განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 მაისი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ – ხ------- მ--------ის
ადვოკატ – ა---------– თ--–--–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულ შ----- დ----ის მონაწილეობის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე – შ----- ა------ის ძე დ----ის, დაბადებულის 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ-------–--–----–--------------------------ში, ამჟამად ძებნაში მყოფის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქციით).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ----- დ----ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
შ----- დ----ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 10:40 საათზე, შ----- დ----ე მართავდა „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანას, ქ.თბილისში, ვ-–----–----–-------------------ის მიმდებარედ, ცალმხრივი მოძრაობისათვის განკუთვნილ საავტომობილო გზაზე, სადაც ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები და უკუსვლით მოძრაობისას დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ნ----- მ------–---–ს, რომელმაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
ე.ი. შ----- დ----ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქციით).
სასამართლო სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის საფუძველზე გამოკვლეულ იქნა მტკიცებულებები, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ შ----- დ----ემ ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.
სასამართლოსათვის უცნობია ბრალდებულ შ----- დ----ის პოზიცია წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით, რადგან იგი არის ძებნილი. თუმცა მის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარად იქნა დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ:
საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ ცნობის თანახმად, 2016 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 10:36 საათზე, ქ.თბილისში, ვ-–----–----–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანა „ტოიოტა“, სახელმწიფო ნომრით - P------, რომელსაც მართავდა შ----- დ----ე, დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ნ----- მ------–---–ს, რომელიც გადაყვანილ იქნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, ვ-–----–----–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გზის სავალი ნაწილი არის ასფალტირებული, უდეფექტო, მშრალი, ჰორიზონტალური პროფილის, რომელიც განკუთვნილია ავტომობილთა ცალმხრივად მოძრაობისათვის, პეკინის ქუჩის მხრიდან ვაჟა–ფშაველას ძეგლის მიმართულებით. გზის სავალი ნაწილი დაყოფილია ექვს სამოძრაო ზოლად. სავალი გზის მეექვსე სამოძრაო ზოლში არის 4,0 მეტრის სიგანის ავტომობილების პარკირების ვერტიკალური ზოლი. სავალი გზის მეექვსე სამოძრაო ზოლში, წინა ნაწილით მიმართული ვაჟა–ფშაველას ძეგლისაკენ გაჩერებულია ავტომობილი „ტოიოტა“, სახელმწიფო ნომრით P------. მისი წინა და უკანა მარცხენა ნაწილები პარკირების ზოლიდან დაცილებულია ვერტიკალურად 1,1-1,1 მეტრებით, ხოლო წინა მარცხენა კუთხე ვ-–----–----–---------------- საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი თაღიდან დაცილებულია ჰორიზონტალურად 5,6 მეტრით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს თან ერთვის სქემატური ნახაზი.
საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების ცნობის ავტორმა, უფროსმა ინსპექტორმა მ------ თ-------–---–მა დაადასტურა აღნიშნული ცნობის სისწორე. ასევე განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო გამომძიებელ ა-------–----–-–---–ის მიერ ჩატარებულ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე.
დაზარალებულ ნ----- მ------–---–ის ჩვენების თანახმად, 2016 წლის 10 ნოემბერს, თავის ხუთი წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, ვ-–----–----–-----------ზე, გზის ნაპირზე, რა დროსაც დაეჯახა უკუსვლით მოძრავი ავტომანქანა, რის შედეგადაც თავის არეში მიიღო დაზიანებები. არაერთი ქირურგიული ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, რომელთა ხარჯებმაც შეადგინა 30.000 ლარზე მეტი, განუვითარდა ეპილეფსია და საჭიროებს მუდმივ მკურნალობას. ავტომანქანის მძღოლს - შ----- დ----ეს მის მიმართ არავითარი ყურადღება არ გამოუჩენია და მატერიალური დახმარება არ გაუწევია. იგი ითხოვს მატერიალური ზიანის ანაზღაურებას და დამნაშავის დასჯას.
შეჯახების შედეგად ნ----- მ------–---–ის მიერ მიღებული დაზიანებების ხასიათისა და ხარისხის თაობაზე სასამართლოს ინფორმაციას აწვდის 20---–-–------------ის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი #--------ის ქსეროასლის ჩანაწერების მიხედვით, 2016 წლის 10 ნოემბერს, 10:42 წუთზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდა გამოძახებაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე, სადაც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს უცნობ ქალს, რომელიც 10.11.2016 წ-ს 10:50 სთ-ზე პაციენტი მძიმე ზოგადი მდგომარეობით ჰოსპიტალიზირებული იქნა შპს „ა------------------–----------–----------------------------–-------ში, დიაგნოზით: ინტრაკრანიალური ტრავმა. ტრავმული შოკი. ძილიანობა, სტუპორი და კომა.
ექსპერტიზაზე წარდგენილი ქ.თბილისის შპს „ა------------------–----------–----------------------------–-----ს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #------ის და ამავე კლინიკის ცნობა ჯანმრთელობის შესახებ #------ის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, მოქალაქე ნ----- მ------–---–ი ზემოაღნიშნულ კლინიკაში მკურნალობას გადიოდა 2016 წლის 10 ნოემბრის 10:50 საათიდან - 08 დეკემბრის 16:00 საათამდე, დიაგნოზით: პოლიტრავმა. ქალა-ტვინის ღია ტრავმა, მარჯვენამხრივი ეპიდურული ჰემატომა; მარცხენამხრივი სუბდურული ჰემატომა; სუბარაქნოიდალური ჰემატომა; თავის ტვინის დაჟეჟილობა; პნევმოცეფალია, ქალას სარქველის და ფუძის ძვლების მოტეხილობა. გულმკერდის დახურული ტრავმა, მარჯვენამხრივი ტრავმული პნევმოთორაქსი; სუნთქვის მწვავე უკმარისობა; ფილტვების დაჟეჟილობა; მარჯვენა პლევრის ღრუს დრენირების შ.პ. (10.11.2016 წ.); მარჯვნივ ეპიდურული და მარცხნივ სუბდურული ჰემატომის ევაკუაცია, მარჯვენამხრივი გაფართოებული დეკომპრესიული ტრეპანაციის შ.პ. (10.11.2016 წ.); კომა. ენცეფალოპათია; კოგნიტიური აშლილობები.
ექსპერტიზაზე წარდგენილი შპს „ი------- სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #-------ის და ამავე კლინიკის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #-------ის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, მოქალაქე ნ----- მ------–---–ი ზემოაღნიშნულ კლინიკაში მკურნალობას გადიოდა 2017 წლის 06 თებერვლის 09:20 საათიდან - 13 თებერვლის 12:00 საათამდე, დიაგნოზით: ინტრაკრანიალური ტრავმის შედეგები. ძვლოვანი დეფექტი მარცხენა შუბლ-თხემ-საფეთქლის და მარჯვენა შუბლ-საფეთქლის არეში-T90.5; ოპერაციის (პოსტოპერაციული ძვლოვანი დეფექტის კრანოიპლასტიკა მარცხენა შუბლ-თხემ-საფეთქლის და მარჯვენა შუბლ-საფეთქლის არეში) შემდგომი პერიოდი.
დაზიანებანი განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა გ------- მ-------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ზემოხსენებული დასკვნის სისწორე.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ნ----- ნ-------–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის 10 ნოემბერს, დილის საათებში, მისი კუთვნილი „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანით, რომლის საჭესთან იჯდა მისი დის ქმარი - შ----- დ----ე, მოძრაობდნენ ქ. თბილისში, ვ-–----–----–-----------ზე. თავად იჯდა მძღოლის გვერდით, წინა მარცხენა სავარძელზე, ხოლო უკან ისხდნენ მისი ძმა და შვილი. მოძრაობდნენ ნელა, რადგან ეძებდნენ ბანკს. მას შემდეგ, რაც დაინახეს ბანკი, შ----- დ----ემ პარკირების მიზნით დაიწყო უკუსვლით მოძრაობა, რა დროსაც იგრძნო რაღაცასთან შეჯახება. როდესაც ავტომანქანიდან გადმოვიდნენ ნახეს, რომ ბავშვი ფეხზე იდგა, ხოლო ქალი უგონო მდგომარეობაში ეგდო ძირს.
მოწმე ნ----- ნ-------–---–ის ჩვენებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები სრულად არის დადასტურებული ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომანქანაში მჯდომი მისი არასრულწლოვანი ძმის - ლ------- ნ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეების მიერ უდავოდ იქნა ცნობილი.
მოწმე ნ--- შ------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს შპს „ბ------------ში“ გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. 2016 წლის 10 ნოემბერს, დილის საათებში, აღნიშნული მაღაზიის წინ, ქ. თბილისში, ვ-–----–----–-----------ზე, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რასთან დაკავშირებითაც მისი მონაწილეობით პოლიციის თანამშრომლების მიერ დათვალიერებულ იქნა მაღაზიის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო-სამეთვალყურეო კონტროლის კამერები და ამოღებულ იქნა ვიდეოჩანაწერი.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა მაღაზია „ბ------------დან“ ამოღებული ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახულია, თუ როგორ ეჯახება უკუსვლით მოძრავი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალბატონს, კერძოდ, ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ ქვეითად მოსიარულე ქალბატონი (ნ----- მ------–---–ი), რომელსაც ხელი აქვს ჩაკიდებული მცირეწლოვან ბავშვზე, ნელი სვლით იწყებს გზის სავალი ნაწილის (ვ-–----–----–-----------ის) გადაკვეთას ირიბად. პარკირების ზოლიდან გამოსვლისას, ქვეითი ქალბატონი შეუჩერებლად, წამიერად იხედება მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ და შეუჩერებლად აგრძელებს მოძრაობას, შედის უკიდურეს მარცხენა სამოძრაო ზოლში, სადაც რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, მას მარცხენა მხრიდან, უკანა მარცხენა ნაწილით ეჯახება ღია ფერის მსუბუქი ავტომობილი, რის შემდეგაც ქვეითად მოსიარულე ქალბატონი ეცემა ავტომობილის უკან, მარცხენა მხარეს, ხოლო ავტომობილი ჩერდება. ამასთან, ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ავტომობილსა და ქვეითს შორის ხილვადობის შემზღუდველი რაიმე პირობა სავალ ნაწილზე არ არის.
2016 წლის 27 დეკემბრის ექსპერტიზის #--------- დასკვნის ვიდეო ექსპერტიზის ნაწილის თანახმად, ქვეითებმა პარკირების ზოლის დასასრულის მიდამოდან (ფოტო #1), სავალი ნაწილის უკიდურეს მარცხენა (მე-6) სამოძრაო ზოლში, მასზე ავტომობილის დაჯახებამდე მანძილის გავლას მოანდომა დაახლოებით 2,1 წამი დრო. ვიდეოჩანაწერის მიხედვით ავტომობილსა და ქვეითს შორის, ხილვადობის შემზღუდველი რაიმე პირობა სავალ ნაწილზე არ ყოფილა, ხოლო სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის ნაწილის თანახმად, - ავტომობილ „ტოიოტა“, P---------ის უკანა ნაწილში არსებული დაზიანებები განვითარებულია ძირითადად უკნიდან წინ მოქმედი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად და დამახასიათებელია ბლაგვ, რბილგარსიან საგანთან (საგნებთან) კონტაქტისათვის, როგორიც შესაძლებელია ყოფილიყო ადამიანის სხეულიც; - ავტომობილ „ტოიოტა“, P-------ის საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია; - მოცემულ პირობებში, ავტომობილ „ტოიოტა“, P-------ის მძღოლ შ----- დ----ეს, ტექნიკური თვალსაზრისით (დამუხრუჭებით), საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (ქვეითზე დაჯახების) თავიდან აცილება შეეძლო, თუ იგი იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა კ------------- შ----------–---–მა დაადასტურა მისი მონაწილეობით გაცემული ექსპერტიზის დასკვნის (სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის ნაწილის) სისწორე და განმარტა, რომ ვინაიდან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და მასზე თანდართულ სქემაში არ იყო დაფიქსირებული შემთხვევის ადგილზე, ავტომობილის მიერ დატოვებული რაიმე სახის (დამუხრუჭების, მოცურების და სხვა) კვალი, ავტოსაგზაო შემთხვევის მექანიზმის ასახსნელად იხელმძღვანელა ერთის მხრივ მძღოლის გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული მონაცემით, კერძოდ, ავტომობილის სიჩქარით - 25 კმ/სთ, ხოლო მეორეს მხრივ ვიდეო ექსპერტიზით დადგენილი დროით - 2,1 წამი, რაც ქვეითებმა მოანდომეს პარკირების ზოლის დასასრულის მიდამოდან, სავალი ნაწილის უკიდურეს მარცხენა (მე-6) სამოძრაო ზოლში ავტომობილის დაჯახებამდე მანძილის გავლას და დაადგინა, რომ 25 კმ/სთ სიჩქარით უკუსვლით მოძრავი ავტომობილ „ტოიოტას“ მძღოლი ქვეითზე დაჯახების ადგილიდან, საფრთხის შექმნის მომენტში დაცილებული იქნებოდა დაახლოებით 15 მეტრი მანძილით. სწორედ აღნიშნული მანძილი იყო ავტომობილ „ტოიოტას“ მძღოლის განკარგულებაში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (ქვეითზე დაჯახების) თავიდან ასაცილებლად. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი ავტომობილის გაჩერებისათვის საჭირო მანძილი იყო 10 მეტრი, რაც გაცილებით ნაკლებია მძღოლის განკარგულებაში ქვეითზე დაჯახების თავიდან ასაცილებლად არსებულ მანძილზე - 15 მეტრზე, შესაბამისად, ავტომობილ „ტოიოტას“ მძღოლ შ----- დ----ეს, ტექნიკური თვალსაზრისით (დამუხრუჭებით), საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (ქვეითზე დაჯახების) თავიდან აცილება შეეძლო, თუ იგი იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ლ-–ა ა-------–--ემ დაადასტურა მისი მონაწილეობით გაცემული ექსპერტიზის დასკვნის (ვიდეო ექსპერტიზის ნაწილის) სისწორე და განმარტა, რომ მის მიერ გამოკვლეულ იქნა ვიდეოჩანაწერი, რომლის საფუძველზეც ავტოტექნიკურ ექსპერტიზას მიეწოდა ინფორმაცია, თუ რა დროის ინტერვალში ხდებოდა ქვეითების გადაადგილება მძღოლის მხედველობის არეში, სად მოხდა შეჯახება და სად იყო მხედველობის არის წერტილი, კერძოდ, მის მიერ მხედველობის არედ მიჩნეულ იქნა ქვეითების პარკირების ზოლიდან გასვლა და მე-6 სამოძრაო ზოლში შესვლა. მისი თქმით, შესაძლებელია ქვეითები მძღოლის მხედველობის არეში მანამდეც ყოფილიყვნენ, თუმცა პარკირების ზოლიდან გასვლისა და მე-6 სამოძრაო ზოლში შესვლის წერტილიდან დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ ქვეითები იყვნენ მძღოლის მხედველობის არეში. სწორედ აღნიშნული ადგილიდან შეჯახებამდე გამოითვალა დრო და დაადგინა, რომ ქვეითმა პარკირების ზოლიდან გასვლისა და მე-6 სამოძრაო ზოლში შესვლის წერტილიდან დაჯახებამდე მანძილის გავლას მოანდომა დაახლოებით 2,1 წამი დრო.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლები - ა-------–----–-–---–ი, გ------ მ--------–-–---–ი და მ-----– ვ----ე, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ მოცემულ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
სასამართლოს დასკვნა შ----- დ----ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სტანდარტს და სასამართლოს უქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ შ----- დ----ემ ნამდვილად ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, კერძოდ:
საქმის ირგვლივ დაკითხულ იქნა დაზარალებული ნ----- მ------–---–ი, ასევე, ავტომანქანაში მჯდომი პირი - ნ----- ნ-------–---–ი, რომელთაც დეტალურად აღწერეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, კერძოდ, ნ----- მ------–---–ის გადმოცემით, იგი შვილთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, ვ-–----–----–-----------ზე, გზის ნაპირზე, რა დროსაც უკანა სვლით დაეჯახა ავტომანქანა, რის შედეგადაც თავის არეში მიიღო დაზიანებები, მოწმე ნ----- ნ-------–---–ის გადმოცემით: მას შემდეგ, რაც შ----- დ----ემ მისი კუთვნილი „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანით, ქ. თბილისში, ვ-–----–----–-----------ზე, პარკირების მიზნით დაიწყო უკუსვლით მოძრაობა, იგრძნო რაღაცასთან შეჯახება, როდესაც გადმოვიდნენ ნახეს, რომ დაზარალებული უგონო მდგომარეობაში ეგდო ავტომანქანის უკან. ქვეითზე ავტომანქანის დაჯახების ფაქტი დადასტურებულია აგრეთვე მაღაზია „ბ------------დან“ ამოღებული ვიდეოჩანაწერით. აღნიშნული შეჯახების შედეგად ნ----- მ------–---–ის მიერ მიღებული დაზიანებების ხასიათისა და ხარისხის თაობაზე სასამართლოს ინფორმაციას აწვდის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ნ----- მ------–---–ის სამედიცინო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული დაზიანებანი განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. მაღაზია „ბ------------დან“ ამოღებული ვიდეოჩანაწერის და საქმის სხვა მასალების შესწავლის შედეგად კი ექსპერტებმა კ------------- შ----------–---–მა და ლ-–ა ა-------–--ემ გასცეს კატეგორიული დასკვნა იმის თაობაზე, რომ მძღოლის შ----- დ----ის მოქმედება არ შეესაბამება “საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი ბლანკეტური ნორმაა, შესაბამისად, სასამართლოსთვის მოცემულ შემთხვევაში სახელმძღვანელოა ის ნორმატიული აქტი, რაც აწესრიგებს ამ კონკრეტულ სფეროს, კერძოდ, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნაზე, რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.
როგორც სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, ქვეითები მძღოლის - შ----- დ----ის მხედველობის არეში იმყოფებოდნენ პარკირების ზოლის დასრულებისა და სავალი ნაწილის უკიდურესი მარცხენა - მე-6 სამოძრაო ზოლში შესვლის მომენტიდან და მას ხილვადობის შემზღუდველი რაიმე პირობა არ ჰქონია. ასევე, იგი საფრთხის შექმნის მომენტში ქვეითებს დაცილებული იყო 15 მეტრით, რაც გაცილებით მეტია, რაც მოცემულ შემთხვევაში მძღოლ შ----- დ----ეს სჭირდებოდა (10 მეტრი) უკუსვლით მოძრავი ავტომობილის სრული გაჩერებისათვის, შესაბამისად, მას უნდა გამოეჩინა წინდახედულობა და მიეღო ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეემცირებინა სიჩქარე და გაეჩერებინა სატრანსპორტო საშუალება, რაც შ----- დ----ემ არ გააკეთა და ამ დაუდევრობის შედეგად დაეჯახა ქვეითს.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტების განმარტებით, ვიდეოჩანაწერით და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ მძღოლს ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო აერიდებინა თავიდან შეჯახება. მითუმეტეს, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი მძღოლს ავალდებულებს „გაითვალისწინოს საგზაო პირობები ...., რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს“, რაც შ----- დ----ემ არ გააკეთა.
აქვე სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ქვეითმა ნ----- მ------–---–მა თავის მხრივ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-8 პუნქტი, რომლის თანახმად, „...იქ, სადაც არ არის ქვეითთა გადასასვლელი, ქვეითი არ უნდა გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებამდე მანძილის, მისი სიჩქარის განსაზღვრამდე და გადასვლის უსაფრთხოებაში დარწმუნებამდე“. იმოქმედა რა აღნიშნული წესის დარღვევით, დაზარალებულმა თავის მხრივ დაარღვია კანონით დადგენილი წესი, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს შ----- დ----ის წილ ბრალეულობას, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში შ----- დ----ემ, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა ვალდებულება და შესაძლებლობა შექმნილ სიტუაციაში მიეღო ადეკვატური გადაწყვეტილება და თუნდაც დამუხრუჭების გზით თავიდან აეცილებინა ქვეითზე შეჯახება, დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების წესები და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არ მიიღო ყველა შესაძლო ზომა.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ავტო-საგზაო შემთხვევის მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, კერძოდ, აღსანიშნავია, რომ შ----- დ----ე არ არის ნასამართლევი, სახეზე გვაქვს შემთხვევა, როდესაც მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია როგორც თავად ბრალდებულმა, ასევე დაზარალებულმა. ბრალდებულის დაუდევრობამ და დაზარალებულის ვიქტიმურად აქტიურმა ქცევამ გამოიწვია მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. აღნიშნული გარემოებები გამოყენებული უნდა იქნეს, როგორც შ----- დ----ის სასარგებლო მოცემულობა სასჯელის განსაზღვრის კონტექსტში, თუმცა სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის პოსტდანაშაულებრივ ქცევას, კერძოდ, მან გამოავლინა უკიდურესი უპასუხისმგებლობა, როგორც მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაზარალებულის მიმართ, რომელსაც არ გაუწია არავითარი მატერიალური დახმარება, ასევე სასამართლოს მიმართ, რამდენადაც მან დატოვა ქვეყანა და თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
შ----- დ----ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე.
სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა თავი აარიდა სასამართლოს, არ ჰქონია დაზარალებულისათვის მორალური თანადგომისა და მატერიალური დახმარების გაწევის მცდელობაც კი, რის გამოც მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის - ჯარიმის განსაზღვრა სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) სავალდებულოდ მოითხოვს მსჯავრდებულისათვის თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ შ----- დ----ემ უხეშად დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, მას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება უნდა ჩამოერთვას სამი წლის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ----- დ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 (სამი) წლის ვადით.
2. მსჯავრდებულ შ----- დ----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
3. სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ავტომობილი „ტოიოტა“, სახელმწიფო ნომრით - P------, რაც განთავსებულია საჯარიმო ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - ნ----- ნ-------–---–ს.
- ვიდეოჩანაწერი, განთავსებული 1 (ერთ) ცალ CD დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
5. განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
6. მსჯავრდებულ შ----- დ----ის მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი