გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/26827-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 მაისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე - დ----- კ--------ე
წარმომადგენელი - ა---------–------------ე
მოპასუხე - შპს „ს---------------------------–----ი“
წარმომადგენელი - მარინე ხაჩიძე, თეიმურაზ ჯოხაძე
დავის საგანი - ზიანის ანაზრაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ს---------------------------–----“-ს დ----- კ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 67 341 ლარის გადახდა მიყენებული ზიანის სახით.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 04 ივლისს მოპასუხის კუთვნილ ავტოგასამართ სადგურზე, სამტრედიაში, სოფელ ი-----ში, დ----- კ--------ის კუთვნილ ავტომობილში, რომელსაც მართავდა ი-----–- კ--------ე, დიზელის საწვავის ნაცვლად ჩაუსხეს ბენზინი, დიზელის მაგივრად საწვავის ბენზინის ჩასხმით გაიარა 22 კმ, ადუღდა გამაგრილებელი ანტიფრიზი, ავარიულად გაითიშა ძრავი და სასწაულებრივ გადაურჩა ავტოსაგზაო შემთხვევას. შემდგომ, გამოიძახა ტაქსი „მ-----ი“ და ბუქსირით გადაიყვანა მანქანა საკუთარ ავტოფარეხში. იმდღესვე ხელოსნებთან საუბრით დაადგინა, რომ სავარაუდოდ მანქანაში ჩასხმული იყო ბენზინი. რადგან საწვავს ასხავდა ბარათით, მეორე დღესვე კონსულტაცია მიიღო მოპასუხის ცხელ ხაზზე და მიმართა მათი რჩევით ქუთაისში მოპასუხის გასამართ სადგურს ნ----ს ქუჩაზე და მოიპოვა ამონაწერი, რაც წარუდგინა სადგურის ხელმძღვანელს, მან გადარეკა ი-----ში მოითხოვა ვიდეო თვალის ჩვენება და უთხრა, რომ მართლაც ი-----ში ქონდათ საწვავი ჩასხმული და ის იყო ბენზინი, ამასთან განმარტა, რომ იგი ვალდებული იყო საქმის კურსში ჩაეყენებინა ცხელი ხაზი და ერთ საათში დაუკავშირდებოდნენ. მოპასუხემ მათი სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე აიღო პასუხისმგებლობა მანქანის მოსაწესრიგებლად, დაუყოვნებლივ გამოაგზავნა ევაკუატორი, გადაიყვანა მანქანა ქუთაისის სერვის ცენტრში „მ-------------ს“, სადაც მანქანას მხოლოდ პირველადი პროფილაქტიური სამუშაოები ჩაუტარდა რის შემდგომ მოპასუხემ შეატყობინა მანქანის გამართულობის შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, ჩაბარების მომენტში ძრავს ხმა შეცვლილი ქონდა, ისმოდა სავარაუდოდ კლაპანის ხმა და ქონდა ვიბრაცია-დეტონაცია. მოპასუხემ შესთავაზა შემდგომი ქმედებისთვის მათ კომპანიაში არსებული წესის შესაბამისად, მანქანას გადაიყვანდა ევაკუატორით თბილისში, თავის პროვაიდერ „თ-----------------ში“, დარწმუნდებოდნენ რომ ბენზინმა ნამდვილად დააზიანა ძრავი და ამის შემდგომ გააგრძელებდნენ მოლაპარაკებას, რასაც დათანხმდა იმ პირობით რომ არ ენდობოდა ორგანიზაციას ვისაც შესაბამისი ლიცენზია-სერტიფიკატი არ ექნებოდა და მოპასუხისგან ვერ ჩაიბარებდა კომპეტენტური ორგანიზაციის დასკვნისა და გარანტიის გარეშე. აღნიშნულის შემდგომ, მოპასუხემ მანქანა გადაიყვანა თბილისში და ორჯერ დაუკავშირდა გაეყვანა მანქანა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძრავი გაუმართავი იყო. მესამედაც იყო მცდელობა მისი შეკეთების, მაგრამ ძრავის მდგომარეობა გაუარესდა და არ გამოკეთდა, მანქანის მდგომარეობის შესახებ კომპეტენტურ დასკვნას არ აძლევენ. ფაქტიურად, ავტომანქანის ძრავა გამოსულია მწყობრიდან და მისი შეკეთება შეუძლებელია, რასაც ადასტურებს მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, გადაღებული და ჩაწერილი სიდიდისკზე. ასევე დასტურდება მერსედესის ცენტრის მიერ გაცემული დასკვნით, რომ უნდა გამოიცვალოს ავტომანქანის ძრავი და ძრავის ღირებულება, ამოღება-ჩადგმა, იმ ნაწილების შეცვლაც რაც მწყობრიდან გამოვიდა საწვავის ბაკში ჩასხმით და რაც შეადგენს 67 341 ლარს, რაც უნდა გადაიხადოს მოპასუხემ, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა მოსარჩელისთვის მიყენებულ ზიანზე.
ვინაიდან, მოპასუხე არ ანაზღაურებს მისი ბრალით მწყობრიდან გამოსული მანქანის დაზიანებული ძრავის და მასთან დაკავშირებული გამოსაცვლელი სხვა მუშა ნაწილების ღირებულებას, იძულებულია მომართოს სასამართლოს.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ თავად ავტომობილში ადგილზე გადაიხადა 3 200 ევრო. ჩამოყვანის შემდგომ უცვლიდა ფილტრს, ზეთს და საბურავებს, ავტომობილი იყო 100%-ით ვარგისი, რაც დასტურდება ტექდათვალიერების გავლითაც. 2014-2018 წლებში ნაწილი, რომელიც გამოიწვევდა სათადარიგო ნაწილების შეცვლას არ განუხორციელებიათ. რაც შეეხება სერვისს, აღნიშნულს ატარებდა შპს „-----ში და სხვა კომპანიებშიც. მოსარჩელის განმარტებით, 2018 წელს, ავტომობილის დაზიანებამდე მისი ღირებულება შეადგენდა 19 200 ლარს.
2.მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა. მოპასუხის განმარტებით, დაუდასტურებელია გარემოება, რომ დიზელის ნაცვლად ბენზინის ჩასხმამ გამოიწვია ძრავის გაუმართაობა. სინამდვილეს არ შეესაბამება ის გარემოება, რომ თითქოსდა დღეის მდგომარეობით ძრავი გაუმართავია, ისევე როგორც ფაქტი, თითქოს ძრავი იდეალურ მდგომარეობაში იყო აღნიშნულ შემთხვევამდე. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მანქანა არ გაყავს არ ქმნის ძრავის გაუმართაობის პრეზუმფციას. რაც შეეხება მოსარჩელის პრეტენზიას, თითქოსდა მოპასუხე ცდილობდა მოსარჩელისთვის ნაკლიანი ნივთის გადაცემას, უსაფუძვლოა რადგან თავად მიუთითებს, რომ მანქანა არ გაუყვანია, მაშინ როგორ შეიძლება იმის დაშვება, თუნდაც ვარაუდის დონეზე, რომ ძრავი გაუმართავია.
მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის პრეტენზიის საფუძვლიანობა ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდებოდა კომპანიამ გამოიჩინა კეთილი ნება, ავტომანქანას ჩაუტარა ტექნიკური დათვალიერება და პროვაიდერი კომპანიის საშუალებით მოახდინა სათადარიგო ნაწილების გამოცვლა რაზეც დაიხარჯა 1104.84 ლარი (ევაკუაციის თანხასთან ერთად). მოპასუხემ ასევე გამოთქვა მზადყოფნა აუცილებლობის შემთხვევაში აენაზღაურებინა 2 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, თუ პრეტენზია სრულად იქნებოდა დადასტურებული, როგორც მიუთითეს იმის მიუხედავად, რომ დაზიანების ფაქტი ერთმნიშვნელოვნად არ იყო დადასტურებული.
რაც შეეხება ზიანის ოდენობას, მოპასუხის განმარტებით, ვერ დასტურდება მხოლოდ ზეპირი მითითება და სულ სხვა პირის სახელზე შედგენილი ხარჯთაღრიცხვა, როგორც ზიანის ფაქტის დადასტურება არ შეესაბამება ზოგადად საქმის წარმოების მინიმალურ სტანდარტსაც კი.
მოსარჩელე ვერ ადასტურებს ფაქტს, რომ ავტომანქანის ძრავი იყო იდეალურ მდგომარეობაში და მისი პრობლემა თუ ასეთს ნამდვილად აქვს ადგილი გამოწვეულია უშუალოდ მოპასუხის ქმედებით. ამასთან, საგულისხმოა რომ სარჩელზე წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთკავშირი მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტსა და დამდგარ შედეგს შორის. ერთადერთი მტკიცებულება რაზეც მოსარჩელე აფუძნებს მოთხოვნას არის გაურკვეველი წარმომავლობის ინვოისი და ამ დოკუმენტით, კონკრეტული გარემოების დადასტურება არარელევანტურია, მით უფრო როდესაც ამ დოკუმენტის წარმომავლობაც გარკვეულწილად იწვევს ეჭვს, მასში მითითებული გაანგარიშების გათვალისწინებით. შესაბამისად, მხოლოდ ინვოისი, რომელიც გაცემულია სხვა პირის სახელზე არ არის საკმარისი იურიდიული შემადგენლობის მისაღებად, რასაც უკავშირდება მოთხოვნილი სამართლებრივი შედეგი. მოსარჩელემ თავისივე სურვილით და გადაწყვეტილებით მიმართა მერსედესის ცენტრს, რომელმაც მხოლოდ სათადარიგო ნაწილების ღირებულება და ხარჯები გაწერა ინვოისით, ისიც ასმაგად გაზრდილი ფასებით და ნამდვილად არ დაუდგენია ძრავის გამოცვლის აუცილებლობა, რასაც ვერ დაადგენდა, რადგან ეს საკითხი მის კომპეტენციას აშკარად ცდება.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ძრავის შეცვლა განხორციელდეს ნულოვანი გარბენით უსაფუძვლოა, ვინაიდან ვერ ადასტურებს რომ ამ დრომდე ძრავი იყო ახალ მდგომარეობაში. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, ძრავს შემთხვევამდეც უნდა ჰქონოდა დაზიანებები, ვინაიდან, მსგავსი შემთხვევა ყოფილა სხვა ავტომობილებთან მიმართებითაც და ძრავის წმენდა საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილი მოვიდეს მწყობრში თუმცა, აღნიშნული არ აღმოჩნდა ამ კონკრეტული ავტომობილისთვის საკმარისი, შესაბამისად, გაჩნდა ეჭვი რომ ამ დრომდეც არსებობდა დაზიანება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოკვეთილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2018 წლის 04 ივლისს შპს „ს---------------------------–----ი“-ს კუთვნილ ავტოგასამართ სადგურზე, სამტრედიაში, სოფელ ი-----ში, დ----- კ--------ის კუთვნილ ავტომობილში, დიზელის საწვავის ნაცვლად ჩაისხა ბენზინი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.2. 2018 წლის 25 ივლისის წერილით შპს „ს---------------------------–----მა“ გამოხატა მზადყოფნა დაზიანებული ავტომობილის შესაკეთებლად გამოეყო 2 000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ს---------------------------–----ი“-ს წერილი (ს.ფ. 31)
3.2.3. 2018 წლის 02 აგვისტოს შპს „-----ს მიერ გაცემული ინვოისით ავტომანქანა MERCEDES-BENZ C 200 CDI სარემონტო მომსახურების ღირებულება შეადგენს 67 341 ლარს, საიდანაც სამუშაოს ღირებულებაა - 1691 ლარი, მასალის ღირებულება - 65 650 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „-----ს ინვოისი (ს.ფ 32-33)
3.2.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 აგვისტოს დასკვნით, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი, 2001 წელს დამზადებული, მსუბუქი ავტომობილი “MERCEDES BENZ C 200 CDI” სახელმწიფო ნომრით A--------, საიდენტიფიკაციო ნომრით WDB2030041A296997, საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე საორიენტაციოდ შეადგენდა 9 500 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 აგვისტოს დასკვნა (ს.ფ. 127-135);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 აგვისტოს დასკვნით, 2001 წელს დამზადებული, მსუბუქი ავტომობილი “MERCEDES BENZ C KLASS“-ის დიზელის ძრავის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 1350 ლარს, ხოლო მისი მონტაჟის ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 300 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 აგვისტოს დასკვნა (ს.ფ. 181-187);
3.2.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 აგვისტოს დასკვნით, სადაც კვლევის საგანს წარმოადგენდა „შეესაბამება თუ არა საწვავის არასწორად ჩასხმის შემთხვევაში დაქოქილ ძრავზე, შპს „ს---------------------------–----ი“-ს მიერ „მერსედეს ბენც“ C კლასი სახელმწიფო ნომრით A---------ზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოები, ქარხანა დამამზადებლის SI47.10-P0004A ნორმატივს“ დადგენილია, რომ შპს „თ-----------------ისა“ და შპს „M---------“-ის მიერ ჩატარებული სამუშაოები შესაბამისობაში არ მოდის შპს „-----ს მიერ გაცემულ NSI47.10-P-0004A ნორმატივის მოთხოვნებთან. ვინაიდან, საწვავის სისტემის გაწმენდითი სამუშაოები შპს „M---------”-ის მიერ შესრულდა, მაგრამ აღნიშნულის მიუხედავად ავტომობილს მაინც დასჭირდა შპს „თ-----------------ში“ გადაყვანა, ხელახლა მფრქვევანების დემონტაჟი და გაწმენდა, ექსპერტი მივიდა დასკვნამდე, რომ ავტომობილის საწვავის მიწოდების სისტემა დაბინძურებული იყო და აქედან გამომდინარე, სერვის ცენტრს უნდა ეხელმძღვანელა შპს „-----ს მიერ გაცემული SI47.10-P-0004A ნორმატივის მე-16 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 აგვისტოს დასკვნა (ს.ფ. 98-102)
3.2.7. შპს „---- ავტომობილების შეკეთებას აწარმოებს მხოლოდ ახალი სათადარიგო ნაწილებით, რადგან ქარხანა დამამზადებლის ნორმატივების შესაბამისად, საექსპლუ-ატაციო დოკუმენტაცია არ ითვალისწინებს მეორადი ნაწილების და კვანძების გამოყენებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „-----ს წერილი (ს.ფ. 201)
3.2.8. შპს „ა----------“-ს მიერ გაცემული ინვოისით ავტომობილისთვის მარკა/მოდელი MERCEDES-BENZ C 200 CDI გასაწევი მომსახურების ღირებულება შეადგენს 1 770 ლარს, საიდანაც ძრავის ამოღება-ჩადგმის ღირებულება შეადგენს 300 ლარს, ძრავის გოლის ღირებულება შეადგენს 1 200 ლარს, მომსახურება 300 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ა----------“-ს ინვოისი (ს.ფ.245)
3.2.9. სს „ნ----“-ს მიერ გაცემული ინვოისით ავტომობილისთვის მარკა/მოდელი MERCEDES-BENZ C 200 CDI გასაწევი მომსახურების ღირებულება შეადგენს 2 232.10 ლარს, საიდანაც ძრავის ღირებულებაა - 1682.1 ლარი, ძრავის შეცვლა - 400 ლარი, ძრავის გადაწყობა - 150 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს „ნ----“-ს ინვოისი (ს.ფ. 256)
3.2.10. დ----- კ--------ის კუთვნილი ავტომობილის, MERCEDES-BENZ C 200 CDI ძრავის დაზიანება გამოწვეულია შპს „ს---------------------------–----ი“-ს ბრალით, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეხვედრის ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 46);
- ხარჯთაღრიცხვა (ტომი 3, ს.ფ. 66-70)
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (ტომი 3, ს.ფ.71-78);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა დ----- კ--------ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე, 992-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებუ-ლება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინა-აღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდი-ნარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამარ-თლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციე-ლებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ, საქმე №ას-53-49-2017).
შესაბამისად, განსახილველი დავის სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხის ქმედების შედეგად დაზიანდა მისი ავტომობილის ძრავი და აღდგენითი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 67 341 ლარს.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართ-ლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ , საქმე Nას-1206-1166-2016).
ამასთან, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).
რაც შეეხება მიზეზშედეგობრივ კავშირს დამდგარ შედეგსა და მოპასუხის ბრალეულობას შორის, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მონაწილეობა მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილის აღდგენაში, გარკვეული ხარჯის გაწევა იძლევა საფუძველს მოპასუხის ბრალეულობის არსებობის შესახებ.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილი დაზარალებულს უზღუდავს სამოქალაქო კოდექსის 408 I და 408 I, III მუხლების მიხედვით ნატურით რესტიტუციის მოთხოვნის უფლებას, თუ ეს მხოლოდ არათანაზომიერი დანახარჯებით არის შესაძლებელი. დამზიანებელს ამ შემთხვე-ვაში შეუძლია უარი თქვას ნატურით რესტიტუციაზე და დაზარალებულს სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია შესთავაზოს. დაზარალებულს ამ შემთხვევაში უნაზღაურდება არა შენარჩუნება-აღდგენის, არამედ მხოლოდ ღირებულების ინტერესი. თანაზომიერების ცალსახა კრიტერიუმი კანონიდან არ იკვეთება და ზუსტი ზღვრის გამოკვეთა, სადამდეც დამზიანებელი ვალდებულია ნატურით გამოასწოროს ზიანი, არ ხერხდება.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარით, ქონებრივი ზიანის შემთხვევაში თანაზომიერების დადგენისას უმნიშვნელოა უძნელდება თუ არა დამზიანებელს ნივთის ნატურით აღდგენა, გადამწყვეტია მხოლოდ აღდგენის ღირებულებისა და ნივთის (თავდაპირველი) ღირებულების შეპირისპირება, თუმცა ამ შემთხვევაშიც შეუძლებელია ერთიანი თანაზომიერების პრინციპის განსაზღვრა და ეს საბოლოო ჯამში დაზიანებულის შენარჩუნების ინტერესზეა დამოკიდებული. ავტომანქანის დაზიანების შემთხვევაში არათანაზომიერ ხარჯს წარმოადგენს გერმანულ დოქტრინაში აღიარებული ე.წ. ტოტალური ეკომონიკური ზიანი, როდესაც, მაგალითად, დაზიანებული ძველი ავტომანქანის რემონტის ხარჯები მნშვნელოვნად აჭარბებს მის ღირებულებას. მართალია, დაზარალებულს შეიძლება ქონდეს მანქანის ნებისმიერ ფასად შენარჩუნების სურვილი, რის გამოც დამზიანებელმა გარკვეულ ჩარჩოებში უნდა ითმინოს ეს არათანაზომიერება, მაგრამ ეკონომიკური ტოტალური ზიანი სახეზეა, როდესაც რემონტის ხარჯები მანქანის რეალურ ღირებულებას 30% აღემატება. თუმცა, პრობლემურია ის გარემოება, რომ ნატურით რესტიტუციის ერთ-ერთ ფორმად შემცვლელი ნივთის მიწოდებაა აღიარებული და შესაძლებელია, დაზარალებულის მიერ შემცვლელი ნივთის მოთხოვნის უფლებამო-სილება, თუ ამ შეცვლის ხარჯები ჯერ კიდევ 30%-იანი ზღვრის ფარგლებში ექცევა, დამზიანებლის მზრიდან ღირებულების ანაზღაურების შეთავაზების უფლებასთან კონკურირებდეს.
გერმანული სასამართლო პრაქტიკა ამ კონკურენციას ნატურით რესტიტუციის სასარგებ-ლოდ წყვეტს, იმ დათქმით, რომ დაზარელებულმა ამ სიტუაციაში ანაზღაურების სხვადასხვა ვარიანტებს შორის ყველაზე ნაკლები დანახარჯებით განხორციელებადი უნდა აირჩიოს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ზიანის ოდენობას ამყარებს შპს „-----ს მიერ გაცემული ინვოისით, რომლის მიხედვითაც სამუშაოს და მასალების საერთო ღირებულება შეადგენს 67 341 ლარს. ამასთან, თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ამავე კომპანიის ცნობით, ავტომობილების შეკეთებას კომპანია აწარმოებს მხოლოდ ახალი სათადარიგო ნაწილებით, რადგან ქარხანა დამამზადებლის ნორმატივების შესაბამისად, საექსპლუა-ტაციო დოკუმენტაცია არ ითვალისწინებს მეორადი ნაწილების და კვანძების გამოყენებას.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხემ წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის თანახმადაც თავად ავტომობილის ღირებულება დაზიანებამდე შეადგენდა 9 500 ლარს, დიზელის ძრავის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 1350 ლარს, ხოლო მისი მონტაჟის ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 300 ლარს.
წარმოდგენილი დასკვნებისათვის სრულყოფილების შეძენის მიზნით, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნა დასკვნის ავტორი, რომელმაც განმარტა, რომ მისი კვლევის საგანს წარმოადგენდა 2001 წელს დამზადებული მერსედესის მარკის ავტომობილის დიზელის ძრავის ღირებულების დადგენა, რომლის გარბენი შეადგენდა 331 280 კმ-ს. კვლევისთვის მოძიებული იქნა მსგავსი მეორადი სახის ძრავების ღირებულება რამაც შეადგინა 1350 ლარი, ხოლო მონტაჟის ღირებულებამ 300 ლარი.
როგორც ექსპერტმა განმარტა, დამკვეთის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავში-რებით თავად არ არის პასუხისმგებელი, ვინაიდან წარმოადგენს სასაქონლო ექსპერტს. მან შეფასებისთვის მოიძია ანალოგიური მოცულობის ძრავი. გავიდა ბაზარზე მოსაკვლევად იდენტური მონაცემების მქონე ავტომობილებთან შედარებით განსაზღვრა საბაზრო ღირებულება. გადაჭარბებულად მოიხმარდა თუ არა ზეთს შესადარებელი ავტომობილები აღნიშნული მისთვის უცნობია. კვლევის დროს მთავარი არის მისი ზოგადი მდგომარეობა და ამისთვის საჭიროა ძრავის მოცულობა და გარბენი. შესადარებელი ავტომობილები იყო მუშა მდგომარეობაში. მეორადი არის ექსპლუატაციაში ნამყოფი ნაწილი, როცა მეორად ნაწილს ყიდულობ გარანტია არ მოყვება, ამოწმებ ვიზუალურად და თუ ამონტაჟებ ამოწმებ მუშაობს თუ არა ერთი კვირის განმავლობაში.
ექსპერტმა განმარტა, რომ შესადარებელი მასალა ექსპლუატაციაში სწორად იყო თუ არა ნამყოფი ამას კვლევის დროს არ ამოწმებს. კვლევის საგანი წარმოადგენდა ექსპლუატაციაში მყოფ ძრავს, ვინაიდან თავად მანქანა ექსპლუატაციაშია 2002 წლიდან. როგორც ექსპერტმა აღნიშნა, შეფასების დროს გამოიყენა საერთაშიროსო სტანდარტი რომელიც საბაზრო ღირებულებით ითვლება, რაც არის მოთხოვნა-მიწოდების, ყიდვა-გაყიდვის შესაბამისად აღებული ინფორმაციები, აგრეთვე, შეთავაზებით წარმოდგენილი ინფორმაციები, რაც მიმდინარე გაყიდვებშია, რაც უკვე გაყიდულია და ისტორიად არის დაფიქსირებული, ეს ყველაფერი აყალიბებს საბაზრო ღირებულებას. მინიმუმ 3-4 ძრავი შეამოწმა და კონკრე-ტული შესადარისები შენახული აქვს, ინტერნეტ საიტიდან.
ექსპერტის მითითებით, კვლევის დროს მის მიერ შერჩეულ პიროვნებას ძრავების შეფასების სერტიფიკატი-ლიცენზია ქონდა თუ არა არ იცის. მითითებული იყო კონკრეტული ადგილი სადაც იყიდებოდა ნაწილები. შეფასებისას გაითვალისწინა მანქანის საერთო მდგომარეობა, ძრავის შეფასებისას გათვალისწინებულ იქნა ავტომობილის მოდელი, მარკა გარბენი და წლოვანება. კითხვაზე, ექსპერტმა მიუთითა, რომ საბაზრო ღირებულება ისეთი გამოთვლადი ფულადი სიდიდეა, რომელიც არ არის ზუსტი მეცნიერება და ეს არის საორიენტაციო მონაცემი. შესადარებელი მასალა გამოსაყენებლად ვარგისია თუ არა ექსპერტი ამას არ იკვლევს, რაც თავად მოიძია იყო ამ ფასად შეთავაზებული და რაც აღარ იყო იკითხა რა ფასად გაიყიდა. თვითონ მანქანები იყო მუშა მდგომარეობაში საიდანაც მოხდა ამ შესადარებელი ძრავის ამოღება, მათი განმარტებით ეს იყო მუშა ძრავი, თუმცა, აღნიშნული მისი პასუხისმგებლობის საგანს არ წარმოადგენს.
მოპასუხემ ასევე წარმოადგინა არაერთი კომპანიის მიერ გაცემული ინვოისი აღდგენითი სამუშაოების ჩატარების ღირებულების შესახებ და მასში მითითებული ფასები არ აღემატება 2 300 ლარს. ამასთან, მხარეთა შორის დავის წამოწყებამდე პერიოდში გაწია ხარჯი 1 100 ლარის ოდენობით და გამოხატა მზადყოფნა დამატებით 2 000 აშშ დოლარის გადახდის შესახებ.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება წარმო-ადგენს სწორედ მოპასუხისათვის ტოტალური ეკომონიკური ზიანის მიყენებას და დელიქტის მთავარი პრინციპის დარღვევას, კერძოდ, დაუშვებელია დელიქტის შედეგად გამდიდრება. იმ პირობებში როდესაც თავად ავტომობილის ღირებულება შეადგენს 9 500 ლარს, შეუძლებელია გონივრულად იქნეს მიჩნეული მისი ნაწილის აღდგენითი სამუშაოების ღირებულებისათვის 67 341 ლარი. სასამართლო საეჭვოდ არ ხდის შპს „-----ს მიერ გაცემულ ცნობას, თუმცა, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული კომპანია მხოლოდ ახალი ნაწილებით მართავს ავტომობილს, ამასთან განსხვავებულია მათი მომსახურების ღირებულებაც. შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც გადამწყვეტია მხოლოდ აღდგენის ღირებულებისა და ნივთის (თავდაპირველი) ღირებულების შეპირისპირება და დაზარალებულმა ამ სიტუაციაში ანაზღაურების სხვადასხვა ვარიანტებს შორის ყველაზე ნაკლები დანახარჯებით განხორციელებადი უნდა აირჩიოს და მოსარჩელეს არ გამოუხატავს ინტერესი მოხდეს მოპასუხის შეთავაზების მიღება.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო მიიჩნევს რომ საღცელია არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელემ ასევე კატეგორიული უარი განაცხადა ავტომანქანის ღირებულების მიღებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ამასთან, არ არსებობს სასამართლოს-გარეშე გაწეული ხარჯის ნაწილშიც მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნვლეყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ----- კ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე