განაჩენი

სისხლის სამართლის 26.12.2018
საქმის ნომერი
080100118002684511
დავის ტიპი
366 1
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/938-18წ.

გამოძიების N0-1110918005

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ლერი თედორაძე

სხდომის მდივანი - ნინო გიორგაძე

სხდომის სახე - ღია

ბრალდების მხარე:

სტაჟიორ-პროკურორი - გ--------------–--ე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ვ--–-------------–---ი

 

ბრალდებული - ი------------–---

მამის სახელი: ი------

პირადი ნომერი: 6----------

დაბადების თარიღი: 2-.0-.1---წ.

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

განათლება: საშუალო

ნასამართლობა: მქონე

საცხოვრებელი ადგილი: ქუთაისი, ც. დ-------ს ქ. # 5---

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 15:40 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ი------------–---ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ი------------–--მა გამოხატა უპატივცემულობა სასამართლოს მიმართ. კერძოდ, მოწმეს - ლ-–-----------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულ ი------------–---ს ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ი------------–--მა ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით.

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ მათ საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა ბრალდებულ ი------------–---ს მიერ, მის მიმართ ინკრიმინირებული, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რაზეც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებენ საქმეში წარმოდგენილი დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებანი მოწმეების: ლ-–-----------ის, გ--------------–--ის, რ-----------–----ის, მ--–--------------ს, გ-----------------ის, ჯ---------------------ის, ვ--------------–--ის, ბ--------–--–---–---–ის ჩვენებები, აუდიო ჩანაწერის დათვალიერების ოქმი, 13.02.2013 წლის განჩინება, 30.12.2012 წლის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი.

 

სამართლებრივი შეფასება:

წარდგენილ კვალიფიკაციას, სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით - სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით - სასამართლო სწორად შერაცხულად მიიჩნევს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია სასამართლო ორგანოების ნორმალური საქმიანობა და სასამართლოს ავტორიტეტი, ხოლო დამატებითი ობიექტი კი - მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილე პირთა პატივი და ღირსება. ობიექტური მხრივ განსახილველი დანაშაული სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფაში გამოიხატება. შეურაცხყოფა გულისხმობს პირის პატივისა და ღირსების უარყოფით შეფასებას, გამოხატულს უწესო ფორმით. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას პირი მოქმედებს პირდაპირი განზრახვით. მას გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს, რომ იგი შეურაცხმყოფელია სამართალწარმოების მონაწილისათვის და სურს დაამციროს მისი პატივი და ღირსება. შესაბამისად ი------------–---ს მიერ ჩადენილი ქმედება გასაკიცხ ქმედებადაა მიჩნეული კანონმდებლის მიერ.

სასამართლო, ასევე, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გამოტანილი განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს, მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ პირის ბრალეულობას.

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ი------------–---ს მიერ გახორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება დასტურდება ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით.

შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.

გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

ასევე სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებული მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ნასამართლობის მქონე ბრალდებულმა კვლავ განახორციელა ახალი განზრახი დანაშაულებრივი ქმედება. აღნიშნული მიუთითებს ბრალდებულის ქმედების მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე.

სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას”.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის წარსულს, მის ნასამართლობას, კერძოდ, სახეზეა, სსკ-ის მე-17-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში საჭიროა კერძო და ზოგადი პრევენციების მიზნების შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე, სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება, ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს და მიიჩნევს, რომ სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივის არსებობის გამო, ბრალდებულის მიმართ თავისუფლების სახით დასანიშნი სასჯელი სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს სასჯელის მინიმუმს. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულის მიმართ წარდგენილი კვალიფიკაცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას, ბრალდებულ ი------------–--ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების საზოგადოებრივად საშიში ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ი------------–---ს მიმართ, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 2-2-2-3-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბრალდებული ი------------–---, ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. მსჯავრდებულ ი------------–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან - 2018 წლის 26 დეკემბრიდან.

3. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, CD დისკი, რომელზეც მოთავსებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმეში და შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლერი თედორაძე