გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.05.2019
საქმის ნომერი
330210019002879369
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
14.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/4575-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 მაისი 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლელა ცანავა

სხდომის მდივანი სალომე ბარდანაშვილი

მოსარჩელე ე-–------------ე

წარმომადგენელი თ---------–---–ი

მოპასუხე დ--------–--

წარმომადგენელი გ--------------ე

დავის საგანი ალიმენტის ოდენობის გაზრდა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე დ--------–--სთვის არასრულწლოვანი შვილის, 2--- წლის 1---------ს დაბადებული გ----------–--ს სასარგებლოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2010 წლის 03 მაისს, სამოქალაქო საქმეზე #2/171-10 მიღებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის - 80 ლარის გაზრდა და მისი განსაზღვრა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარით, რომლის გადახდევინება დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2019 წლის 05 მარტიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

ე-–------------ეს და დ--------–--ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 2--- წლის 1---------ს დაბადებული გ----------–--. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი ცხოვრობს და იზრდება დედასთან. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2009 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ე-–------------ის სარჩელი და დ--------–--ს დაეკისრა ალიმენტი - თვეში 150 ლარის გადახდა 2--- წლის 01 სექტემბრიდან შვილის სრულწლოვანებამდე.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2010 წლის 03 მაისს, სამოქალაქო საქმეზე #2/171-10 მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, დ--------–--ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შემცირადა ამავე სასამართლოს 2009 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის თანხა 150 ლარი - 80 ლარამდე, შესაბამისად დ--------–--ს 2010 წლის 01 მარტიდან დაეკისრა შვილის - გ----------–--ს სასარგებლოდ ალიმენტის თვეში - 80 ლარის გადახდა შვილის სრულწლოვანებამდე.

 

2010 წლიდან მნიშვნელოვნად შეიცვალა მოსარჩელის და მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა. 2013 წლის სექტემბერში დაქორწინდა ო--------------–---–ზე, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი მ---------------–---–ი და ე-–------------–---–ი, შეიცვალა საცხოვრებელი და ოჯახის წევრებთან ერთად გადმოვიდა ქ. თბილისში. ამჟამად გ----------–-- სწავლობს თბილისის #1- საჯარო სკოლაში, გ------- დადის კალათბურთის და კარატეს წრეებზე, დამატებით ემზადება კერძო მასწავლებელთან უცხო ენაში, აგრეთვე მათემატიკაში გაძლიერებული პროგრამით. შვილებისთვის დაქირავებული ჰყავს ძიძა.

 

მოსარჩელისთვის ცნობილია, რომ დ--------–-- უკანასკნელი 2 წელია ცხოვრობს და მუშაობს ე-------ში, არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და აქვს სოლიდური შემოსავლები. საზღვარგარეთ გამგზავრებამდე 2013 წლიდან მოპასუხე დაკავებული იყო ავტომობილების ყიდვა-გაყიდვით. 2013 წლის 11 აპრილიდან დ--------–-- რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. წარმოდგენილი შესაგებელით მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდის თაობაზე.

 

დ--------–--ს მითითებით, მისი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ყველაფერს აკეთებს, რომ უზრუნველყოს გ----------–--ს სწავლა-განათლება, არასწორია იმის მითითება, რომ მხოლოდ მოსარჩელე უზრუნველყოფს თანხების სრულად გადახდას და მამა არანაირ მონაწილეობას არ ღებულობს, მოსარჩელეს არ მოუთხოვია ფინანსური თანადგომის თაობაზე. ნამდვილად იყო დაკავებული ავტომანქანის ყოდვა-გაყიდვით, აგრამ ქვეყავაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო დაედო საკმაოდ სოლიდური ვალი, რის გამოც იძულებული გახდა წასულიყო საზღვარგარეთ, მაგრამ სტაბილური სამუშაო იქაც არ გააჩნია, რადგან რთულია მითუმეტეს არალეგალისთვის. მას საქართველოში აქვს საკრედიტო ვალდებულებები, რომელიც დღემდე გადაუხდელია და არც გადახდის საშუალება არ არსებობს, ჰყავს ხანდაზმული მშობლები, რომლებიც მის კმაყოფაზე არიან და არანაირი შემოსავალი მათ არ გააჩნიათ, აქვთ ასაკიდან გამომდინარე რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ხარჯების გაღებაც უწევს მოსარჩელეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ე-–------------ეს და დ--------–--ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი, 2--- წლის 1---------ს დაბადებული გ----------–--.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-გ----------–--ს დაბადების მოწმობა (ს.ფ.19).

