განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2------ (№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 მაისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნინო ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა-- კ--–------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ----- ე------ის ძე ა------ი - დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–-------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------------------------ში
ადვოკატი - ი----- ქ-----–--ე
თარჯიმნები - ხ---------------ე, ე-–---------–--ე, პ-----------------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და სსკ-ის 111,151-ე მუხლი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
თ----- ა------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი და მეტი პირის მიმართ;
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თ--------ის ზ/აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2017 წლის 3 აპრილს, თ----- ა------ი მივიდა მისი ყოფილი მეუღლის ი--- ბ--------ისა და შვილების: გ------ი ა------ისა და ა-–------ ა------ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: თ---–-----–-----------–---–-------------, ბინა №---ში და ოჯახური ძალადობა განახორციელა ყოფილი მეუღლეს, ი--- ბ--------ის და შვილების: გ------ი ა------ისა და ა-–------ ა------ის, მიმართ. თ----- ა------მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ, კერძოდ: ყოფილ მეუღლეს, ი--- ბ--------ს დანის გამოყენებით მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება მარცხენა მკლავის არეში, რის შედეგადაც ი--- ბ--------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. თ----- ა------მა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ასევე შვილს გ------ი ა------ს, კერძოდ, დანის გამოყენებით დაზიანება მიაყენა მარჯვენა მკლავზე მხრის არეში და რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახის არეში, რის შედეგადაც გ------ი ა------ს მიადგა ჯანმრთელობის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი. ოჯახური კონფლიქტის დროს, თ----- ა------მა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილს ა-–------ ა------ს, კერძოდ, ფეხი დაარტყა მარჯვენა ხელის არეში, რა დროსაც ა-–------ ა------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2017 წლის 3 აპრილს, თ----- ა------ი მივიდა მისი ყოფილი მეუღლის, ი--- ბ--------ისა და შვილების: გ------ი ა------ისა და ა-–------ ა------ის, საცხოვრებელ სახლში, მდებარე: თ---–-----–-----------–---–-------------, ბინა №---ში და ოჯახური კონფლიქტის დროს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ოჯახის წევრებს: ყოფილ მეუღლეს ი--- ბ--------ს და შვილებს: გ------ი ა------სა და ა-–------ ა------ს, რომლებსაც გაუჩნდათ მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება თ----- ა------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა თ----- ა------ის ბრალეულობას.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულებმა: ი--- ბ--------მა, გ------ი ა------მა და ა-–------ ა------მა დაადასტურეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1991 წლიდან 2014 წლამდე თ----- ა------ი და ი--- ბ--------ი იყვნენ დაქორწინებულნი და თანაცხოვრების პერიოდში ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა. თ-----ი იყო ეჭვიანი და აგრესიული, რასაც ემატებოდა მისი ნარკოტიკულ და ალკოჰოლურ საშუალებებზე დამოკიდებულება. მისი მხრიდან სისტემატურად ჰქონდა ადგილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათ შორის, შვილების თანდასწრებით. ბრალდებული ასევე არ ერიდებოდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას შვილების თვალწინ, რაც ცუდად აისახებოდა მათ ფსიქიკაზე და ხელს უშლიდა მათ ნორმალურ განვითარებას, ბრალდებულს სახლიდან გაჰქონდა ნივთები გასაყიდად. მეუღლის ზ/აღნიშნული ქცევების გამო, ი--- შვილებთან ერთად რამდენჯერმე წავიდა სახლიდან, თუმცა მაინც ურიგდებოდა მეუღლეს. 2014 წელს ი--- და თ-----ი ოფიციალურად განქორწინდნენ და ქონებაც გაიყვეს, კერძოდ, აგარაკი და ჩუღურეთის რ-ნში, ვ-------–---ზე მდებარე სახლი დარჩა თ-----ს, ხოლო წ-----------–---–-- ქუჩაზე მდებარე ბინა - ი---სა და მის შვილებს. ბრალდებულმა გაყიდა ორივე სახლი და თანხა სრულად დახარჯა ნარკოტიკებსა და ალკოჰოლში, რის შემდეგაც წილი მოითხოვა წ-----------–---–-- ქუჩაზე მდებარე ბინიდან და ოჯახის წევრებს შორის წარმოიშვა ქონებრივი დავა, რაც 2017 წლის 3 აპრილის მდგომარეობით განიხილებოდა სასამართლოში სამოქალაქო წესით (დღეის მდგომარეობით, დავა დასრულებულია დაზარალებულების სასარგებლოდ).
განქორწინების შემდეგ, თ--------ის დედა საცხოვრებლად დარჩა ი----------თან, რის გამოც, მისი ნახვის მიზეზით, ბრალდებული პერიოდულად მიდიოდა ყოფილი მეუღლის ბინაში, თუმცა დედამთილის გარდაცვალების შემდეგ ი---მ აუკრძალა თ-----ს მასთან მისვლა. აღნიშნულით განაწყენებული ყოფილი მეუღლე ქუჩაში ან სადარბაზოსთან ხვდებოდა ი---ს, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, მოითხოვდა ფულს, ბინაში მის შეშვებას და იქ არსებული ნივთების გატანას გასაყიდად. თ--------ის აღნიშნული ქმედებებით ი--- განიცდიდა მუდმივად სტრესს.
2017 წლის 3 აპრილს, სამსახურში წასასვლელად მომზადებულმა ი--- ბ--------მა გააღო თუ არა კარი, ბინაში მოულოდნელად შევარდა დანით შეიარაღებული თ----- ა------ი, ძალის გამოყენებით წააქცია ყოფილი მეუღლე და მარცხენა მკლავის არეში მიაყენა ორი ჭრილობა, იმავდროულად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. დედის ყვირილზე ოთახიდან გამოვიდა გ------ი ა------ი, რომელიც შეეცადა ბრალდებულის შეკავებასა და დანის წართმევას (თ--------ი ამ დროს თავზე ედგა იატაკზე წაქცეულ ი----------ს), რა დროსაც მამამ მუშტი ჩაარტყა სახეში ერთხელ, რის გამოც გაუსკდა ტუჩი და „დანის წართმევის დროს 2-3-ჯერ გაკრა მხარზე“. პროკურორის შეკითხვაზე, თუ რას ნიშნავს „გამკრა“, ნიშნავს თუ არა ეს შემთხვევითობას, გ--------მა უპასუხა: „მაგას ვერ გეტყვით, რავი შემთხვევით...ახლა დანით ესე იდგა და ვეცადე უბრალოდ წამერთმია ეს დანა და მარტყამდა თუ არა, არ ვიცი“. ხმაურზე ასევე გამოვიდა ოთახიდან ა-–------ ა------იც, რომელმაც სცადა დახმარებოდა ძმას ბრალდებულის შეკავებასა და დანის წართმევაში, თუმცა თ--------მა, რომელიც იქნევდა ხელებსა და ფეხებს, ა-–------საც მიაყენა დაზიანება, კერძოდ, ფეხის მოქნევით მოტეხა ხელი. საბოლოოდ, შვილებმა შეძლეს მამისათვის დანის წართმევა და გაიტანეს სამზარეულოში, რაც მოგვიანებით წარუდგინეს გამომძიებელს. მომხდარის თაობაზე ს----------–ო პოლიციას შეატყობინა ი--- ბ--------მა. დაზარალებულის ი----------ის განმარტებით, მომხდარი კონფლიქტის შედეგად, ბინის დერეფანი იყო არეული და სისხლით მოსვრილი. თ--------ის ქმედებით, რომელიც ოჯახის წევრებს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, დაზარალებულებმა განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სიცოცხლის მოსპობის მუქარა აღიქვეს რეალურად. ს----------–ო პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე, ბრალდებული შეკავებული ჰყავდათ გ------ისა და ა-–------ს. დაზარალებულთა განმარტებით, თ--------ი კონფლიქტის დროს ყველა მათგანს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, „ყველას მოგკლავთ, ამოგწყვეტთო.“
გ------ი ა------ის ჩვენებით, იატაკზე დაგდებული ი--- ისტერიულ მდგომარეობაში იყო და თ-----ი თავზე ადგა დანით მარჯვენა ხელში, ემუქრებოდა მოგლავო, „მერე შემოვატრიალე ჩემსკენ და რავი გამოვწიე, რომ ი-----სთვის არაფერი არ დაეშავებინა, დანის წართმევა ვცადე და მაგ წართმევის დროს გამკრა მხარზე.“ ბრალდებულის მიერ მუშტის სახეში დარტყმის შედეგად, გ------ის გაუსკდა ტუჩი. მოწმის ჩვენებით, ძმები ცდილობნდნენ მხოლოდ მამის განეიტრალებას, მისთვის ფიზიკური შეურაცხოფა არ მიუყენებიათ და სწორედ ამიტომ გაუჭირდათ მისთვის დანის წართმევა. „შემდეგ ჩემი ძმა გამოვიდა ამ ყვირილზე და ერთობლივი ძალით წავართვით ეს დანა.“ პროკურორის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა თ--------ს იმდენი შესაძლებლობა, რომ ორი ბიჭისთვის გაეწია წინააღმდეგობა და გაძალიანებოდა, გ--------მა უპასუხა: „ძალა ჰქონდა მაგ დროს... მაგ დღეს რომ მოვიდა, მშვენიერი ძალა ჰქონდა, რა ვიცი.“ პროკურორის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა თ--------ს გადაადგილების კუთხით რაიმე პრობლემა, მოწმემ უპასუხა: „მაგ დღეს არ შეინიშნებოდა არაფერი.“ მოწმის განმარტებით, დანა, რომელიც წაართვეს მამას, შეიტანეს სამზარეულოში, „არ მახსოვს გარეცხვა...პირდაპირ შევიტანეთ და დავდეთ.“ ადვოკატის შეკითხვაზე, 2017 წლის 3 აპრილამდე ჰქონდა თუ არა თ-------ს გადაადგილებასთან და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები, გ--------მა უპასუხა: მანამდე ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მკურნალობდა და სვამდა წამლებს და მერე ჩვეულებრივად იყო.“ მოწმის განმარტებით, დანა თ--------ს უშუალოდ თვითონ წაართვა, თუმცა სამზარეულოში გაატანა ა-–------ს. მოწმის ჩვენებით, თ--------მა ა-–------ს ხელით მიაყენა დაზიანება და ხელი ატკინა - „ხელით მიაყენა რა, ფეხით ვერ მიაყენებდა... ფეხებს იქნევდა, მაგრამ ფეხით ვერ მიაყენებდა ხელზე ფიზიკურ შეურაცხყოფას.“
ი--- ბ--------ის ჩვენებით, თ--------მა „2-ჯერ დაარტყა დანა გ------ის და 2-ჯერ გაიმეტა, მარჯვენა მხრის არეში მიაყენა დაზიანება, მუშტებს ურტყამდა, ხელებითა და ფეხებით ურტყამდა სახისა და სხეულის არეში, ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი...სულ სისხლში იყო ჩვენი შემოსასვლელი, ყველგან სისხლი იყო.“ დაზარალებულის განმარტებით, თ-----ი ა-–------საც ურტყამდა ხელებითა და ფეხებით, მარჯვენა ხელზე მიაყენა დაზიანება, ა-–------ს გაუსივდა და გაულურჯდა ხელი, რამდენიმე დღეში კი ექიმთან მისულმა აღმოაჩინა, რომ მოტეხილი ჰქონდა, „ა-–------მაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.“ დაზარალებულმა დაადასტურა, რომ თ--------ს დანა წაართვა გ------იმ და მანვე გაიტანა სამზარეულოში, რაც შემდეგ წარუდგინა ს----------–ო პოლიციის თანამშრომელს. დაზარალებულმა პროკურორის შეკითხვაზე არ უარყო, რომ თ-----ი იმ დროისათვის უკვე ავად იყო ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო, თუმცა სხდომაზე დაკითხვის დროს რამდენჯერმე დაჟინებით სცადა დაერწმუნებინა სასამართლო, რომ სწორედ 2017 წლის 3 აპრილს იყო განსაკუთრებულად ჯანმრთელი და ძლიერი თ--------ი, კერძოდ: „ძალიან ძლიერი იყო იმ დღეს ფიზიკურად და აგრესიული“; „ძალიან ძლიერი იყო, არ ვიცი, ძალიან აგრესიული“; „იმ პერიოდში უკვე ავად იყო, მაგრამ იმ დღეს ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო, ყველას თავს აჩვენებდა ინვალიდად და თვითონ როცა ჭირდებოდა ძალიან კარგად დადიოდა და საუბრობდა.“
ა-–------ ა------ის ჩვენებით, დანის წართმევის დროს რამდენჯერმე მოხვდა მამამისის ფეხი ხელში, ძალიან ეტკინა და გაუსივდა, რამდენიმე დღეში აღმოაჩინა, რომ მოტეხილი ჰქონდა. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ერთობლივი ძალებით ცდილობდნენ მამის შეკავებას (გ------ის მამის მარჯვენა ხელი ეკავა, ა-–------ს მარცხენა), რა დროსაც გ------იმ მოახერხა დანის წართმევა და გაიტანა სამზარეულოში. ა-–- ა------ის განმარტებით, თ--------ი მას ფიზიკურად უსწორდებოდა ხელებითა და ფეხებით, საბოლოოდ კი, მოტეხა ხელი. თ--------ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, დაზარალებულმა უპასუხა: „ჩვეულებრივად დადიოდა, მარტო მოვიდა, ხელებსაც იქნევდა, ჯანმრთელი იყო მაგ მომენტში... 3 აპრილამდე ჯანმრთელობის პატარა პრობლემები ჰქონდა მეტყველებასთან და სიარულთან დაკავშირებით, მაგრამ ექიმის დანიშნულ წამალს რომ სვამდა, უფრო ჯანზე იყო, ჩვეულებრივად მეტყველებდა და დადიოდა... იმ დღეს ჩვეულებრივად ლაპარაკობდა, იმას კი გვეუბნებოდა მოგკლავთო, სხვა ისეთი არაფერი უთქვამს.“
მოწმე მ--- შ-–-------ას ჩვენებით, თ----- ა------ი არის მისი მულის, ი--- ბ--------ის მეუღლე. თ--------სა და ი----------ს თანაცხოვრებისას ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა, ბრალდებული სისტემატურად აყენებდა მეუღლეს ფიზიკურ შეურაცხყოფას უსაფუძვლო ეჭვიანობისა და სხვა წვრილმანი მიზეზების გამო, ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულების გამო, ხშირად გაჰქონდა ოჯახიდან ნივთები და ყიდდა. თ--------ის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგი იყო ი----------ის სახესა და სხეულზე არსებული დაზიანებები სილურჯეებისა და დასივებების სახით, რაც არაერთხელ უნახავს თავად მოწმეს. ბრლდებულის ძალადობრივი ქმედებები ცუდად აისახებოდა მისი შვილების ფსიქიკაზე, რის გამოც ი----------ი შვილებთან ერთად ხშირად აფარებდა თავს მ.შ-–-------ას სახლს, ეს უკანასკნელი კი დაზარალებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქუჩაში ხვდებოდა ხოლმე მას და თან დაყვებოდა თითქმის ყველგან. 2017 წლის 3 აპრილს, დანით შეიარაღებული თ--------ის მხრიდან ყოფილი მეუღლისა და შვილების მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზე, მ.შ-–-------ამ შეიტყო დაზარალებულისაგან. მოწმემ თ--------ი დაახასიათა როგორც კარგი სამსახიობო მონაცემების მქონე პირი, რომელიც დღემდე მოტყუებით ცდილობს ყველას დარწმუნებას, რომ მძიმედ ავადაა და გადაადგილება არ შეუძლია, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
მოწმე მ-----ა ბ---------ის ჩვენებით, არის დაზარალებულ ი----------ის მეზობელი და შორიდან იცნობს მის ყოფილ მეუღლესაც. მოწმის განმარტებით, მას ხშირად ესმოდა დაზარალებულის ბინიდან ჩხუბის, საგნების მტვრევისა და ყვირილის ხმა, თუმცა რა ხდებოდა ოჯახში ან ვინ ვის ეჩხუბებოდა, მისთვის უცნობია. 2017 წლის 3 აპრილს, დაახლოებით 11:00 საათისათვის, მ-----ა ბ---------ეს მეზობლების ბინიდან შემოესმა ხმაური, გააღო კარი და დაინახა ი----------ის ბინასთან მყოფი პოლიციის თანამშრომლები, ეზოში კი იდგა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა. პოლიციელთა განმარტებაზე, რომ მშვიდობა იყო, მოწმე სახლში დაბრუნდა. ე.წ. „გლაზოკიდან“ დაინახა, რომ ბინაში შევიდნენ ექიმებიც. ი----------ის ბინის ღია კარში, მოწმემ იატაკზე შეამჩნია რაღაც ნაჭერი და სისხლის წვეთები. მოწმემ განმარტა, რომ არ ფლობს ინფორმაციას თ--------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე (არც კი უსაუბრია მასთან), თუმცა დაადასტურა, რომ ბრალდებულს ჰქონდა სიარულის სპეციფიკური მანერა, მძიმე ნაბიჟებით დადიოდა, ფეხი დაქონდა „ცოტა არანორმალურად, განსხვავებულად.“ მ-----------ის ჩვენებით, მოგვიანებით შეიტყო, რომ ბრალდებულს ცოლ-შვილი დაუჭრია.
მოწმე ს--–---ე გ------ის ჩვენებით, არის ს----------–ო პოლიციის თანამშრომელი. 2017 წლის 3 აპრილს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, მიიღო შეტყობინება ოჯახური ძალადობის თაობაზე. შემთხვევის ადგილზე - თ---–-----–-----------–---–-------------, ბინა №---ში გამოცხადდა მეწყვილესთან, ლ-–- ხ------–---–თან ერთად. ადგილზე დახვდათ დედა, ორი ვაჟი და ბრალდებული. დაზარალებულმა დედა-შვილმა სამართალდამცველებს უამბეს, რომ წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა თ----- ა------ის მხრიდან მეუღლის მიმართ ადგილი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, მუქარასა და თვალთვალს, 3 აპრილს კი ბინის კარის გაღებისთანავე, დანით შეიარაღებულმა, პირბადიანმა ბრალდებულმა იქვე დერეფანში, წააქცია ყოფილი მეუღლე იატაკზე და დაარტყა დანა, ჰქონდა მისი ცემის მცდელობაც, თუმცა ხმაურზე საძინებელი ოთახიდან გამოსულმა ბიჭებმა შეძლეს მამის შეკავება, გაშველების დროს კი, როდესაც თ--------ი იქნევდა ხელებსა და ფეხებს, ორივე შვილმა მიიღო დაზიანება, ასევე დაზიანება აღენიშნებოდა ქალბატონს. შემთხვევის ადგილზე მისულ ს----------–ო პოლიციის თანამშრომლებს თ--------ი დერეფანში იატაკზე დაწოლილი დახვდათ, რომელსაც აკავებდა შვილი, თუმცა არ ახსოვს ხელით აკავებდა თუ ბრალდებულის თავზე ფეხის დადებით. მოწმის განმარტებით, ბინის დერეფანში იყო არეულობა და იატაკზე ეგდო პირბადე, რომლის საჭიროების თაობაზეც ბრალდებულმა განაცხადა, რომ გაცივებული იყო, ხოლო დაზარალებული შვილების ვარაუდით, პირბადე თ--------ს დაჭირდა, რომ სახლში მისვლისას ვინმეს არ ეცნო. მოწმის ჩვენებით, გ------იმ წარმოადგინა სამზარეულოს დანა, რომლითაც ემუქრებოდა ბრალდებული ოჯახის წევრებს, აღნიშნული დანა მოგვიანებით მოწმისაგან ამოიღო გამომძიებელმა. ს--------ის ჩვენებით, ლ--------–---–მა ადგილზე შეადგინა თ--------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი (დაკავებისას ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია), აგრეთვე მოძალადის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. მოწმის ჩვენებით, ბრალდებულისა და მისი ოჯახის წევრებისაგან შეიტყო, რომ თ--------ი იყო ნარკოტიკების მომხმარებელი და იღებდა მედიკამენტს, რომელიც აუმჯობესებდა როგორც მის მეტყველების, ისე მოძრაობის უნარს, ბრალდებულმა ასევე განუმარტა, რომ 1 თვეში კომისიას მისთვის უნდა მიენიჭებინა პირველი ჯგუფის ინალიდობა, ვინაიდან მისი ავადმყოფობა არ იკურნება. მოწმის განმარტებით, 2017 წლის 3 აპრილს, თ--------ს არ უჭირდა არც გადაადგილება და არც მეტყველება, უფრო მეტიც, იმდენად ხუმრობით და დამცინავად საუბრობდა ბრალდებული, რომ ს--------ეს მოუწია მისგან განცალკევება, რომ „ზედმეტი არ ესაუბრა“ პ--------–-ინსპექტორი ქალბატონის შესახებ.
ზ/აღნიშნული მოწმის ჩვენება 2017 წლის 3 აპრილს მიღებული შეტყობინების, შემთხვევის ადგილზე მისვლის, იქ არსებული ვითარების, დაზარალებულების მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და დანის წარდგენის ნაწილში სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა პ--------–-ინსპექტორმა ლ-–- ხ------–---–მა. მანვე განმარტა, რომ თ--------ს ჰქონდა ასაკის შესაბამისი ჯანმრთელობა, „ცხადია, ახალგაზრდა ადამიანივით ვერ გამოიყურებოდა“, მაგრამ ჯანმრთელი იყო, ყოველგვარი დაზიანებებისა და შეზღუდვების გარეშე, გადაადგილდებოდა თავისუფლად. მოწმემ დაადასტურა მის მიერ შედგენილი ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოების (ბრალდებულს აღენიშნებოდა დაზიანება, რომელიც მისივე განმარტებით მიიღო კონფლიქტის დროს) სისწორე, თუმცა მოსამართლის შეკითხვაზე განმარტა, რომ არ ახსოვს შემთხვევის ადგილზე მისულს რა განუმარტა თ--------მა, სავარაუდოდ ორივე დაპირისპირებული მხარისგან მიიღებდა ინფორმაციას, თუმცა ამ შემთხვევაში ახსოვს მხოლოდ დაზარალებულების მიერ მიწოდებული ვერსია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, ს----------–ო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლებმა: გ------ი გ------–--ემ და ა-- ხ--–-–---–მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით თ--------ის ბრალდების სს საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
მოწმე ა-- ხ--–-–---–მა დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე მისულს ი--- ბ--------ი დახვდა ძალიან განერვიულებული და ძალიან უჭირდა საუბარი, თუმცა აღნიშნულს ხელი არ შეუშლია დაზარალებულისათვის, რომ გამომძიებელთან პირად საუბარში (და არა დაკითხვისას) მიეწოდებინა ისეთი დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია თ--------თან თანაცხოვრებისას და განქორწინების შემდეგ განვითარებულ მოვლენებისადა 2017 წლის 3 აპრილის ფაქტის თაობაზე იდენტური თანმიმდევრობით, როგორც ეს მოგვიანებით დაზარალებულის დაკითხვის ოქმშია დაფიქსირებული (თავის მხრივ, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება წინადადებების წყობითა და ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაც კი სრულ თანხვედრაშია დაკითხვის ოქმთან). მოწმის განმარტებით, თ--------ის როგორც დაკავების დღეს, ისე იზოლატორში ბრალის წარდგენისას გადაადგილდებოდა დამოუკიდებლად და საუბრობდა გამართულად, თუმცა ადვოკატისა და მოსამართლის დამაზუსებელ შეკითხვებზე აეხსნა, თუ რას გულისხმობდა თავისუფალ გადაადგილებასა და მეტყველებაში და მოწოდებაზე, თავი არ აერიდებინა კითხვისათვის (გადაადგილდებოდა თუ არა, როგორც ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი), მოწმემ არადამაჯერებლად, ღიმილით უპასუხა, „ნუ მასე არ დავკვირვებივარ.“ მოწმის ინფორმაციით, თ--------ი მასთან გასაუბრებისას არ უარყოფდა კონფლიქტის ფაქტს, თუმცა განმარტავდა, რომ აღნიშნული განპირობებული იყო ოჯახის წევრებს შორის ქონებრივი დავით.
სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–--ე ჭ-------ამ დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:
ა-–------ ა------ს 03.04.2017 წელს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი (მარჯვენა წინამხრის ქვედა მესამედის უკანა ზედაპირზე) და ნაჭდევი სხეულზე (მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე). დაზიანებები განვითარებული არინ რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–--ე ჭ-------ამ დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:
ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ა-–------ ა------ს 03.04.2017 წელს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი და ნაჭდევი სხეულზე. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით ა-–------ ა------ს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მიუმართავს კლინიკისთვის 2017 წლის 06 აპრილს, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა მტევნის მე-5 თითის დაჟეჟილობა. ა-–------ ა------ის რენტგენოფირები შესწავლილ იქნა რადიოლოგის მიერ, რომლის დასკვნით აღინიშნება მოტეხილობა მე-5 მეტაკარპალური ძვლის ფუძის მიდამოში. რენტგენოგრამაზე ასახული ცვლილება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება მომართვაში მითითებულ დაზიანების მიღების თარიღს - 03.04.2017 წელს. გამომდინარე ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან, დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთად აღებული ეკუთვნის ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ------ კ------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის №----–- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი პ--------–-ინსპექტორ ს--–---ე გ------ისგან ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–--ე ჭ-------ამ დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:
წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, გ------ი ა------ს სამედიცინო დახმარება გაეწია 2017 წლის 3 აპრილს, რა დროსაც აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობები მხრის არეში.
გ------ი ა------ს 3.04.2017 წელს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა სწორკიდეებიანი და უსწოროკიდეებიანი ჭრილობები (მარჯვენა მხრის ზედა მესამედის წინა შიგნითა ზედაპირზე), ნაჭდევები (მარჯვენა ლავიწის ძვლის საპროექციო მიდამოზე) და სისხლნაჟღენთები (მარჯვენა მხრის ზედა მესამედის უკანა ზედაპირზე) სხეულზე. სწორკიდეებიანი ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჭრელი საგნის მოქმედებით, ხაზოვანი ნაჭდევები განვითარებულია რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი, ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ყველა სხვა დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, დაზიანებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე - ერთად აღებული, ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებინ საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–--ე ჭ-------ამ დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:
წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, ი--- ბ--------ს სამედიცინო დახმარება გაეწია 2017 წლის 03 აპრილს, რა დროსაც აღენიშნებოდა ექსკორიაცია სხეულზე.
ი--- ბ--------ს 03.04.2017 წელს პირადი გასინჯვისას აღენიშნებოდა სწორკიდეებიანი ჭრილობა (მარცხენა წინამხრის ქცედა მესამედის უკანა ზედაპირზე), ნაჭდევები (მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე და სისხლნაჟღენთები (მაცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე, მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის უკანა ზედაპირზე, მარჯვენა წვივის ზედა მესამედის გარეთა ზედაპირზე) სხეულზე. სწორკიდეებიანი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი საგნის მოქმედებით, ყველა სხვა დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით. დაზიანებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე - ერთად აღებული, ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. მარჯვენა წვივზე არსებული დაზიანება ხანდაზმულობით შეესაბამება 7-9 დღეს, ყველა სხვა დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 3 აპრილს 09:20 საათზე, ქ. თბილისში, წ-----------–---–-- ქუჩა №---, ბინა №---ში, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა თ----- ე------ის ძე ა------ი. დაკავებულს დაკავების მომენტში სახეზე, მარცხენა საფეთქელთან აღენიშნებოდა მცირე დაზიანება, რაც მისივე განმარტებით, მიიღო კონფლიქტის დროს. თ--------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინაააღმდეგო არაფერი ამოღებულა (პ--------–-ინსპექტორი ლ--------–---–ი).
ალკოტესტით შემოწმების ოქმის მიხედვით, 2017 წლის 3 აპრილს, თ----- ა------ს ალკოჰოლური ნივთიერებებით თრობის ფაქტზე შემოწმებისას დაუდგინდა სიფხიზლე.
ამოღების ოქმის თანახმად, 2017 წლის 3 აპრილს, ქ. თბილისში, წ-----------–---–-- ქუჩა №----ში, ბინა №---ში, პ--------–-ინსპექტორ ს--–---ე გ------ისგან ამოღებული იქნა ერთი ცალი სამზარეულოს დანა, წითელი, ლურჯი და თეთრი შეფერილობის ტარით (გამომძიებელი ა-----–-–---–ი).
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 3 აპრილს, დათვალიერდა ი----------ის საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ.თბილისში, წ-----------–---–-- ქუჩა №---, ბინა №--, რა დროსაც არაფერი ამოღებულა, ბინაში არეულობის კვალი არ აღინიშნებოდა (გამომძიებელი ა----–-–---–ი, დამსწრე ი----------ი).
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 5 აპრილის წერილისა და თანდართული დოკუმენტების თანახმად, თ----- ა------სა და ი--- ბ--------ს შორის ქორწინება რეგისტრირებულია 1998 წლის 7 მარტს, ხოლო განქორწინება - 2014 წლის 14 ივლისს.
შპს პ------ ს-------–---–ის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის მიერ 2019 წლის 6 მარტს გაცემული, ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი №--- ცნობის მიხედვით, 2018 წლის 21 სექტემბერს პაციენტ თ----- ა------ს დაუდგინდა დიაგნოზი: მარგანეციით გამოწვეული ქრ. ენცეფალოპათია, პალიდური დეგენერაცია T----. მიმდინარე კლინიკო - ანამნეზური მონაცემების თანახმად, ადგილი აქვს მარგანეციით გამოწვეულ ქრ ენცეფალოპათიას პალიდური დეგენერაციით. მდგომარეობა მცირე ხარისხის რემისიის შემდგომ (ვენლაქსინის ფონზე) ბოლო ორი წლის განმავლობაში პროგრესულად უარესდება - სიარულის იმბალანსი პროპულსური ვარდნებით, ბულბური პარეზი დისფონიით, დიზართრიით, დისფაგიით, მარჯვენა მხარ-ბეჭის ტკივილი პროგრესირებით მხრის სახსარში ქონტრაქტურამდე (გაყინული მხრის სინდრომი).
სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაადგილებისა (გადაადგილდებოდა მხოლოდ დამხმარე საშუალების გამოყენებით) და მეტყველების უნარის მკვეთად შეზღუდვის მიუხედავად (რაც თვალსაჩინო იყო ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისათვის, ყოველგვარი სამედიცინო დოკუმენტაციის გარეშე), პროცესის საწყის ეტაპზე თ----- ა------ი ესწრებოდა სხდომებს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მან ვეღარ შეძლო პროცესში მონაწილეობა და დაუფიქსირდა არაერთი გამოუცხადებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სხდომაზე ორივე მხარე აფიქსირებდა პოზიციას, რომ ბრალდებულს არ შეეძლო მეტყველება და გადაადგილება, არც ბრალდების და არც დაცვის მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი რაიმე სამედიცინო ცნობა, რის გამოც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება თ--------ის ადგილსამყოფელის მიხედვით სხდომის ჩატარების თაობაზე. ბრალდებულის ე.წ. საცხოვრებელ ადგილზე (თუკი კიბის უჯრედის ქვეშ, ეზოსაგან ხის ფარატინა კარით განცალკევებულ ერთ საწოლს, სკამსა და მაგიდას შეიძლება ეწოდოს საცხოვრებელი ადგილი) სასამართლოს მიერ დაფიქსირდა უკიდურესად მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში, მომვლელისა და დამხმარის გარეშე, მეზობლების იმედად დარჩენილი, მწოლიარე თ--------ის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა, კერძოდ, ბრალდებულს არ შეეძლო გადაადგილება (ადვოკატის დახმარებით მხოლოდ წამოჯდა საწოლზე) და ძალიან უჭირდა საუბარი, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობდა სიტყვებს. თ--------ის საცხოვრებელის უკიდურესი სივიწროვიდან გამომდინარე სასამართლო სხდომების ადგილზე ჩატარების ობიექტურად შეუძლებლობის გამო, ბრალდებულმა დააფიქსირა თანხმობა, რომ სასამართლო პროცესი გაგრძელებულიყო მის დაუსწრებლად ადვოკატ ი-------–--ის მონაწილეობით, მანვე სთხოვა სასამართლოს იმ გარემოების გათვალისწინება, რომ არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია და პირიქით, მასზე იძალადეს ოჯახის წევრებმა, ცემის დროს კი თავს იცავდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევისა და ანალიზის შემდეგ, თ--------ის ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვნად მიაჩნია შემდეგი გარემოებები, კერძოდ:
· ერთის მხრივ, დაზარალებულებს: ი----------ს, გ--------ს, ა-–-ა------სა და მეორე მხრივ, თ--------ს შორის 2017 წლის 3 აპრილის მდგომარეობით, ქონების გაყოფასთან დაკავშირებული სამოქალაქო დავის სასამართლოში განხილვის ფაქტი (დაზარალებულთა განმარტებით, 2017 წლის 25 აპრილს, დავა გადაწყდა მათ სასარგებლოდ).
· დაკავების ოქმში ასახული, თ--------ისათვის კონფლიქტის დროს მიყენებული, ვიზუალურად თვალსაჩინო დაზიანება. აღსანიშნავია, რომ გამოძიება საერთოდ არ დაინტერესებულა დაზიანების წარმომავლობით, არ გამოკვლეულა ხომ არ ჰქონდა ბრალდებულს სხვა დაზიანებებიც ან რა ხარისხის იყო ზ/აღნიშნული დაზიანება (ბრალდებული არც კი დაკითხულა) და უფრო მეტიც, შემთხვევის ადგილზე მისულმა ს----------–ო პოლიციის თანამშრომლებმა: ს--------ემ და ლ--------–---–მა, აგრეთვე გამომძიებელმა ა----–-–---–მა მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით მიიღეს და შემდეგ სასამართლოს მიაწოდეს მხოლოდ ცალმხრივი, დაზარალებულების მიერ მიწოდებული ინფორმაცია. უფრო მეტიც, დაკავების ოქმის შემდგენმა ლ--------–---–მა დაადასტურა ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია დაზიანების თაობაზე და განმარტა, რომ სავარაუდოდ მოისმენდა ორივე დაპირისპირებული მხარის ვერსიას, თუმცა ვერ ახსნა რატომ ახსოვს, მხოლოდ დაზარალებულების პოზიცია კონფლიქტთან დაკავშირებით.
· დაზარალებულ ი----------ის განმარტებით, თ--------ის მიერ ოჯახის 3 წევრისათვის დაზიანებების მიყენების შემდეგ, შემთხვევის ადგილი - ბინის დერეფანი იყო სისხლით მოსვრილი - „ სულ სისხლში იყო შემოსასვლელი, ყველგან სისხლი იყო“, რაც სრულიად ეწინააღმდეგება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, რომლის თანახმად, ბინა არ იყო არეული, სისხლის კვალი ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე ნივთი კი ნანახი და ამოღებული არ ყოფილა (რაც დაადასტურა სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა ა----–-–---–მაც). გარდა ამისა, სისხლის არსებობის თაობაზე არ უსაუბრიათ შემთხვევის ადგილზე მყისიერად მისულ ს----------–ო პოლიციის თანამშრომლებს: ს--------ესა და ლ---------–--ლს. აღსანიშნავია, რომ არცერთ დაზარალებულს არ განუცხადებია, რომ შემთხვევის ადგილი ვინმემ დაასუფთავა და უფრო მეტიც, ნაკლებად სარწმუნოა, რომ აგრესიული მოძალადის შეკავების პროცესში დაზიანებულ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით შეშინებულ დაზარალებულებს, ჰქონოდათ დრო და საშუალება ეზრუნათ სისხლით დასვრილი დერეფნის დასუფთავებაზე, უფრო მეტიც, ალოგიკურია ძალადობის კვალის განადგურება რატომ უნდა ყოფილიყო პოლიციის დახმარების მოლოდინში მყოფ მსხვერპლთა ინტერესში. იმავეს თქმა შეიძლება ე.წ. სამედიცინო პირბადეზე, რომელიც დაზარალებულთა განმარტებით, თ--------ს შესანიღბად ჭირდებოდა და რომელიც ბინის დერეფანში პ--------–-ინსპექტორმა ს--------ემაც აღნიშნა, თუმცა ვერც ეს ნივთი მოხვდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში.
· ი--- ბ--------ის ჩვენებით, თ--------მა ორჯერ, გამიზნულად დაარტყა დანა გ------ის და 2-ჯერ გაიმეტა, მარჯვენა მხარის არეში მიაყენა დაზიანება, ამასთან ურტყამდა მუშტებს, ხელებითა და ფეხებით ცემდა სახისა (ყურადსაღებია, რომ გ------ი ძირს არ დაცემულა და გაუგებარია, სახის არეში ფეხით როგორ ცემდა თ--------ი) და სხეულის არეში, გ------ის ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა და განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. სრულიად განსხვავებულად აღწერს მოვლენებს თავად გ------ი ა------ი, კერძოდ, დაზარალებულს არ დაუდასტურებია, რომ მამა მას ხელებითა და ფეხებით ცემდა სახისა და სხეულის არეში, გ--------ის განმარტებით, მამამ მას ერთხელ დაარტყა მუშტი სახის არეში, დანით დაზიანების მიღება კი მიაწერა სავარაუდოდ შემთხვევითობას, „დანის წართმევის დროს 2-3-ჯერ გამკრა მხარზე“, ამასთან პროკურორის შეკითხვაზე, თუ რას ნიშნავს „გამკრა“, ნიშნავს თუ არა ეს შემთხვევითობას, გ--------მა უპასუხა: „მაგას ვერ გეტყვით, რავი შემთხვევით...ახლა დანით ესე იდგა და ვეცადე უბრალოდ წამერთმია ეს დანა და მარტყამდა თუ არა, არ ვიცი.“
· ი----------ისა და ა-–-ბ--------ის განმარტებით, თ--------ი ხელებსა და ფეხებს ურტყამდა ა-–------ს და ფეხით მიაყენა დაზიანება ხელზე, ხოლო გ------ი ა------მა კატეგორიულად გამორიცხა ფეხით დაზიანების მიყენების შესაძლებლობა - „ხელით მიაყენა რა, ფეხით ვერ მიაყენებდა... ფეხებს იქნევდა, მაგრამ ფეხით ვერ მიაყენებდა ხელზე ფიზიკურ შეურაცხყოფას.“
· სამივე დაზარალებული აჩვენებს, რომ ა-–------ი და გ------ი ერთობლივი ძალით ცდილობდნენ თ--------ისათვის დანის წართმევას, რაც საბოლოოდ მოახერხა გ------იმ. გ------ის განმარტებით, დანა ა-–------ს გაატანა სამზარეულოში, ხოლო ა-–------ისა და ირას ჩვენებით, დანა თავად გ------იმ შეინახა სამზარეულოში. აღნიშნულ წინააღმდეგობაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ორი პირისათვის ჭრილობების მიყენების შემდეგ (მაშინ, როდესაც ი----------ის განმარტებით, დერეფანი სულ სისხლით იყო მოსვრილი) დანაზე არ ფიქსირდება სისხლის კვალი, ამის თაობაზე არც დანის ამოღების ოქმშია საუბარი და არც საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ გამომძიებელ ა----–-–---–ს არ დაუდასტურებია. გარდა ამისა, სისხლის კვალის არსებობა ვერ გაიხსენა ამოღებულ დანაზე კრიმინალისტიკური ექსპერტიზის ჩამტარებელმა ექსპერტმა დ.კ------ემაც. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ დანაზე სისხლის კვალის არსებობის ან მისი გასუფთავების თაობაზე ი--- ბ--------სა და ა-–------ ა------ს საერთოდ არ უსაუბრიათ, გ------ი ა------მა კი დაადასტურა, რომ დანა არ გაურეცხავთ.
· ერთადერთი, რაშიც სამივე დაზარალებულის ჩვენება თანხვედრაშია, არის დაჟინებული აპელირება და მრავალგზის გამეორებით სასამართლოს დარწმუნების მცდელობა, რომ მეორე ჯგუფის ინვალიდი, გადაადგილებისა და მეტყველების შეზღუდული უნარის მქონე თ--------ი სწორედ შემთხვევის დღეს - 2017 წლის 3 აპრილს იყო განსაკუთრებულად ჯანმრთელი და ძლიერი - „ძალა ჰქონდა მაგ დროს... მაგ დღეს რომ მოვიდა, მშვენიერი ძალა ჰქონდა, რა ვიცი“ (ა-–-ა------ი); „ძალიან ძლიერი იყო იმ დღეს ფიზიკურად და აგრესიული ... იმ პერიოდში უკვე ავად იყო, მაგრამ იმ დღეს ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო (ი----------ი); „ჩვეულებრივად დადიოდა, მარტო მოვიდა, ხელებსაც იქნევდა, ჯანმრთელი იყო მაგ მომენტში (ა-–-ა------ი). მიუხედავად ამისა, ვერცერთმა დაზარალებულმა ვერ უარყო, რომ თ--------ს ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, კერძოდ, გადაადგილებისა და მეტყველების პრობლემა, 2017 წლის 3 აპრილს კი ძალის მოჭარბება შვილებმა ახსნეს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის მიღებით, ხოლო ყოფილმა მეუღლემ - ბრალდებულის კარგი სამსახიობო მონაცემებით, „ყველას თავს აჩვენებდა ინვალიდად და თვითონ როცა ჭირდებოდა, ძალიან კარგად დადიოდა და საუბრობდა.“ თ--------ის გადაადგილებისა და მეტყველების პრობლემაზე კონკრეტული პასუხის გაცემაზე თავის არიდების მცდელობა ჰქონდათ პ--------–-ინსპექტორებსა და გამომძიებელ ა----–-–---–საც და შემოიფარგლნენ ზოგადი განმარტებით, რომ ბრალდებული საუბრობდა და გადაადგილდებოდა დამოუკიდებლად, რაც წინააღმდეგობაშია თ--------ის ჯანმრთლობის მდგომარეობის ამსახველ სამედიცინო ცნობით დადგენილ დიაგნოზთან, საწინააღმდეგო პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულება კი, რომ თ--------ი ჯანმრთელია და არ აქვს მეტყველებისა და გადაადგილების პრობლემა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, უფრო მეტიც, საქმის არსებითი განხილვის პირველ სხდომაზევე (დანაშაულებრივი ფაქტიდან არცთუ ისე დიდ ხნის შემდეგ) დაფიქსირებული ბრალდებულის ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისათვის სრულიად წარმოუდგენელი და არადამაჯერებელია თ--------ს 3 ჯანმრთელი და ახალგაზრდა ადამიანის (მათ შორის, 2 მამაკაცის) მიმართ განზრახ განეხორციელებინა იმ სახის და ხარისხის ფიზიკური ძალადობა, როგორსაც აღწერენ დაზარალებულები, განსაკუთრებით კი, ი--- ბ--------ი.
· მოწმეები: მ.შ-–-------ა და მ-----------ე ადასტურებენ მხოლოდ 2017 წლის 3 აპრილს მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ფაქტს, თუმცა არცერთი მათგანი არაა უშუალო თვითმხილველი მოწმე იმისა, თუ ვინ იყო კონფლიქტის ინიციატორი და რა ვითარებაში მიიღეს დაზიანებები როგორც ბრალდებულმა, ისე დაზარალებულებმა.
· სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის სასამართლო განხილვა ტარდება ბრალდებულის მიმართ მხოლოდ იმ ბრალდების ფარგლებში, რომელიც წარდგენილი აქვს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, შესაბამისად, მოწმე მ.შ-–-------ასა და თავად დაზარალებულების ჩვენებები თ--------ის მიერ ოჯახის წევრების მიმართ წარსულში არაერთხელ განხორციელებული ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზე, შესაძლოა იყოს ბრალდებულის პიროვნული მახასიათებელი, თუმცა პირდაპირ კავშირში არაა და ავტომატურად არ ადასტურებს თ--------ის მიერ ყოფილი მეუღლისა და შვილების მიმართ ფიზიკური ძალადობის, აგრეთვე სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების თაობაზე წარდგენილ ბრალდებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულების უტყუარობის კონტექსტში მოწმის ჩვენების სანდოობა შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს მოწმის არაგულწრფელობის, მიკერძოების, მის მიერ შეუსაბამო განცხადებების გაკეთების, მოწმის მიერ ფაქტის აღქმის, დამახსოვრების ან/და გადმოცემის უნარის ნაკლებობის დემონსტრირების, აგრეთვე სხვა ფაქტებთან წინააღმდეგობის გამო.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს დაზარალებულთა ჩვენებების უტყუარობასა და სანდოობაში ეჭვის შეტანის სამართლებრივი საფუძველი შემდეგი გარემოებების გამო:
· დაზარალებულთა ჩვენებებს შორის წინააღმდეგობა, აგრეთვე მათი ჩვენებების სხვა მტკიცებულებებთან შეუსაბამობა
· ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაზარალებულთა მიერ გაკეთებული არაგულწრფელი განმარტებები
· ბრალდებულის ფიზიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, 2017 წლის 3 აპრილს განვითარებული მოვლენების გაზვიადების მცდელობა დაზარალებულთა, განსაკუთრებით კი, ი----------ის მხრიდან
· ბრალდებულის მიმართ მკვეთრად გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება
· დაპირისპირებულ მხარეებს შორის ქონებრივი დავისა და შესაბამისად, გარკვეული პირადი დაინტერესების არსებობა.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ობიექტური რეალობის ამსახველი მტკიცებულების არარსებობის პირობებში (როდესაც ორი დაპირისპირებული მხარიდან ერთი - დაზარალებული მხარე განმარტავს, ხომ თ--------მა ფიზიკურად იძალადა ოჯახის წევრებზე, ხოლო მეორე მხარე, ბრალდებული აცხადებს, რომ თავად გახდა ოჯახის წევრების მხრიდან განხორციელებული ძალადობის მსხვერპლი და მხოლოდ თავს იცავდა), როდესაც ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების სანდოობა ეჭვქვეშ დგება მათი არაგულწრფელობის, მიკერძოებისა და მათ მიერ შეუსაბამო განცხადებების გაკეთების გამო, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა გაბათილებული დაცვის მხარის ვერსია, რომ ბრალდებული თ----- ა------ი (რომელსაც ასევე აღენიშნება სხეულის დაზიანება) იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში (მით უფრო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით), შესაბამისად უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ იქნა დადასტურებული თ----- ა------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული, განზრახი დანაშაულების ჩადენა.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „i№ dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა, რა დროსაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს და ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა თ----- ა------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111,151-ე მუხლით, რის გამოც თ----- ა------ი წარდგენილ ბრალდებებში უნდა გამართლდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ----- ა------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
თ----- ა------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
განემარტოს თ----- ა------ს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- დანა (ინახება საგამოძიებო ორგანოში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- თ--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები (ინახება საგამოძიებო ორგანოში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ნაჭყებია