გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.05.2019
საქმის ნომერი
330210019002871867
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/4115-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 მაისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ნათია ჯანხოთელი

მოსარჩელე შპს „ფ-–--------------“

წარმომადგენელი და-–--------------

მოპასუხე შპს „ბე-------------–ი“

წარმომადგენელი ლა------------–--ე

დავის საგანი შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „ბე-------------–ს“ შპს „ფ-–--------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება - 1680 ლარის ოდენობით.

1.2. შპს „ბე-------------–ს“ შპს „ფ-–--------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირაგსამტეხლოს 0.1%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის 11 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სარჩელის მიხედვით, 2017 წლის 10 აპრილს მხარეებს შორის შედგა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხის დაკვეთის საფუძველზე უნდა შეესრულებინა ქ. თბილისში, ხო–-------ს ქ #2--ში 180 კვ.მ ბეტონის იატაკის მოწყობა. სამუშაოების დასრულების შემდგომ შპს „ფ-–--------------ის“ მიერ მოხდა საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერა, რომლის შინაარსი მოპასუხემ დაადასტურა 2017 წლის მაისში. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1980 ლარი, საიდანაც გადახდილია მხოლოდ 300 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, რაც გამოიხატა სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაში. შესაბამისად, არ არსებობს დარჩენილი საზღაურის გადახდის საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 10 აპრილს შპს „ფ-–--------------ს“ (შემსრულებელი) და შპს „ბე------- ს---–-“ (დამკვეთი) შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შემსრულებლის მიერ თბილისში, ხო–-------ს ქუჩა #2--ში საორიენტაციოდ 200 კვ.მ ბეტონის იატაკის მოწყობა გამამყარებელი ფხვნილით. (1.1. პუნქტი)

 

3.1.2. შემსრულებელი ვალდებულია შეასრულოს დამკვეთის დავალებით ხელშეკრულების 1.1 პუნქტში მითითებული სამუშაო და ჩააბაროს დამკვეთს, ხოლო დამკვეთი ვალდებულია მიიღოს შესრულებული სამუშაო და გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური. (1.2 პუნქტი)

 

3.1.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს მთლიანი სავარაუდო ღირებულება შეადგენს 2200 ლარს, დღგ-ს ჩათვლით (3.1. პუნქტი)

 

3.1.4. ხელშეკრულების მე-6 მუხლით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, კერძოდ 6.1. პუნქტის მიხედვით დამკვეთის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით სამუშაოს ღირებულების გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, დამკვეთი შემსრულებელს პირგასამტეხლოს სახით უხდის გადასახდელი თანხის 0.1%-ს გადახდის ვადის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ 14-17)

 

3.1.5. დადგენილია, რომ შპს „ფ-–--------------ის“ მიერ 2017 წლის 8 აპრილს შესრულებული სამუშაოს ღირებულების შესახებ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შინაარსი შპს „ბე-------მა სა--–-ა“ 2017 წლის 8 მაისს დაადასტურა. დოკუმენტის მიხედვით ბეტონის იატაკის გამამყარებელი ფხვნილით მოწყობის ღირებულებამ 180 კვ.მ-ზე შეადგინა 1980 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ს.ფ 27)

 

3.1.6. შპს „ბე-------მა სა--–-ა“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ და 1980 ლარიდან მოსარჩელეს აუნაზღაურა მხოლოდ 300 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადახდო დავალება (ს.ფ 18)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების და მხარეთა ახსნა-განმარტების ერთობლივი ანალიზით შპს „ფ-–--------------ის“ მიერ ჩატარებული სამუშაოების ნაწილობრივი, არასრული და უხარისხო შესრულება არ დასტურდება. ეს გარემოება დასახელებულია მოპასუხის მიერ და სსსკ-ის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე შედის მისი მტკიცების საგანში.

 

შპს „ბე-------------–ის“ მხრიდან სამუშაოს ხარვეზით შესრულების შესახებ გარდა ახსნა-განმარტებისა მტკიცებულება არ წარმოდგენილა და სასამართლო ამ გარემოებას არ მიიჩნევს დადასტურებულად. ვინაიდან მოპასუხე კონკრეტულ მტკიცებულებაზე მითითებით ვერ ასახელებს რაში გამოიხატება ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ შპს „ფ-–--------------მა“ მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაო შეასრულა სრულად და სათანადო ხარისხით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა წერილობითი და ზეპირი ახსნა-განმარტება, (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი, მოსარჩელის პოზიცია 14:12:28წთ/14:16:19წთ; მოპასუხის პოზიცია 14:16:21წთ/14:17:25წთ)

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ შპს „ფ-–--------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 639-ე, 641-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული მომსახურების ხელშეკრულება სამართლებრივი ბუნებით ნარდობის ხელშეკრულებაა და მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა; ხოლო 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს.

 

ამდენად, ნარდობის ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს სათანადო ხარისხი.

 

სასამრთლო შენიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, როდესაც სადავოა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე დამკვეთმა სათანადო მტკიცებულებით უნდა დაამტკიცოს, რომ შემსრულებელმა უხარისხოდ შეასრულა სამუშაოები, ხოლო თავის მხრივ, შემსრულებელმა უნდა დაამტკიცოს ის ფაქტი, რომ ვალდებულება ხარისხიანად შეასრულა.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 10 აპრილს შპს „ფ-–--------------ს“ (შემსრულებელი) და შპს „ბე------- ს---–-“ (დამკვეთი) შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შემსრულებლის მიერ თბილისი, ხო–-------ს ქუჩა #2--ში საორიენტაციოდ 200 კვ.მ ბეტონის იატაკის მოწყობა გამამყარებელი ფხვნილით. (1.1. პუნქტი)

 

შემსრულებელი ვალდებულია შეასრულოს დამკვეთის დავალებით ხელშეკრულების 1.1 პუნქტში მითითებული სამუშაო და ჩააბაროს დამკვეთს, ხოლო დამკვეთი ვალდებულია მიიღოს შესრულებული სამუშაო და გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური. (1.2 პუნქტი) მხარეებმა ასევე განსაზღვრეს შესასრულებელი სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება 2200 ლარით.

 

სამუშაოების შესრულების შემდგომ, ბეტონის იატაკის გამამყარებელი ფხვნილით მოწყობის ღირებულებამ 180 კვ.მ-ზე შეადგინა 1980 ლარი, საიდანაც მოპასუხეს გადახდილი აქვს მხოლოდ 300 ლარი, დარჩენილი სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1680 ლარს.

 

სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის განმარტებას მასზედ, რომ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებანი და წარმოდგენილი დოკუმენტები ადასტურებენ სარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას. კერძოდ, მენარდემ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში შეასრულა შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაო, რითაც დამკვეთს წარუდგინა ნივთობრივად უნაკლო ნივთი. ეს გარემოება დამატებით დადასტურებულია შპს „ფ-–--------------ის“ შედგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის დადასტურების ფაქტით რაც მოპასუხემ განახორციელა 2017 წლის 11 მაისს.

 

ის გარემოება, რომ მენარდემ ვერ უზრუნველყო შეთანხმებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოების ხარისხი სასამართლოს მიერ დადასტურებული არ არის. ამავე ფაქტებთან დაკავშირებით მოპასუხე მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა - განმარტებით შემოიფარგლა.

 

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის დანაწესით დამკვეთს ეკისრება ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის სრულად გადახდა. სასამართლომ დაადგინა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 1980 ლარს, საიდანაც მოპასუხეს გადახდილი აქვს მხოლოდ 300 ლარი და შესაბამისად შპს „ფ-–--------------ის“ მიმართ არსებული დავალიანებაა 1680 ლარი.

 

როგორც უკვე აღინიშნა საქმეში დაცული მტკიცებულებების საფუძველზე დგინდება, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად და მხარეთა შორის გაფორმებულ გარიგებაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ანაზღაურება გათვალისწინებულია (ხელშეკრულების 6.1 პუნქტი)

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის დანაწესით, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას.

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა.

 

პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია.

 

პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

მოსარჩელე მოითხოვს შპს „ბე-------------–ს“ მის სასარგებლოდ დაეკისროს პირაგსამტეხლოს 0.1%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის 11 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო ოდენობა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია, უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს მხოლოდ - 20 ლარის გადახდა.

 

ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შპს „ბე------- ს---–-“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ჯამში - 1700 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟი - 51 ლარი. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდა დავის საგნის 4% ფარგლებში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „ფ-–--------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1 შპს „ბე-------------–ს“ შპს „ფ-–--------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1700 ლარი.

 

1.2 შპს „ფ-–--------------ის“ მოთხოვნა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2017 წლის 11 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირაგსამტეხლოს სახით 0.1%-ის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს „ბე-------------–ს“ შპს „ფ-–--------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 51 ლარი.

 

3. შპს „ბე-------------–ს“ შპს „ფ-–--------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილი 68 ლარი.

 

4. შპს „ფ-–--------------ს“ დაუბრუნდეს და-–--------------ს მიერ 27/02/2019 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (125 ლარი) ზედმეტად გადახდილი თანხა 10 ლარი, საგადასახადო დავალება #0.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე