განაჩენი

სისხლის სამართლის 03.06.2019
საქმის ნომერი
190100119002798304
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-15 -19

(№021101218003)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 მაისი 2019 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძე

სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე

 

პროკურორი: ანი ხუბეჯაშვილი,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული ჰ------------ი (პასპორტის მიხედვით - H------------), დაბადებული 1----–-–--------–--ს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ა---–-----------------------–-----–----ი.

 

ადვოკატი: მურმან ხვიბლიანი,თარჯიმანი: ნურანა გაჯიევა,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის,საქართველოს სსკ-ს 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში,სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენით ჰ------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 თვის ვადით.

 

ჰ------------ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2018 წლის 17 აგვისტოს.

 

2018 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით 10:15 საათზე, რუსთავში, ა----–-----–-------ის მიმდებარედ, ჰ------------ი შეხვდა ყოფილ მეუღლეს - ნ-----–------------ს და მოსთხოვა მასთან დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მოკლავდა. ასევე ნ-----–------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ორივე ხელი მოჰკიდა მხრებზე და შეანჯღრია, შემდეგ ერთი ხელი დაარტყა მარცხენა ლოყაში, რის შედეგადაც ნ-----–------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით 10:15 საათზე, ქ. რუსთავში, ა----–-----–-------ის მიმდებარედ, ჰ-------------ი შეხვდა ყოფილ მეუღლეს - ნ-----–------------ს და დაემუქრა, რომ მასთან დაბრუნებულიყო, თორემ მოკლავდა. ამის შემდეგ, ჰ-------------მა ნ-----–------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და კვლავ დაემუქრა, რომ აუცილებლად მოკლავდა - თავს მოაჭრიდა, რის შედეგადაც ნ-----–------------ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით 10:15 საათზე, ქ. რუსთავში, ა----–-----–-------ის მიმდებარედ, ჰ------------ი შეხვდა ყოფილ მეუღლეს - ნ-----–------------ს, დაემუქრა მას რომ აუცილებლად მოკლავდა და თავს მოაჭრიდა, რის შედეგადაც ნ-----–------------ას გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და დასახმარებლად მიმართა პოლიციას.

 

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ჰ------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ჰ------------ის მიმართ დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ეპიზოდში, შესაბამისად იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ბრალდებულმა ჰ------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ნასამართლევია ნ-----–------------ის მიმართ ძალადობისთვის, რასაც მიუხედავად სასჯელის მოხდისა, მიიჩნევს უსაფუძვლოდ. დანაშაული მას არ ჩაუდენია და ითხოვს ამ საქმეზე გამოძიებას. სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა იგი შემთხვევის დროისთვის საქართველოში, სურდა გაერკვია რა ეტაპზე იყო გამოძიება და მიეცა ჩვენება. ამ პერიოდში ცხოვრობდა სასტუმროში და ნ-----–------------ს შემთხვევით შეხვდა ქუჩაში. თავად იდგა გაჩერებაზე, ხოლო ის მოდიოდა ბაზრიდან. მის დანახვაზე ნ-----–ამ უთხრა, რომ რაც იჯდა ციხეში იყო თუ არა საკმარისი, თუმცა მას ხმა არ გაუცია და მითუფრო შეურაცხყოფა არ მიუყენებია. იგი ნ-----–ას გამო ათი თვე იხდიდა სასჯელს და მისთვის ცნობილი იყო რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა მასთან კამათს, ამიტომ გზა გააგრძელა. ამ შეხვედრის შემდეგ იგი კვლავ დააკავეს ნ-----–ას განცხადების საფუძველზე და მიიჩნევს, რომ ნ-----–------------ი მის წინააღმდეგ განზრახ მოქმედებს. მან სასამართლოს მისცა არასწორი ჩვენება და არცერთი დანაშაული, რაშიც ის ბრალს დებს, არ ჩაუდენია.

 

დაზარალებულმა ნ-----–------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებულთან ერთად საერთო მეურნეობას ეწეოდა და ცხოვრობდნენ ერთად 2015-2017 წლებში. ჰ----ი მასზე ძალადობისთვის ნასამართლევია და იცოდა, რომ როდესაც გათავისუფლდებოდა, ის კვლავ მოსთხოვდა მასთან ერთად ცხოვრებას. შემთხვევის დღეს პროდუქტების საყიდლად ბაზარში იყო და ქუჩაში ჰ----ი შეხვდა, გზაზე გადაეღობა და ხელები მოუჭირა, ეუბნებოდა, რომ თავს მოაჭრიდა და ისევ წავიდოდა ციხეში თუ არ დაუბრუნდებოდა. მან თავის დანებება სთხოვა, თუმცა ჰ----მა სილა გაარტყა სახეში, ამის გამო შეშინდა, ჰ----ი აგრესიული პიროვნებაა, პირველ მეუღლესაც დანით მიაყენა დაზიანებები და იმის გამო, რომ მის სიცოცხლესაც საფრთხე არ შექმნოდა, დასახმარებლად მიმართა პოლიციას.

 

2018 წლის 11 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ქ.გარდაბანი, ა---–-----–---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნ-----–------------ის მითითებით მივიდნენ იმ ადგილას, როდესაც ყოფილმა მეუღლემ ჰ------------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცყოფა, კერძოდ ორივე ხელი ძლიერად მოკიდა მხრებზე და შეაჯანჯღარა, თან უყვიროდა და ეუბნებოდა დამამცირებელ სიტყვებს და ემუქრებოდა მოკვლით, ნ-----–------------ამ მიუთითა კონკრეტულად ის ადგილი, სადაც ჰ----მა მარჯვენა ხელი შემოარტყა ძლიერად მარცხენა ლოყაში, რა დროსაც ნ-----–------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

გამომძიებლებმა რ----–------------მა და ნ---------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო /საპროცესო მოქმედეები, ხოლო თარჯიმნებმა ა---------------ამ და ქ--------------–--ემ ჩატარებულ საგამოძიებოს მოქმედებებში მონაწილეობა.

 

მოწმე რ----–------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. ნ-----–------------ი თავად მივიდა განყოფილებაში და შეატყობინა მათ, რომ ყოფილი მეუღლე ემუქრებოდა მოკვლით. ჰ------------ის მიმალვის თავიდან ასაცილებლად, იგი დააკავეს, რა დროსაც გაუწია წინააღმდეგობა და იყო აგრესიული, ამბობდა, რომ უსაფუძვლოდ აკავებდნენ და ოქმებზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.

 

მოწმე ნ---------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში გამოცხადდა ნ-----–------------ი და განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლე ჰ------------ი დაემუქრა მოკვლით. მანვე გამოკითხა დაზარალებული და ბრალდებული და ადასტურებს მის მიერ ჩატარებული ს/მოქმედების სისწორეს. მოწმემ აღნიშნა, რომ ბრალდებულს პრეტენზია ჰქონდა პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელთან და საუბრობდა მასზე, თუმცა რადგან აღნიშნული არ იყო საქმესთან კავშირში, ოქმში არ დააფიქსირა. დაზარალებულს დაკითხვისას სახეზე ეტყობოდა სიწითლე.

 

მოწმე ა----------------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე თარჯიმნად მონაწილეობდა ბრალდებულის დაკავებაში. როგორც მისთვის არის ცნობილი, დაზარალებული უთითებდა, რომ ბრალდებული მას დაემუქრა მოკვლით. დაკავებისას ბრალდებული ძალიან აგრესიული იყო.

 

მოწმე ქ--------------–--ემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მან როგორც თარჯიმანმა მონაწილეობა მიიღო ნ-----–------------თან ჩატარებულ ს/მოქმედებებში და ოქმში დაფიქსირების მიზნით, თარგმნა მის მიერ მიცემული ჩვენება.

 

2018 წლის 20 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნ-----–------------ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გულისხმობს „მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №548, II-7). სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრული ეჭვი და მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ საქმეზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ მტკიცებულებები ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, მტკიცებულებათა ერთობლიობა რაზე დაყრდნობითაც შესაძლებელია დანაშაულის ნიშნების დადგენა, ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს ლოგიკურად, შინაარსობრივად. მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და სხვა. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური და მიუკერძოებელი პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. მტკიცებულებათა უტყუარობის ძალა არ უნდა იწვევდეს ეჭვს, მტკიცებულებითი ეჭვის ან ვარაუდის საფუძველზე არ უნდა დაედოს პირს მსჯავრი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებამდე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე და აღნიშნავს, რომ პირველ რიგში პირის დამნაშავედ ცნობას საფუძვლად უნდა დაედოს მტკიცებულება - კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია და შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს არსებობს თუ არა სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების საჭირო, დამაჯერებელი და შეთანხმებული ერთობლიობა. ანუ, მტკიცებულებითი ძალა - ფაქტის დადგენის ან უარყოფის შესაძლებლობა - უნდა მომდინარეობდეს როგორც ერთი რომელიმე მტკიცებულებიდან, ისე მათი ერთობლიობა უნდა იძლეოდეს ცალკე და ერთად აღებული ფაქტების ერთობლიობას.

 

დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, გამოძიების პროცესი, მიზანი და მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს რა არის მტკიცებულება, დადგენილია მტკიცებულებათა სახეები და მათი მოპოვების წესი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 თავში ნორმათა თანმიმდევრობით გათვალისწინებულია მტკიცებულებათა შემდეგი სახეები: მოწმის (დაზარალებულის, ბრალდებულის) ჩვენება, ნივთიერი (ნებისმიერი საგანი ან ობიექტი) მტკიცებულება და დოკუმენტები (ექსპერტის დასკვნები, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები), შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება სისხლის სამართლის პროცესში უნდა დადგინდეს სწორედ ამ სადავო გარემოების დამდგენი/დამადასტურებელი მტკიცებულებით. ფაქტების ერთობლიობას სასამართლოში უნდა ქმნიდეს მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო სასამართლო აფასებს მათ დამაჯერებლობის, საკმარისობისა და ურთიერთშეთანხმებისთვის ლოგიკური, აშკარა და ობიექტური კავშირით. მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმნიშვნელოვნად არ გულისხმობს „ბევრ“ მტკიცებულებას, თუმცა ამ სიტყვის გრამატიკული მნიშვნელობა უდავოდ გულისხმობს ერთზე მეტს. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეფასდეს დანაშაულის გარემოებების მიხედვით და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაშია ის საჭიროც და საკმარისიც, იმისდამიხედვით თუ როგორ ავითარებს მხარე მტკიცების პროცესს სასამართლოში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ფაქტი, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამავე მუხლის მეორე ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იგივე ქმედებისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის.

 

ოჯახში ძალადობისაგან კანონი იცავს ოჯახის წევრის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, პატივსა და ღირსებას, მათ უფლებას იცხოვრონ მშვიდ გარემოში. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სსკ-ს 126 პრიმა მუხლის საფუძველზე დასჯადია როგორც ე.წ. ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა. ფსიქიკური ძალადობა გამოიხატება სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით ან დამცირებით, რაც ადამიანის ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. ძალადობა, რომელიც გამოიხატება დარტყმით, ცემით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალადობის ხასიათი შედეგთან მიმართებით არ აღემატება ფიზიკური ტკივილის განცდას და ტანჯვას. როგორც წესი, ცემა მეტი ინტენსივობით ხასიათდება და არაერთჯერად დარტყმას გულისხმობს, ძალადობა კი შეიძლება იყოს ერთხელ დარტყმა, თმის მოქაჩვა და სხვა ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისკენ და ეს უკანასკნელი განიცდის ფიზიკურ ტკივილს. ძალადობა განზრახი დანაშაულია და ბრალდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქოდეს, რომ განზრახ ურტყამს სხვა ადამიანს.

 

იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ჰქონდა თუ არა დამნაშავის მხრიდან ადგილი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას და გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, იმას ვისაც ემუქრებიან. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის სიცოცხლე ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია როგორც სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული, ისე სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელი ქმედებები. სწორედ ასეთი ხასიათის დანაშაულია მუქარა. ქმედების მუქარით დაკვალიფიცირებისთვის საქმის გარემოებები უნდა შეფასდეს ერთობლიობაში, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც მუქარის განხორციელების ელემენტები, გამოყენებული საშუალება, ისე დამოკიდებულება ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის, წარსულში არსებული უთანხმოება და კონფლიქტის მიზეზი, საბოლოოდ უნდა შეფასდეს, იმ კონკრეტულ მომენტში გამოხატული აგრესიული მოქმედება, გამოიწვევდა თუ არა საფუძვლიან შიშს.

 

საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნით: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მიზნებისთვის, ჰ------------ი და ნ-----–------------ი არიან ყოფილი მეუღლეები, რაც დადგენილია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით და აგრეთვე დაზარალებულის ჩვენებით. სასამართლო ამ ნაწილში ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რადგან 11 პრიმა მუხლის მიხედვით ოჯახის წევრებად მიიჩნევა ასევე პირები, რომლებიც არა მხოლოდ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, არამედ ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა წარსულშიც. დაზარალებულის ჩვენებით და რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელზე დაყრდნობითაც სასამართლომ დაადგინა, რომ ჰ------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, სასამართლოს სრულ საფუძველს აძლევს, რომ წარსულში არსებული საოჯახო ურთიერთობები მხედველობაში მიიღოს მოცემულ საქმეზე დასადგენი ფაქტობრივი გარემოებების დროს.

 

გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას ჰ------------ის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლით დაკვალიფიცირების შესახებ, ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის თაობაზე და დადგენილად მიაჩნია, რომ ჰ------------მა 2018 წლის 10 დეკემბერს ნ-----–------------ის მიმართ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა - შემდეგ გარემოებათა გამო:

 

როგორც განაჩენის აღწერილობით ნაწილშია მითითებული, 2018 წლის 10 დეკემბერს ჰ------------ი იმყოფებოდა საქართველოში იმ სისხლის სამართლის საქმეზე გასარკვევი საკითხების ირგვლივ, რისთვისაც მოიხადა სასჯელი (მხარეებმა დაადასტურეს, რომ წინა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ნამდვილად მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე). მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობდა სასტუმროში, რაც ფაქტობრივად დაადასტურა კიდეც დაზარალებულმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჰ----ს შეხვდა ქუჩაში. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაზარალებულის ჩვენებას მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ნაწილში და მიაჩნია, რომ რეალურად ჰ------------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ნ-----–------------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, რაც გახდა შემდგომში დაზარალებულისთვის პოლიციაში მიმართვის საფუძველი. აღსანიშნავია, რომ ნ-----–------------ი ჰ------------ის მხრიდან მასზე ძალადობის მიზეზად ასახელებს მასთან ერთად ცხოვრების სურვილს, რაც არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან ჰ------------ი იმდენად იყო მასზე განაწყენებული, რომ აზერბაიჯანიდან დროებით ჩამოვიდა საქართველოში და დაინტერესებული იყო მის საქმეზე სავარაუდოდ დაშვებული ხარვეზების დადგენით. ჰ------------ი ნ-----–------------ის ნახვისა და მასთან ურთიერთობის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, ჩამოსვლისთანავე შეეცდებოდა მასთან კომუნიკაციას და სთხოვდა შერიგებას, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებსაც შეხება ჰქონდათ დაზარალებულთან, თავიანთ ჩვენებეში უთითებენ, რომ ნ-----–------------ის განმარტებით მეუღლე ემუქრებოდა. წინააღმდეგობრივია დაზარალებულის ჩვენება და ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები, რომლის მიხედვით მას დაზიანების კვალი არ აღენიშნება, მაშინ როდესაც ხელების ძლიერ მოჭერით, შენჯღრევით და სახეში ხელის გარტყმით, მაღალია ალბათობა, რომ დაზიანების რაიმე ფორმა უნდა გამოვლენილიყო. სასამართლოს შეფასებით, იმის გამო, რომ ჰ------------მა ნ-----–------------ის მიმართ ძალადობისთვის მოიხადა სასჯელი და თავად ჰ------------ი არის ზედმეტად ემოციური პიროვნება, რაც გამოვლინდა კიდეც საქმის განხილვის დროს და მიუხედავად არაერთგზის შენიშვნისა, იგი დაზარალებულის დაკითხვისას ასევე გამოხატავდა მის მიმართ აგრესიას, მისი მხრიდან ნ-----–------------ის მიმართ დამოკიდებულება, ვინაიდან მოიხსენიებდა მას უწესო ქალად და უარყოფდა მასთან ოჯახურ ურთიერთობას, შემთხვევითმა შეხვედრამ და ჰ------------ის მხრიდან კვლავ აგრესიულმა მიმართვამ, დაზარალებული ჩააყენა საფრთხის ქვეშ და სიცოცხლის მოსპობის შემცველი სიტყვებით მიმართვის შედეგად, გაუჩინა მას მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში და აიძულა თავი დაეხსნა ჰ------------ისგან. შესაბამისად პოლიციის განყოფილებაში იგი გამოცხადდა სწორედ ამ საფრთხის თავიდან არიდების მიზნით და ამხილა იგი დანაშაულის ჩადენაში.

 

გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ ვინაიდან დანაშაულის ჩადენას ადგილი ჰქონდა ღია სივრცეში და დროის იმ მონაკვეთში დიდია მოლოდინი, რომ შემთხვევის ადგილზე სხვა ადამიანებიც შეიძლებოდა ყოფილიყვნენ, ბრალდების მხარეს ძალადობის ეპიზოდის დასადასტურებლად, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, სხვა მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია, ხოლო მხოლოდ დაზრალებულის ჩვენება, რომელიც ამ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწიებით არის მეტწილად მიკერძოებული და არადამაჯერებელი, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებთან ერთად, სასამართლოს შეფასებით არ ქმნის იმ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა ძალადობის ეპიზოდში გამამტყუებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო მიიჩნევს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა სსკ-ს 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

ჰ------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობის პირობებში განზრახი დანაშაულის ჩადენა.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მითითებული ნორმის განმარტების შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნა უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას და თავის მხრივ სასჯელს აქვს როგორც ზოგადი ისე კერძო პრევენციის მიზანი. სასჯელის ზოგადი მიზანი მიმართულია საზოგადოებისკენ, მოქალაქეებისთვის ცნობილი ხდება, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირი აგებს პასუხს და შესაძლოა სახელმწიფოს რეაქცია იყოს მკაცრიც, ხოლო კერძო პრევენციის მიზანს წარმოადგენს თავად მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, მისი რესოციალიზაცია.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ჰ------------ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

7. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

ჰ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-272-ე, 271-274-ე , 275-277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ჰ------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ჰ------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7 700 (შვიდი ათას შვიდასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ჰ------------ი სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (154 დღე) მთლიანად გათავისუფლდეს მისი მოხდისაგან და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ჰ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ჰ------------ს განემარტოს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე