გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
160210018002282494
N2/101-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 აპრილი, 2018 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ია ლაბაძე
სხდომის მდივანი სალომე ჯელიაშვილი
მოსარჩელე - ალ---------------ი
წარმომადგენელი - ნა-----------ე
მოპასუხე - სს ,,ენ----------------------ა’’
წარმომადგენელი - კა-------–--------–---–ი
დავის საგანი - ზედმეტად დარიცხული თანხის გადახდისაგან განთავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სს ,,ენ----------------------ას’’ მიერ, 2013 წლის 01 ივნისიდან - 2016 წლის 15 ნოემბრამდე, ზედმეტად დარიცხული 3802.02 ლარის გადახდისაგან განთავისუფლება (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-15).
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე რეგისტრირებულია სს ,,ენ----------------------ას“ აბონენტად და კეთილსინდისიერად იხდიდა მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს. მოსარჩელეს 2016 წლის 05 დეკემბერს ხელი მოაწერინეს რაღაც დაბეჭდილ ქაღალდზე, იმის თაობაზე, რომ თითქოს და იყო დაშვებული ტექნიკური შეცდომა მრიცხველის აღრიცხვის მექანიზმში და მოხდებოდა შესწორება, რითაც მას არანაირი ზიანი არ მიადგებოდა. თუმცა ამის შემდეგ მოსარჩელეს დაუწყეს დავა იმაზე, რომ თურმე კომპანიის შეცდომით არასწორად იკითხებოდა აღრიცხვის მექანიზმი, კერძოდ მრიცხველი და 2013 წლის 01 ივნისიდან - 2016 წლის 15 ნოემბრამდე, თურმე აღურიცხავად მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის მიხედვით დამატებით უნდა გადაეხადა 3802,22 ლარი, რაზედაც თურმე შედგენილა აქტი და მოსარჩელეს არ მოუწერია ხელი და ხელი მოუწერია დამატებით უკანონოდ დარიცხული თანხის განწილვადებაზე. მოსარჩელის მითითებით, იგი ამ ყველაფერს არ დაეთანხმა და არც ეთანხმება.
მოსარჩელის მითითებით, მრიცხველი მისი თანდასწრებით არ გახსნილა, არ შემოწმებულა, სწორედ ამიტომ განაცხადა უარი აქტის ხელმოწერაზე. გარდა ამისა, მოსარჩელე ვერ შეძლებდა ამხელა ელექტროენერგიის მოხმარებას, რადგან 2014 წლის 08 ნოემბრიდან - 2015 წლის 01 დეკემბერამდე მუშაობდა და სახლში გვიან ბრუნდებოდა. შესაბამისად, მოსარჩელეს უკანონოდ დაერიცხა ზემოაღნიშნული თანხა. ალ---------------მა მიმართა ექსპერტიზის ბიუროს მრიცხველზე ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით, მაგრამ იმის გამო, რომ მრიცხველი არც თვითონ წარუდგინა კომპანიამ და არც მას მისცეს ამის უფლება, ექსპერტიზა ვერ ჩატარდა (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-15).
2. მოპასუხის პოზიცია
სს ,,ენ----------------------ამ’’ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე დღემდე კეთილსინდისიერად იხდის ელექტროენერგიის საფასურს, მათ შორის სარჩელით სადავოდ გამხდარ თანხასაც. ბოლო გადახდა აბონენტმა შეასრულა 2018 წლის 18 იანვარს, 211,07 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა მოიცავს მხარეთა შორის 2016 წლის 05 დეკემბერს დადებული შეთანხმებით მოსარჩელის მიერ აღიარებული და განწილვადებული დავალიანების 2018 წლის იანვრის თვის პორციას და 2017 წლის დეკემბრის თვის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურსაც. ამჟამად, მოსარჩელეს საერთო ჯამში ერიცხება მის მიერვე რეალურად მოხმარებული ელეტრონერგიის საფასურის 1260,03 ლარის გადახდის ვალდებულება, საიდანაც 1056,11 ლარი ძველი ვალია, ხოლო 203,92 ლარი იანვრის თვის ხარჯი. 2013 წლის 01 ივნისიდან - 2016 წლის 15 ნოემბრის პერიოდში, მრიცხველის არასწორად წაკითხვის გამო, მოსარჩელე იხდიდა იმაზე გაცილებით ნაკლებ გადასახადს ყოველთვიურად, ვიდრე უნდა გადაეხადა მრიცხველის ჩვენების სწორად წაკითხვის შემთხვევაში. სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის ,,ელექტრონერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ N20 დადგენილების მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 2016 წლის 18 ნოემბერს, აბონენტის ბარათზე განხორციელდა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის კორექტირება და მას დაერიცხა 3802,02 ლარის ღირებულების ელეტროენერგიის საფასური, რომელიც წარმოადგენს აბონენტის მიერ 41 თვის (01.06.2013-15.11.2016წ) მანძილზე ნაკლებობით გადახდული საფასურის და მრიცხველის სწორად წაკითხვის შემთხვევაში, რეალურად გადასახდელი თანხის ოდენობებს შორის არსებულ სხვაობას.
მოპასუხის მითითებით, სინამდვილეს არ შეესაბამება მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ მას რაიმე სახის იძულებით მოაწერინეს ხელი დავალიანების აღიარებასა და განწილვადებით გადახდის შეთანხმებას, რომელიც მხარეთა შორის გაფორმდა 2016 წლის 05 დეკემბერს. მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა მის მიერვე აღიარებული დავალიანების გადახდის ვალდებულებისაგან მთლიანად გათავისუფლების შესახებ, მათ შორის იმ თანხების გადახდისაგან, რომელიც მას უკვე გადახდილი აქვს, უკანონო და უსაფუძვლოა (იხ. შესაგებელი ს.ფ. 37-49).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ. დმ----–-----------–---------7-ში, სს ,,ენ----------------------ას’’ აბონენტად (სააბონენტო ნომრით - 5210054220) რეგისტრირებულია ალ---------------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი),- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 19-23);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 15 ნოემბერს განხორციელდა აბონენტ ალ---------------ის (სააბონენტო ნომრით - 5210054220) მრიცხველის შემოწმება და დადგინდა, რომ მრიცხველი იკითხებოდა არასწორად, მრიცხველი არის შვიდ-თანრიგიანი, იკითხებოდა როგორც 6+1 თანრიგი. მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი დასაკორექტირებელია. მრიცხველი ფუნქციონირებს ნორმალურად. აბონენტმა ალ---------------მა უარი განაცხადა აქტის ხელმოწერაზე.
სს ,,ერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ დაკორექტირებული იქნა ელექტროენერგიის საფასური, რის შედეგადაც ალ---------------ს დაერიცხა 3802,02 ლარის დავალიანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი N1363248 (ს.ფ. 24);
- რეგულირების მენეჯერის წერილი (ს.ფ. 18)
- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 19-23).
3.2.2. 2016 წლის 05 დეკემბერს ალ---------------მა განცხადებით მიმართა სს ,,ენ----------------------ას“ და მოითხოვა დავალიანების განაწილება 20 თვეზე.
ალ---------------ის განცხადების საფუძველზე, სს ,,ენ----------------------ასა“ და ალ---------------ს შორის გაფორმდა შეთანხმება დავალიანების დაფარვის თაობაზე. აბონენტმა აღიარა, რომ 2016 წლის 05 დეკემბრის მდგომარეობით მისი სრული დავალიანება შეადგენდა 3520,53 ლარს და აიღო ვალდებულება, რომ მის მიერ ყოველთვიურად მოხმარებულ ელექტროენერგიის ღირებულებასთან ერთად, დაფარავდა დავალიანებას, შეთანხმებული გრაფიკით. ალ---------------ს დავალიანება გადაუნაწილდა 20 თვეზე, 2017 წლის 05 იანვრიდან - 2018 წლის 05 აგვისტოს ჩათვლით, ყოველთვიურად 176,02 ლარის გადახდის პირობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 05.12.2016 წლის განცხადება (ს.ფ. 25);
- შეთანხმება დავალიანების დაფარვის თაობაზე (ს.ფ. 27-29).
3.2.3. შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით აბონენტი ალ---------------ი იხდიდა ელექტროენერგიის დავალიანებას, მის მიერ თანხის ბოლო გადახდა განხორციელდა 2018 წლის 17 აპრილს და დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა 704 ლარი.
სასამართლოს სხდომაზე ალ---------------მა მიუთითა, რომ განაწილვადების შესახებ მან არ იცოდა, ხოლო დავალიანებას თანხას იხდიდა მისი შვილი. ამასთან, მას განცხადებაზე და დავალიანების დაფარვის შესახებ შეთანხმებაზე მისი ხელმოწერის ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ. 19.04.2018 წლის სხდომი ოქმი 12:16:29);
- აბონენტის ბარათი (ს.ფ.107-110).
3.2.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას მასზედ, რომ 01.06.2013-15.11.2016 წლებში მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა ხორციელდებოდა დაზიანებული მრიცხველის მეშვეობით და დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა განხორციელდა ვარგის (აქტიურ) მდგომარეობაში მყოფი მრიცხველის მეშვეობით.
ამგვარი დასკვნის საფუძველს სასამართლოს აძლევს, როგორც საქმეში არსებული მასალები, ასევე მხარეთა-ახსნა განმარტება. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 15 ნოემბრის აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი N1363248, სადაც მითითებულია, რომ მრიცხველი ფუნქციონირებს ნორმალურად, ხოლო 41 თვის განმავლობაში ელექტრო ენერგიის საფასურის ნაკლები დარიცხვა გამოიწვია სს ,,ენ----------------------ას“ თანამშრომლის მიერ მრიცხველის არასწორმა წაკითხვამ. აღნიშნული გარემოება სასამართლო სხდომაზე ასევე დაადასტურა მოპასუხის წარმომადგენელმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების №629364; №629365; №632335 აქტი;
3.2.5. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ 01.06.2013-15.11.2016 წლების დავალიანება იყო ხანდაზმული და აღნიშნული დავალიანების გადახდის მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა სს ,,ენ----------------------ას“.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
განსახილველ სარჩელში დავის საგანია მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა - სამი წელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.
განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის 15 ნოემბერს შემდგარი შემოწმების აქტის საფუძველზე გახდა ცნობილი სს ,,ენ----------------------ასათვის“, რომ ხდებოდა მრიცხველის არასწორად წაკითხვა და 2013 წლის 01 ივნისიდან - 2016 წლის 15 ნოემბრამდე ალიახან ქიაზიმოვს უნდა გადაეხადა ელექტრო ენერგიის უფრო მეტი საფასური, ვიდრე იგი იხდიდა. შესაბამისად, სს ,,ენ----------------------ას“ თანხის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2016 წლის 15 ნოემბრის მომდევნო თვიდან - 2016 წლის დეკემბრიდან. ამასთან, 2016 წლის დეკემბერში ალიხან ქაზიმოვმა მიმართა სს ,,ენ----------------------ას და მოითხოვა არსებული დავალიანების გადანაწილება, აღნიშნული მოქმედებით მან აღიარა დავალიანების არსებობა. შესაბამისად, სახეზე არ გვაქვს მოთხოვნის ხანდაზმულობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი N1363248 (ს.ფ. 24);
- 05.12.2016 წლის განცხადება (ს.ფ. 25);
- შეთანხმება დავალიანების დაფარვის თაობაზე (ს.ფ. 27-29).
3.2.6. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცებით (მტკიცების ტვირთი) ნაწილში სასამართლო მიუთითითებს შემდეგს - საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
მხარეთა შორის დავას არ იწვევს და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ მხარეთა შორის არსებობდა ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ სამართლებრივი ურთიერთობა. უდავოა, რომ ალ---------------ი წარმოადგენს სს ,,ენ----------------------ას’’ აბონენტს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, კანონმდებელმა ამავე ნორმის პირველი ნაწილით განსაზღვრა, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე, მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე კი, დადგენილია, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების ტვირთის მხარისათვის დაკისრების გზით, კანონმდებელმა მას მისცა სრული შესაძლებლობა, საკუთარი შეხედულებით განესაზღვრა სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წრე, თუმცა სავალდებულოა, ეს მტკიცებულებები, განკუთვნადობის თვალსაზრისით, სწორად იქნას შერჩეული, აღნიშნულის პარალელურად კი, კანონმდებლობით განისაზღვრა სასამართლოს ვალდებულება, გამოიკვლიოს და სათანადო შეფასება მისცეს მხარის მიერ მტკიცების პროცესში წარდგენილი დოკუმენტების უტყუარობას, კერძოდ, დაადგინოს, ესა თუ ის ფაქტი, რამდენად შეიძლება მიჩნეულ იქნას დადასტურებულად.
ამასთან, ამავე კოდექსის 105-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეს ეკისრებოდა არა მარტო სარჩელის მოთხოვნის დასასაბუთებლად შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითების ტვირთი, არამედ ამ გარემოებების მტკიცების ტვირთიც. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ მას არ მოუხმარია 3802,02 ლარის ღირებულების ელექტროენერგია და აღნიშნული გამოწვეული იყო მრიცხველის დაზიანებით მოკლებულია ფაქტობრივ დასაბუთებულობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დასკვნის სახით აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო არ დასტურდება სარჩელში მითითებული გარემოებები სადავო ელექტრენერგიის ოდენობის და მისი შესაბამისი ღირებულების შეცდომით, უსაფუძვლოდ დარიცხვასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მტკიცების საგანში (სადავო ნაწილი) შემავალი გარემოებების სათანადო წესით დადასტურება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 477-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე.
ზემოხსენებული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულების არსებობა.
კონკრეტულ შემთხვევაში უდავოდ დგინდება, რომ მოსარჩელე ალიახან ქიაზიმოვი წარმოადგენს სს ,,ენ----------------------ას’’ აბონენტს. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებობდა ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა, რომლის შინაარსის გათვალისწინებითაც აბონენტი ვალდებული იყო გადაეხადა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური. თავად ელექტროენერგიის ფიზიკური თავისებურებიდან გამომდინარე, აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის დაფიქსირება, ხორციელდება აბონენტის ელექტროქსელის მრიცხველის საშუალებით. სწორედ ელექტროქსელის მრიცხველის მონაცემების (ჩვენება) მიხედვით ხორციელდება აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის განსაზღვრა და შესაბამისად მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გამოანგარიშება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ აბონენტს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური დაერიცხა მრიცხველის ჩვენებაზე და 2016 წლის 15 ნოემბერს შედგენილ აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტზე დაყრდნობით, რომლის მიხედვით, მოხმარებული და გადაუხდელი თანხის ოდენობამ შეადგინა 3802,02 ლარი. ამასთან, სასამართლომ საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ არ დასტურდება არა აქტიური მრიცხველის მიერ აღურიცხავი ელ.ენერგიის საფასურის განსაზღვრა.
მხარეთა შორის სადავოს წარმოადგენდა გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია და მრიცხველის მიერ დაფიქსირებული ჩვენება ერთმანეთთან შეუსაბამო იყო, აგრეთვე, საკითხი იმის შესახებ, უნდა გადაეხადა თუ არა მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ მრიცხველის მიერ დაფიქსირებული ჩვენების მიხედვით ელექტროენერგიის საფასური – 3802,02 ლარის ოდენობით.
უწინარესად, სასამართლომ, როგორც უკვე აღინიშნა, ყურადღება გაამახვილა შემდეგზე: სადავო გარემოების, კერძოდ, იმის მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელის მიერ არ ყოფილა 3802,02 ლარის ღირებულების ელექტროენერგია მოხმარებული და რომ მრიცხველის ჩვენება გამოწვეული იყო მისი დაზიანებით, ეკისრებოდა მოსარჩელე ალ---------------ს, გამომდინარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან. მოსარჩელემ, კი ვერ დაადასტურა აღნიშნული გარემოება.
სასამართლოს მოსაზრებით, ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც მოხდა არსებული დავალიანების დაკორექტირება. ალიხან ქაზიმოვმა 2016 წლის 05 დეკემბერს მიმართა სს ,,ენ----------------------ას“ და მოითხოვა არსებული დავალიანების გადანაწილება, მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და იგი ყოველთვიურად იხდიდა დავალიანებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლოს შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო თანხასთან მიმართებით სს ,,ენ----------------------ას’’, როგორც ელექტროენერგიის მიმწოდებლის მოთხოვნის უსაფუძვლობა, იგი როგორც მოვალე (აბონენტი) ვალდებული იყო მის მიერ მოხმარებული 3802,02 ლარის ოდნეობის ელექტროენერგიის საფასურის გადახდაზე და არ არსებობს დავალიანებისგან განთავისუფლების რაიმე საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ალ---------------ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ალ---------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ბოლნისი, ს.ს. ორბელიანის ქ. N113).
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ია ლაბაძე