განაჩენი

სისხლის სამართლის 17.05.2019
საქმის ნომერი
330100119002891138
თარიღი
17.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/1------

(გამოძიების №0----------8)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-----–------–----–--ა,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ვ-----–-------–-ა (დაბადებული - 1----–-–--------------------------–----------–---------------------------------------–-------------------------------------–------------–--------------------–---------------------------–-------------------–-------–-------------------------------------------------------ში),კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051 მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ქონების გადამალვა მოჩვენებითი გარიგებით, ჩადენილი უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. შპს „ო-----–----ი“ (ს/ნ 4--------) გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2010 წლის 29 ნოემბერს. 2014 წლის 7 ივლისიდან საწარმოს დამფუძნებელი, 100% წილის მფლობელი და დირექტორია - ვ-----–-------–-ა. საწარმო ფაქტობრივად საქმიანობდა ქ. თბილისი, გ-–------------------------------------ მიმდებარე ტერიტორიაზე. საწარმოს ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ავტომანქანის აკუმულატორებით ვაჭრობა.

 

2015 წლის მაისის პერიოდში შპს „ო-----–----სა“ და თურქულ კომპანია „ქ----------–-----------------------ეს“ შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, ამ უკანასკნელმა 2015 წლის ივნისის თვეში, შპს „ო-----–----ს“ მიაწოდა 47 058 აშშ დოლარის ღირებულების ავტომანქანის აკუმულატორები, მხარეთა შეთანხმებით, საქონლის საბოლოო ღირებულებად განისაზღვრა 47 000 აშშ დოლარი, ხოლო გადახდის ვადად ერთი თვე.

 

შპს „ო-----–----მა“, ზემოთხსენებული საქონლის ღირებულების ნაწილი - 30 000 აშშ დოლარი 2015 წლის 28 მაისსა და 22 ივნისს ორ ეტაპად გადაურიცხა „ქ----------–----------------------ეს“, ხოლო დარჩენილი ნაწილი 17 000 აშშ დოლარი, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა არ გადაუხდია.

 

ვ-----–-------–-ამ 2016 წლის ივლისის პერიოდში შეიტყო, რომ „ქ----------–-----------------------ეთის“ წარმომადგენლები, ზემოთხსენებული თანხის შპს „ო-----–----ისათვის“ დაკისრების მოთხოვნის მიზნით, აპირებდენენ სასამართლოში სარჩელის შეტანას, რის შემდგომაც შპს „ო-----–----ს“ დაეკისრებოდა, „ქ----------–-----------------------ეთის“ სასარგებლოდ უკვე არსებული დავალიანების 17 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

შპს „ო-----–----ის“ 100% წილის მფლობელმა და დიექტორმა ვ-----–------–--მ განიზრახა უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი გარიგების გზით, ქონების გადამალვა, რადგან არ მომხდარიყო დაკისრებული თანხდების იძულების წესით ამოღება.

 

2016 წლის 29 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა განჩინება სარჩელის უზურნველყოფის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ, რომლის მიხედვითაც ყადაღა დაედო შპს „ო-----–----ის“ საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთებს. ამავე თარიღში გაიცა სააღსრულებო ფურცელი. განჩინებაში და სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე, შპს „ო-----–----ის“ მიერ საქმიანობის განუხორციელებლობის გამო, ვერ აღსრულდა განჩინება.

2016 წლის 12 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ო-----–----ს“, „ქ----------–------------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 17 000 აშშ დოლარის, სახელმწიფო ბაჟის 1344 ლარის, თარჯიმნის და სანოტარო მომსახურების 125 ლარისა და იურიდული მომსახურების 1600 ლარის ანაზღაურება.

 

უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, შპს „ო-----–----ის“ ხელმძღვანელმა და წამომადგენელმა - ვ-----–------–--მ 2016 წლის 16 აგვისტოს, 100% წილობრივი მონაწილეობით, დააფუძნა შპს „ა------–------------“ (ს/ნ 4--------) და გახდა ამავე საწარმოს დირექტორი. 2016 წლის 24 აგვისტოს, 20 სექტემბერს დ 18 ოქტომბერს, ვ-----–------–--მ შპს „ო-----–----ის“ საკუთრებაში ფაქტობრივად არსებული 3 565 ლარის ღირებულების საქონლის ნაშთი მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე სრულად გადაიტანა შპს „ა-----–-------------ის“ ბალანსზე და გააგრძელა საქმიანობა აღნიშნული საწარმოს სახელით, რითაც „ქ----------–-------------------------ს“ მოუსპო კანონისმიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. ვ-----–-------–-ას მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ი---------–--ის, ნ-----–---–-–---–ის, ლ---------------------ის, თ--------------------სა და კ------------------ის გამოკითხვის ოქმებს, დათვალიერების ოქმებს, ოქმს დოკუმენტის დათვალიერებისა და საქმეზე დართვის შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება, სააღსრულებო წარმოების მასალები და ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები.

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ვ-----–-------–-ას სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 2051-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ქონების გადამალვისთვის მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით, ჩადენილი უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია კრედიტორთა კანონით დაცული ინტერესი. ამ დანაშაულის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, რომ სახეზე იყოს მოსალოდნელი ან/და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზანი. ქონების გადამალვა შეიძლება განხორციელდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ან ნებისმიერი პირის მიმართ არსებული ქონებრივი ვალდებულებების თავის ასარიდებლად. აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი შეიძლება იყოს სპეციალური სუბიექტი, მაგ. საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ვ-----–-------–-ა იყო საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი. მან უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით შპს ,,ო-----–----ის’’ საკუთრებაში არსებული 3 565 ლარის ღირებულების საქონლის ნაშთი მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე სრულად გადაიტანა მის მიერ დაფუძნებული შპს ,,ა------–-------------ის’’ ბალანსზე და საქმიანობა გააგრძელა აღნიშნული საწარმოს სახელით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 2051 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

3.3. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ვ-----–-------–-ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 2051 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ქონების გადამალვა მოჩვენებითი გარიგებით, ჩადენილი უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით), რომლისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1.-4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 2051 მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ვ-----–-------–-ას პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.5. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

4.6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ვ-----–-------–-ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავო) და აღიარა ბრალად წარდგენილი დანაშაული. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია ნაკლებად მძიმე, არაძალადობრივი კატეგორიის დანაშაული), დანაშაულის ჩადენის სახესა და ხერხს (ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით ვ-----–-------–-ამ შპს ,,ო-----–----ის’’ საკუთრებაში არსებული საქონლის ნაშთი მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე სრულად გადაიტანა მის მიერ დაფუძნებული შპს ,,ა------–-------------ის’’ ბალანსზე და საქმიანობა გააგრძელა აღნიშნული საწარმოს სახელით), ვ-----–-------–-ას კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, მის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავს ოჯახი, არის დასაქმებული, აქვს ფინანსური კრიზისი), დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარება/ქონებრივი ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდება), ასევე იმ საკითხს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება უტყუარად არ დგინდება და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მას სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა.

 

4.7. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.

 

4.8. ამდენად, განაჩენის 4.5.-4.7. პუნქტებში მითითებული გარემოებების, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ვ-----–-------–-ას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს - ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ვ-----–-------–-ას პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ-----–-------–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2051 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით.

 

2. ვ-----–-------–-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი