განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100118002512009
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
#1/170-18 13 მარტი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031020518009)
მოსამართლე - თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი - დიანა ქოჩორაშვილი, თამთა როყვა,თამთა ჩულუხიძე, ცაცა ებრალიძე,ნ----- მიქელაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზაზა ცქვიტარია
დაცვის მხარე:
ადვოკატი: დავით აბესაძე
ბრალდებული: რ------------–---ი
მამის სახელი: ვაგიფ
დაბადებული: 1-----–-–-------------------
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–----------–--------–----–-------------–-----–-----------
თარჯიმანი: ნაილი იბრაგიმოვა, სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ---- ი-----–---ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. ასევე ბრალად ედება, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
რ---- ი-----–---მა გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ საერთო წონით 0,0475 გრამი, რომელიც 2018 წლის 29 მაისს დაახლოებით 20:45 საათზე, ქ. მარნეულში 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ე.წ. ძველი საავადმყოფოს ტერიტორიაზე 250 ლარად გაასაღა მოქალაქე მ------- ს------ზე.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა რ------------–---ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება.
2018 წლის 2 მაისის პატაკის თანახმად ბ------– გ----–---მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რ---- ი-----–---ი მცხოვრები მარნეულის რაიონის სოფელ ყიზლაჯლოში დ. აღმაშენებლის ქ.N4-ში იყო ნარკორეალიზატორი. იმავე დღეს ბ------– გ----–---ის მიერ მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომ რ---- ი-----–---ის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა მ------- ს------ი, მცხოვრები წ--–-ის რაიონის სოფელ წ--–-აროში.
2018 წლის 29 მაისის ამოღების ოქმის თანახმად ამოღება ჩატარდა მ------- ს------თან გამომძიებელ ე-–----- ბ---–----ის მიერ ქ. მარნეულში 26 მაისის ქუჩაზე, 26 მაისის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამოღება მიმდინარეობდა 21:30 საათიდან 21:50 საათამდე. ამოღებულ იქნა ერთ წონაკად დაფასოებული სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც იყო გახვეული პოლიეთელინის მონახევში. ამოღებული ნივთიერება მოთავსებულ იქნა ე.წ. ფაილში და დაილუქა მარნეულის რაიონული სამმართველოს ლუქით N30/9. ლუქზე დაესვა ხელმოწერები, თარიღი და საქმის ნომერი.
2018 წლის 31 მაისის ქიმიური ექსპერტიზის N1297/სქ-1570/ქრ დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი მოყავისფრო ნივთიერება, წონით - 0,0873 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკულ საშუალება-ჰეროინის წონაა- 0,0475 გრამი.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოზე დაკითხვისას დაადასტურეს ექსპერტებმა ნ----- წ---–---რმა და ს------- ც--------მ.
ნ----- წ---–---რმა განმარტა, რომ მუშაობს შსს საექსპერტო-კრიმინალური განყოფილების ექსპერტად, 2018 წლის 31 მაისს გასცა ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა. მასთან ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო ერთი პაკეტი, რომელსაც აღენიშნებოდა გაურკვეველი ხელმოწერები, პაკეტი მოთავსებული იყო ფაილში, პაკეტში არსებული ნივთიერება კი იყო ფხვნილის სახით. ს------- ც--------მ კი განმარტა, რომ მის მიერ ჩატარდა ინსტრუმენტარული ანალიზი, კვლევის შედეგად კი დადასტურდა, რომ ნივთიერება შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს.
ფარული აუდიოჩაწერის/ვიდეოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შუალედური N272 ოქმის თანახმად ჩაწერა მიმდინარეობდა ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩა N72-ში მდებარე გასართობ ცენტრ ,,777“ , მარნეულის ქუჩაში მოძრავ ავტომობილში და 26 მაისის სახელობის ქუჩა N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 2018 წლის 29 მაისს 18:50:07 საათიდან 2018 წლის 29 მაისის 20:05:48 საათამდე ერთის მხრივ მ------- ს------ა და მეორეს მხრივ რ---- ი-----–---ს შორის. ვიდეო ჩანაწერში ჩანს, რომ რ---- ი-----–---ი ზის ტოტალიზატორში სათამაშო აპარატთან. მასთან მიდის მ------- ს------ი და ეუბნება დაიტოვოს მისი ვალი, კერძოდ 100, 100 და 50, ანუ მთლიანობაში 250 ლარი. ამის შემდეგ ეკითხება რამდენ ხანში იქნება, რაზეც რ---- ი-----–---ი პასუხობს, რომ იქნება ნახევარ საათში და სთხოვს გარეთ დაელოდოს. მ------- ს------ი გარკვეული დროის განმავლობაში ელოდება, შემდეგ ურეკავს, სთხოვს დროულად მოსვლას, იყენებს შეურაცხმყოფელ სიტყვებს. გარკვეული დროის შემდეგ ხვდებიან ძველ საავადმყოფოსთან, რ---- ი-----–---ი ჯდება ავტომანქანაში და მ------- ს------ს გადასცემს მოყვითალო ფერის პატარა შეკვრას. შემდეგ სთხოვს გააჩეროს მანქანა, მ------- ს------ის კითხვაზე ისეთივეა თუ არა პასუხობს დადებითად და გადადის ავტომანქანიდან. კადრში ჩანს, რომ მ------- ს------ს ხელის გულზე უდევს მის მიერ გადაცემული მოყვითალო შეკვრა და აღნიშნავს ,,დაგენძრა რ----ჯან დაგენძრა. აი ეს ფაქტია“.
2018 წლის 22 ივნისის რ---- ი-----–---ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად ჩხრეკა ჩატარდა 04:35 საათიდან 04:50 საათებს შორის შუალედში, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზლაჯლოში დ. აღმაშენებლის ქ. N4-ში. რ---- ი-----–---ის პირადი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამოღებული არ ყოფილა.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე რ---- ი-----–---ი დაკავებულ იქნა 2018 წლის 22 ივნისს 04:55 საათზე.
2019 წლის 22 ივნისის ნარკოლოგიური ექსპერტიზის N7021011 დასკვნის თანახმად რ---- ი-----–---ს ნარკოლოგიური შემოწმების თანახმად დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფი, მეტადონის მოხმარების ფაქტი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა თ------ კ----–--მ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
2018 წლის 7 სექტემბრის ჰაბიტოსკოპიური N578/ჰ დასკვნის თანახმად ვიდეოგრამიდან ამოღებული პიროვნების გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია და იდენტურის მონაცემთა ბაზიდან ამოღებული 10.09. 1978 წელს დაბადებული რ---- ვაგიფის ძე ი-----–---ის (პ/ნ 2-----------) სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახისა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა გიორგი გიორგაძემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2018 წლის 7 სექტემბრის N557/ვ-ტ ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამებს არ აღენიშნებოდა რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები.
2018 წლის 6 სექტემბგრის N145/ ფონოსკოპიური დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ჩანაწერები არ იყო საკმარისი საიდენტიფიკაციო გამოკვლევისათვის პიროვნების ხმისა და მეტყველების მიხედვით, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებდა მათ ხელთ არსებულ მეთოდიკაში მითითებულ საჭირო მოთხოვნას - რეპრეზენტატულობას, ანუ არ გააჩნდა დამაკმაყოფილებელი ხანგრძლივობა პიროვნების თავისუფალი მეტყველების ჩანაწერისა.
სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხნენ ე-–----- ა--–-----ი და დ--------------–--ლი, მათ დაადასტურეს გაცემული ექსპერტიზების სისწორე. ე-–----- ა--–-----მა განმარტა, რომ ჩანაწერის მიხედვით ვერ დადგინდა ხმის იდენტიფიკაცია. დ--------------–--ლმა კი განმარტა, რომ მასთან წარდგენილი იყო ორი ჩანაწერი განთავსებული ერთ დისკზე და მეორე დისკი, სადაც იყო ხმის ნიმუში. პირველი დისკზე ვიდეო ჩანაწერები ერთმანეთის გაგრძელება იყო თუ არა არ იცის, რადგან აღნიშნულთან დაკავშირებით მას კვლევა არ ჩუტარებია.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ბ------– გ----–---მა განმარტა, რომ მუშაობს მარნეულის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მარნეულის რაიონის სოფელ ყიზლაჯლოში მცხოვრები რ---- ი-----–---ი იყო ნარკორეალიზატორი. ასევე მიიღო მეორე ინფორმაციაც, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა მ------- ს------ი. ბ------– გ----–---მა განმარტა, რომ ორივე ინფორმაციის თაობაზე პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას. პატაკის თაობაზე მოწმის სახით გამოიკითხა ი--–--- ნ---------ის მიერ. მოწმის განმარტებით ოპერატიული ინფორმაციები მიაწოდა ერთმა პიროვნებამ.
დაკითხვისას ი--–--- ნ---------მა განმარტა, რომ მუშაობს მარნეულის რაიონულ სამმართველოში, კაჩაგნის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. მან დაადასტურა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით გამოკითხა ორი პიროვნება ბ------– გ----–---ი და მ------- ს------ი. ი--–--- ნ---------ის განმარტებით მარნეულის და კაჩაგნის განყოფილებას შორის მანძილი არის დაახლოებით 25 კილომეტრი, ბ------– გ----–---ი მის მიერ გამოიკითხა კაჩაგნის განყოფილებაში.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მარნეულის შსს რაიონული სამმართველოს გამომძიებელი ე-–----- ბ---–----ე. მან განმარტა, რომ რ---- ი-----–---ის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ჩართული იყო საგამოძიებო ჯგუფში. დაადასტურა, რომ მან გამოკითხა მ------- ს------ი, ამოიღო მისგან ნარკოტიკული საშუალება. დამატებით განაცხადა, რომ რ---- ი-----–---სა და მ------- ს------ს შორის შეხვედრა შედგა 2018 წლის 29 მაისს, მ------- ს------მა რ---- ი-----–---ს გადასცა თანხა, ხოლო რ---- ი-----–---მა მას გადასცა ნარკოტიკი. ე-–----- ბ---–----ემ განაცხადა, რომ მ------- ს------ი ცხოვრობდა წ--–-აში და მუშაობდა კ--------ში. დღეის მდგომარეობით კი მათ ზარს არ პასუხობდა და იმალებოდა. მოწმის განმარტებით მ------- ს------ის აღჭურვა განახორციელა გეგა ჭაფოძესთან, ჩარკვიანთან და ხორბალაძესთნ ერთად. ე-–----- ბ---–----ემ განმარტა, რომ ს------ი ნახა მარნეულში 26 მაისის ქუჩაზე, იყო მარტო და თავად გადასცა თანხა. თანხა აიღო დეპარტამენტიდან, რასაც აფიქსირებს ხელმოწერით.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის შუამდგომლობით გამოქვეყნდა მ------- ს------ის მიერ გამოძიებისას მიცემული ჩვენებები.
2018 წლის 2 მაისს გამომძიებლის წინაშე დაკითხვისას მ------- ს------მა განმარტა, რომ ცხოვრობს წ--–-ის რაიონის სოფელ წ--–-აროში. მუშაობს ბოლნისის რაიონში, დაბა კ--------ში არსებულ ,---------”-ში მძღოლად. დაადასტურა, რომ იცნობს მარნეულის რაიონში, სოფელ ყიზლაჯლოში მცხოვრებ რ---- ი-----–---ს. ასევე განმარტა, რომ მისი ინფორმაციით რ---- ი-----–---ი არის ნარკორეალიზატორი. დაკითხვისას მ------- ს------მა თანხმობა გამოთქვა მიეღო მონაწილეობა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში.
2018 წლის 29 მაისს მ------- ს------ი გამოიკითხა გამომძიებელ ე-–----- ბ---–----ის მიერ. გამოკითხვა მიმდინარეობდა 21:00 საათიდან 21:20 საათამდე. მან განმარტა, რომ 2018 წლის 29 მაისს ქ. მარნეულში რუსთველის ქუჩაზე კაზინო ,,777“-ში შეეხვდა რ---- ი-----–---ს, რა დროსაც მას გადასცა სპეციალურად ნარკოტიკული ნივთიერების შესაძენად გამოყოფილი ფულადი თანხა 250 ლარი. რ---- ი-----–---მა განუმარტა, რომ 40 წუთში მისულიყო მარნეულში 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ძველ საავადმყოფოსთან. 40 წუთში ძველ საავადმყოფოსთან შეხვდა რ---- ი-----–---ს, რომელმაც გადასცა ერთ წონაკად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება. ასევე განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა თან და წარმოადგენდა დაკითხვის დასრულებისთანავე.
სასამართლომ შეაფასა აღნიშნული მტკიცებულებანი და მიიჩნევს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება რ---- ი-----–---ის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვის და მ------- ს------ზე ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი.
სასამართლომ ყურადღებას ამახვილებს 2018 წლის 29 მაისის მ------- ს------თან ჩატარებული ამოღების ოქმზე, მოწმე ე-–----- ბ---–----ის ჩვენებაზე, სასამართლოზე გამოქვეყნებული მ------- ს------ის ჩვენებებზე და წარმოდგენულ ფარულ ვიდეო ჩანაწერზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტირებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს რ----ს ი-----–---ის მიერ მ------- ს------ისათვის გადაცემული ნივთი, რამდენად იდენტურია მ------- ს------ის მიმართ ჩატარებული ამოღების შედეგად მოპოვებული ნივთისა. დადგენილია, რომ მ------- ს------ი მარტო ხვდება რ---- ი-----–---ს, ასევე მ------- ს------ის მიმართ არ ხორციელდება მუდმივი კონტროლი, ასევე ვიდეო ჩანაწერში ცალსახად ჩანს, მ------- ს------ის აქტიურობა და სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მის მიერ ვიდეო ჩანაწერში გამოთქმულ ემოციაზე -,,დაგენძრა რ----ჯან დაგენძრა. აი ეს ფაქტია“. სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი მ------- ს------ი და დაცვის მხარეს არ მიეცა საშუალება დაეკითხა საქმისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი მოწმე. სასამართლო სხდომაზე მ------- ს------ის დაკითხვით უნდა გამოკვლეულიყო არსებობდა თუ არა რაიმე პირადი მოტივი მისი მხრიდან ინფორმაციის მიწოდებისას, ხომ არ განხორციელდა მასზე ზეწოლა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი კონკრეტული მოწმის დაკითხვის საჭიროების გადაწყვეტას ეროვნული სასამართლოს კომპეტენციას განაკუთვნებს. ევროპული სასამართლოს განმარტებით აღნიშნული ნორმა არ მოითხოვს ყველა მოწმის დასწრებას და დაკითხვას, მისი მთავარი მიზანია უზრუნველყოფილ იქნეს მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა. იმ შემთხვევაში, როდესაც განაჩენი ეფუძნება მოწმის ჩვენებას, რომლის დაკითხვის შესაძლებლობაც ბრალდებულს არ ჰქონია არც გამოძიების და არც სასამართლოს ეტაპზე, როგორც წესი წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას. აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება მე-6 მუხლით გარანტირებულ უფლებას სამართლიან სასამართლოზე.
ყოველივე აღნისნულიდან გამომდინარე სასამართლო ერთმნიშვნელოვნად ვერ ადგენს იდენტურია თუ არა რ---- ი-----–---ის მიერ მ------- ს------ისათვის გადაცემული ნივთი. ყოველგვარი ეჭვი კი რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3. სამართლებრივი შეფასება.
3.1. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაწესებულია მტკიცებულების შეფასების წესი, რომლის თანახმადაც მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ რ---- ი-----–---ის დამნაშავედ ცნობისათვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ბრალდებული რ---- ი-----–---იი უნდა გამართლდეს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში, ასევე ნარკოტიკული ნივთიერების გასაღებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ------------–---ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
რ---- ი-----–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და რ---- ი-----–---ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
რ---- ი-----–---ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
DVD -დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით.
ნარკოტიკული საშუალება განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე