გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.06.2019
საქმის ნომერი
110210019002929015
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 110210019002929015

№ 2/181 - 2019წელი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

4 ივნისი 2019 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი ზურაბ ფოცხვერაშვილი

მოსარჩელე - ნ-----------------ე;

მოპასუხე - ლ----------------ე;

დავის საგანი - თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა.

 

მოსარჩელის მოთხოვნა:

 

1. მოპასუხე ლ----------------ეს მოსარჩელე ნ-----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოძრავი ნივთების საფასურის 38 000 ლარის გადახდა.

 

სარჩელის გარემოებები: მოსარჩელის განმარტებით- 2017 წელს, იანვრის თვეში მოქალაქე ლ-–---------–-–---–--აგან ქ.ზესტაფონში იქირავა თავისუფალი ფართი, სადაც მოაწყო მაღაზია, რომელშიც გასაყიდად განათავსა თურქეთის რესპუბლიკიდან ჩამოტანილი საყოფაცხოვრებო ნივთები. გამყიდვლად აიყვანა ლ----------------ე. ლ----------------ემ იმუშავა 2017 წლის დასაწყისიდან 2018 წლის ბოლო თვემდე. თავდაპირველად იგი კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის საქმეს და ხელფასის სახით ყოველთვიურად აძლევდა 150 ლარს. შედგომ გამყიდველმა 200 ლარი მოსთხოვა ხელფასის სახით, რისი გადახდის საშუალება მას არ ჰქონდა. 2018 წლის ბოლო თვეებში მაღაზიაში შეიტანა ახალი საქონელი. ლ------------------მ საქონლის რელიზაციისშედეგად აიღო თანხა და მიითვისა მისი კუთვნილი 38 000 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

ლ----------------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას არავითარი საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონია ნ-----------------ესთან. 2010 წლიდან უმძიმესი ავადმყოფია, გადაადგილდება ორი ჯოხის დახმარებით, სახლიდან ვერ გადის და ბუნებრივია მაღაზიაში ვერ იმუშავებდა. მით უფრო, რომ 2018 წლის 22 თებერვალს გაზით დაეღუპა 32 შვილი და მის მერე გაუბედურებული დედაა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ნ-----------------ე სოციალურად დაუცველი პირია და მისი მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 58 280 ლარს.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, ამონაწერს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან.

 

3.2. ლ----------------ე სოციალურად დაუცველი პირია, ასევე იგი არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის ახსნა-განმარტებას, ამონაწერს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან, სსე შემოწმების აქტის ამონაწერი N0372862.

 

3.3. ნ-----------------ემ რამდენჯერმე 2008 წელს, 2009 და 2011 წელებში გადაკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვარი და იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში.

 

სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, პასპორტის ასლს.

 

3.4 მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მას ჰქონდა მაღაზია, მაღაზიაში გამყიდვლად ჰყავდა ლ----------------ე და რომ ლ----------------ემ მიითვისა მისი კუთვნილი საქონლის თანხა 38 000 ლარი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების, აგრეთვე მათ მიერ საქმის მასალებად წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებათა სასამართლოს შინაგანი რწმენის საფუძველზე ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ-----------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.

 

სამოქალქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, სარჩელში მითითებული გარემოებები, რომ მას ჰქონდა მაღაზია, მაღაზიაში გამყიდვლად ჰყავდა ლ----------------ე და რომ ლ----------------ემ მიითვისა მისი კუთვნილი საქონლის თანხა 38 000 ლარი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მითითებულ საპროცესო ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. მხარის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოების დასადასტურებლად საჭირო მტკიცებულების შერჩევა მხარის არა მხოლოდ უფლება, არამედ საპროცესო მოვალეობაცაა. სწორედ აღნიშნული მოვალეობის სამართლებრივად სწორად შესრულებაზეა დამოკიდებული დავის საბოლოო ბედი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებებად მიიჩნევა: მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, იმ პირობებში, როცა მას უარყოფს მოწინააღმდეგე მხარე, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამტკიცებულად ცნობისათვის საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა, რადგან ამავე კოდექსის მე-4-მე-5 მუხლებით დამკვიდრებული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების გათვალისწინებით, მოწინააღმდეგე მხარეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტებანი ერთმანეთს აქარწყლებს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლების საფუძველზე, სასამართლომ სადავო გარემოების დამადასტურებელ უტყუარ და საკმარის მტკიცებულებად არ ჩათვალა მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რადგან მას მოპასუხე არ დაეთანხმა. ასეთ პირობებში მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, სხვა მტკიცებულებების გარეშე, სადავო გარემოების დადგენილად ცნობისათვის ვერ გამოდგება და მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება ვერ დაძლევს იმ ტვირთს, რაც მტკიცებას უკავშირდება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა სარჩელის საფუძვლიანობა, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საპროცესო ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ'' ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლება მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თუმცა მოსარჩელე რეგიტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში და გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე ნ-----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: შოთა ნიკურაძე