განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/897-18 (N057210918001)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
06.11.2018 წელი ქუთაისი
მოსამართლე ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი ბაკურ ლილუაშვილი
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბ------–------–--ე
მამის სახელი: ჟ-----
დაბადების თარიღი: 06.0-.1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ც-–----ის ქ. N2-
მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ა---–-----------ის ქ. N8--
ადვოკატები - ინგა გიორგაძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. ბ------–------–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქ.ბ--------ში, ნ----–---–ის ქუჩაზე, ავტომანქანაში ყოფნის დროს, ბ-----–------–--ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე-ს--–--------------ეზე. (სახეზე მოუჭირა ხელი და გაშლილი ხელი რამდენჯერმე დაარტყა მკლავისა და თავის არეში). ძალადობის შედეგად ს--–--------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ბ------–------–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 21 სექტემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ.ბ--------ში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტომანქანაში ყოფნის დროს, ბ-----–------–--ემ იძალადა მეუღლეზე-ს--–--------------ეზე. (სახეზე მოუჭირა ხელი და გაშლილი ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა მკლავის, ყელისა და თავის არეში). ძალადობის შედეგად ს--–--------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ს--–--------------ის ჩვენების გარდა, სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულ ბ------–------–--ის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი, და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული ბ------–------–--ე, ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, შემდეგი გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით) დასადასტურებლად, რადგანაც, ბრალდება თავის დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ ირიბ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებზე.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულმა ს--–--------------ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).
ბრალდებულმა ბ------–------–--ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნო და შესაბამისად, ბრალდების ამ ნაწილში ითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ სცნო, აღიარებს და ინანიებს მომხდარს და ბრალდების ამ ნაწილში ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ ბ------–------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა ბრალდების ამ ნაწილში მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
სისხლის სამართლის კანონმდებლობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცყოფას, შანტაჟს, დამცირებას რამაც, გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა ბრალდებულის მიერ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებული ვერ იქნა, რის გამოც, საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, 2018 წლის 10 სექტემბრის ეპიზოდში ბრალდებულ ბ------–------–--ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მასზე წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე უტყუარი, პირდაპირი მტკიცებულება, გარდა მოწმეთა ირიბი გამოკითხვის ოქმებისა.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ ს--–--------------ის მხრიდან გამოყენებულ იქნა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება სასამართლოს ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ხოლო საქმეში წარმოდგენილი ირიბ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებიდან ირკვევა, რომ ისინი ბრალდებულ ბ------–------–--ის მიერ ს--–--------------ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს უშუალოდ არ შესწრებიან, რაც, ერთობლიობაში ვერ ადგენს ბრალდებულის მხრიდან ქონდა თუ არ ადგილი დაზარალებული მიმართ, რაიმე სახის ფიზიკურ შეურაცყოფას 2018 წლის 10 სექტემბერს. აღნიშნულის საწინააღმდეგო, რაიმე უტყუარი მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ, სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, რომელიც გააბათილებდა დაცვის მხარის მოთხოვნის არგუმენტაციას და მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ირიბი მტკიცებულებები, ზოგადად ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა და მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფუძველს, რადგანაც, გასათვალისწინებელია, რომ ,,მტკიცებულება ადეკვატურად უნდა ასახავდეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი, მტკიცებულება ვერ იქნება უტყუარი, თუ იგი იმაზე მეტ გავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე, ვიდრე ეს მისი ბუნებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მტკიცებულება არ უნდა უქმნიდეს ფაქტების დამდგენს მცდარ წარმოდგენას ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობის ან არარსებობის თაობაზე“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1|1|548 გადაწყვეტილება).
სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს, ბ------–------–--ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში 2018 წლის 10 სექტემბრის ეპიზოდში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, იმისათვის, რომ 2018 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქ.ბ--------ში, ნ----–---–ის ქუჩაზე, ავტომანქანაში ყოფნის დროს, ბ-----–------–--ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე-ს--–--------------ეზე. (სახეზე მოუჭირა ხელი და გაშლილი ხელი რამდენჯერმე დაარტყა მკლავისა და თავის არეში). ძალადობის შედეგად ს--–--------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, სასამართლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ გარდა ირიბი მოწმეთა გამოკითხვის ოქმებისა, სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა საქმის სასამართლო განხილვის დროს, მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ბ------–------–--ის მიმართ, წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დაუდასტურებელია და შეუძლებელია მას მსჯავრი დაედოს წარდგენილი კვალიფიკაციით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.
პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაული შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.
საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ბ------–------–--ის მიმართ, არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, რადგანაც, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოს კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ევს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქმის მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე რომ, ბრალდებულ ბ------–------–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ ბ------–------–--ის ბრალეულობაში, რის გამოც, ბ------–------–--ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
რაც შეეხება ბრალდებულ ბ------–------–--ის მიმართ, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებას - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 21 სექტემბრის ეპიზოდი) - სასამართლო მთლიანად დადასტურებულად და სწორად შერაცხულად მიიჩნევს, იმის მიუხედავად, რომ დაზარალებულმა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ მათ საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა ბრალდებულ ბ------–------–--ის მიმართ, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება, კერძოდ, საქმის სასამართლო განხილვისას ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო მის მიმართ ამ ნაწილში წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და მოინანია იგი, ამასთან, საქმეში არსებული დაზარალებულ ს--–--------------ის მიმართ ჩატარებული, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N007061118 დასკვნის თანახმად, ,,21.09.18წ. 18:15-18:30 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ს--–--------------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულში არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.” დასკვნაში მითითებულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით ,,2018 წლის 21 სექტემბერს, ბ--------ში, დაახლოებით 12:00 სთ-ზე იმყოფებოდა მეუღლესთან ბ-----–------–--ესთან ერთად მანქანაში, სადაც მეუღლემ შელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელის დარტყმით სხვადასხვა მიდამოში.“ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული, დაზარალებულის მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, მთლიანად შეეხება ბრალდებულის მიერ, 2018 წლის 21 სექტემბერს განხორციელებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც, ასევე, დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, მოწმეების: ე-------------ის, გ---–--–--------ის, ტ------–----------ის, ვ-------------ძის გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულის დაკავების ოქმით და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისაგან, სისხლის სამართლის დაცვის უშუალო ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, ოჯახური თანაცხოვრების სიმშვიდე და კეთილდღეობა. მუხლის სპეციფიკური ხასიათი გამოხატულია სწორედ ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობის, თმენისა და ვალდებულებების სამართლებრივი მოთხოვნის შესრულებაში და მკაცრად აკონტროლებს თითოეული მათგანის დაცულობას. ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ამ ქმედებასა და დამდგარ შედეგ შორის. მართალია, ამ შემთხვევაში ძალადობა და ცემა არ იწვევს ჯანმრთელობის ისეთ დაზიანებას, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა, საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარ დაკარგვას გამოიწვევდა, მაგრამ იგი მაინც ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაულია, რომელიც ხშირად კვალს ტოვებს ადამიანის სხეულზე, ზოგჯერ კი არანაირი კვალი არ აღენიშნება, თუმცა მეტ-ნაკლებად ხელყოფს ადამიანის ჯანმრთელობას. შესაბამისად ბ------–------–--ის მიერ ჩადენილი ქმედება გასაკიცხ ქმედებადაა მიჩნეული კანონმდებლის მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნევს, რომ ბრალდებულმა ბ------–------–--ემ ჩაიდინა, საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.
გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
ბ------–------–--ე აღიარებს და ინანიებს მომხდარს, მისი წარსული შებღალული არ ყოფილა რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით, შერიგებულია დაზარალებულ მეუღლესთან.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
ასევე სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებული მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.
იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.
სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ბრალდებულის პიროვნებას, მის გულწრფელ მონანიებას, იმ გარემოებას, რომ შეურიგდა დაზარალებულს და მიიჩნევს, რომ შესაძლოა ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა და დაადგეს გამოსწორების გზას, თუ მის მიმართ, სასამართლო სასჯელის სახედ გამოიყენებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, რადგან, იგი თავისი შინაარსით, მოცემულ შემთხვევაში, კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საშუალებაცაა და ხელს შეუწყობს ბრალდებულის სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, ამასთან, მსჯავრდებულს ეძლევა შესაძლებლობა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით გამოისყიდოს მის მიერ ჩადენილი დანაშაული. ასევე, ის გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ბ------–------–--ის რესოციალიზაციისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 21-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ------–------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 10 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
2. ბ------–------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 21 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ასორმოცი) საათის ოდენობით.
3. ბ------–------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდეს. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ბ------–------–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 21 სექტემბრიდან 2018 წლის 06 ნოემბრის ჩათვლით (47 დღე) შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი და აღნიშნულის გათვალისწინებით გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ბ------–------–--ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.
მოსამართლე ლერი თედორაძე