განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ---- ჟ----–---–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ჭ------ ლ----ის ძე ბ-------ე, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1--- წლის 1-----ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ჩ------------ს რაიონის სოფელ ბ--------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- თ----- მ--- მ/რ-ნი, კორპუსი #-, ბინა #1---ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, თბილისში, ფ-------ის ქუჩა #3---ს მიმდებარე ტერიტორიაზე ჭ------ ბ-------ემ დ----- ქ---–----ე სცემა, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელებისა და ფეხის დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე.
2.2.სასამართლოს დასკვნა ჭ------ ბ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლიობას: დაზარალებულ დ----- ქ---–----ის და მოწმე ლ---- ი-----–---–ის გამოკითხვის ოქმებს, პირის ამოცნობის ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, თავად ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ჭ------ ბ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლში კრიმინალიზებულია ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ცემა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ცემად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. დაზარალებულ დ----- ქ---–----ის გამოკითხვის ოქმით დადასტურდა, რომ მსხვერპლმა ცემის შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადა. რაც შეეხება დანაშაულებრივი ქმედების შედეგს და მიზეზობრივ კავშირს, აღნიშნული დადასტურებულია როგორც გამოკითხვის ოქმებით, ასევე სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, რომლის მიხედვითაც 29.01.2019 წ. მოქ. დ----- ქ---–----ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა და მარცხენა თვალბუდის ორივე ქუთუთოზე, ასევე შუბლის მიდამოში სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
3.3. სასამართლო ხაზს უსვამს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, იყოს დაცული მისი სხეული ყოველგვარი ძალადობისგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.5. სასამართლომ საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ჭ------ ბ-------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ჭ------ ბ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა საჯარო ადგილას.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3.სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება - ძალადობის ხერხი: ბრალდებულმა დაზარალებულს ხელებითა და ფეხებით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა დარტყმები, ამასთან მსხვერპლზე იძალადა საჯარო ადგილას, რაც წარმოადგენს ჩადენილი ქმედების მახასიათებელ ისეთ გარემოებას, რომელიც მის საშიშროებას ზრდის.
5.4. დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად სასამართლო მხედველობაში იღებს შემამსუბუქებელ გარემოებებს: ჭ------ ბ-------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, გამოძიების საწყის ეტაპზევე ითანამშრომლა გამოძიებასთან. ასევე გათვალისწინებული იქნა ის გარემოებაც, რომ ბრალდებულმა უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება და უარი განაცხადა მათ გამოკვლევაზე, რითაც დაზოგა სახელმწიფო რესურსი.
5.5. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ჭ------ ბ-------ეს უნდა განესაზღვროს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალურ სანქციასთან მიახლოებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც შეეხება სასჯელის მოხდის წესს, შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჭ------ ბ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. გაუქმდეს ჭ------ ბ-------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
3.მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა