გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.05.2019
საქმის ნომერი
330310018002787244
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №3/8114-18

 

23 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი

 

მოსარჩელე - შპს „ა-------------ა“

წარმომადგენელი - თ----------------–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ბ-------------ა

 

მოპასუხე - „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კომისია

წარმომადგენელი - ბ-------------ა

 

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ე-----------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს მთავრობის 2010 წლის 03 ნოემბრის N331 დადგენილების თანახმად „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში პაციენტებისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის 2015 წლის 21 აგვისტოს სხდომის N-- ოქმი, შპს „ა-----------------ის“ ნაწილში.

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შპს „ა-----------------ის“ მიერ გაწეული მომსახურების (მედიკამენტების მიწოდება) სრულ საფასურსა და უკვე ანაზღაურებულ თანხას შორის არსებული სხვაობის - 9-------- ლარის ანაზღაურება შპს „ა-------------ას“ სასარგებლოდ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხეების - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. მესამე პირის პოზიცია

3.1. მესამე პირის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. 2014 წელს შპს „ა-----------------ი“ მონაწილეობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ, შიდა ქართლის კონტროლის ზონის მაცხოვრებლების მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი

 

4.1.2. 2015 წლის 07 აგვისტოს თ---------–---ამ განცხადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და შიდა ქართლის მაცხოვრებელთა მედიკამენტების დაფინანსება მოითხოვა რეფერალური მომსახურების პროგრამის ფარგლებში. თ---------–---ამ 2015 წლის 12 აგვისტოს წარადგინა ანგარიშ-ფაქტურა N-- (გაცემული შპს „ა-----------------ის“ მიერ 2015 წლის 10 აგვისტოს), რომლის მიხედვითაც ასანაზღაურებელი თახის ოდენობა შეადგენდა - 6------- ლარს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- თ---------–---ას 2015 წლის 07 აგვისტოს განცხადება - ს/ფ 184-187.

- თ---------–---ას 2015 წლის 12 აგვისტოს განცხადება - ს/ფ 188-204.

 

4.1.3. „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კომისიის 2015 წლის 21 აგვისტოს N-- ოქმის მიხედვით, თ---------–---ას მოთხოვნა შიდა ქართლის კონფლიქტის მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებზე გადასაცემი მედიკამენტების დაფინანსების თაობაზე დაკმაყოფილდა 6------- ლარის ნაწილში.

 

აღნიშნულის თაობაზე 2015 წლის 21 აგვისტოს ეცნობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2015 წლის 01 სექტემბერს ეცნობა თ---------–---ას.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კომისიის 2015 წლის 21 აგვისტოს N-- ოქმი - ს/ფ 205-209.

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის 01 სექტემბრის N-------- მიმართვა - ს/ფ 256.

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის 21 აგვისტოს N-------- მიმართვა - ს/ფ 255.

 

4.1.4. 2016 წლის 04 იანვარს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმა) შედეგად, შპს „ა-----------------ის“ უფლებამონაცვლეს წარმოადგენს შპს „ა-------------ა“.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან - ს/ფ 104-105.

 

4.1.5. 2018 წლის 14 დეკემბერს შპს „ა-------------ამ“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კომისიის 2015 წლის 21 აგვისტოს N--ოქმის ბათილად ცნობა, ასევე თანხის სრულად ანაზღაურება მოითხოვა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- შპს „ა-------------ას“ ადმინისტრაციული საჩივარი - ს/ფ 364-365.

 

4.1.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 21 დეკემბრის N---------- მიმართვის მიხედვით, შპს „ა-------------ას“ ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი და მოსარჩელეს განემარტა, რომ „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებები საჩივრდებოდა სასამართლოში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 21 დეკემბრის N---------- მიმართვა - ს/ფ 100-101.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 03 ნოემბრის N331 დადგენილება „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს მთავრობის 2010 წლის 03 ნოემბრის N331 დადგენილების თანახმად „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში პაციენტებისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის 2015 წლის 21 აგვისტოს სხდომის N-- ოქმი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 03 ნოემბრის N331 დადგენილებით დამტკიცებული კომისიის საქმიანობის წესის პირველი მუხლის მიხედვით, კომისიის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს ,,რეფერალური მომსახურების, ,,სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ სხვა განსაზღვრული შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტის“ (შემდგომში – სამედიცინო დახმარების კომპონენტი) ფარგლებში სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა. ამავე წესის მესამე მუხლის მიხედვით, ამ წესის შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ დაფინანსების თანხის მოცულობას (მათ შორის, როგორც საქართველოს ფარგლებში, ისე ფარგლებს გარეთ) განსაზღვრავს კომისია (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).

 

ზემოაღნიშნული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისიის სახელზე დაწერილ განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) მაძიებლის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); გ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანგარიშ-ფაქტურა, კალკულაციით; დ) სოციალურ კატეგორიას (სოციალურად დაუცველი, დევნილი, შშმ პირი, პენსიონერი და სხვ.) მიკუთვნების დამადასტურებელი მოწმობის ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2015 წლის 07 აგვისტოს თ---------–---ამ განცხადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და შიდა ქართლის მაცხოვრებელთა მედიკამენტების დაფინანსება მოითხოვა რეფერალური მომსახურების პროგრამის ფარგლებში, თუმცა აღნიშნულ განცხადებას არ ერთვოდა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 03 ნოემბრის N331 დადგენილებით დამტკიცებული კომისიის საქმიანობის წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, ამიტომ თ---------–---ამ 2015 წლის 12 აგვისტოს წარადგინა ანგარიშ-ფაქტურა N-- (გაცემული შპს „ა-----------------ის“ მიერ 2015 წლის 10 აგვისტოს), რომლის მიხედვითაც ასანაზღაურებელი თახის ოდენობა შეადგენდა - 6------- ლარს.

 

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 03 ნოემბრის N331 დადგენილებით დამტკიცებული კომისიის საქმიანობის წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კომისია სათანადო მონაცემების ანალიზის შემდეგ განიხილავს მაძიებლისათვის დაფინანსების გაცემის შესაძლებლობას და განსაზღვრავს დაფინანსების მიზანშეწონილობას, ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიის მიერ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს და ეცნობება განმცხადებელს.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კომისიის 2015 წლის 21 აგვისტოს N-- ოქმის მიხედვით, თ---------–---ას მოთხოვნა შიდა ქართლის კონფლიქტის მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებზე გადასაცემი მედიკამენტების დაფინანსების თაობაზე დაკმაყოფილდა 6------- ლარის ნაწილში. აღნიშნულის თაობაზე 2015 წლის 21 აგვისტოს ეცნობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხოლო 2015 წლის 01 სექტემბერს ეცნობა თ---------–---ას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენენ მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს გამონაკლის შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე, მოპასუხე სუბიქტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ კომისიამ 2015 წლის 05 აგვისტოს N-- ოქმით მიიღო გადაწყვეტილება შპს „ა-----------------ისათვის“ 157 428.62 ლარის ანაზღაურების შესახებ, რომელიც მოგვიანებით გაუქმდა ამავე კომისიის 2015 წლის 21 აგვისტოს N-- სხდომის ოქმით, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კომისიის 2015 წლის 21 აგვისტოს N-- ოქმით მიღებულ გადაწყვეტილებას, შპს „ა-----------------ისათვის“ 6------- ლარის ანაზღაურების თაობაზე ეფუძნება თ---------–---ას 2015 წლის 07 აგვისტოსა და 2015 წლის 12 აგვისტოს განცხადებებს, რომლითაც განმცხადებელი ითხოვდა 6------- ლარის ანაზღაურებას და საიდანაც დაფინანსდა 6------- ლარი. ცალსახაა, რომ 2015 წლის 07 და 12 აგვისტოს განცხადებების მოთხოვნა კომისიის 2015 წლის 05 აგვისტოს N-- ოქმით ვერ დაკმაყოფილდებოდა, საქმეს არ ერთვის სხვა მტკიცებულება იმისა, რომ თ---------–---ამ დამატებით, 2015 წლის 07 აგვისტომდე, მოითხოვა 9-------- ლარის ანაზღაურება, წარადგინა შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურა, რაც დაკმაყოფილდა კომისიის 2015 წლის 05 აგვისტოს N-- გადაწყვეტილებით, რაც ასევე გააუქმა გასაჩივრებულმა აქტმა. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 03 ნოემბრის N331 დადგენილების თანახმად, „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში პაციენტებისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის 2015 წლის 21 აგვისტოს სხდომის N-- ოქმის, შპს „ა-----------------ის“ ნაწილში ბათილად ცნობისა და შპს „ა-------------ას“ სასარგებლოდ 9-------- ლარის ანაზღაურების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც შპს „ა-------------ას“ უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, მე-13, 22-ე, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ა-------------ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი