგი ასევე მუშაობს შპს ,,მ-------ს“ წარმომადგენლობა საქართველოში ქუთაისის ნეფროლოგიისა და ჰემოდიალიზის ცენტრში, სადაც მისი ყოველთვიური სახელფასო სარგო განისაზღვრება ხელზე მისაღები (გადასახადების გარეშე) 800 ლარის ოდენობით. ასევე დასაქმებულია ი----–-----------------------–---------------–------------–----–----–------ში, სადაც მისი ყოველთვიური სახელფასო სარგო შეადგენს - დარიცხულ 250 (ხელზე მისაღები 200) ლარს. მოპასუხის ყოველთვიური ხელფასი ჯამურად (ხელზე ასაღები) შეადგენს 1800 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობები (ს.ფ. 39-41)

 

3.1.5. 03.12.2018 წელს დ-------ი გ-----–--ესა და სს ,,ს----------–--------ს“ შორის გაფორმდა N8------ საკრედიტო ხელშეკრულება ( 30 000 ლარზე), რომლის ერთი ნაწილი მოხმარდა მოპასუხის ძველი (მოსარჩელესთან თანაცხოვრების პერიოდში აღებული) საკრედიტო ვალდებულების რეფინანსირებას.

 

11.12.2018 წელს მოპასუხემ მოსარჩელის და მათი შვილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით შეიძინა საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ.ქუთაისი, გ------ი შ-----–--ის ქუჩა N59 (ს/კ 0------------------). აღნიშნული ბინის შესაძენად გამოყენებული იქნა 03.12.2018 წლის საკრედიტო ხელშეკრულებით მიღებული თანხის მეორე ნაწილი. ვინაიდან რეფინანსირების შემდგომ დარჩენილი თანხა არ იყო საკმარისი აღნიშნული ბინის შესაძენად, მოპასუხესა და სს ,,ს----------–--------ს“ შორის 11.12.2018 წელს გაფორმდა მეორე საკრედიტო ხელშეკრულება (ხელშეკრულების N8------- - 8------), რომლითაც მოპასუხემ სესხის სახით დამატებით აიღო 22 000 ლარი.

 

03.12.2018 წლის საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით დ-------ი გ-----–--ე ყოველთვიურად იხდის 850.17 ლარს, ხოლო 11.12.2018 წლის სესხის ხელშეკრულებით 399.42 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 03 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 42-61).

- 2018 წლის 11 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 62-75).

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 76-77).

 

3.1.6. დ-------ი გ-----–--ეს ბინა აქვს დაქირავებული ირინე ჭაბუკიანისგან და იხდის ქირას ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- უძრავი ნივთის ქირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 78-79)

 

3.1.7. 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 19 მარტამდე პერიოდში მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადარიცხული აქვს 4367 ლარი. ამავე პერიოდში მოპასუხე ასევე იხდიდა კომუნალურ გადასახადებსაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი სს ,,თიბისი ბანკიდან“ (ს.ფ. 80-82)

 

3.1.8. დ-------ი გ-----–--ე 2018 წლის 07 ოქტომბერს დაქორწინებულია თ----ა ბ--------–ზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 85)

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეს მისი არასრულწლოვანი შვილების - ბ-------ე გ-----–--ის (დაბ. 2007 წლის 27 დეკემბერს) და ე---------ე გ-----–--ის (დაბ. 2014 წლის 27 თებერვალს) სარჩოდ დაეკისროს ალიმენტი ყოველთვიურად 200-200 ლარი, ჯამში 400 ლარი, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 06 მარტიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე, ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები; „ბავშვის უფლებათა“ კონვენცია;

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება – „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლების მიხედვით, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

კანონის მოხმობილი ნორმებით გათვალისწინებული საალიმენტო სამართალურთიერთობებიდან გამომდინარე ბავშვს უჩნდება უფლება, მოითხოვოს უზრუნველყოფა საარსებო სახსრებით, ანუ ალიმენტის გადახდა, მშობლებს კი უჩნდებათ მოვალეობა უზრუნველყონ არასრულწლოვანი შვილი ამგვარი საშუალებებით.

 

6.2. ბავშვთა უფლებების კონვენციით, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო.

 

გადასახდელი ალიმენტის ოდენობაზე მშობლები ვერ თანხმდებიან. მოპასუხე აცხადებს, რომ თანახმა არის ალიმენტის სახით გადაიხადოს 100-100 ლარი.

 

დადგენილია, რომ მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ბ-------ე გ-----–--ე და ე---------ე გ-----–--ე ფაქტობრივად ცხოვრობენ დედასთან, დ------ ა-–----ესთან ერთად. მოპასუხე დ-------ი გ-----–--ე მუშაობს და მისი ყოველთვიური შემოსავალია 1800 ლარი. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ ბავშვებს სჭირდება ზრუნვა და მატერიალური უზრუნველყოფა, რომლის ვალდებულება თანაბრად ეკისრება ორივე მშობელს. ამ თვალსაზრისით, მოპასუხის უპირობო ვალდებულებაა არჩინოს არასრულწლოვანი შვილები, შექმნას მათთვის ცხოვრების ნორმალური პირობები აღზრდისა და განვითარებისათვის.

 

6.3. ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.

 

კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის მე-2 პრინციპის მიხედვით, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. ამავე რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთიანობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით.

 

6.4. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხვადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო, რელიგიურ თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით.

 

6.5. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, როგორც ალიმენტის გადამხდელის, ისე მისი მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ გადაწყვეტილებებში განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის, შეძლებისდაგვარად, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ, ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.

 

6.6. განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვნების - ბ-------ე გ-----–--ის და ე---------ე გ-----–--ის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ბავშვები ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს. ბავშვები არიან არასრულწლოვნები, რომელთა აღზრდაზე და განვითარებაზე ვალდებულება თანაბარწილად ეკისრებათ მშობლებს, მიუხედავად მატერიალური და სოციალური მდგომარეობისა, ეს მათი კანონისმიერი ვალდებულებაა.

 

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მშობლის მატერიალური მდგომარეობა არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ვალდებული პირის პირობების შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ მისი ფინანსური შესაძლებლობებით, არამედ მნიშვნელოვანია ასევე მისი პოტენციალიც, თუ რამდენად შრომისუნარიანია იგი და აქვს თუ არა შესაძლებლობა, უზრუნველყოს შვილის მატერიალური გარემო. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე.

 

კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ობიექტური გარემოებების განსჯის და შეფასების სტანდარტი, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ის გარემოებაც, თუ რამდენად სტაბილური და მყარია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილებზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2019 წლის აპრილის თვისათვის - 163.9 ლარს).

 

6.7. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთ-ერთ საქმეში – „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ განმარტავს, რომ: „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“.

 

სასამართლოს მიერ ალიმენტის სახით, როგორც რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი თანხის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს, შესაბამისად, მშობლის სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა ბავშვების რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი.

 

მოპასუხე დ-------ი გ-----–--ე თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით თანახმაა, გადაიხადოს არასრულწლოვანი შვილებისთვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100-100 ლარი, რაც არ წარმოადგენს გონივრულ თანხას ბავშვების უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით. შვილის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი.

 

6.8. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, როგორც მშობლების ეკონომიური მდგომარეობა, ისე შვილის რჩენისათვის საჭირო თანხის გონივრული ოდენობა. ეკონომიური პრობლემები არ გამორიცხავს მოპასუხის მოვალეობას შვილთან მიმართებაში მეორე მშობლის ანუ მოსარჩელის თანაბრად მიიღოს მონაწილეობა შვილის აღზრდაში. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს აქვს მაღალი შემოსავალი, ასევე ბანკებში იხდის გადასახადებს, ლოგიკურია მსჯელობა მასზედ, რომ ის შეძლებს ალიმენტის სახით 400 ლარის გადახდას. თუმცა მოპასუხის მდგომარეობის გათვალისწინებასთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნას შვილების მდგომარეობაც. ისინი 12 და 5 წლის არიან. მათ დედას - დ------ გ-----–--ეს მარტო გაუჭირდება შვილების აღზრდა და რჩენა, კვებითი რეჟიმი, განათლება, განვითარება და სხვა აუცილებლობები, რაც მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული. ასეთ სიტუაციაში ალიმენტის სახით 100-100 ლარის გადახდაც არაგონივრულია. თანამედროვე პირობებში მოპასუხის მიერ ალიმენტის სახით 100 ლარის გადახდა უთანაბრდება შვილის რჩენაზე უარის თქმას. 100 ლარის სარჩოს მეშვეობით ვერ მიიღწევა შვილის სათანადო რჩენისა და აღზრდის პირობა. მხარეთა ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს თვეში 200-200 ლარის გადახდა, რაც შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს არასრულწლოვანი შვილების ნორმალურ განვითარებას.

 

6.9. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მას აქვს ფინანსური ვალდებულება, ვერ შეძლებს მის მიერ მითითებულზე მეტი თანხის გადახდას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. მოპასუხეს ფინანსური ვალდებულება აღებული აქვს გარკვეული ვადით, სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვების სრულწლოვანებამდე. ამასთან, საკრედიტო ხელშეკრულების დადება მეტყველებს მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ პირს განუსაზღვროს არაგონივრულად მცირე ალიმენტი და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილების წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.

 

6.10. სასამართლო განმარტავს, რომ შვილის ნორმალური რჩენის, აღზრდისა და განვითარებისათვის საჭიროა სოლიდური თანხები და რომ 200-200 ლარი არაა საკმარისი 12 და 5 წლის ასაკის შვილების რჩენისა და აღზრდისათვის (მაგ. თუ მოსარჩელე გადაწყვეტს შვილებს ასწავლოს ცურვა და უცხო ენა, დაჭირდება შესაბამის წრეებში მათი შეყვანა. ამ ორ სასწავლო პროცესს თვეში 100-100 ლარი შეიძლება არ ეყოს), მაგრამ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს მშობლების მატერიალური შესაძლებლობებისა და შვილის რჩენისათვის სავალდებულო ხარჯების თანაფარდობის ფარგლებში და არა იმის მიხედვით თუ რა თანხა სჭირდება შვილს აღსაზრდელად, ან რა თანხა გააჩნია მოპასუხეს შემოსავლის სახით. ასეთ სიტუაციაში 200-200 ლარის ალიმენტის სახით დადგენა არის გონივრული. ის არის, როგორც შვილის რჩენისა და აღზრდისათვის მინიმალური, ასევე მოპასუხის მატერიალური შესაძლებლობის ზღვარზე შერჩეული. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მშობლის ეკონომიური მდგომარეობისა და შვილის რჩენისათვის საჭირო თანხების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თვეში 200-200 ლარის გადახდა.

 

6.11. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილით ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

სარჩელი აღძრულია 2019 წლის 6 მარტს. შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს 2019 წლის 6 მარტიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. 39-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ პუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (სსსკ-ის 46-ე მუხლი; ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონი);

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან დ------ გ-----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულობის და მოპასუხის პოზიციის გათვალისწინებით, მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 72 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ------ ა-–----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე დ-------ი გ-----–--ეს მისი არასრულწლოვანი შვილების - ბ-------ე გ-----–--ის (დაბ. 2007 წლის 27 დეკემბერს) და ე---------ე გ-----–--ის (დაბ. 2014 წლის 27 თებერვალს) სარჩოდ დაეკისროს ალიმენტი ყოველთვიურად 200-200 ლარი, ჯამში 400 ლარი, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 06 მარტიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე, ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

3. მოპასუხე დ-------ი გ-----–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 72 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა დიდავა