გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1853-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი"
წარმომადგენელი - მ----------------ა
მოპასუხეები - შპს ,,ლ--–-", ნ---------–----–---–ი, გ-------------ა, ი-–--------ა
მოპასუხეების შპს ,,ლ--–-"-სა და ნ---------–----–---–ის წარმომადგენელი - ნ-------–----ა
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს შპს ,,ლ--–-ს", ნ---------–----–---–ს, გ-------------ასა და ი-–--------ას (თავდებებს პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის 50000 (ორმოცდაათიათასი) ლარის ფარგლებში) სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 23638.49 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 19373.04 ლარი, სარგებელი - 1919.45 ლარი და პირგასამტეხლო - 2346 ლარი.
1.2. მოპასუხეებს შპს ,,ლ--–-ს", ნ---------–----–---–ს, გ-------------ასა და ი-–--------ას (თავდებებს პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის 50000 (ორმოცდაათიათასი) ლარის ფარგლებში) სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2019 წლის 05 თებერვლიდან (სარჩელის აღძვრის თარიღი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით ძირ თანხაზე - 19373.04 ლარზე, წლიური სარგებელის 19%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 10.08 ლარს.
1.3. მოპასუხეებს შპს ,,ლ--–-ს", ნ---------–----–---–ს, გ-------------ასა და ი-–--------ას (თავდებებს პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის 50000 (ორმოცდაათიათასი) ლარის ფარგლებში) სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2019 წლის 05 თებერვლიდან (სარჩელის აღძვრის თარიღი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 96.86 ლარს.
1.4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაამყარა:
ა) 2016 წლის 27 დეკემბერს, ერთის მხრივ სს ,,ს----------–--------სა” და მეორეს მხრივ შპს ,,ლ--–-“-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს ,,ლ--–-“-ს სასარგებლოდ გაიცა კრედიტი 25000 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 19% სარგებლის დარიცხვით, ვადაგადაცილებულ თანხაზე პირგასამტეხლოს 0,5%-ის დარიცხვით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) 2016 წლის 27 დეკემბერს, ერთის მხრივ სს ,,ს----------–--------სა” და ნ---------–----–---–ს, ასევე ბანკს და ი-–--------ას, ასევე ბანკსა და გ-------------ას შორის გაფორმდა ხელშეკრულებები სოლიდარული ვალდებულების შესახებ, რომლითაც სოლიდარულმა მოვალეებმა იკისრეს პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე თითოეულმა 50000 ლარის მოცულობით.
ბანკის მიმართ ძირითად მოვალის სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა მოპასუხეებს უნდა ეწარმოებინათ საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მოპასუხეებიის მიერ მოხდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, კერძოდ 2017 წლის 25 ოქტომბრის შემდეგ შეწყვიტეს კრედიტის დაფარვა, რის გამოც ადგილი აქვს საკრედიტო ხელშეკრულების პირობების დარღვევას.
დავალიანება მოპასუხეთა მიერ ჯეროვნად არ სრულდება, რაც გახდა სარჩელის აღძვრის საფუძველი.
2. მოპასუხეების პოზიცია.
წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მოპასუხეებმა გ-------------ამ და ი-–--------ამ სარჩელი ნაწილობრივ ცნეს სასარჩელო მოთხოვნები შპს ,,ლ--–-“-ზე სესხის ძირითადი თანხის 19373.04 ლარის დაკისრების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში არ დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნებს, მოპასუხე შპს ,,ლ--–-“-მ წარმოდგენილი შესაგებლით ასევე ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნები, შპს ,,ლ--–-“-მ სარჩელი ცნო შპს ,,ლ--–-“-ზე სესხის ძირითადი თანხის 19373.04 ლარისა და პროცენტის დაკისრების ნაწილში, პირგასამტეხლოს ნაწილში არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითა, რომ შეუსაბამოდ მაღალია, ხოლო მოპასუხე ნ---------–----–---–მა საერთოდ არ ცნო სასარჩელო მოთხოვნები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 27 დეკემბერს, ერთის მხრივ სს ,,ს----------–--------სა” და მეორეს მხრივ შპს ,,ლ--–-“-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს ,,ლ--–-“-ს სასარგებლოდ გაიცა კრედიტი 25000 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 19% სარგებლის დარიცხვით, ვადაგადაცილებულ თანხაზე პირგასამტეხლოს 0,5%-ის დარიცხვით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 27.12.2016 წლის საკრედიტო ხელშეკრულება #---------------------------;
- 27.12.2016 წლის საკრედიტო ხელშეკრულების #--------------------------- დანართები N2 და N3;
3.1.2. 2016 წლის 27 დეკემბერს, სს ,,ს----------–--------სა” და ნ---------–----–---–ს, ასევე ბანკს და ი-–--------ას, ასევე ბანკსა და გ-------------ას შორის გაფორმდა ხელშეკრულებები სოლიდარული ვალდებულების შესახებ, რომლითაც სოლიდარულმა მოვალეებმა იკისრეს პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე თითოეულმა 50000 ლარის მოცულობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 27.12.2016 წლის ხელშეკრულებები სოლიდარული ვალდებულების შესახებ #---------------------------------------------;
3.1.3. დავალიანების დაფარვის მოთხოვნით სარჩელი სს „ს----------–--------მა“ სასამართლოში 2019 წლის 05 თებერვალს აღძრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
3.1.4. 2019 წლის 03 ივნისის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ წარმომადგენელმა პირველი სასარჩელო მოთხოვნის 1.3 პუნქტის, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს 0.5%-ის, ყოველდღიურად 96.86 ლარის გადახდის ნაწილში სარჩელი გაიხმო და ამ ნაწილში დარჩა განუხილველად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 03.06.2019 წლის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 2019 წლის 29 იანვრის მდგომარეობით შპს ,,ლ--–-“-ს გადასახდელი დავალიანება შეადგენს ძირ თანხაზე - 19373.04 ლარს, პროცენტი - 1919.45 ლარს და პირგასამტეხლო - 2346 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
მოთხოვნილი თანხებიდან მოპასუხეებმა ცნეს დავალიანება შპს ,,ლ--–-“-ზე სესხის ძირითადი თანხის 19373.04 ლარის დაკისრების ნაწილში, შპს ლ--–-მ პროცენტის ნაწილშის, ხოლო დანარჩენ ნაწილში საერთოდ არ ცნეს, შპს ,,ლ--–-“-ს განმარტებით პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და უნდა შემცირდეს გონივრულ ზღვრულ ოდენობამდე. თუმცა საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (საკრედიტო ხელშეკრულებები, ცნობა დავალიანების შესახებ) საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 29.01.2019 წლის ინფორმაცია ვალდებულებების შესახებ;
- გადახდის გრაფიკები;
სამოტივაციო ნაწილი
3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ს----------–--------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
3.1. ხელშეკრულებების თანახმად, თანხა უნდა დაბრუნებულიყო ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკების მიხედვით, რაც დარღვეულია მოპასუხის მიერ, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის დავალიანებისა და პროცენტის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
3.2. ამასთან, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში სესხის თანხის და შეთანხმებული პროცენტის გადახდის ვადის გადაცილებისას ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.
4. სამართლებრივი შეფასება
4.1. მოპასუხეთათვის დავალიანების ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრება.
4.1.1. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება (მუხლი 316.1).
4.1.2. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (მუხლი 317.1). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და იწვევს მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას.
4.1.3. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების საფუძველია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის სამართლებრივ რეგულირებასაც ეძღვნება სკ-ის 623-ე, 867-ე და 868-ე მუხლები. კერძოდ, სკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
4.1.4. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით, ხოლო ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
4.1.5. დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--------სა” და შპს ,,ლ--–-“-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს ,,ლ--–-“-ს სასარგებლოდ გაიცა კრედიტი 25000 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 19% სარგებლის დარიცხვით, ხოლო ხელშეკრულების დადებით მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა.
4.1.6. დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--------სა” და შპს ,,ლ--–-“-ს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 2016 წლის 27 დეკემბერს გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ #--------------------------------------------- თავდებობის ხელშეკრულებები ნ---------–----–---–თან, ი-–--------ასთან და გ-------------ასთან, რომლითაც მოპასუხეებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე თითოეულმა 50000 ლარის მოცულობით;
4.1.7. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის გათვალისწინებით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
4.1.8. ამავე კოდექსის 892.1 მუხლის შესაბამისად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
4.1.9. სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
4.1.10. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
4.1.11. დავის ფარგლებში, დადგენილია სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი (სკ-ის 361-ე, 400-ე მუხლები). დარღვეულია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რაზეც მოპასუხეები გაფრთხილდა წერილობით და მიეცათ ვალდებულების შესასრულებლად დამატებით 14 დღიანი ვადა, თუმცა უშედეგოდ.
4.1.12. სადავო არარის დავალიანების არსებობა და მისი ოდენობა სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში, ასევე პირგასამტეხლოს დარიცხვის კანონიერება. მოპასუხეებს ი-–--------ასა და გ-------------ას სასამართლოში მიმდინარე დავის შესახებ ეცნობათ, მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი. ი-–--------ა და გ-------------ა სხდომაზე არ გამოცხადდნენ. წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მოპასუხეებმა გ-------------ამ და ი-–--------ამ სარჩელი ნაწილობრივ ცნეს სასარჩელო მოთხოვნები შპს ,,ლ--–-“-ზე სესხის ძირითადი თანხის 19373.04 ლარის დაკისრების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში არ დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნებს, მოპასუხე შპს ,,ლ--–-“-მ წარმოდგენილი შესაგებლით ასევე ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნები, შპს ,,ლ--–-“-მ სარჩელი ცნო შპს ,,ლ--–-“-ზე სესხის ძირითადი თანხის 19373.04 ლარისა და პროცენტის დაკისრების ნაწილში, პირგასამტეხლოს ნაწილში არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითა, რომ შეუსაბამოდ მაღალია, ხოლო მოპასუხე ნ---------–----–---–მა საერთოდ არ ცნო სასარჩელო მოთხოვნები.
