გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/942-17
N200210017002212060
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 ივნისი, 2019 წელი თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რიონული სასამართლო
მოსამართლე - მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - ხ----------–ი მ-----–-–---–ი
წარმომადგენელი - ნ---- ს------ე
მოპასუხე - ბ--- გ----–---–ი
დავის საგანი: ხელშეშლის აკრძალვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე ბ--- გ----–---–ს აეკრძალოს მოსარჩელის საკუთრების სარგებლობის ხელშეშლა მოპასუხემ ბ--- გ----–---–მა გამოანთავისუფლოს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული გალავანი, რომელიც მდებარეობს ქ. თ--–--ში, ქუჩა დ. რ---------------ში, დარეგისტრირებული აქვს 2017 წლის 22 ოქტომბერს მესაკუთრის უფლებით საჯარო რეესტრში. სარეგისტრაციო ზონა თ--–--ი 5-, სექტორი ქალაქი თ--–--ი 2-, კვარტალი 4-, ნაკვეთი 4--, ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 3--.00 კვ.მ. მიწის საკადასტრო კოდი #5-.2-.4-.4--, თავის მიერ მიშენებული საქათმით
1.2. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
მოსარჩელე მხარემ წარმოდგენილი სარჩელით განმარტა, იგი ცხოვრობს ქ. თ--–--ში დ--------------------------ში და მის სახელზე დარეგისტრირებულია მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი, აგრეთვე ეზო სათავსოებით. აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს მარტო. 2016 წლის აგვისტოს თვეში გახდა ავად, მიიღო ინსულტი მოპასუხემ ბ--- გ----–---–მა ისარგებლა მისი უმწეო მდგომარეობით, აგრეთვე იმითაც, რომ ცხოვრობდა მარტო აღნიშნული მდგომარეობით და მის საკუთრებაში არსებულ გალავანს გამოაცალა ხუთი ბლოკი და გალავანზე მიაშენა საქათმე ისე, რომ არც კი უკითხავს მისთვის იყო თუ არა თანახმა, რომ გალავანზე მიეშენებინა საქათმე. მოპასუხემ თვითნებურად უნებართვოდ მოანგრია გალავანი და უნებართვოდ მიაშენა მოსარჩელის გალავანზე საქათმე, რაც არის უკანონო.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ ეთანხმება მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, თითქოს მე მის უნებართვოდ გამოაცალა ბლოკი მის გალავანს და მიაშენა საქათმე გალავანზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან მოსარჩელის კუთვნილი გალავანი დიდი ხანია იშლება და დაზიანებულია, იგი გადმოწოლილია მისი სახლის კედელზე, ჩამოდის წყალი და უზიანებს კედელს, რაც შეეხება საქათმეს, ის არის პატარა ფიცრული, რომლის არცერთი კედელი (თუ შეიძლება ფიცრებისაგან შეკრულ ყუთს კედელი ჰქონდეს), გალავანს არ ეხება, არამედ დაშორებულია გალავნიდან, რაც კარგად ჩანს მის მიერ წარმოდგენილ ფოტოებზე. ფოტოებზე ნათლადაა ასევე ასახული მოსარჩელის გალავანი, რომელიც დაზიანებულია, გადაწოლილია და მიყრდნობილია მისი სახლის კედელზე. მოსარჩელის დავის უსაფუძვლობას ადასტურებს შსს სამმართველოს პასუხიც. მისი მხრიდან არანაირ ნივთის განკარგვის ხელშეშლას ადგილი არა აქვს, მოსარჩელის დაზიანებული გალავნით მის ქონებას ადგება ზიანი. მოსარჩელის მხრიდან არ არსებობს დავის საგანი, ვინაიდან მის ეზოში მდებარე ნაგებობა არანაირ შეხებაში არაა მოსარჩელის კუთვნილ გალავანთან, პირიქით, მისი გალავანი სხვა ადგილას არის გადაწოლილი მოპასუხის სახლის კედელზე მიყრდნობილი და აზიანებს სახლის კედელს. მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა არ ხდება, მის კუთვნილ გალავანზე არ აქვს არანაირი მიშენება განხორციელებული და შესაბამისად, მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობს ქ. თ--–--ში, ქუჩა დ. რ---------------ში, დარეგისტრირებული აქვს 2017 წლის 22 ოქტომბერს მესაკუთრის უფლებით საჯარო რეესტრში. სარეგისტრაციო ზონა თ--–--ი 5-, სექტორი ქალაქი თ--–--ი 2-, კვარტალი 4-, ნაკვეთი 4--, ნაკვეთის დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 3--.00 კვ.მ. მიწის საკადასტრო კოდი #5-.2-.4-.4--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 19-2-)
3.1.2. მოპასუხის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ქ. თ--–--ში, ქუჩა დ------------ის N---ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შესაგებელი(ს.ფ.28-33)
-მოპასუხის განმატება(ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ადგილის დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული ფოტო სურათებით დადგენილია რომ მოსარჩელის კუთვნილი გალავანი დაზიანებულია და იშლება, იგი გადაწოლილია მოპასუხის სახლის კედელზე, რაც შეეხება საქათმეს, ის არის პატარა ფიცრული, რომლის არცერთი კედელი გალავანს არ ეხება და დაშორებულია გალავნიდან დაახლოებით 25-30 სანტიმეტრი სიშორით. ასევე მოპასუხის დამხმარე ნაგებობაზე დაფარებული შიფერი მხოლოდ ერთ ადგილას(დაახლოებით 10 სანტიმეტრის მანძილზე) აფარია კედელს ზემოდან და არ არის დადებული კედელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ადგილის დათვალიერების ოქმი(ს.ფ.57-59)
-ფოტო სურათები(ს.ფ.37)
სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის 105. 2 მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე,170-ე, 172-ე, 176-ე,179-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. მეორე ნაწილის თანახმად, კი უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გრძელდება, მესაკუთერს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და, ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა სახეზეა შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 176-ე მუხლის თანახმად მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს უნდა ითმინოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა. ამევე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საზღვრის დამრღვევი მეზობელი ვალდებულია გადაიხადოს ფულადი კომპენსაცია, რომელიც ყოველწლიურად წინასწარ უნდა იქნეს გადახდილი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა გულისხმობს ისეთ დარღვევას, როდესაც ნაგებობა ან მისი ნაწილი მთლიანად იკავებს მეზობლის საკუთრების უფლებას. მოცემულ შემთხვევაში მხარე ვალდებულია ბოროტად არ გამოიყენოს საკუთრების უფლება. ამდენად საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხე ბ--- გ----–---–ის მხრიდან მოსარჩელე ხ----------–ი მ-----–-–---–ის საკუთრების დაუშვებელი და მნიშვნელოვანი ხელყოფის ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ზემოაღნიშნული მუხლების თანახმად, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მითითებული გარემოებები, არამედ, მოპასუხეცაა ვალდებული სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს შესაგებელში აღნიშნული გარემოებები.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მისი მტკიცების ტვირთს წარმოდგენა სარჩელის საფუძლიანობის დასადასტურებლად, რის გამოც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე მხარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მოსარჩელის მიერ გადახდილის სახელმწიფო ბაჟის უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1.ხ----------–ი მ-----–-–---–ის სარჩელი ბ--- გ----–---–ის მიმართ არ დაკმყოფილდეს.
2. მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითავლოს გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. თელავი, დ. აღმაშენებლის ქ. N41) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე