განაჩენი

სისხლის სამართლის 24.05.2019
საქმის ნომერი
330100119002890288
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/1----19

გამოძიების N0-----------

24 მაისი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ--------------;

დაცვის მხარე:

ბრალდებული რ------------------- (პ/ნ 0----------) - დაბადებული 1----–-–-ს 0------ს, ნასამართლევი, მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ---------–-------------------------------------------------ში,კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

სხდომის სახე: ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

წარდგენილი ბრალდების არსი:

რ------------------- და თ--------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2012 წლიდან. 2019 წლის 02 თებერვალს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. თბილისი, ვ---------–-------------------------------------------------ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ------------------მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს, თ--------------–---–ს, კერძოდ, ხელი ძლიერად მოუჭირა საყელოზე, ხოლო მეორე ხელის მუშტი მიადო სახეზე და ძლიერად დააჭირა, ამ დროს დაზარალებულს ხელში ეჭირა მისი მცირეწლოვანი შვილი ლ---–------------. აღნიშნულის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

სასამართლომ დაადგინა:

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, მათი შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე, განიხილა რ-------------------ს ბრალდების საქმე, გამოიკვლია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და რ. ბ---------ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ რ------------------- საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის მტკიცებულებათა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

გამოკვლეული მტკიცებულებები:

დანაშაულის შეტყობინების რეგისტრაციის N2----- ბარათის თანახმად, 2019 წლის 02 თებერვალს, 20:27 სთ-ზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს - „112“-ს დაუკავშირდა რ-------------------, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლე არ უბრუნებს პასპორტს და არ უხსნის კარს, რის გამოც საპატრულო პოლიციას სთხოვს დახმარებას.

დათვალიერების ოქმის და მასზე დართული მოკლეტექსტური შეტყობინებების თანახმად, 2019 წლის 03 თებერვალს გამომძიებელ ვ---------------------ს მიერ, თ--------------–---–ის მონაწილეობით, დათვალიერდა ამ უკანასკნელის კუთვნილ მობილურ ტელეფონში, პროგრამა “VIBER”-ში თ--------------–---–სა და აბონენტ „L----”-ს (თ--------------–---–ის განმარტებით - რ-------------------ს დეიდა) შორის არსებული მიმოწერა, რომლის თანახმადაც თ--------------–---–ი რ-------------------ს დეიდას ატყობინებს, რომ აღარ შეუძლია რ-------------------ს სიმთვრალის ატანა და პოლიციაში დარეკვას აპირებს.

დაზარალებულმა თ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ შვიდი წელია რეგისტრირებულ ქორწინებაშია რ------------------თან. ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ და უსიამოვნება მოსდით მხოლოდ მაშინ, როცა იგი აპროტესტებს მეუღლის მიერ ალკოჰოლური სასმელის მოხმარებას, რაზედაც რ--------ი ცუდად რეაგირებს. 2018 წლის 02 თებერვალს, საღამოს, დასაძინებლად ემზადებოდნენ, რა დროსაც რ--------მა, რომელიც ნასვამი იყო, საკუთარი პასპორტი მოსთხოვა. რადგან არ იცოდა სად ჰქონდა შენახული საბუთი, მეუღლემ თვითონ დაიწყო მისი ძებნა. როცა მისი ჩანთის ჩხრეკა დაიწყო, მივარდა რ--------ს, რომელმაც მიახლოვების საშუალება რომ არ მიეცა, შეაჩერა იგი - ხელი მოუჭირა საყელოზე და სახეზე დაადო მუშტი, რამაც ფიზიკური ტკივილი მიაყენა. რ--------მა ჩაიცვა ქურთუკი და გავიდა სახლიდან. დაახლოებით ერთ საათში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და შეიტყო, რომ მათ რ--------მა მიმართა პასპორტის დაბრუნებაში დასახმარებლად.

მოწმე ლ---–----------მა, ბრალდებული რ-------------------ს დეიდამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს რძალმა, თ--------------–---–მა დაურეკა და შეატყობინა, რომ რ--------ი იყო ნასვამი, ითხოვდა პასპორტს და ვინაიდან არ იცის მისი საბუთი სად არის, ეჩხუბება. მოწმე ლ---–----------მა დაადასტურა, რომ მისი დისშვილი - რ------------------- იღებს ალკოჰოლურ სასმელს და ამ ნიადაგზე მეუღლესთან კამათიც მოსდის.

მოწმე ა-–-----------–--------–ის, დაზარალებული თ--------------–---–ის არასრულწლოვანი შვილის ჩვენებით, რომელიც ბრალდებულს არ გაუხდია სადავოდ, დგინდება, რომ 2019 წლის 02 თებერვალს, ღამით, იმყოფებოდა დედასთან და მის ამჟამინდელ მეუღლესთან - რ------------------თან სახლში, რა დროსაც რ--------ი ეჩხუბა დედას, კერძოდ, უყვიროდა - რატომ არ მაძლევ ჩემს პასპორტსო? რაზეც დედა პასუხობდა, რომ არ იცოდა მისი პასპორტი სად იყო. ასევე გაიგონა დედის ყვირილი, რომელიც ითხოვდა რ--------ს მისთვის ხელი გაეშვა.

ბრალდებულმა რ------------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მეუღლეზე არ უძალადია, მხოლოდ ხელით გასწია, როცა ჩანთაში პასპორტის ძებნისას ეს უკანასკნელი მივარდა მას. ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ მის მიერ ალკოჰოლური სასმელის მოხმარება იწვევს მისი მეუღლის გაღიზიანებას და ამ ნიადაგზე მოსდით ხოლმე კამათი.

სასამართლომ შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობით დაწესებული სტანდარტით დადგენილად იქნეს მიჩნეული რ-------------------ს მიერ მისი მეუღლის - თ------------–---–-სათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.

უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მთავარი მოწმე, დაზარალებული თ--------------–---–ი ჩვენების მიცემისას იყო არათანმიმდევრული. დაზარალებულმა, - რომელიც გამოძიების ეტაპზე აცხადებდა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა საყელოში მისთვის ხელის მოჭერასა და მუშტის სახეზე ძლიერად მიდებაში, - საქმის სასამართლო განხილვის დროს ჯერ განმარტა, რომ როცა გაღიზიანებული თავად „ეტაკა“ მეუღლეს, რომელიც მის ჩანთაში საკუთარ პასპორტს ეძებდა, ამ უკანასკნელმა, დისტანცირების მიზნით, საყელოზე მოუჭირა ხელი და შეაჩერა; მოწმემ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას ასევე განმარტა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოსვლის შემდგომ მოითხოვეს მისი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა, ხოლო მათი შვილები დარჩებოდნენ სოციალური აგენტის მეთვალყურეობის ქვეშ. ამ გარემოების გამო პოლიციას უთხრა, რომ რ------------------მა გაუწყალა გული თავისი ნასვამობით და არეულობით, „თუ მასეა აქეთ გამოვიძახებ პოლიციასო“ . სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ცრუ დასმენისათვის კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის შეხსენებისა და დამატებითი შეკითხვების დასმის შემდგომ კი დაადასტურა გამოძიების დროს მის მიერ გაცხადებული ფაქტების ნამდვილობა.

სასამართლო განმარტავს, რომ ის გარემოება, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ დაზარალებულის დაკითხვის დასრულების შედეგად მიღებული ინფორმაცია, ფაქტობრივად, დაემთხვა წინასასამართლო ეტაპზე მის მიერვე მიცემულ ჩვენებას, მოცემულ ვითარებაში, სასამართლოს არ უქმნის რწმენას იმისა, რომ აღნიშნული განპირობებულია დაზარალებული თ--------------–---–ის გულწრფელობით, ვინაიდან დაკითხვისას დაზარალებული არათანმიმდევრული იყო ფაქტების დადასტურებისა და უარყოფისას, ამავე დროს, მის მიერ საბოლოოდ მიცემული ჩვენება არ არის გამყარებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა არცერთი მტკიცებულებით, მეტიც, აღნიშნული მტკიცებულებების ფონზე დაზარალებულის მიერ გაცხადებული ფაქტობრივი გარემოებების ნამდვილობა არ იწვევს ნდობას. ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ შეტყობინების რეგისტრაციის ბარათის თანახმად, შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლების გამოძახების ინიციატორი იყო თავად ბრალდებული რ-------------------, რაც, გარკვეულწილად, ეჭვქვეშ აყენებს, როგორც რ-------------------ს ბრალეულობას, ისე სამართალდამცველთა წინაშე თავის მართლების აუცილებლობის პირობებში მყოფი დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენების უტყუარობას. აღსანიშნავია ისიც, რომ შემთხვევის დღეს თ--------------–---–ის მიერ ბრალდებულის დეიდისთვის გაგზავნილ მოკლეტექსტურ შეტყობინებებშიც, სადაც დაზარალებული ამ უკანასკნელს შესჩივის მეუღლის სიმთვრალის გამო, თ--------------–---–ი იმუქრება მეუღლის მისამართით და არაფერს ამბობს მისი მხრივ განხორციელებული ძალადობის შესახებ - „პოლიციას უნდა დავურეკო, დაიჭირონ, ამის სიმთვრალეს აღარ მოვითმენ, მთელი დღე სვამს, არ გამოფხიზლდა.“

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულს ამხელს დანაშაულის ჩადენაში - დაზარალებული თ--------------–---–ის არათანმიმდევრული და დამაჯერებლობას მოკლებული ჩვენება, - არ იძლევა მტკიცების საგანში შემავალი უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სამართლებრივ შესაძლებლობას, მითუფრო, რომ რ-------------------ს მიერ ბრალადშერაცხული დანაშაულის (მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების) ჩადენის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სასამართლოში არ წარმოდგენილა.

ამდენად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ რ. ბ---------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილმა ბრალდებამ (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ) საქმის სასამართლო განხილვის შედეგად დადასტურება ვერ ჰპოვა, რადგან ბრალდებულის მიერ მისი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ვერ იქნა.

სამართლებრივი შეფასება:

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად: ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი - უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში; სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში რ-------------------ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების უპირობო საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ------------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდეს რ-------------------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

გამართლებულ რ------------------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი