განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ივნისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნინო ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-----–----------ა
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ----- ზ------ას ძე ბ-–----ე - დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------–-------–-----------------ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი
ადვოკატი - ბ---------ე
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
სისხლის სამართლის საქმეზე, დ----- ბ-–----ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ლ------ ი-----–ინა და დ----- ბ-–----ე 2012 წლიდან 2014 წლამდე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი საერთო შვილი.
2018 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით 02:03 სთ-ზე, ლ------ ი-----–ინას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ყოფილი მეუღლე დ----- ბ-–----ე და მოსთხოვა შეხვედრა, ხოლო უარის მიღების შემდგომ გახდა აგრესიული, დაუწყო ლანძღვა და ტელეფონში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული (დაზარალებულ ლ-------–ინას, მოწმეების: მ----–----სკაიასა და მ-------–---–ის ჩვენებებები, შემაკავებელი ორდერი) და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება დ----- ბ-–----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დ----- ბ-–----ის ბრალეულობას.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულ ლ------ ი-----–ინას ჩვენებით, არის ბრალდებულ დ----- ბ-–----ის ყოფილი მეუღლე. ბრალდებულთან ერთად ცხოვრობდა დაახლოებით 2,5 წელი და ჰყავთ საერთო შვილი ა-------ია. ერთმანეთს დაშორდნენ ხუთი წლის წინ, როდესაც მეუღლის ძარცვის ფაქტზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო დ----- ბ-–----ე. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, ბრალდებულმა დაიწყო დაზარალებულის შეწუხება, აკითხავდა მას სახლში, ხოლო როდესაც შეიტყო, რომ ლ-------–ინას საქმრო ჰყავდა და ა-------ში აპირებდა გამგზავრებას, გახდა აგრესიული, ემუქრებოდა როგორც პირადად, ისე სატელეფონო კომუნიკაციისას.
დაზარალებულის ჩვენებით, 2018 წლის 25 ოქტომბერს, გვიან ღამით, როდესაც ეძინა შვილთან ერთად, ბრალდებულმა დაურეკა, სთხოვდა სახლთან შეხვედრას და დალაპარაკებას რამდენიმე წუთით. უარის მიღების შემდეგ, დ----- ბ-–----ე ყოფილ მეუღლეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, აფეთქებითა და სახლის გადაწვით, ამასთან უთხრა, რომ აჩერებდა ტაქსს და მიდიოდა მასთან. დაზარალებულმა საუბრისას გაიგო, თუ როგორ უთხრა ბრალდებულმა ტაქსის მძღოლს მისი მისამართი, რის გამოც მან დ-----ი გააფრთხილა, რომ დარეკავდა საპატრულო პოლიციაში, რაც შეასრულა. მალევე დაზარალებულის განმარტებით, დ----- ბ-–----ე იყო მისი სახლის კართან, თუმცა საპატრულო პოლიციის ადგილზე მისვლამდე იგი მიიმალა. დაზარალებულის ჩვენებით, თანაცხოვრების პერიოდში ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული სისტემატური სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, მისი გაძარცვისა და წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, დ----- ბ-–----ის მიერ განხორციელებული მუქარა რეალურად აღიქვა.
მოწმე მ--–--ა რ-–------იას ჩვენებით, არის დაზარალებულ ლ------ ი-----–ინას მეგობარი. მოწმის განმარტებით, თანაცხოვრების პერიოდში ბრალდებულსა და დაზარალებულს ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა, ასევე ფლობს ინფორმაციას, რომ ბრალდებულმა დაზარალებულის ძარცვის გამო მოიხადა სასჯელი. საპყრობილიდან გათავისუფლების შემდეგ, დ-----ი მუდმივად ურეკავდა დაზარალებულს და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის თაობაზეც არაერთხელ უამბო მეგობარმა. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 26 ოქტომბერს მას დაუკავშირდა აღელვებული ლ------ ი-----–ინა და სთხოვა ვარკეთილში, პოლიციის განყოფილებაში მისვლა. მოწმემ მეგობრისაგან შეიტყო, რომ ბრალდებული ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ვინაიდან ლ-------–ინა აპირებდა ა-------ში საქმროსთან წასვლას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მე-11 განყოფილების გამომძიებელმა მ------- მ-----–---–მა დაადასტურა მის მიერ შედგენილი 2018 წლის 26 ოქტომბრის №------ შემაკავებელი ორდერის სისწორე, რომლის თანახმად, ყოფილი მეუღლის ლ------ ი-----–ინას მიმართ ტელეფონის საშუალებით განხორციელებული სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარის ფაქტზე, გამოსცა შემაკავებელი ორდერი დ----- ბ-–----ის მიმართ და მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, აგრეთვე მსხვერპლთან ყველა სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, 2019 წლის 18 იანვრის გაცემული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად:
საქმის მასალების მიხედვით და ლ------ ი-----–ინას ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ლ------ ი-----–ინამ, დ----- ბ-–----ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით არ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
ამავე დასკვნაში დაფიქსირებულია შესამოწმებელი პირის მიერ ექსპერტისათვის მიწოდებული ინფორმაცია: „ბრალდებული არ მეშვება და შერიგებას მთხოვს, რისი სურვილიც მე არ მაქვს. მე მხოლოდ ვითხოვ, რომ ჩემმა ყოფილმა ქმარმა თავი დამანებოს და ჩემს ცხოვრებაში აღარ ჩაერიოს. მისი მუქარა ჩემთვის ძალიან უსიამოვნოა და ძნელი მოსათმენი. მინდა აღარასოდეს მომიახლოვდეს და ჩემს პირად საქმეში აღარ ჩაერიოს, სხვას მისგან მე არაფერს არ მოვითხოვ. ამ ბოლო დროს მუქარაზე გადავიდა და იძულებული გავხდი პოლიციისათვის მიმემართა... ლ------ ი-----–ინას მიერ კლინიკური საუბრისას გადმოცემული ინფორმაცია კი ეყრდნობა მის ოჯახში წარმოშობილ უსიამოვნო სიტუაციის არათანმიმდევრულ და ამბივალენტურ ანალიზს“ (ექსპერტი მ----- ბ------ე).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, ბრალდებულ დ---–----ის მეგობრებმა: გ------ ძ---–---–მა და ნ--- ჯ----–--ემ დაადასტურეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დ----- ბ-–----ესა და ლ------ ი-----–ინას ჰყავთ საერთო შვილი ა-------ია, რომლის ნახვის უფლებასაც არ აძლევდა დაზარალებული ბრალდებულს საპყრობილიდან გამოსვლის შემდეგ და აღნიშნულთან დაკავშირებით ჰქონდათ უთანხმოება. 2018 წლის 25 ოქტომბერს, ერთად იმყოფებოდნენ გ------ ძ---–---–ი, ნ--- ჯ----–--ე, დ----- ბ-–----ე და გ------- ს------–---–ი, რა დროსაც ბრალდებულმა დაურეკა დაზარალებულს და სთხოვა ენახებინა შვილი, რაზეც მიიღო უარი. მოგვიანებით, გ------- ს------–---–ის სახლისაკენ მეგობრები გაემართნენ ერთი ა/მანქანით, გზად კი გაიარეს ლ------ ი-----–ინას სახლი, რა დროსაც დ-----მა კვლავ დაურეკა ქალბატონს და ეხვეწებოდა, რომ მიეცა შვილის ნახვის საშულება. დ-----ი საუბრისას იყო გაღიზიანებული, ვინაიდან დაზარალებული უარს ეუბნებოდა, თუმცა სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას ლ------ ი-----–ინას მიმართ ადგილი არ ჰქონია. დაზარალებულისაგან უარის მიღების შემდეგ, დ-----ი მეგობრებთან ერთად წავიდა ერთ-ერთი მათგანის სახლში.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენადა მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა, რა დროსაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს და ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მუქარის რეალურობისა და საფუძვლიანობის შეფასებისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სუბიექტურ და ობიექტურ კრიტერიუმებს, ასევე მუქარის განმახორციელებლი პირის - ბრალდებულის პიროვნებას და მისი წარსულ ქმედებებს დაზარალებულთან მიმართებით.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და ასევე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია დ----- ბ-–----ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ დ----- ბ-–----ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ: სს საქმეში სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან ერთადერთი მტკიცებულება - დაზარალებულ ლ------ ი-----–ინას ჩვენება მიუთითებს დ----- ბ-–----ეზე, როგორც საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირზე. სხვა არცერთი მოწმე და არცერთი წერილობითი მტკიცებულება არათუ პირდაპირ, არამედ ირიბადაც არ ადასტურებს ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტს.
მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი მტკიცებულება - დაზარალებულის ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად დ---–----ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, სასამართლო მაინც მიიჩნევს მიზანშეწონილად შეფასდეს, თუ რამდენად ადასტურებს თავად ლ------ ი-----–ინას მიერ მიწოდებული ინფორმაცია მუქარის რეალურობასა და საფუძვლიანობას, კერძოდ:
დაახლოებით 5 წლიანი განშორების მანძილზე კონფლიქტური სიტუაციებისა და რაიმე სახის მუქარის არარსებობის პირობებში, საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ადგილზე მისვლის მოლოდინში მყოფი დაზარალებულის მიმართ დ----- ბ-–----ის მიერ ტელეფონის საშუალებით განხორციელებული მუქარა ვერ აკმაყოფილებს მუქარის რეალურობისა და საფუძვლიანობის შეფასებისათვის აუცილებელ ობიექტურ კრიტერიუმებს და უფრო მეტიც, ვერ აკმაყოფილებს სუბიექტურ კრიტერიუმსაც იმდენად, რამდენადაც დაზარალებულის ჩვენებისა და მის მიმართ ჩატარებული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ლოგიკური ანალიზი ნათლად მიუთითებს, რომ ეს უკანასკნელი იყო არა დ----- ბ-–----ის მუქარით რეალურად შეშინებული, არამედ ბრალდებულის მხრიდან შვილის ნახვასთან დაკავშირებული არასასურველი კომუნიკაციით შეწუხებული, შექმნილი სიტუაცია იყო მისთვის უსიამოვნო და არა ფსიქოლოგიური ტანჯვის გამომწვევი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს აგრეთვე ორ მნიშვნელოვან გარემოებას:
· დაზარალებულის აპელირებას მის მიმართ ბრალდებულის მიერ ჩადენილი ძარცვის ფაქტზე, რაც მართალია დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 აგვისტოს განაჩენით, თუმცა პირდაპირი, უტყუარი და რელევანტური მტკიცებულება არ არის დ----- ბ-–----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების დასადასტურებლად;
· რომ არა თავად ბრალდებულისა და მისი მეგობრების განმარტება, სს საქმეში არ მოიპოვება 2018 წლის 26 ოქტომბერს, ღამის საათებში, დ----- ბ-–----ესა და ლ------ ი-----–ინას შორის სატელეფონო კომუნიკაციის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება (მაგ: დაზარალებულის ტელეფონის დათვალიერების ოქმი ან მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი, მობილურ ტელეფონზე შემავალი და გამავალი ზარების თაობაზე დეტალური ინფორმაცია, რისი მოპოვების შესაძლებლობაც არსებობს).
ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა დ----- ბ-–----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც დ----- ბ-–----ე წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-276-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ----- ბ-–----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
დ----- ბ-–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
განემარტოს დ----- ბ-–----ეს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ნაჭყებია