განაჩენი

სისხლის სამართლის 14.05.2019
საქმის ნომერი
080100119002933935
დავის ტიპი
151
თარიღი
14.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 1/282-19.წ

გამოძიების ნომერი N041090319001

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 მაისი 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე - ლერი თედორაძე

სხდომის მდივანი - დავით დათიაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------- ტ---–--ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ზ---- ო-----------ე

მამის სახელი: ი-----

პირადი ნომერი: N0----------

დაბადების თარიღი: 3-.0-.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული: ბაღდათის რაიონი, სოფელი წ-----–----

ფაქტობრივად მცხოვრები: ქუთაისი, ა---–----ს ქუჩა N51

 

ადვოკატი: ირაკლი შენგელია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 9 მარტს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქუთაისში, ა---–----ს ქუჩა N51-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ზ---- ო-----------ემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მ--- გ--–-–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ ეუბნებოდა, რომ ყელს გამოჭრიდა დანით. მ--- გ--–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მხარეებს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაზარალებულ მ--- გ--–-–---–ის ჩვენების გარდა, სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, შესაბამისად, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. აქედან გამომდინარე, ვინაიდან, მხარეებმა გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არც ერთი სხვა მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულმა მ--- გ--–-–---–მა განაცხადა, რომ ზ---- ო-----------ე არის მისი მეუღლე, წელიწადნახევარია ცხოვრობს მასთან ერთად, ქუთაისში ა---–----ს ქუჩა N51-ში. 2019 წლის 9 მარტს ტელეფონის დალომბარდების საკითხთან დაკავშირებით მოუვიდათ კამათი, რა დროსაც ზ---- ო-----------ემ მას უთხრა წადი სახლიდანო და დაემუქა მას რომ ყელს გამოჭრიდა და ბავშვს ,,გაგუდავდა”, რაც მან რეალურად აღიქვა, შემდეგ სახლიდან გამოაგდო. დაზარალებულმა ითხოვა რომ ზ---- ო-----------ე არ დაისაჯოს მკაცრად, რადგან მისი შვილის მამაა და სურს მასთან შერიგება. აქამდე მსგავს ფაქტს ბრალდებულის მხრიდან ადგილი არ ქონია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ მათ საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა ბრალდებულ ზ---- ო-----------ის მიერ, მის მიმართ ინკრიმინირებული, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რაზეც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებენ საქმეში წარმოდგენილი დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებანი (მოწმეების: მ--- გ--–-–---–ის, მ------ ქ-----ს, ნ---- ბ----ის, გ---- ლ--–---–---–ის გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ირდერი თანდართული მასალებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები).

 

სამართლებრივი შეფასება:

 

წარდგენილ კვალიფიკაციას, სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - სასამართლო სწორად შერაცხულად მიიჩნევს. მუქარის დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება, ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, მიზეზობრივი კავშირი მის ქმედებასა და შედეგს შორის და სურს ამ შედეგის მიღწევა, რა დროსაც აუცილებელია იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. საქმეში გამოკვლეულ თუ მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაზარალებულს გაუჩნდა ბრალდებულის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ---- ო-----------ემ ჩაიდინა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.

 

გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

ზ---- ო-----------ე აღიარებს და ინანიებს მომხდარს, თავისი შრომითი შემოსავლით ეხმარება ოჯახს, ყავს მცირეწლოვანი შვილი, დაზარალებულს ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და სურს მასთან შერიგება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

ასევე სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებული მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს , რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.

 

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.

 

სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ბრალდებულის პიროვნებას და მიიჩნევს, რომ შესაძლოა ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა და დაადგეს გამოსწორების გზას, თუ მის მიმართ, სასამართლო სასჯელის სახედ გამოიყენებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, რადგან, იგი თავისი შინაარსით, მოცემულ შემთხვევაში, კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საშუალებაცაა და ხელს შეუწყობს ბრალდებულის სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, ასევე, ის გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ზ---- ო-----------ის რესოციალიზაციისათვის.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 21-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული, ზ---- ო-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

2. ვინაიდან ზ---- ო-----------ე სასამართლო განხილვამდე იმყოფებოდა პატიმრობაში, 2019 წლის 9 მარტიდან - 2019 წლის 14 მაისის ჩათვლით, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ზ---- ო-----------ე განთავისუფლდეს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

 

3. მსჯავრდებულ ზ---- ო-----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა - გაუქმდეს და ზ---- ო-----------ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

4. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მის: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N 32) განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლერი თედორაძე