განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1--------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ _ ლ---- ვ-------ის
ბრალდებულ _ გ------- ფ--–-------ს
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ გ------- დ------ს ძე ფ--–-------ს, დაბადებულის 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, არასრული უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ-------–--–-------------–--------------------------–-----------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ფ--–-------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
გ------- ფ--–-------ს მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
მ------- გ-----------ი და გ------- ფ--–------- 2012 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2019 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ------–--–-------------–------------------------------------------------------ში, კერძოდ, სამზარეულო ოთახში, გ------- ფ--–-------მ მ------- გ-----------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, - გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა ღაწვის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. გ------- ფ--–-------მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა გ------- ფ--–-------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, შემაკავებელ ორდერს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:
სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში მართალია, ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული, რის გამოც გ------- ფ--–-------მ პასუხი უნდა აგოს, თუმცა იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებულის მხრიდან მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა არ გამოხატულა ისეთი სახის დაუნდობელ ძალადობაში, რაც აუცილებელს გახდიდა მისთვის საპატიმრო სასჯელის გამოყენებას, მის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს არასაპატიმრო სასჯელი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წარსულში მსგავს კონფლიქტს მეუღლეებს შორის ადგილი არ ჰქონია (არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან დაახლოებით შვიდი წელი). ძალადობის პირველადობა დგინდება როგორც ბრალდებულის განმარტებით, აგრეთვე, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით, რომელშიც დაზარალებული განმარტავს, რომ გ------- ფ--–-------ს მხრიდან ხელის დარტყმას წარსულში ადგილი არ ჰქონია და მათ აქვთ ნორმალური ურთიერთობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გ------- ფ--–-------ს მიმართ პირველივე შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის გამოყენება და მისი იზოლირება ოჯახისა და საზოგადოებისაგან საჭიროდ არ მიაჩნია.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. იმის გათვალისწინებით, რომ გ------- ფ--–------- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, მის მიმართ არასდროს ყოფილა სისხლისსამართლებრივი ანდა ადმინისტრაციული სახდელი გამოყენებული და შემაკავებელი ორდერიც კი მხოლოდ ამ ფაქტის გამოა გამოცემული, არ არსებობს საპატიმრო სასჯელის გამოყენების აუცილებლობა. ამასთან, მისი თქმით, დღეისათვის დაზარალებულთან აქვს კარგი ურთიერთობა და აგრძელებენ თანაცხოვრებას, ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, რომელთა ერთადერთი მარჩენალი არის თავად (მუშაობს საცხობში და მიღებული შემოსავლით არჩენს ოჯახს), ხოლო საპატიმრო სასჯელის შეფარდების შემთხვევაში, ვეღარ შეძლებს მუშაობის გაგრძელებას, რაც მისი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ამავე გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ასევე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრება, რაც ხელს შეუშლის ანაზღაურებადი საქმიანობის გაგრძელებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ------- ფ--–-------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ბრალდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რომელიც იქნება მისი ნორმალური ქცევის უზრუნველმყოფელი, რათა მან ოჯახის წევრებთან გააგრძელოს მშვიდი და არაკონფლიქტური თანაცხოვრება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- ფ--–------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. მსჯავრდებულ გ------- ფ--–-------ს ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. გ------- ფ--–-------ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი