გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1416-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე- ს----------–--ი
წარმომადენელი - მ--–------------ე
მოპასუხე- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური
წარმომადგენელი - ნ-----------–---–-
დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 31 იანვრის N---- ბრძანება.
1.2.დაევალოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდება ს----------–--ის სასჯელის მოხდისათვის ნაკლებად მკაცრი რეჟიმის, ნახევრად ღია ტიპის დაწესებულების განსაზღვრა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2014 წლის 28 მარტის განჩინებით მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქე ს----------–--ი( დაბ: 07.11.1960 წ.) ცნობილ იქნა დამნაშევედ საქართველოს სისხლის სასამართლოს კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ამავე კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2014 წლის 28 მარტის განჩინება უცვლელი დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ( საქმე №----------
ს----------–--ი პატიმრობაში იმყოფება დაკავების მომენტიდან - 2013 წლის 03 ივლისიდან და სასჯელს იხდიდა პენიტენციური დეპარტამენტის №9 დაწესებულებაში, ხოლო ამჟამად გადაყვანილია პენიტენციური დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 23 დეკემბრის განჩინება სისხლის სამართლის საქმეზე საქმე №-------4 (ს.ფ. 17);
- №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 2019 წლის 19 თებერვლის №-------- ცნობა-დახასიათება (ს.ფ. 18-19)
3.2. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ს----------–--მა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს განცხადებით მიმართა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით პენიტენციური დეპარტამენტის ნაკლებად მკაცრი რეჟიმის №15 დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით. როგორც ამავე განცხადებაშია მითითებული, ს----------–--მა 2015 წლის 17 მარტს №------- და 2017 წლის 22 მაისს №01/----- 2018 წლის 14 სექტემბერს №01/1---- წერილებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის სამშობლოში გადაცემის მოთხოვნით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ს----------–--ის განცხადება (ს.ფ. 14-15)
3.3. საქმეში წარმოდგენილი მსჯავრდებულის რისკის შეფასების გუნდის 2019 წლის 29 იანვრის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმით დგინდება, რომ მსჯავრდებულის რისკების შეფასების გუნდმა განიხილა №8 პენიტენციური დაწესებულების მონაცემების პირველადი დამუშავების ჯგუფის მიერ შევსებული ფორმა №2 და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია №3 მსჯავრდებულ ს------------–---------–--ის შესახებ.
მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა დაადგინა, რომ მსჯავრდებული ს----------–--ი არ არის წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის მქონე; სასჯელის მოხდის პერიოდში მის მიმართ დისციპლინური სახდელი გამოყენებული არ ყოფილა, ხოლო წახალისებულ იქნა ერთხელ, №8 დაწესებულებაში შესახლებულ იქნა რისკის შეფასების გუნდის 2017 წლის 03 აგვისტოს სხდომის ოქმის საფუძველზე და განესაზღვრა მომეტებული რისკი, არ ყოფილა ჩართული სოციალურ, დასაქმების ან სასწავლო პროგრამებში. ასევე დადგინდა, რომ საიდუმლო ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, მსჯავრდებულ ს------------–---------–--ის ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსება, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებულთა დიდი ოდენობა, საფრთხის შემცველი იქნება როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების, ასევე პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულის რისკების შეფასების გუნდმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ მსჯავრდებულ ს----------–--ის საშიშროების რისკის სახე არის - მომეტებული.
ამავე საოქმო გადაწყვეტილებით გუნდმა პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს რეკომენდაცია გაუწია მასზედ, რომ მსჯავრდებული ს----------–--ი განთავსებულიყო მისი რისკის სახის შესაბამის დაწესებულებაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდის 2019 წლის 29 იანვრის სხდომის ოქმის ამონაწერი (ს.ფ. 48-49).
3.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 31 იანვრის №1--- ბრძანებით, მსჯავრდებულ ს------------–---------–--ს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსებულ იქნა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
ბრძანების მიღების საფუძვლად მითითებულია მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის 2019 წლის 29 იანვრის საიდუმლო სხდომის ოქმი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 31 იანვრის №1--- ბრძანება (ს.ფ. 50).
3.5. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მსჯავრდებულ ს----------–--ის მიმართ სასჯელის მოხდის პერიოდში დისციპლინური სახდელი გამოყენებული არ ყოფილა, ხოლო წახალისების ფორმა გამოყენებულია ერთხელ: 2014 წლის 29 სექტემბრის №29 ბრძანებით მიეცა ,,დამატებითი ხანმოკლე პაემანი’’.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ცნობა-დახასიათება (ს.ფ. 18-19)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ს----------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, პატიმრობის კოდექსი (სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქცია), საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის N70 ბრძანებით დამტკიცებული ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესი” (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია, ძალადაკარგულია იუსტიციის მინისტრის 05/08/2019 N 395 ბრძანებით ).
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 31 იანვრის N---- ბრძანება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო მიუთითებს ,,პატიმრობის კოდექსის“ (სადავო აქტის გამოცემის დროს მოექმედი რედაქცია) პირველ მუხლზე, რომელიც ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებსა და პრინციპებს. კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.
ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთის აღსრულების საფუძველია სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა.
კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პეციალური პენიტენციური სამსახური არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში. მე-2 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღმასრულებელი ორგანოები არიან სამსახური და მისდამი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებები. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ერთიანი პოლიტიკის წარმართვას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, პენიტენციური დაწესებულების სახეებია: ა) პატიმრობის დაწესებულება;ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება. საჭიროების შემთხვევაში მინისტრი ქმნის და აუქმებს შერეული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებას.
კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია: ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ბ) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; გ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; დ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ე) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; ვ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება; ზ) ქალთა სპეციალური დაწესებულება.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლი განმარტავს, რომ დახურული ტიპის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, როგორც შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, ისე სასიგნალიზაციო სისტემით აღჭურვილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.
,,პატიმრობის კოდექსის'' 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მე-2 ნაწილის თანახმად კი, სჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული, როგორც წესი, სასჯელს იხდის მისი ან მისი ახლო ნათესავის საცხოვრებელი ადგილიდან ყველაზე ახლოს მდებარე, შესაბამისი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში შემდეგ შემთხვევებში: ა) მსჯავრდებულის საშიშროების რისკის გათვალისწინებით ან მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მოსამზადებლად; ბ) პენიტენციური დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევისას; გ) მსჯავრდებულისა და სხვა პირთა უსაფრთხოების ან პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; დ) მსჯავრდებულის ავადმყოფობისას; ე) პენიტენციური დაწესებულების რეორგანიზაციისას; ვ) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციისას;ზ) პენიტენციური დაწესებულების გადატვირთულობისას; თ) ამ კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას; თ1) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1911 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, თუ მოსამართლის განჩინებით სამსახურის გენერალურ დირექტორს დაევალება შესაბამისი მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი განსაკუთრებული ზომების მიღება და ამ ღონისძიების გამოყენება აუცილებელია მსჯავრდებულის უსაფრთხოებისათვის; ი) მსჯავრდებულის თანხმობის არსებობისას; კ) სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას.
6.3. ,,პატიმრობის კოდექსის“ 64-ე მუხლის თანახმად, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, სასჯელს იხდის: პირი, რომელიც პირველად არის მსჯავრდებული განზრახი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, სასამართლოს მიერ განესაზღვრა 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა; განზრახი დანაშაულისათვის არაერთგზის ნასამართლევი პირი, უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირი და ადრე ნასამართლევი პირი, რომლებსაც სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე მსჯავრდებული, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით გადმოყვანილია სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში აგრეთვე შეიძლება განთავსდნენ სხვა მსჯავრდებულები რისკის ფაქტორის გათვალისწინებით.
სასამართლო მიუთითებს, რომ ,,პატიმრობის კოდექსის“ საფუძველზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით (სადავო აქტის მიღების პერიოდში მოქმედი) დამტკიცდა ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესი“. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს წესით დადგენილ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების პროცედურას.
წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების პროცესი იწყება მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაციის დამუშავებით, რომლისთვისაც დაწესებულების დირექტორი (შემდგომში – დირექტორი) ქმნის მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფს (შემდგომში – ჯგუფი) და ადგენს იმ მსჯავრდებულთა სიას, რომელთა მონაცემებიც უნდა დაამუშაოს ჯგუფმა. ერთმა ჯგუფმა შეიძლება დაამუშავოს არაუმეტეს შვიდასი მსჯავრდებულის მონაცემები. იმ დაწესებულებებში, რომლებშიც ფუნქციონირებს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მულტიდისციპლინური გუნდი, ჯგუფი არ იქმნება და მის ფუნქციას ასრულებს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მულტიდისციპლინური გუნდი. მე-2 პუნქტის თანახმად, ჯგუფი შედგება დაწესებულების არანაკლებ 3 თანამშრომლისგან, ხოლომე-5 პუნქტის შესაბამისად, ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯგუფის უფროსი, რომელსაც ჯგუფის შემადგენლობიდან განსაზღვრავს დირექტორი.
ამავე წესის მე-7 მუხლში გაწერილია ჯგუფის საქმიანობის თანმიმდევრობა და წესი. მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ჯგუფი დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივით, ახორციელებს მსჯავრდებულთა შერჩევას და მათ შესახებ ამ ბრძანების დანართი №2-ით დადგენილი ინფორმაციის გონივრულ ვადაში დამუშავებას. შეფასების პროცესში რიგითობის განსაზღვრისას ჯგუფი ვალდებულია გაითვალისწინოს პატიმრობის კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“-„ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი გარემოებები. რიგითობის განსაზღვრის შემდეგ, ჯგუფის წევრები დამოუკიდებლად, სხდომაზე შეკრების გარეშე, ავსებენ ამ ბრძანების დანართი №2-ით განსაზღვრულ ფორმას. ჯგუფის წევრების მიერ კითხვარის შევსებას კოორდინაციას უწევს ჯგუფის უფროსი (მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი). ჯგუფის მიერ დამუშავებულ ინფორმაციას (შევსებულ ფორმას) ჯგუფის უფროსი წარუდგენს დირექტორს. დირექტორი ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტაცია მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის დადგენის მიზნით გაუგზავნოს გუნდს (მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი).
წესის მე-8 მუხლი ადგენს (მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების) გუნდის განსაზღვრებას. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გუნდი დამოუკიდებლად, მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე ახორციელებს მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასებას და მისი რისკის სახის დადგენას. გუნდის წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებები და შეუძლია შეასრულოს გუნდის წევრის ფუნქციები.
მითითებული კანონქვემდებარე აქტის მე-11 მუხლის თანახმად: 1. დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველო, ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მიღებული მსჯავრდებულთა სიის შესაბამისად, სიის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, პენიტენციური დაწესებულებიდან მიღებული და მთავარ სამმართველოში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ავსებს ამ ბრძანების დანართი №3-ით დადგენილ ფორმას და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმოწერით უგზავნის გუნდს; 2. დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს მიერ, ამ ბრძანების დანართი №3-ით დადგენილ ფორმაში ისეთი სახის ინფორმაციის შეტანისას, რომელიც მოპოვებულია „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ან წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, ამ ბრძანების დანართი №3-ით დადგენილი ფორმა დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმოწერით ეგზავნება გუნდს, საიდუმლოობის შესაბამისი გრიფის მინიჭების გზით.
წესის მე-12 მუხლი არეგულირებს გუნდის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს, რომლის თანახმად, გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკის დადგენის მიზნით მართავს სხდომას, რომელზეც განიხილავს დირექტორისა და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ გაგზავნილ მასალებს და იღებს გადაწყვეტილებას. გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ მსჯავრდებულის შესახებ დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ გაგზავნილი მასალების მიღებიდან, როგორც წესი, არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში (მე-12.1. მუხლი). გუნდის სხდომა, როგორც წესი, დახურულია და იმართება პერიოდულად, არანაკლებ კვირაში ორჯერ. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა გუნდის უფროსის მიერ (მე-12.2. მუხლი). გუნდის მიერ ოქმის სახით მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტს, რომელიც უზრუნველყოფს მათ აღრიცხვასა და სისტემატიზაციას ელექტრონული სახით (მე-12.9. მუხლი).
სასამართლო აღნიშნავს, რომ დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცავი ორგანოების უსაფრთხოების მიზნით მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის დადგენისათვის, კანონმდებელი რისკების შეფასების გუნდს კონკრეტულად უდგენს მსჯავრდებულის რისკის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, რომელიც მოცემულია წესის მე-4 მუხლში. ამავე წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გუნდის შეფასების საფუძველზე, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი, გუნდის მიერ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მისთვის გადაცემიდან არაუმეტეს 20 სამუშაო დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დეპარტამენტის დირექტორი დამოუკიდებლად განსაზღვრავს, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის შესაბამისი ტიპის რამდენიმე დაწესებულებიდან, უშუალოდ რომელ მათგანში მოხდება მსჯავრდებულის გადაყვანა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით. მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, მსჯავრდებული, შეძლებისდაგვარად, გადაყვანილი უნდა იქნეს მისი ან მისი ახლო ნათესავის საცხოვრებელი ადგილიდან ყველაზე ახლოს მდებარე შესაბამისი რისკის დაწესებულებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის დადგენა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. საშიშროების რისკის დადგენის შესახებ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ეფუძნება მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების გუნდის მიერ სადავო საკითხის, ობიექტურ თუ სუბიექტურ გარემოებათა კვალიფიციურ დადგენა/შეფასებას. ამგვარი უფლებამოსილება მოპასუხეს ანიჭებს თავისუფლებას კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებით კი განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებაზე (საქმეზე №ბს-797 (კ-18), რომლის მიხედვითა, ,,დისკრეციული უფლეამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს მოქმედების თავისუფლებას, თუმცა არ ქმნის სამართლისაგან სრულიად თავისუფალ სივრცეს, ასეთ პირობებში მოქალაქეს არ ერთმევა უფლება მოითხოვოს მის მიმართ უშეცდომო გადაწყვეტილების მიღება...დისკრეციული უფლებამოსილების სპეციფიკური პროცესი წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს მოქალაქეთა დარღვეული უფლების სასამართლოს წესით აღდგენის ინტერესთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და უნდა დაექვემდებაროს სასამართლო კონტროლს...დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა. დისკრეციული უფლებამოსილების ცნებისათვის იმანენტურია მისი სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლოს კონტროლის პირობებშია შესაძლებელი''.
სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული ორგანოს დიკსრეციული უფლებამოსილების განხორციელებული ქმედების და ასეთი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე ანუ მის კანონიერებაზე, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით. ამდენად, სასამართლო ვერ შეაფასებს სადავო გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის ასპექტებს, ვინაიდან აქტის მიზანშეწონილობის გადამოწმება სცილდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს, რაც ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით არის განპირობებული.
დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება-დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები იყო არსებული შესაძლებლობებიდან.
განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების გუნდმა სხდომაზე განიხილა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მსჯავრდებულ ს----------–--ის შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის 2019 წლის 29 იანვრის საიდუმლო სხდომის ოქმი (სრული სახით), ასევე, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო-ოპერატიული ინფორმაცია ს----------–--ის შესახებ. ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარმოდგენილ იქნა მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს. ამასთან, სასამართლოს მიერ საიდუმლო ინფორმაციის შესწავლა და შემოწმება განხორციელდა კანონით დადგენილი წესით სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებულმა ფაქტებმა ასახვა ვერ ჰპოვა სასამართლო გადაწყვეტილებაში.
აღნიშნული ინფორმაციის დასაბუთებულობის შემოწმების და სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც გუნდს მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება. მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდისა და საქართველოს სიუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით დამტკიცებული ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესით’’ დადგენილი რისკის შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის მიერ დადგენილი გარემოებები შესაბამისობაშია სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების კანონდარღვევით განხორციელებას ადგილი არ აქვს, გასაჩივრებული ბრძანება მიღებულია საშიშროების რისკის სახის შესაბამისად, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების განსაზღვრა კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი კი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის და შესაბამისად, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს----------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე მერი გულუაშვილი