განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ივნისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნინო ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი---------ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - რ---–---- რ-----ის ძე გ-----------ი - დაბადებული 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.------–-----------------–---–----------------------
ადვოკატები - ა-----– დ---–-–---–ი, ი-–-- გ--------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 8 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე კუთვნილი ,,ოპელის’’ მარკის ავტომობილით მყოფი რ---–---- გ-----------ი, სექსუალური ურთიერთობის დასამყარებლად ნებაყოფლობით შეუთანხმდა ტრანსგენდერ ქალს - ნ-----–-- მ------–-ილს, ჩაისვა მანქანაში, ნაცვლად შეთანხმებული ცირკის ასახვევის ზემოთ მიმდებარე ტერიტორიისა, წაიყვანა თბილისში, თავდაცვის სამინისტროს მიმდებარედ, გ-------–----------ის ქუჩაზე და გენდერული იდენტობის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სახრახნისის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. ნ-----–-- მ------–-ილს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მან მოახერხა მანქანიდან გადმოსვლა და საფეხმავლო ასასვლელით დაბრუნდა ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავის მეგობარ ტრანსგენდერ ქალებთან, ი----- ხ--------ასა და მ-–---- ბ-------ესთან. რ---–---- გ-----------ი ჯერ ფეხით, შემდეგ კი თავისი ავტომანქანით გამოეკიდა მას, ამჯერად სამივე ტრანსგენდერ ქალს აგინა უშვერი სიტყვებით, სახრახნისით ხელში გადმოვიდა ავტომანქანიდან და იმავე მოტივით, მოკვლის მუქარით გაემართა მათკენ. ტრანსგენდერმა ქალებმა, გაუჩნდათ რა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, გაქცევით უშველეს თავს.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა და ბრალდებულის ჩვენებები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი, რ---–---- გ-----------ის ავტომანქანა, ავტომანქანის დათვალიერების ოქმი, ამოღებული საგანი - სახრახნისი და კვლები, პირის ამოცნობის ოქმები და სხვ.) ერთობლიობა რ---–---- გ-----------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ---–---- გ-----------მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
რ---–---- გ-----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი.
საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად:
1. დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
2. დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გენდერული იდენტობის შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე ადეკვატური რეაგირება იმდენად, რამდენადაც ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები, სიძულვილის ენის გამოყენება, გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული უთანასწორო მოპყრობისა და უფლებადარღვევის ფაქტები კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოში, ტრანსგენდერი ადამიანები პრობლემებს აწყდებიან საზოგადოებრივი ცხოვრების არაერთ სფეროში და ცალკეულ შემთხვევებში, იძულებულნი არიან, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოჩინდნენ იმ გარეგნობით, რომელიც არ შეესაბამება მათ გენდერულ თვითაღქმას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შესაძლოა გახდნენ სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის ან მუქარის მსხვერპლნი, როგორც ეს მოხდა განსახილველ სს საქმეში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულის პიროვნების (არაა ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილს დანაშაულს), დანაშაულის ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების, დაზარალებულთა რაოდენობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის შესაბამისი მიზნების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება რ---–---- გ-----------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელად 1 (ერთი) წელი პირობითი მსჯავრის განსაზღვრის პირობებში, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით (საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის შესაბამისად), ვინაიდან ხსენებული მუხლის სანქციით გათვალისწინებული სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები - ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და ა.შ. ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. არაადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ---–---- გ-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
რ---–---- გ-----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 8 აპრილიდან 2019 წლის 12 აპრილის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ რ---–---- გ-----------ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განჩინება ყადაღის დადების თაობაზე და რ---–---- გ-----------ის მიმართ შეფარდებული - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა მოეხსნას რ----- გ-----------ის (პირადი №-----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: თბილისი, თ----- მ--------–---–ის ქ--------- (ფართი 33.00 კვ.მ) საკადასტრო კოდი №0-.1-.02..---.---.0-.0--
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ნ--------–-ილის ტანსაცმელი, რ-------------ის ა/მანქანა და მისი გასაღები, საფულე და პირადობის მოწმობა დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირებს;
- სახრახნისი, მიკრონაწილაკები, ანაწმენდები და სისხლის ნიმუშები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- 8 (რვა) ცალი დისკი შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ნაჭყებია