 

3.1.2. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან, მისამართზე: ქ. თბილისი, ქ-----------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.3. ე-–------------ე ქორწინებაში იმყოფება ო--------------–---–თან, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი: 2--- წლის 1-----------ს დაბადებული მ---------------–---–ი და 2--- წლის 0-----------ს დაბადებული ე-–------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მ---------------–---–ის დაბადების მოწმობა (ს.ფ.21).

- ე-–------------–---–ის დაბადების მოწმობა (ს.ფ.20).

 

3.1.4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2009 წლის 07 აგვისტოს, სამოქალაქო საქმეზე #2/357-09 მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ე-–------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დ--------–--ს, შვილის - გ----------–--ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის - თვეში 150 ლარის გადახდა 2--- წლის 01 აგვისტოდან შვილის სრულწლოვანებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2009 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 47-54).

 

3.1.5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2010 წლის 03 მაისს, სამოქალაქო საქმეზე #2/171-10 მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით დ--------–--ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შემცირადა ამავე სასამართლოს 2009 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის თანხა 150 ლარი 80 ლარამდე, შესაბამისად, დ--------–--ს 2010 წლის 01 მარტიდან დაეკისრა შვილის - გ----------–--ს სასარგებლოდ ალიმენტის თვეში - 80 ლარის გადახდა შვილის სრულწლოვანებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2010 წლის 03 მაისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 34-39).

 

3.1.6. 2019 წლის 19 თებერვლის ხელშეკრულების მიხედვით შპს ,,ს----–---------------–-----------“ და გ----------–--ს კანონიერ წარმომადგენელს - ე-–------------ეს შორის დაიდო ხელშეკრულება გ------- კაშისთვის, კვირაში სამჯერ საკალათბურთო ვარჯიშების ჩატარების თაობაზე. ხელშეკრულების მიხედვით მშობელი ვალდებულია გადაიხადოს აღნიშნული მომსახურების საფასური თვეში 70 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 19 თებერვლის ხელშეკრულება (ს.ფ.22-23).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1 შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის #2----------, 15/03/2019წ. მიხედვით, 2019 წლის 14 მარტის მდგომარეობით, ფ/პ ე-–------------ის მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს 01.01.2018 წლიდან - 01.04.2019 წლამდე - 28799.2 ლარს , ხოლო დაკავებული გადასახადი - 6371.27 ლარს, შესაბამისად მისი საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს - 1599 ლარს.

ამავე ინფორმაციის თანახმად დ--------–--ს 2018 წლის იანვრიდან შემოსავალი არ უფიქსირდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია #2----------, 15/03/2019წ (ს.ფ.170-171).

 

3.2.2. საქმეში წარმოდგენილი ანგარიშებზე გადარიცხვის დოკუმენტებისა და საგადასახადო დავალებების მიხედვით, ე-–------------ეს გადახდილი აქვს გ----------–--ს კალათბურთის წვრთნის საფასურები 28.09.2018წ. და 29.11.2018წ.- 50 ლარის, 27.02.2019წ. და 08.04.2019წ. – 70 ლარის ოდენობით, კალათბურთის მსაჯის თანხა 24.11.2018წ. - 20 ლარი, ტურნირში მონაწილეობის საფასური 27.03.2017 – 15 ლარი, ინგლისურის მომზადების თანხა 16.09.2017წ. - 72.50 ლარი, 11.12.2018წ. - 30 ლარი, 03.03.2019წ. – 50 ლარი, არქიმედეს საკვირაო სკოლის საფასური 26.02.2018წ - 180 ლარი, 12.04.2019 – 200ლარი, კომაროვის სკოლისთვის მომზადების საფასური 01.12.2017წ. - 180 ლარი, 26.10.2018წ, 28.11.2018წ., 28.12.2018წ. – 150 აშშ დოლარი, 28.02.2019წ. – 75 აშშ დოლარი, კვების თანხა კომაროვი 08.02.20.2019წ.,- 2 ლარი, ინგლისური ენის სწავლების - 50 ლარი, ბიბლუსის თანხა 10.12.2018წ.-2 ლარი, 01.03.2019წ. – 5 ლარი, 18.12.2018 – 20 ლარი, გ----------–--ს მე-6 კლასის ექსკურსიის თანხა - 80 ლარი, მუზეუმში შესვლის საფასური 14.04.2019წ. - 7 ლარი, ბავშვების აღზრდის საფასური 02.10.2018 წლიდან - 14.05.2019 წლამდე - 150 ლარის ოდენობით, ე-–------------–---–ის ბაღის საფასური 06.11.2017წ. - 180 ლარის ოდენობით, მ---------------–---–ის ბაღის საფასური 05.01.2018წ. - 180 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ანგარიშებზე გადარიცხვის დოკუმენტები და საგადასახადო დავალებები (ს.ფ.25-33, 72-79, 87-88, 145-148, 155-168).

 

3.2.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 22/04/2019წ. #M-------------- წერილის მიხედვით, დ--------–--ს მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფაქტი 201- წლის 01 იანვრიდან 2019 წლის მდგომარეობით დაფიქსირდა ბოლოს 2018 წლის 09 სექტემბერს - გასვლა ქუთაისის აეროპორტიდან, რეისი - 2--------- გასვლა ლ------ თვითმფრინავი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 22/04/2019წ. #M-------------- წერილი (ს.ფ.130-131);

 

3.2.4.მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე დ--------–--ს კანონისმიერი რჩენის ვალდებულება, გარდა 2--- წლის 1---------ს დაბადებული გ----------–--სი არ ეკისრება. მოსარჩელე განმარტავს, რომ ჰყავს ხანდაზმული მშობლები, რომლებიც მის კმაყოფაზე არიან და არანაირი შემოსავალი მათ არ გააჩნიათ, აქვთ ასაკიდან გამომდინარე რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ხარჯების გაღებაც უწევს მოსარჩელეს, მაგრამ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, იმის თაობაზე, რომ მითითებულ პირებს სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ, არიან ქმდუუნაროები, არ ეძლევათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარება - პენსია ან სხვა გასაცემელი მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

3.2.1.სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას გააჩნია სასესხო ვალდებულებები და ამ მიზეზის გათვალისწინებით, მისი შემოსავლებიდან გამომდინარე, არ შეუძლია არასრულწლოვან შვილებს გადაუხადოს ალიმენტი სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით, მართალია მოპასუხეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მადრამ საკრედიტო ხელშეკრულების დადება მეტყველებს მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ პირს განუსაზღვროს არაგონივრულად მცირე ალიმენტი და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. ამასთან, მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მისი შემოსავლებიდან გამომდინარე ვერ ასრულებს ბანკის მიმართ საკრედიტო ვალდებულებას და არის მძიმე მდგომარეობაში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მათი სამართლიანი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის ზრდის გათვალისწინებით, არასრულწლოვანის რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე, გ----------–--ს რჩენა-აღზრდისათვის განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს და ნაცვლად 80 (ოთხმოცი) ლარისა, განისაზღვროს 220 (ორასოცი) ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1221-ე, 1231-ე და 1234-ე მუხლები

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 მოსარჩელემ არასრულწლოვანი გ----------–--ს სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდა მოითხოვა იმ არსებით გარემოებაზედ მითითებით, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა სასამართლო წესით საალიმენტო ვალდებულების განსაზღვრის შემდეგ, ხოლო ბავშვის ასაკმა და შესაბამისად, მისთვის აუცილებელმა ხარჯმა მოიმატა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე-–------------ეს და დ--------–--ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი, 2--- წლის 1---------ს დაბადებული გ----------–--. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი ცხოვრობს და იზრდება დედასთან.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2009 წლის 07 აგვისტოს, სამოქალაქო საქმეზე #2/357-09 მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ე-–------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დ--------–--ს შვილის - გ----------–--ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის - თვეში 150 ლარის გადახდა 2008 წლის 01 აგვისტოდან შვილის სრულწლოვანებამდე.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2010 წლის 03 მაისს, სამოქალაქო საქმეზე #2/171-10 მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით დ--------–--ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შემცირადა ამავე სასამართლოს 2009 წლის 07 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის თანხა 150 ლარი 80 ლარამდე, შესაბამისად დ--------–--ს 2010 წლის 01 მარტიდან დაეკისრა შვილის - გ----------–--ს სასარგებლოდ ალიმენტის თვეში - 80 ლარის გადახდა შვილის სრულწლოვანებამდე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას, მათთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდათ მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ალიმენტის დადგენილი ოდენობის შეცვლა, მისი გაზრდის გზით უკავშირდება შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობას: 1. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უნდა იყოს ალიმენტვალდებული პირის მიერ შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა; 2. ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს; 3. დადგენილი ალიმენტის ოდენობა მეორე მშობლის, ამ შემთხვევაში დედის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ უნდა იყოს საკმარისი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

 

სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის გაზრდას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომაროების ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან.

 

მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე დავისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებებიდან დადგენილია, რომ მოსარჩელე მუშაობს - კავშირი სა-----ში და მისი საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 1599 ლარს. გ----------–-- სწავლობს თბილისის #1- საჯარო სკოლაში, გ------- დადის კალათბურთის წრეზე, დამატებით ემზადება კერძო მასწავლებელთან უცხო ენაში - ინგლისურში, აგრეთვე მათემატიკაში მეცადინეობს გაძლიერებული პროგრამით, კერძოდ, დადის არქიმედეს საკვირაო სკოლაში, კომაროვის სკოლაში, რისთვისად უხდება მოსარჩელეს გარკვეული ხარჯების გადახდა, ამასთან, მოსარჩელეს მეორე ქორწინებიდან ჰყავს მცირეწლოვანი შვილები და გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე დაკავებულია სამსახურით ბავშვებისთვის დაქირავებული ჰყავს ძიძა, ხოლო მხოლოდ მისი სახელფასო შემოსავალი არ არის საკმარისი როგორც გ----------–--ს ასევე მცირეწლოვნების ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

 

რაც შეეხება დ--------–--ს მატერიალურ მდგომარეობას, მისი საგრძნობლად გაუმჯობესების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ იმყოფება საზღვარგარეთ და როგორც წარმომადგენელი განმარტავს მუშაობს მძღოლად, აქვს არასტაბილური სამსახური, მას გააჩნია საკრედიტო დავალიანებები ბანკში, რომლის გადახდასაც ვერ ახერხებს. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებას ასევე იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 22/04/2019წ. #M-------------- წერილის მიხედვით, დ--------–--ს მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფაქტი 2016 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის მდგომარეობით დაფიქსირდა ბოლოს - 2018 წლის 09 სექტემბერს - გასვლა ქუთაისის აეროპორტიდან, რეისი - ,,2--------- გასვლა ლ------ თვითმფრინავი“, ხოლო 2016- 2018 წლებში საკმაოდ ინტენსიურად მოძრაობს საქართველოდან -საზღვარგარეთ და პირიქით. 2018 წელს მას 4-ჯერ გასვლა და 3-ჯერ შემოსვლა უფიქსირდება საზღვარზე, რაც ხაზს უსვამს მის გარკვეულწილად ფინანსურ შესაძლებლობას.

 

შესაბამისად, სახეზეა არასრულწლოვან გ----------–--ს საარსებო მოთხოვნილებების გაზრდა, ხოლო დ--------–--ს ზოგადი ქონებრივი მდგომარეობის ცვლილება, რის გამოც, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, დადგენილი ალიმენტის ოდენობის გაზრდა, მაგრამ არა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ბავშვების ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვნების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ამასთან, როგორც აღინიშნა გაიზარდა ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობაც შექმნილი ეკომონიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

 

ბავშვის ასაკიდან გამომდინარე მისი აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი მოთხოვნილებები გაზრდილია. აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს არასრულწოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ბავშვის ინტერესების საზიანოდ ალიმენტის ოდენობის შეცვლას. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.

 

ამასთან, სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავალ-გასავლებისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2019 წლის აპრილის თვისათვის - 185.00 ლარს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შეცვლის, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების, მედეა ჯანიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხის მატერიალური მდგომარეობიდან, სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტი უნდა გაიზარდოს და მოპასუხის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა, სარჩელის აღძვრიდან 2019 წლის 05 მარტიდან, უნდა განისაზღვროს 220 (ორას ოცი) ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ე-–------------ე გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

ვინაიდან მოსარჩელე სარჩელის წარდგენისას გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, არსებობს დ--------–--სთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, მე-8, 38-ე, 39-ე, 41-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ე-–------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე დ--------–--ს (პირადი №6----------) არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 1---------ს დაბადებული გ----------–--ს (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2010 წლის 03 მაისს, სამოქალაქო საქმეზე #2/171-10 მიღებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი - 80 ლარი, გაეზარდოს და მისი ოდენობა განისაზღვროს ყოველთვიურად 220 (ორას ოცი) ლარით, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 05 მარტიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;

3. დაეკისროს დ--------–--ს (პირადი №6----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლელა ცანავა