განაჩენი

სისხლის სამართლის 17.04.2019
საქმის ნომერი
330100116001275154
თარიღი
17.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

17 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

თარიღი ადგილი

 

მოსამართლე - დავით მგელიაშვილი

სხდომის მდივნი - ლელა აბალიშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე

ბრალმდებელი - ნუგზარ ჭიტაძე

 

დაცვის მხარე

დამცველი - ნ--- ს---------

ბრალდებული - გ------- ი------- ძე გ---–---, დაბადებული - 1----–-–----------------- პირადი N-----------, დასაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–------------–---–-------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–-------------------------–--

კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2015 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. თბილისში, ბ-----ა და რ----- რ---- კ-------- მდებარე ღამის კლუბ ,-------–-- გ------- გ---–---მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ------- კ-------ეს. კერძოდ, ხელებს და ფეხებს ურტყამდა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც გ------- კ-------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ გ------- გ---–---ს

მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას

 

დაზარალებულ გ------- კ-------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება შემდეგი: 2015 წლის 11 ოქტომბერს იმყოფებოდა ქორწილში, ხოლო შედეგ დაუკავშირდა მეგობრებს და მივიდა კლუბ „ი-----–-“. ვინაიდან, ჰქონდა მხოლოდ 130 ლარი, მიმტანს სახელად გ-------ს ჰკითხა სასმელის ფასი, რაზეც მიიღო პასუხი, რომ ღირდა 9 ლარი. მან შეუკვეთა 5 ცალი სასმელი, რაც მიირთვა მეგობრებთან ერთად და დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მოითხოვა ანგარიში. მიმტანმა მიუტანა 150 ლარიანი ქვითარი, რაზეც მას უსაყვედურა. მიმტანმა განუცხადა, რომ მისი ბრალი არაფერი იყო, ხოლო მათ მაგიდასთან მისულმა მენეჯერმა აცნობა, რომ ლიმიტირებულ მაგიდასთან ისხდნენ და ძვირადღირებული სასმელი მიირთვეს. თანხის სხვაობა მეგობარ გოგონას გამოართვა და გადაიხადა, თუმცა კლუბიდან არ წასულან. მოგვიანებით, აღნიშნულზე გამოთქვა უკმაყოფილება და შეიგინა, რაც გაიგონა მიმტანმა და ჩათვალა, რომ მას აგინებდა, რის გამოც მისკენ გაიწია. ამ დროს მასთან მივიდა ორი დაცვის თანამშრომელი, რომლებსაც შავი პიჯაკები ეცვათ. გოგონები მიხვდნენ რაშიც იყო საქმე, გაარიდეს სიტუაციას და გარეთ გაიყვანეს. გასვლის მომენტში ერთ-ერთმა დაცვის თანამშრომელმა გადაუგრიხა ხელი და დაუწყო ცემა, რომელსაც სხვებიც მიეხმარნენ და დაუწყეს ცემა. სახეზე რამდენიმე დაცვის თანამშრომელი დაიმახსოვრა, მათ შორის ბრალდებული გ------- გ---–---. ცემის შედეგად განიცადა ტკივილი და მეორე დღესვე მიმართა პოლიციას დახმარებისთვის. შემთხვევიდან 3-4 დღეში დაიბარეს ძ---–- თბილისის განყოფილებაში, სადაც მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც სხვა პირებთან ერთად ამოიცნო ბრალდებული - გ------- გ---–---, რომელმაც სცემა.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ი-----------–--ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ გ------- კ-------ე იყო ნასვამ მდგომარეობაში, რომელმაც უთხრა „კარგი დაანებე თავი ამათი დედაცო“. აღნიშნული გაიგონა მიმტანმა, რომელიც მივიდა დაცვის თანამშრომელთან და უთხრა, რომ გ-------მ შეაგინა. ოთხი დაცვის თანამშრომელი მივიდა მათ მაგიდასთან, რომლებმაც დაუძახეს გ------- კ-------ეს, გაიყვანეს კუთხეში სადაც კამერები არ არის დამონტაჟებული და 5-6 ადამიანმა უმოწყალოდ დაუწყო ცემა წიხლებით, მუშტებით და იდაყვებით. დაზარალებული ძირს დააგდეს, დაასისხლიანეს, შემოახიეს ტანსაცმელი და მეოთხე სართულიდან პირველ სართულამდე თრევით და ცემა-ცემით ჩაიყვანეს. რამდენიმე დღეში მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც უპრობლემოდ ამოიცნო სამი პირი, მათ შორის ბრალდებული - გ------- გ---–---.

მოწმე მ---- ნ-----–-–---–ის ჩვენებითის მიხედვით, აღნიშნულ საქმეზე ჩაატარა პირის ამოცნობა, რა დროსაც დაზარალებულმა სხვა მოწმეების მსგავსად ამოიცნო ბრალდებული გ------- გ---–---.

მოწმეების: ა-–----- ა---–---ის, ნ---- თ--------–---–ის და ზ---- ვ-–---- სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებებით დადასტურდა შემთხვევის დღეს კლუბში მომხდარი კონფლიქტის ფაქტი.

2015 წლის 11 ოქტომბრის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა მოწმის სახით დაკითხვის შემდგომ გ------- კ-------ის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი ღია ლურჯი ფერის გრძელსახელოანი პერანგი, რომლის საყელო, სახელურები და გულისპირი გაწყობილია თეთრი ფერით. პერანგს მარცხენა მხარეს, გულის არეში, ფორმალურად აქვს პატარა ჯიბე, ასევე გაწყობილი თეთრი ფერით. პერანგს აღენიშნება ძალადობით გამოწვეული კვალი. კერძოდ, გახეული აქვს ორი შესაკრავი ღილი ზემოდან რიგით მეორე და ასევე, ქვემოდან რიგით მეორე. პერანგს წინა ზედაპირის მარჯვენა წინა მხარეს ემჩნევა მოწითალო ფერის დაახლოვებით 6-7 მცირე ზომის წერტილით გამოხატული ლაქა.

2015 წლის 21 ოქტომბერს ჩატარებული პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ი-----------–--ემ გარეგნული სახის შემდეგი დამახასიათებელი ნიშნებით: ჩაფსკვნილი, დაბალი, სქელი კისრით, ოდნავ ღიპიანი, ღია ფერის სახის კანით, ღია ფერის მოკლედ შეჭრილი თმით, რომელსაც ასევე შუბლის არე აქვს შემელოტებული გვერდებზე, მომრგვალო პირისახით, ღია ფერის თვალებით, თხელი, წვრილი ტუჩებით, ღია ფერის ხშირი წარბებით, სწორი გრძელი ცხვირით და სახის საერთო იერით ამოიცნო მარცხნიდან მარცხნივ მდგომი რიგით პირველი მამაკაცი - გ------- გ---–--- და განაცხადა, რომ სწორედ აღნიშნულმა მამაკაცმა ორ სხვა პირთან ერთად 2015 წლის 11 ოქტომბერს გ------- კ-------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მისივე განმარტებით, დარწმუნებულია ამოცნობაში.

2015 წლის 21 ოქტომბერს ჩატარებული პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ გ------- კ-------ემ გარეგნული სახის დამახასიათებელი ნიშნებით: ღია ფერის სახის კანით, ღია ფერის მოკლედ შეჭრილი თმით, შუბლის არეში შემელოტებული, მომრგვალო პირისახით, ღია ფერის თვალებით, თხელი წვრილი ტუჩებით, ღია ფერის ხშირი წარბებით, მრგვალი პატარა კისრით და სახის საერთო იერით ამოიცნო მარცხნიდან მარცხნივ მდგომი რიგით მე-3 მამაკაცი - გ------- გ---–--- და განაცხადა, რომ სწორედ აღნიშნულმა მამაკაცმა სხვა პირებთან ერთად 2015 წლის 11 ოქტომბერს გვიან ღამით კლუბში ყოფნისას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მისივე განმარტებით, დარწმუნებულია ამოცნობაში.

2015 წლის 12 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ შპს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი-საუნივერსიტეტო კლინიკას“ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N------ის და სახის ძვლების კატეკვლევის დასკვნის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით - მოქ: გ------- კ-------ეს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით კლინიკისთვის მიუმართავს 11.10.15წ. 21:20 სთ, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს, დიაგნოზით: მარჯვენა თვალბუდის მიდამოს დაჟეჟილობა. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით, დაზარალებულს მარჯვენა თვალბუდის მიდამოში აღენიშნება კანქვეშა ჰემატომა.

- მოქ: გ------- კ-------ის სასამართლო-სამედიცინო შემოწმებისას მარჯვენა თვალბუდის, მარჯვენა იღლიის ფოსოს და ორივე მუხლის სახსრის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები; გულმკერდის და მუხლის მიდამოში-ნაჭდევები; მარჯვნივ თეძოს ფრთის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, მარჯვენა თვალის კონიუნქტივაზე-სისხლჩაქცევა. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2015 წლის 11 ოქტომბერს.

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ------- ბ------–---–მა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში, სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით განმტკიცებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობასა და ამავე კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო. მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენება უნდა შემოწმდეს გულდასმით მისი თანმიმდევრობისა და სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით შესაბამისობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მივიჩნიოთ დაზარალებულის ჩვენება ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებად და მივიღოთ მხედველობაში.

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დაზარალებულმა გ------- კ-------ემ დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერა გ------- გ---–---ს მიერ განხორციელებული ქმედება, რაც სრულ თანხვედრაშია თვითმხილველი მოწმის ი-----------–--ის ჩვენებასთან და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, ექსპერტის ჩვენებასთან და ამოცნობის ოქმებთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ გ------- გ---–---ს ქმედებამ გამოიწვია გ------- კ-------ის ფიზიკური ტკივილი და იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენისათვის.

სასამართლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით კი განმარტავს შემდეგს:

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძ---–- გახდებოდა. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების არასანდოობასთან და არასაკმარისობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძ---–-. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. კერძოდ, დაზარალებულის ჩვენებასთან, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან და ამოცნობის ოქმებთან.

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია არასარწმუნოა და ემსახურება მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- გ---–---მ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან გ------- გ---–--- თავს არ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და გ------- გ---–---ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებებში.

საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული ცემის ან სხვაგვარი ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ძალადობრივ ქმედებას ცემის სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე მსხვერპლს სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას აყენებს, ხოლო სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ აქტში, მაგალითად ხელის ერთხელ დარტყმაში. დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია ფიზიკური ტკივილის გამოწვევა.

საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. მართალია, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ იწვევს ჯანმრთელობის დაზიანებას, მაგრამ იგი მაინც შეიძლება ჩაითვალოს ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაულად. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და, ამდენად, მეტნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში და მიზეზობრივ კავშირშია მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ხერხს და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით ან რაიმე მკვრივი საგნით. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაული პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება და სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი პირი 14 წლის ასაკიდან. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია დაზარალებულისათვის როგორც ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტი, ისე მიზეზობრივი კავშირი განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის დროის განსაზღვრას მნიშვნელობა აქვს კანონის უკუძალის საკითხის გადასაწყვეტად, რადგან სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის კანონი ამკაცრებს სასჯელს, მას უკუძალა არ გააჩნია.

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კრიმინალიზებული იყო ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით, სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დისპოზიცია იდენტური შინაარსით გადავიდა 126-ე მუხლის პირველ ნაწილში, თუმცა ამ დანაშაულისათვის დამძიმდა სასჯელი.

სასამართლო განმარტავს, რომ გ------- გ---–---ს მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - ცემა რამაც დაზარალებულის ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილია 2015 წლის 11 ოქტომბერს. სისხლის სამართლის კოდექსის 2016 წლის 14 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას - ამკაცრებს სასჯელს. შესაბამისად, ახალ კანონს უკუძალა ვერ მიენიჭება და ბრალდებულთა ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა უნდა განისაზღვროს ქმედების ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

სასამართლო ასევე აღნიშნავს, იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

ამდენად, გ------- გ---–--- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ ცემისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ------- გ---–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

გ------- კ-------ის მიერ წარდგენილი პერანგის საკითხი, რომელიც ინახება ძ---–- თბილისის ს-----------–----------------–---–-, უნდა გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის N------------ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- გ---–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. გ------- გ---–---ს მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

3. ნივთმტკიცება - გ------- კ-------ის მიერ წარდგენილი პერანგის საკითხი, რომელიც ინახება ძ---–- თბილისის ს-----------–----------------–---–-, გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის N------------ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

6. მსჯავრდებულ გ------- გ---–---ს უფლება აქვს განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სათანადო ორგანოში გამოცხადების მომენტიდან ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

 

დავით მგელიაშვილი