ამიტომ, თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ექვემდებარება სრულად დაკმაყოფილებას.
4.1.13. სადავო არაა, რომ მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4.1.14. მოქმედი სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ფუძემდებლურ - ,,pacta sunt servanda-ს’’ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამიტომ, შესრულებისათვის დადგენილ დროში მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა უკვე ვადაგადაცილება და შესაბამისად, ვალდებულების დარღვევაა, რაც მოსარჩელეს შეთანხმების არსებობისას ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამიტომ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო (შეთანხმებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობა), მხარეებს შორის არსებული წერილობითი შეთანხმების თანახმად, მოსარჩელეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება, რაც გამომდინარეობს სსკ-ის 416-418-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას.
4.1.15. სასამართლოს ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეები უარყოფენ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს, პრეტენზიას აცხადებენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე და მიიჩნევენ, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. ამიტომ, უნდა განიმარტოს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება, როგორც უკვე აღინიშნა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან და რომლის მიზანია, არა მხოლოდ, ვალდებულების შესრულების სტიმულირება, არამედ, ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება. შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას და უსაფუძვლო გამდიდრებას.
4.1.16. სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო (420-ე მუხლი). ამ მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა. პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ. დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ. ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ. პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
4.1.17. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - გადასახდელი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რაც შესაბამისობაშია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტთან, შესაბამისად მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობით, მითუმეტეს, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა პირველი სასარჩელო მოთხოვნის 1.3 პუნქტის, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს 0.5%-ის, ყოველდღიურად 96.86 ლარის გადახდის ნაწილში სარჩელი გაიხმო და ამ ნაწილში დარჩა განუხილველად და დარჩენილ სასარჩელო მოთხოვნებში სესხის ძირითად თანხაზე 19373.04 ლარზე მოთხოვნილია მხოლოდ 2346 ლარი პირგასმტეხლო;
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლით გათვალისწინებული ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ ანგარიშსწორების წინაპირობა არ არსებობს, რის გამოც საპროცესო ხარჯი უნდა გადაწყდეს 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი (სარჩელზე და უზრუნველყოფაზე) 1035.74+50=1085.74 ლარი. მართალია საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხეებმა ი-–--------ამ და გ-------------ამ ბანკის მოთხოვნა ცნეს ნაწილობრივ შპს ,,ლ--–-“-ზე სესხის ძირითადი თანხის 19373.04 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო შპს ,,ლ--–-“-მ ასევე პროცენტის დაკისრების ნაწილში, მაგრამ ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არის სოლიდარულად დასაკისრებელი ოთხივე მოპასუხეზე და მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ნ---------–----–---–მა საერთოდ არ ცნო სასარჩელო მოთხოვნები, შესაბამისად მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის თანხა 1035.74+50=1085.74 ლარის ოდენობით სრულად უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად, სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ.
6. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის საფუძველზე უნდა დარჩეს ძალაში.
7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის საკითხი
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1-ე მუხლის სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ალიმენტის მიკუთვნების შესახებ .......იმავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამ ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სასამართლოს უფლება აქვს მხარის თხოვნით, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საგამონაკლისო წესი დაადგინოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ობიექტური გარემოებების არსებობის პირობებში (სასამართლოს შესაძლებლობა). ამასთან, ამ ნორმის იმპერატიული ხასიათი გათვალისწინებულია, მხოლოდ 11-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში (სასამართლოს ვალდებულება).
7.2. ხელშეკრულებების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამდენად, ვინაიდან მხარეებმა ხელშეკრულებით, ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეათანხმეს, რა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა, სასამართლოს მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს შპს ,,ლ--–-ს", ნ---------–----–---–ს, გ-------------ასა და ი-–--------ას (თავდებებს პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის 50000 (ორმოცდაათიათასი) ლარის ფარგლებში) სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 23638.49 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 19373.04 ლარი, სარგებელი - 1919.45 ლარი და პირგასამტეხლო - 2346 ლარი.
3. მოპასუხეებს შპს ,,ლ--–-ს", ნ---------–----–---–ს, გ-------------ასა და ი-–--------ას (თავდებებს პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის 50000 (ორმოცდაათიათასი) ლარის ფარგლებში) სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2019 წლის 05 თებერვლიდან (სარჩელის აღძვრის თარიღი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით ძირ თანხაზე - 19373.04 ლარზე, წლიური სარგებელის 19%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 10.08 ლარს.
4. მოპასუხეებს შპს ,,ლ--–-ს", ნ---------–----–---–ს, გ-------------ასა და ი-–--------ას სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ 1035.74+50=1085.74 ლარი სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახ. ბაჟის სანაცვლოდ და 100 ლარი გამარტივებული საქმისწარმოებისათვის გადახდილი საფასურის სანაცვლოდ.
5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში (მე-5 პუნქტი) შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე