გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.05.2019
საქმის ნომერი
330210018002318589
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
14.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/5727-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 მაისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი ანი ნადარეიშვილი

მოსარჩელე - შპს „ბ-------------ი“

წარმომადგენელი - ო------------------ე, გ------------–-–---–ი

მოპასუხე - შპს „დ--------”

წარმომადგენლები - ა-------------–---–ი

დავის საგანი - ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „დ--------” შპს „ბ-------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 5 335 ლარის გადახდა;

 

1.2. შპს „დ--------” შპს „ბ-------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა შპს „ბ-------------ი“-ს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუ-შაოების შესრულებიდან - 2017 წლის 19 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის (5 335 ლარი) 0.1%-ის ოდენობით.

 

სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2017 წლის 02 ნოემბერს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება N0-----------, რომლის საგანსაც წარმოადგენდა შპს „ბ-------------ი“-ს მიერ ქ. თბილისში, ყ----------------------ში მდებარე ობიექტის იატაკის მოჭიმვა შპს „ბ-------------ი“-ს მასალებით გამამყარებელი ფხვნილით MT300, გამამყარებელი ხსნარით, პოლიეთილენის ფირის დაფენით, პერიმეტრული ლენტის დატანით, ბაზალტის ბადით, თერმოღარების დახერხვა შევსებით საორიენტაციოდ 100 კვ.მ-ზე.

 

ამავე ხელშეკრულების 3.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ სამუშაოს მთლიანი სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 5 500 ლარს. 3.2. პუნქტში კი მიეთითა, რომ 1 კვ.მ სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 55 ლარს. ხელშეკრულების 7.1 პუნქტით განისაზღვრა, რომ დამკვეთის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით სამუშაოს ღირებულების გადახდის დაგვიანების შემთხვევაში დამკვეთი შემსრულებელს პირგასამტეხლოს გადაუხდის მთლიანი გადასახდელი თანხის 0.1%-ს გადახდის ვადის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, მათი კომპანიის მიერ 2017 წლის 02 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად და ჯეროვნად შესრულდა 2017 წლის 19 დეკემბერს. 2017 წლის 19 დეკემბერს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ მათი მარწმუნებლის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა შეადგენს 97 კვ.მ-ს, შესაბამისად, გადაცემული მომსახურების ღირებულება შეადგენდა 5 335 ლარს დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილია მხოლოდ მოსარჩელე კომპანიის მიერ, ხოლო მოპასუხე უარს აცხადებს მის ხელმოწერასა და სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებაზე.

 

მოპასუხეს გაეგზავნა გაფრთხილების წერილები, რომლითაც მას მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა და თანხის გადახდა მოეთხოვა, თუმცა არც წერილებს მოჰყოლია რაიმე სახის რეაგირება.

 

მოპასუხეს დღემდე არ შეუსრულებლია ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება. ასევე შეთავაზებულ იქნა არაერთი კომპრომისული წინადადება, რომელიც მხარეებს შორის შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მიზანს ემსახურებოდა, თუმცა მოპასუხე არც კომპრომისულ პირობებს დაეთანხმა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. წარმოდგენილი შესაგებელით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოები არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. დაგებული იატაკი არ აკმაყოფილებს ხარისხს და კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე არ არის ვარგისი ექსპლუა-ტაციისთვის. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი არ იქნა მოწერილი და თანხა არ იქნა გადახდილი რაც განპირობებულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით. პრეტენზიების შესახებ არაერთხელ განუმარტეს მოსარჩელეს კომპრომისული გამოსავლის მოძებნის მიზნით, თუმცა უშედეგოდ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 02 ნოემბერს შპს „ბ-------------ს“ და შპს „დ--------”-ს შორის დაიდო ხელშეკრულება N0-----------, რომლის საგანსაც წარმოადგენდა შპს „ბ-------------ი“-ს მიერ ქ.თბილისში, ყ----------------------ში მდებარე ობიექტის იატაკის მოჭიმვა შპს „ბ-------------ი“-ს მასალებით გამამყარებელი ფხვნილით MT300 გამამყარებელი ხსნარით, პოლიეთილენის ფირის დაფენით, პერიმეტრიული ლენტის დატანით, ბაზალტის ბადით, თერმოღარების დახერხვა შევსებით საორიენტაციოდ 100 კვ.მ-ზე. „სამუშაო“ ითვლება შესრულებულად სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტზე „დამკვეთის“ ან მისი წარმომადგენლის მიერ ხელის მოწერის შემდეგ.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს მთლიანი სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 5 500 ლარით, დღგ-ს ჩათვლით. 1 კვ.მ სამუშაოების ღირებულება 55 ლარი, დღგ-ს ჩათვლით. დამკვეთი ვალდებულია სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს ღირებულების 50% ავანსად, 45% სამუშაოს დასრულების და მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში ხოლო დარჩენილი თანხის 5% თერმოღარების შევსების შემდეგ.

 

ხელშეკრულების მე-5 მუხლით მხარეებმა გაითვალისწინეს გარანტიები, კერძოდ, ვინაიდან, გამამყარებელი ფხვნილი ერევა ახლად დასხმული ბეტონის ზედა ფენაში შეფერილი ზედაპირის საბოლოო შედეგი დამოკიდებულია ბეტონის შემადგენლობაზე, შესაბამისად, სხვადასხვა მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ბეტონში გამოიყენება სხვადასხვა წარმომავლობის ინერტული მასალა და ცემენტი, რაც აისახება საბოლოო ზედაპირზე და ფერზე. ქარხნიდან მიწოდებული ბეტონის უხარისხობის, ბეტონის ტუმბოს გაუმართაობის და ბეტონის ობიექტზე დაგვიანებით მიწოდების გამო გამოწვეული შეფერხების მიუხედავად სპეციალისტები ეცდებიან ბეტონის ზედაპირი მიიყვანონ მაქსიმალურ კონდინციამდე. აგრეთვე, თუ შესასრულებელ ობიექტზე მოსაწყობი ბეტონის იატაკის ქანობი 1%-ზე ნაკლებია (სიტუაციიდან გამომდინარე), შემსრულებელი იხსნის პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ ბეტონის ზედაპირზე წარმოიქმნება წყლის გუბეები. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დამკვეთმა უნდა დაიცვას ბეტონის მოვლის წესები, გადააფაროს პოლიეთილენი და მუყაო, ხოლო ლაქები აწმინდოს და მორეცხოს კერხერით ან შესაბამისი მახასიათებელი დანადგარის გამოყენებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 20-24)

3.1.2. 2017 წლის 19 დეკემბერს შპს „ბ-------------ი“-ს მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით „შემსრულებელმა“ შეასრულა შემდეგი სამუშაო, ქ. თბილისში, ყ---------------------, „შემსრულებლის“ მასალებით იატაკის მოჭიმვა გამამყარებელი ფხვნილით MT300, გამამყარებელი ხსნარით, პოლიეთილენის ფირის დაფენით, პერიმეტრიული ლენტის დატანით, ბაზალტის ბადით, თერმოღარების დახერხვა შევსებით 97 კვ.მ-ზე. გადაცემული მომსახურების ღირებულება შეადგენს 5 335 ლარს. აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტს ხელია არ მოაწერა მოპასუხე მხარემ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 25)

3.1.3. შპს „ბ-------------ი“-ს გაფრთხილების წერილით მოპასუხეს ეცნობა დავალიანების 5 335 ლარის დაფარვის შესახებ, რაზეც უარი განაცხადა შპს „დ--------”-ის წარმო-მადგენლობამ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გაფრთხილების წერილები, შეტყობინება (ს.ფ. 26-29);

- ცნობა (ს.ფ.35);

- წერილობითი შეტყობინებები (ს.ფ. 89; 90-91;

3.1.4. სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 10 ივლისის დასკვნით, შპს „დ--------“-ს მიმართვის შესაბამისად, შპს „ბ-------------ი“-ს მიერ შესრულებული სარემონტო სამუშაოების ხელშეკრულების მოთხოვ-ნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით ჩატარებული მოჭიმული იატაკის ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ იატაკი არ არის გლუვი. იატაკს ემჩნევა ნაფეხურები და ნიჟარები, ზედაპირი არის დაკაწრული, მოჭიმული იატაკის ზედაპირი არ არის ერთი ფერის, თერმოღარები არ არის შევსებული. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს ხარისხი არ შეესაბამება ხელშეკრულების პირველი და მეორე პუნქტის მოთხოვნებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (ს.ფ. 120-132)

3.1.5. სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 08 ნოემბრის დასკვნით, ქ. თბილისში, ა-–---------- ყ----------------------ში მდებარე კაფე „ფ-------–ა“-ში, შპს „ბ-------------ი“-ს მიერ 2017 წლის 02 ნოემბრის N0----------- ხელშეკრულების შესაბამისად შესრულებული იატაკის მოჭიმვის სამუშაოები აკმაყოფილებს DIN18202 გერმანული სტანდარტით დადგენილ მოთ-ხოვნებს; ამავე ხელშეკრულების შესაბამისად, მოჭიმული იატაკი დაფარულია გამჭირვალე ლაქით; შეუძლებელია კონკრეტული პასუხის გაცემა პასუხობს თუ არა 2017 წლის 02 ნოემბრის N0----------- ხელშეკრულების მიხედვით შესრულებული სამუშაოები ამავე ხელშეკრულების 5.1. პუნქტით განსაზღვრულ სპეფიციკაციას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (ს.ფ. 173-184)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „ბ-------------ი“-ს მიერ შესრულებული სამუშაოები არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სტანდარტს;

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრები-თობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერე-სებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელია საქმის სადავო გარემოებების დადასტუ-რება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილო-ბითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორ-ციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძ-ლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალე-ბები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებ-რივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარე-ებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარ-ჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო გარემოების დადასტურების მიზნით საქმეზე დაკითხულ იქნა ორივე ექსპერტიზის დასკვნის ავტორი.

 

ექსპერტი ლ------- ო--------ს განმარტებით, რომელმაც უარყოფითად შეაფასა მოსარჩელე მხარის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოები სასამართლო სხდომაზე განმარტა შემდეგი, სამუშაო შესრულებული იყო უხარისხოდ, არ იყო ერთი ფერის იატაკი, იყო დაკაწრული, ემჩნეოდა ხაზები, ღარები არ იყო შევსებული, იყო უსწორმასწორო. ექსპერტის განმარტებით, ზედაპირი უნდა იყოს გლუვი, განსახილველ ადგილს კი ეტყობოდა ნაფეხურები, ნაკაწრები და იყო ჭრელი. მისი ვიზიტის დროს ფართი ლაქით არ იყო დაფარული.

 

კითხვაზე, ექსპერტმა განმარტა, რომ არსებული მდგომარეობის საექსპლუატაციო მდგომარეობამდე მიყვანა შესაძლებელი იყო, შესაბამისი დანახარჯების გაწევით. საჭირო იყო ფენის დამატება ან მოხსნა და ახლის გაკეთება, რაც მნიშვნელოვან ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული. ექსპერტის განმარტებით, ეს ნაკლოვანება გამოწვეულია არაკვალიფიციური მუშა-ხელის გამოყენებით. მოსარჩელის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოებით ფართი შესაძლოა გამოყენებული იქნეს საამქროსთვის, რაც შეეხება კაფეს სადაც ესთეტიკაზეა საუბარი მის სტანდატებს არ შეესაბამება.

 

ექსპერტმა როგორც აღნიშნა, ახალდაგებული ფართი უნდა იყოს დაცული რომ არ მოხდეს მასზე ფეხით გავლა, ეს შეიძლება იყოს შეფუთვით დაცული ან შესაძლებელია შეფუთვის გარეშე შემოსაზღვრო დაგებული ფართი. თუ ფართის დაკეტვა შეუძლებელია, უნდა დაფარო რომ არ მოხდეს ნაფეხურების დამჩნევა. კითხვაზე, ექსპერტმა მიუთითა, რომ ბეტონი ზოგადად ჭრელი არ არის და ერთი ფერისაა, ასევე, შეიძლება თეთრი იყოს და შავში გადადიოდეს, ამ შემთხვევაში კი არსებობდა რადიკალური სხვაობა რამაც მიიქცია ყურადღება და ეს განპირობებულია ზედაპირის არათანაბარი დამუშავებით.

 

ზედაპირის დამუშავებაზე ფერის ცვლილება რამდენად არის დამოკიდებული, ექსპერტმა მიუთითა, რომ თუ არის გამხსნელი ფერი რომელიც ეყრება ბეტონს და მერე ხდება განაწილება, თუ ზედაპირზე გადის ერთი ფენა გამოდის ერთი ფერი, მაგრამ როცა ხდება დამუშავება და არათანაბარი განაწილება ზოგ ადგილებში მეტია დაგროვილი და ფერი მუქი გამოდის და ზოგ ადგილში უფრო თხელია და ღია ფერის გამოდის. ეს არის ბეტონის ზედა ფენაზე საუბარი. ასევეა, ზუსტად ამ შემთხვევაშიც, ნარევი რომელიც არის გამოყენებული არათანაბრად არის გადანაწილებული და იწვევს ფერის სხვაობას.

 

ექსპერტმა განმარტა, რომ ლაქის წასმის შემდგომ არ უნახავს ობიექტი, თუმცა მისი თქმით, ლაქის გადასმამ შეიძლება არამარტო ვიზუალური ხედვა შეცვალოს, არამედ შეიძლება გამოასწოროს დეფექტიც. ნაფეხურის არსებობის შემთხვევაში, მხოლოდ ლაქის გადასმა არ უშველის სიღრმავის ამოვსებას. კოსმეტიკური მარტივი საშუალებით ამ ხარვეზის აღმოფხვრა ექსპერტმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია და განმარტა, რომ საჭირო იყო შპაკლი, ზედაპირის გასწორება, თუმცა, სრულად აყრა შეიძლება არ ყოფილიყო საჭირო.

 

ექსპერტი კ-------------–ის განმარტებით, რომელმაც დადებითად შეაფასა მოსარჩელე მხარის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოები სასამართლო სხდომაზე განმარტა შემდეგი:

 

მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება ითვალისწინებს ნამუშევრის მაქსიმალურ კონდიციამდე მიყვანას. თუმცა, კონდიქცია არ არის კონკრეტიზირებული განმარტება, შეიძლება სხვადასხვა თვალის მიერ სხვანაირად იქნეს აღქმული. დამკვეთის მიერ მოთხოვნილი იყო გერმანული სტანდარტით ჩატარებული სამუშაოების შეფასება.

 

ექსპერტის განმარტებით, კვლევის პერიოდში გამოიყენა პროფესინალური ინსტრუმენტი ალუმინისაგან დამზადებული ლარტყა 2 მ სიგრძის, რომელიც არის იდეალურად სწორი ზედაპირის, დადო იატაკზე სხვადასხვხა ადგილას მაგიდებისგან თავისუფალ სივრცეებში 5 ადგილას, ვინაიდან საეჭვო იყო დაკმაყოფილების სტანდარტი ეძებდა დეფექტურ ადგილებს, თუმცა ჩატარებული კვლევით ყველა ადგილი დამაკმაყოფილებელი იყო.

 

ამასთან, დასკვნაში მიუთითა, რომ აჭრელება შეინიშნებოდა, თუმცა აღნიშნული დაფარული იყო ლაქით, რადგან ლაქი თაფლივით სითხეა და თავისთავად გარკვეულ შესწორებას აკეთებს, თვითსწორებადობის თვისება გააჩნია. ლაქით დაფარული იატაკი გერმანულ სტანდარტს აკმაყოფილებდა.

 

ექსპერტმა მიუთითა, რომ ლაქი მთლიანობაში ვერ მოახდენდა გასწორებას, ჩატარე-ბული სამუშაოები ყველგან იყო დაკმაყოფილების ზღვარზე, შეიძლება ყოფილიყო 4 მმ ჩავარდნა. იყო ზოგიერთ ნაწილი რომელიც ნორმალურად გამოიყურებოდა, იყო ადგილი, რომელსაც სახე არ ქონდა და ჩანდა ხელოვნური ჩარევის კვალი, ნაფეხური, ან თითქოს რაღაც დამატებითი ჩარევის კვალი. ფოტომასალაზე ასახულია ნაფეხურების კვალიც, თითქოს ამოჭრილი და მერე შევსებული იყო ბეტონიც, ეს ამოჭრილი ნაწილი ჩანდა მარჯვენა შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს, ეს ის ადგილია, სადაც ბეტონის იატაკი იწყება და მერე ორ სირვცეში გადადის და კიდევ ფანჯრის მხარეს, სადაც მზის სხივიც ეცემოდა და უფრო ნათლად ჩანდა დეფექტი.

 

ექსპერტის განმარტებით, იატაკის შეფასება საკმაოდ სუბიექტური შეფასების საგანია. ვინაიდან, მხარეებს შორის დავა არსებობს შესრულებული სამუშაოს ხარისხთან მიმართებით, შეიძლება ითქვას, რომ შესრულებული სამუშაო სტანდარტს არ შეესაბამება.

 

ექსპერტის განმარტებით, მის მიერ კვლევა ჩატარდა შესრულებული სამუშაოს გერმანულ სტანდარტთან DIN18202 შესაბამისობის დადგენის მიზნით, ვინაიდან, დამკვეთის მიერ კითხვა პირდაპირ ამგვარად იყო დასმული.

 

იმ შემთხვევაში თუ მხარე კონკრეტულად აღნიშნულ სტანდარტთან შესაბამისობის დადგენას არ ითხოვდა, ექსპერტის განმარტებით, არსებობს საბჭოთა კავშირის დროინდელი სამშენებლო ნორმები და წესები, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ითვალისწინებს სამუშაოების მიღების წესს, რაც თავის თავში მოიცავს დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობას. საბჭოთა კავშირის დროინდელი სამშენებლო ნორმები და წესები, ექსპერტის განმარტებით, გარკვეულწილად გერმანული სტანდარტიდანაც არის აღებული. ცალკე აღებულად ევროპული სტანდარტი არსებობს თუ არა ექსპერტისთვის უცნობია, ამასთან, განმარტა, რომ საქართველოში 39 ქვეყნის სტანდარტი გამოიყენება.

 

ექსპერტის განმარტებით, როდესაც ჩაატარა კვლევა მისთვის უცნობი იყო უკვე ჩატარებული ექსპერტიზის შესახებ. მას და ბატონ ლ-------ს სხვადასხვა დროს აქვთ კვლევა ჩატარებული, თავად უკვე დასრულებული იატაკის შესაფასებლად მისული.

 

ექსპერტის განმარტებით, არსებული ნაკლოვანება გამოსწორებადი იყო თუ არა განმარტა, რომ ტექნიკურად ყველაფრის შესწორება შესაძლებელია. ლაქის გადასმამ იატაკს სახე შეძინა, გარკვეული უსწორობები შეჭამა და უფრო პრიალა ზედაპირი შეძინა.

 

ამდენად, სასამართლოს კვლევის საგანია რამდენად შეესაბამება მოსარჩელის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. აღნიშნული გარემოებების დადასტურების მიზნით, მხარეთა მიერ წარმოდგენილი იქნა ექსპერტიზის დასკვნები. სასამართლოს მიაჩნია, რომ არცერთ ექპსერტიზის დასკვნაში არ არსებობს ეჭვის შეტანის საფუძველი, თუმცა, მნიშვნელოვანია განიმარტოს თავად ექსპერტის მიერ კვლევის ჩატარების საფუძველი, უდავოა, რომ ორივე მხარემ მიმართა მოსარჩელის მიერ ჩატარებული სამუშაოების შეფასების მიზნით.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ ექსპერტებისათვის დასმულ კითხვებზე, კერძოდ, მოსარჩელის კითხვა მიმართული ექსპერტის მიმართ ასეთია: „გთხოვთ, ჩაგვინიშნოთ ექსპერტიზა მასზე, რომ ორ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობდა სარემონტო სამუშაოებს, შპს „ბ-------------ი“-ს მიერ არასრულყოფილად იქნა შესრულებული, კერძოდ, იატაკზე არის ნაფეხურები, ნახაზები. მათ მიერ შესრულებული სამუშაოები არ შეესაბამება ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებს.“ ექსპერტი, ლ------- ო--------ს მიერ კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება შესრულებული სამუშაო ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებს ჩატარებული იქნა აღნიშნული მოჭიმული იატაკის ვიზუალური დათვალიერება. იატაკს ემჩნევა ნაფეხურები და ნიჟარები, ზედაპირი არის დახაზული, მოჭიმული იატაკის ზედაპირი არ არის ერთი ფერის, თერმოღარები არ არის შევსებული. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს ხარისხი არ შეესაბამება ხელშეკრულების N1 და N2-ის მოთხოვნებს. ამდენად, ნათელია, რომ მოპასუხემ ექსპერტიზას მიმართა რამდენად შეესაბამება მოსარჩელის მიერ ჩატარებული სამუშაოები მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.

 

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, მოპასუხის კითხვა ექსპერტის მიმართ შემდეგნაირია: 1) შეესაბამება თუ არა შპს „ბ-------------ი“-ს მიერ 2017 წლის 02 ნოემბრის N0----------- ხელშეკრულების შესაბამისად შესრუ-ლებული იატაკის მოჭიმვის სამუშაოები თანდართული გერმანული სტანდარტით DIN18202 დადგენილ მოთხოვნებს; 2) დაფარულია თუ არა შპს „ბ-------------ი“-ს მიერ 2017 წლის 02 ნოემბრის N0----------- ხელშეკრულების შესაბამისად მოჭიმული იატაკი გამჭვირვალე ლაქით; შპს „ბ-------------ი“-ს მიერ 2017 წლის 02 ნოემბრის N0----------- ხელშეკრულების შესაბამისად შესრულებული სამუშაოები შეესაბამება თუ არა ამავე ხელშეკრულების 5.1. პუნქტით განსაზღვრულ სპეფიციკაციას“. ექსპერტი კ-------------–ი კონკრეტულ პასუხს იძლევა მხოლოდ პირველ ორ კითხვასთან მიმართებით, თუმცა, გაურკვეველია რამ განაპირობა მოსარჩელე მხარისთვის მის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედარება გერმანულ სტანდარტთან, მაშინ როდესაც მხარეებს შორის აღნიშნული სტანდარტი ხელშეკრულებით არ ყოფილა გათვალისწინებული და ასევე, ექსპერტის განმარტებით, მათთვის სახელმძღვანელოს არ წარმოადგენს გერმანული სტანდარტი და ქვეყანაში მოქმედებს 39 ქვეყნის სტანდარტი მშენებლობისა და სამუშაოების მიღების წესის შესახებ. რაც შეეხება მესამე კითხვას, რომელიც მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ერთ-ერთ პირობასთან შესაბამისობას წარმო-ადგენდა აღნიშნულს დასკვნაში არ ასახავს ექსპერტი და კვლევით ნაწილში მიუთითებს რომ 2017 წლის 02 ნოემბრის N0----------- ხელშეკრულების თავი 5 „გარანტიები“, პუნქტი 5.1-ის მოთხოვნის შესავლით დადგინდა, რომ 5.1. პუნქტში არსებული ჩანაწერები შეეხება გამამყარებელი ფხვნილის და ბეტონის შერევის შედეგად მიღე-ბული ზედაპირის შეფერვას (სახეს), ბეტონის იატაკის დასაშვებ ქანობს, ზედაპირის საბოლოო სახის მისაღწევად საჭირო ვადებს, ბეტონის იატაკის ვიზუალური მხარის გასაუმჯობესებელ ღონისძიებებს, ბეტონის იატაკის მოვლის, იატაკის პოლირებისა და ექსპლუატაციის დაწყების ვადებს. პუნქტი 5.1.-ით არ არის კონკრეტულად რა იგულისხმება ბეტონის ზედაპირის მაქსიმალურ კონდიციამდე მიყვანის მცდელობაში, შესაბამისად, შეუძლებელია კონკრეტული პასუხის გაცემა პასუხობს თუ არა 2017 წლის 02 ნოემბრის N0----------- ხელშეკრულების მიხედვით შესრულებული სამუშაოები ამავე ხელშეკრულების 5.1. პუნქტით განსაზღვრულ სპეციფიკაციას“.

 

ამდენად, სწორედ სადავო გარემოების დადასტურების დამადასტურებელ კითხვაზე ექსპერტმა კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებლად მიიჩნია, ხოლო დარჩენილ ნაწილში კი მოსარჩელემ ითხოვა კონკრეტულ სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა. მოპასუხემ კი წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით უზრუნველყო ჩატარებული სამუშაოების ხელშეკრულებასთან შეუსაბამობის დადგენა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, ხოლო თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუ კი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნების ავტონომიის პრინციპის გათვალიწინებით, სამოქალაქო კოდექსი ნივთობრივი ნაკლის არსებობის დასადგენად, უპირველესყოვლისა, ეფუძნება მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებას ნივთის თვისებების თაობაზე. ამდენად, მისი მახასიათებლები, ხშირ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში აისახება ცალკეული პირობის სახით და მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ნივთის ხარისხი არ მოიცავს მხოლოდ ნივთის მახასიათებელ თვისებებს, არამედ ყველა იმ პარამეტრებს, რომელიც უზრუნველყოფს მის სრულყოფილ ექსპლუატაციას, მით უმეტეს, თუ შემკვეთს განსაზღვრული აქვს ამ ნივთის კონკრეტული დანიშნულებით გამოყენება. ამდენად, მხარეთა შეთანხმება ნივთის ხარისხის თაობაზე, წარმოადგენს ნივთის ნაკლოვანების პირველ შესამოწმებელ წინაპირობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მან უზრუნველყო 2017 წლის 02 ნოემბერს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ჯეროვნად. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე, დაკითხულმა ექსპერტმა განმარტა, რომ შესრულებული სამუშაოებით ფართი გამოყენებადი იყოს შესაძლოა საამქროსთვის, თუმცა, კაფე რომელიც ესთეტიკის მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას მოითხოვს შესრულებული სამუშაო უხარისხოა.

 

ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას მასზედ, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაოები შესრულებულია 2017 წლის 02 ნოემბრის ხელშეკრულების 5.1 პუნქტის შესაბამისად.

 

ამასთან აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა გარკვეული სამუშაოები, რაც მოპასუხე მხარესაც არ გაუხდია სადავო, თუმცა საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება, რამაც სასამართლოს არ მისცა შესაძლებლობა ემსჯელა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ შპს „ბ-------------ი“-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე, 641-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდე-ბულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკ-რულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოები არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სტანდარტს.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის დეფინიციით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. როგორც აღინიშნა მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიმართ ნაკისრი ვალდებულება არ არის ჯეროვნად შესრულებული რაც მოპასუხეს ათავისუფლებს თანხის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

რაც შეეხება მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა შესრულებული სამუშაოების ღირებულების დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სარჩელი არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ბ-------------ი“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დააბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე