გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.06.2019
საქმის ნომერი
140310019003037578
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა საქმეები
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310019003037578

საქმე №3/141-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

12 ივნისი, 2019 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლოს

 

მოსამართლე ნინო გერგაული

 

სხდომის მდივანი ნათია ბერიშვილი

 

მოსარჩელე - ნ----- ა-------–---–ი

წარმომადგენელი - ნ----- ჯ-----–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილება

წარმომადგენელი - ჯ--- მ--–---–---–ი

 

დაინტერესებული პირი - ი----- ვ---–---–ი

წარმომადგენელი - ე-–---- პ---–--–---–ი

 

დავის საგანი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის - ჯ--- მ--–---–---–ის მიერ 2019 წლის 06 ივნისს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.

 

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა: ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის - ჯ--- მ--–---–---–ის მიერ 2019 წლის 06 ივნისს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ნ----- ა-------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ი----- ვ---–---–თან. მათ ქორწინებაში შეეძინათ ორი შვილი. 2018 წლის აგვისტოს თვიდან, შემაკავებელი ორდერის საფუძველზე ი.ვ---–---–მა მას იძულებით დაატოვებინა საცხოვრებელი სახლი, რის შემდეგაც ნ.ა-------–---–ი ცხოვრობს მშობლებთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად. მან 2018 წლის აგვისტოს თვეში სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, ქორწინებაში შეძენილი ქონების გაყოფასთან და ალიმენტის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც განხილვის ეტაპზეა, ხოლო ი.ვ---–---–მა სასამართლოს სარჩელით მიმართა შვილების საცხოვრებელი ადგილის მასთან განსაზღვრის მოთხოვნით. აღნიშნული დავიდან გამომდინარე, ნ.ა-------–---–ი იმყოფება მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. ამავე დროს, ი.ვ---–---–ი მუდმივად ჩივის პოლიციაში სხვადასხვა მიზეზით, რათა ნ.ა-------–---–ი შვილების თვალში უარყოფითად გამოჩნდეს და ჰქონდეს მოძალადის სტატუსი. ნ.ა-------–---–ის მიმართ, შსს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის - ჯ--- მ--–---–---–ის მიერ 2019 წლის 06 ივნისს გამოცემული იქნა №0----- შემაკავებელი ორდერი, სადაც მითითებულია, რომ ი.ვ---–---–ი არის მსხვერპლი, ხოლო ნ.ა-------–---–ი არის მოძალადე, კერძოდ, იგი ი.ვ---–---–ზე ახორციელებს ფსიქოლოგიურ ძალადობას.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე ასევე განმარტა, რომ ნ.ა-------–---–ის მხრიდან არანაირი ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტს არ ჰქონია ადგილი, იგი თავადაა ასეთი ძალადობის მსხვერპლი. ეს ყველაფერი განპირობებულია სამოქალაქო დავიდან გამომდინარე. ასევე აღნიშნა, რომ სოციალური ქსელის ,,ფეისბუქის“ პროფილი, რომლის თაობაზეც არის დავა, არ ეკუთვნის ნ----- ა-------–---–ს, თუმცა თუ რაიმე ფორმით იყენებს მას, მისთვის უცნობია, ასევე აღნიშნა, რომ ნ.ა-------–---–ს მისთვის შეურაცხმყოფელი არაფერი მიუწერია. ამასთან, გაუგებარია რატომ მოხდა იარაღთან დაკავშირებით აკრძალვა, რატომ გახდა ამის საჭიროება. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტების გამო, მოსარჩელე ითხოვს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის - ჯ--- მ--–---–----–ის მიერ 2019 წლის 06 ივნისს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმებას.

 

2. მხარეთა პოზიცია

2.1. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებელი - ჯ--- მ--–---–----–ი სასამართლო სხდომაზე არ დაეთანხმა ნ----- ა-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ 2019 წლის 06 ივნისის №0----- შემაკავებელი ორდერი გამოცემული იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. მისი განმარტებით, შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა მოქალაქე ი----- ვ---–---–ის 2019 წლის 06 ივნისის განცხადება პოლიციის განყოფილებაში, იმ საფუძვლით, რომ მისი ყოფილი მეუღლე, ნ----- ა-------–---–ი სოციალურ ქსელში დარეგისტრირდა სხვა სახელით ,,G---------” და საჯაროდ აყენებდა მას შეურაცხყოფას, რაც გამოიხატებოდა მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ფირმის ,,შ----- ა----ის“ ოფიციალურ გვერდზე ი.ვ---–---–ისა და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარების დაწერით. აღნიშნულ კომენტარებს კითხულობენ ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ღვინის ეროვნული ს---------, ტურისტები და ა.შ. რაც მნიშვნელოვნად ვნებს ი.ვ---–---–ის საქმიან რეპუტაციას, როგორც ბიზნესში, ასევე მის სამსახურში. იგი მუშაობს ააიპ ,,------- მ----–----–------ის მ------ ს----–------–- ა---------- ს---------ში“. ამ ყველაფრის ფონზე, ი.ვ---–---–მა ითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა, ვინაიდან, მეუღლის ამ ქმედების შედეგად იგი არის ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, რამაც ხელყო მისი პატივი და ღირსება.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის - ჯ--- მ--–---–---–ის მიერ 2019 წლის 06 ივნისს შედგენილ იქნა შესაბამისი ოქმი, რომლის საფუძველზეც ი.ვ---–---–ის ყოფილი მეუღლის ნ.ა-------–---–ის მიმართ გამოიცა №0----- შემაკავებელი ორდერი, 30 დღის ვადით, რომლის თანახმადაც ი.ვ---–---–ის მიმართ ნ.ა-------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება (სიტყვიერი შეურაცხყოფა) შეფასებული იქნა, როგორც ოჯახში ძალადობა. მოქალაქე ნ.ა-------–---–ს აეკრძალა მსხვერპლთან -ი.ვ---–---–თან მიახლოება და ყველა სახის კომუნიკაცია, მათ შორის ელექტრონული საშუალებებისა და სოციალური ქსელების საშუალებით. ამასთან, აეკრძალა იარაღით (მათ შორის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობა.

 

2.2. დაინტერესებული მხარის პოზიცია

დაინტერესებული პირის წარმომადგენელმა, ე-–---- პ---–--–---–მა სასამართლო სხდომაზე ითხოვა შემაკავებელი ორდერის ძალაში დატოვება, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ გორის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს არაერთი დავა ი----- ვ---–---–სა და ნ----- ა-------–---–ს შორის, ნ.ა-------–---–ი დავობს ქორწინებაში შეძენილ ქონებასთან დაკავშირებით. ი----- ვ---–---–ი კი თანასაკუთრებაში აღებული ვალის გადანაწილების შესახებ, ასევე შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ. ნ----- ა-------–---–ს წარდგენილი აქვს შეგებებული სარჩელი, რომელითაც ითხოვს მისი საცხოვრებელი ადგილის შვილების საცხოვრებელი ადგილად განსაზღვრას, ასევე, ი----- ვ---–---–ისთვის ალიმენტის დაკისრებას. ი.ვ---–---–ი დავობს განქორწინების შესახებ, რაზეც ასევე თანხმობას აცხადებდა ნ----- ა-------–---–ი, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება შემდეგ გასაჩივრდა სააპელაციო წესით და დღეის მდგომარეობით ისინი ჯერ კიდევ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. იქიდან გამომდინარე, რომ ი.ვ---–---–ი არის საჯარო მოხელე. ნ.ა-------–---–ის შეურაცხმყოფელი შეტყობინებები და კომენატრები ლახავს მის ღირსებასა და პატივს. ის საკითხები, რაზეც ჯერ სამართლებრივი შედეგები არ დამდგარა, ნ.ა-------–---–ს გამოაქვს სააშკარაოზე. ნ.ა-------–---–ის აღნიშნულ ქმედებებს შესაძლოა მოჰყვეს მომავალი ინვესტორების დაკარგვა. ნ.ა-------–---–ი დაბლოკილი იყო ი.ვ---–---–ის მხრიდან სოციალურ ქსელში, თუმცა ნ.ა-------–---–ი ქმნიდა ახალ პროფილს და ამგვარად აგრძელებდა ი.ვ---–---–ის შეურაცხყოფას. მან განსჯის თემად აქცია ი.ვ---–---–ი, რის გამოც იგი განიცდის ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. 2019 წლის 06 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის ჯ--- მ--–---–---–ის მიერ ნ----- ა-------–---–ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №0-----, მსხვერპლი ი----- ვ---–---–ი, აღნიშნული შემაკავებელი ორდერით მოძალადეს - ნ----- ა-------–---–ს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მოძალადეს აეკრძალა იარაღით (მათ შორის სამსახურეობრივი საშტატო იარაღით) სარგებლობა, შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების 2019 წლის 6 ივნისის №0----- შემაკავებელი ორდერი.

 

3.2. 2019 წლის 07 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის ომარ ყაყიტაშვილის მიერ ი----- ვ---–---–ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №017393, მსხვერპლი - ნ----- ა-------–---–ი, აღნიშნული შემაკავებელი ორდერით მოძალადეს - ი----- ვ---–---–ს აეკრძალა მსხვერპლთან, მის საცხოვრებელ სახლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების 2019 წლის 7 ივნისის №017393 შემაკავებელი ორდერი.

 

3.3. 2019 წლის 06 ივნისის №0----- შემაკავებელი ორდერის გამოცემას საფუძვლად დაედო ინციდენტის ფაბულა: 2019 წლის 04 ივნისს ი----- ვ---–---–ს მისმა ყოფილმა მეუღლემ ნ----- ა-------–---–მა მიაყენა შეურაცხყოფა, სოციალური ქსელის ,,ფეისბუქის“ საშუალებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

შემაკავებელი ორდერის №0----- ოქმი;

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ არსებობს ეჭვი ი----- ვ---–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ და შემაკავებელი ორდერით მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი მომავალში მათზე ძალადობის ჩადენის რისკი.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

იმავე კანონის მე-4 მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება ყოფილი მეუღლე;

 

დადგენილია და სადავო არაა, რომ ნ----- ა-------–---–ი არის ი----- ვ---–---–ის ყოფილი მეუღლე. ისინი ამჟამად ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მათ ქორწინებაში ყოფნისას შეეძინათ 2 შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი 15 წლის ასაკის ცხოვრობს მამასთან - ი----- ვ---–---–თან, ხოლო უმცროსი, რომელიც არის 8 წლის - დედასთან, ნ----- ა-------–---–თან ერთად.

 

იმავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით.

 

მითითებული ნორმის შინაარსის ანალიზით, ნათელია, რომ შემაკავებელი ორდერი გამოიყენება ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის.

 

მოსარჩელე შემაკავებელი ორდერის გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი მხრიდან ი----- ვ---–---–ის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ახსნა-განმარტებას იმის შესახებ, რომ ი----- ვ---–---–ის მიერ განხორციელებული შეტყობინებების თანახმად, 2019 წლის 04 ივნისს ი----- ვ---–---–ს მისმა ყოფილმა მეუღლემ ნ----- ა-------–---–მა მიაყენა შეურაცხყოფა, სოციალური ქსელის ,,ფეისბუქის“ საშუალებით. ი.ვ---–---–ის გამოკითხვის ისევე, როგორც ნ.ა-------–---–ის გამოკითხვის ოქმით, დგინდება, რომ მოსარჩელესა და დაინტერსებულ პირს შორის არსებობს დაძაბული, კონფლიქტური სიტუაცია, შესაბამისად, შსს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების მიერ ორივე მათგანის მიმართ იქნა შედგენილი შემაკავებელი ორდერები, პრევენციის მიზნით.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მსჯელობს არა უშუალოდ სიტყვიერი შურაცხყოფის ფაქტზე, არამედ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამოკვლევის გზით უნდა დადგინდეს ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი ნ.ა-------–---–ის მხრიდან ი----- ვ---–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები აჩენს ეჭვს ი----- ვ---–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ;

 

ამ საკითხთან მიმართებაში საყურადღებოა აღნიშნულ პირებს შორის არსებული დაძაბული ვითარება, რაც შეეხება სოციალური ქსელის მეშვეობით ი.ვ---–---–ის მიმართ განხორციელბულ პირადი ცხოვრების შემცველ შეტყობინებებს და კომენტარებს, სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ აღნიშნული შეტყობინებები დაწერელია პირველ პირში, ასევე შეიცავს პირადი ხასიათის მქონე ინფორმაციას, რაც იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ ნ.ა-------–---–ის მიერ არის დაწერილი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირი დაცული უნდა იქნეს ნებისმიერი სახის, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, რომლის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება შემაკავებელი ორდერის გამოცემაა იმ პირის მიმართ, ვისზეც არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ახორციელებს ამ სახის ძალადობას მსხვერპლის მიმართ.

 

შემაკავებელი ორდერის გაცემის კანონიერების შემოწმების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს, დაადგინოს, საქმის მასალები და მხარეთა ახსნა-განმარტებები ქმნიდა თუ არა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ, შემაკავებელი ორდერების გამოცემის გარეშე, მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ზიანი მიადგებოდა მსხვერპლის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალები, სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული ფაქტები და ინფორმაცია, იძლევა იმის მტკიცების საკმარის საფუძველს, რომ საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს მიერ შემაკავებელი ორდერი გაცემულია მხარეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვის, მოსალოდნელი საფრთხეების სწორი შეფასების საფუძველზე.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

 

ამ კანონის მიზანს წარმოადგენს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სხვა ხელშეუხებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესში მნიშვნელოვანია, დადგინდეს ორდერის გამოცემის გარდაუვალი საჭიროება, რა ტიპის ძალადობის აღკვეთასაც უნდა ემსახურებოდეს იგი.

 

ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას, რომელიც მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადეკვატურად აღქმის შესაძლებლობაში.

 

ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში, ცინიკურ ან დამამცირებელ შენიშვნებში, მუქარაში, იზოლირებაში, დაშინებაში, მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფაში, ანუ იმ ქმედებებში, რომელიც ამცირებს ადამიანის თვითშეფასებას და აკარგვინებს საკუთარი თავის მიმართ რწმენას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ მსხვერპლის საჯარო შურაცხყოფას ჰქონდა ადგილი ნ----- ა-------–---–ის მხრიდან. ამასთანავე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ, როგორც მხარეთა განმარტებით ირკვევა, ი----- ვ---–---–ს და ნ----- ა-------–---–ს შორის რთული და დაძაბული ვითარება, მათ ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები იძლევა დასაბუთებული ეჭვის საფუძველს, რომ ნ----- ა-------–---–ის მხრიდან ხდება ყოფილი მეუღლის - ი----- ვ---–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლოა ნ----- ა-------–---–ის სარჩელი, რამდენადაც სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა ის დამატებითი მტკიცებულებები და მითითებული ვერ იქნა იმ გარემოებებზე, რაც გააბათილებდა შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველს; შესაბამისად, სარჩელი დაკმაყოფილებული ვერ იქნება.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-4, მე-19 და 2114 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

ნ----- ა-------–---–ის სარჩელი საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების მიმართ 2019 წლის 06 ივნისს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

 

გადაწყვეტილება შეიძლება, ერთჯერადად გასაჩივრდეს საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქემთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. № 30) მისი ასლის მხარეთათვის გადაცემიდან 3 (სამი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ნინო გერგაული