გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/8222-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - გ------------------ი
მოპასუხე - შპს ,,ე----"
წარმომადგენელი - ნ-----------–-–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს შპს ,,ე----“-ს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 21032.32 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2016 წლის 11 ივლისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,ე----“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--------------- ხელშეკრულება, რომლის შესყიდვის ობიექტსაც წარმოადგენდა ქ. თბილისში, ნ----–-----ის რაიონში ჩ-----–ის ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები.
ხელშეკრულების 2.4 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 2 560 000.15 ლარით.
2016 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმებით, რომელიც წარმოადგენს 2016 წლის 11 ივლისს N--------------- ხელშეკრულების განუყოფელს ნაწილს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაიზარდა ხელშეკრულების ვადა და შპს ,,ე----“-ს აღნიშნული შეთანხმების გაფორმებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში დაევალა ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2 პუნქტის შესაბამისად, რედაქტირებული სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის წარმოდგენა და შეთანხმება, რაც შპს ,,ე----“-ს მიერ არ განხორციელებულა.
მხარეთა შორის 2016 წლის 31 ოქტომბრის შემდეგი შეთანხმების თანახმად, მხარეთა შორის შეთანხმებული სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 15 ნოემბერი. თუმცა შპს ,,ე----“-ს მიერ სამუშაოები დასრულდა 15 კალენდარული დღის გადაცილებით, კერძოდ - 2016 წლის 30 ნოემბერს.
მხარეთა შორის 2016 წლის 8 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმებით ხელშეკრულების თანხა განისაზღვრა 2 474 389,26 ლარით.
ა(ა)იპ თ---–----------–----–-------–--------------ის 2016 წლის 9 დეკემბრის N-------- შეუსაბამობის აქტით დასტურდება, რომ შპს ,,ე----“-ს მიერ სამუშაოები შესრულებულია არაჯეროვნად.
შპს ,,ე----“-მ დროულად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.2 პუნქტის შესაბამისად, კალენდარული გეგმა-გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 დღის ვადაში წარმოუდგენლობისათვის შპს ,,ე----“-ს ეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით (2 474 389,26 * 0.05/100 = 1237,20 ლარი).
ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.6 პუნქტის შესაბამისად, სამუშაოების ვადის დარღვევისათვის შპს ,,ე----“-ს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (15 დღე) (2 474 389,26 * 0.05/100 = 1237,20 *15 = 18 557.92 ლარი).
ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.4 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისათვის შპს ,,ე----“-ს ეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით (2 474 389,26 * 0.05/100 = 1237,20 ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--------------- ხელშეკრულება;
- 2016 წლის 12 ოქტომბრის, 31 ოქტომბრისა და 8 დეკემბრის შეთანხმებები;
- პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ 2016 წლის 19 დეკემბრის N--------- წერილი;
- 2016 წლის 13 დეკემბრის N10 მიღება-ჩაბარების აქტი;
- 2016 წლის 13 დეკემბრის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი;
- 2016 წლის 09 დეკემბრის N-------- ა(ა)იპ თ---–----------–----–-------–--------------ის შეუსაბამობის აქტი
- სარჩელი;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წერილობითი წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას არ ეთანხმება. ასევე როგორც შესაგებელში ასევე სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ შესასრულებელი სამუშაოების ვადის გადაცილებაში კომპანიას ბრალი არ მიუძღვის, ვინაიდან სამუშაოების წარმოების დროს მოპასუხე კომპანიას შეექმნა მთელი რიგი პრობლემები, რაც გამოწვეული იყო ერთის მხრივ უხვი ნალექით, მეორეს მხრივ არასრული პროექტით და მესამეს მხრივ პროდუქციის ფასების ზრდით.
მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ პირგასამტეხლოს დათვლის მეთოდოლოგია წინააღმდეგობაშია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციასთან, რომლის თანახმადაც პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა განხორციელდეს, არა სახელშეკრულებო თანხიდან, არამედ შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან და მისი ოდენობა უნდა იყოს შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.02%. ასევე განმარტავს, რომ სამართლიანი იქნება პირგასამტეხლოს დაკისრება განხორციელდეს კონკრეტულად მიცემული დავალების ღირებულებიდან, 189959.05 ლარიდან, რომელიც იქნება (189959.05*0.05/100*15) 1424.69 ლარი, ხოლო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დათვლა არასამართლიანი და არასწორია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შესაგებელი და თანდართული მასალები;
- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 11 ივლისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,ე----“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--------------- ხელშეკრულება, რომლის შესყიდვის ობიექტსაც წარმოადგენდა ქ. თბილისში, ნ----–-----ის რაიონში ჩ-----–ის ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები. ხელშეკრულების 2.4 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 2 560 000.15 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 11.07.2016 წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--------------- ხელშეკრულება.
3.1.2. 2016 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმებით, რომელიც წარმოადგენს 2016 წლის 11 ივლისს N--------------- ხელშეკრულების განუყოფელს ნაწილს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაიზარდა ხელშეკრულების ვადა და შპს ,,ე----“-ს აღნიშნული შეთანხმების გაფორმებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში დაევალა ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2 პუნქტის შესაბამისად, რედაქტირებული სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის წარმოდგენა და შეთანხმება, რაც შპს ,,ე----“-ს მიერ არ განხორციელებულა.
2016 წლის 31 ოქტომბრის მხარეთა შორის შემდეგი შეთანხმების თანახმად, შეთანხმებული სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 15 ნოემბერი. თუმცა შპს ,,ე----“-ს მიერ სამუშაოები დასრულდა 15 კალენდარული დღის გადაცილებით, კერძოდ - 2016 წლის 30 ნოემბერს.
მხარეთა შორის 2016 წლის 8 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმებით ხელშეკრულების თანხა განისაზღვრა 2 474 389,26 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 12 ოქტომბრის, 31 ოქტომბრისა და 8 დეკემბრის შეთანხმებები;
- 2016 წლის 13 დეკემბრის N10 მიღება-ჩაბარების აქტი;
- 2016 წლის 13 დეკემბრის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი;
3.1.3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--------------- ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, კალენდარული გეგმა-გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში შემსყიდველთან წარმოუდგენლობის ან/და შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ერთჯერადად ხელშეკრულების ღირებულების 0,05%-ის ოდენობით.
შპს ,,ე----“-მ დროულად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--------------- ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.2 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,ე----“-ს ეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით (2 474 389,26 * 0.05/100 = 1237,20 ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 11.07.2016 წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--------------- ხელშეკრულება;
- 2016 წლის 19 დეკემბრის N--------- წერილი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ;
- 2016 წლის 13 დეკემბრის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი;
3.1.4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--------------- ხელშეკრულების 9.6 პუნქტის თანახმად, სამუშაოს დასრულების ვადის და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
შპს ,,ე----“-მ დროულად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--------------- ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.6 პუნქტის შესაბამისად, სამუშაოების ვადის დარღვევისათვის შპს ,,ე----“-ს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (15 დღე) (2 474 389,26 * 0.05/100 = 1237,20 *15 = 18 557.92 ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 11.07.2016 წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--------------- ხელშეკრულება;
- 2016 წლის 19 დეკემბრის N--------- წერილი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ;
- 2016 წლის 13 დეკემბრის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი;
3.1.5. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--------------- ხელშეკრულების 9.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა (გარდა შესრულების ვადის და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადის დარღვევისა) ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0,05%-ის ოდენობით.
ხელშეკრულების მე-9.4 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისათვის შპს ,,ე----“-ს ეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით (2 474 389,26 * 0.05/100 = 1237,20 ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 11.07.2016 წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--------------- ხელშეკრულება;
- 2017 წლის 01 ნოემბრის N12-01173053376 წერილი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ;
- 2016 წლის 13 დეკემბრის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი;
3.1.6. ა(ა)იპ თ---–----------–----–-------–--------------ის 2016 წლის 9 დეკემბრის N-------- შეუსაბამობის აქტით დასტურდება, რომ შპს ,,ე----“-ს მიერ სამუშაოები შესრულებულია არაჯეროვნად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 09 დეკემბრის N-------- ა(ა)იპ თ---–----------–----–-------–--------------ის შეუსაბამობის აქტი
3.1.7. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--------------- ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნით შპს ,,ე----“-ს გაეგზავნა შეტყობინება, თუმცა 21032.32 ლარის ანაზღაურება შპს ,,ე----“-ს მხრიდან სარჩელის აღძვრის დღემდე არ მომხდარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 19 დეკემბრის N--------- წერილი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შესყიდვის N--------------- ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,ე----“-ს კალენდარული გეგმა-გრაფიკი ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში შემსყიდველთან არ წარუდგენია, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა არაჯეროვნად და ხელშეკრულება შპს ,,ე----“-ს მიერ შესრულდა 15 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--------------- ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლო მთლიანობაში შეადგენს 21032.32 ლარს, რისი ანაზღაურებაც შპს ,,ე----“-ს მხრიდან სარჩელის აღძვრის დღემდე არ მომხდარა.
მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება დაგვიანებით განხორციელდა. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე (ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას) საკმარისი საფუძველია მისი დადასტურებულად მიჩნევისთვის.
გარდა ამისა, მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სამართლიანი იქნება პირგასამტეხლოს დაკისრება განხორციელდეს კონკრეტულად მიცემული დავალების ღირებულებიდან, 189959.05 ლარიდან, რომელიც იქნება (189959.05*0.05/100*15) 1424.69 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხეს - სარჩელისგან თავდაცვის მიზნით უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებენ მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მისთვის არახელსაყრელ შედეგს გამოიწვევს.
მოპასუხის მითითება, რომ შესასრულებელი სამუშაოების ვადის გადაცილება გამოწვეული იყო უხვი ნალექით და წარმოდგენილია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილი, რომლის თანახმადაც თბილისის ვაშლიჯვრის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებზე დაყრდნობით 2016 წლის 11 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით ნალექი აღინიშნა, ვერ გამოდგება სარწმუნო მტკიცებულებად, ვინაიდან წერილში არ არის მითითებული ნალექის ადგილმდებარეობა და ოდენობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ე----“-ს მხრიდან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არაჯეროვნად და ვადის დარღვევით შესრულდა, ასევე კალენდარული გეგმა-გრაფიკი ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში შემსყიდველთან შპს ,,ე----“-ს არ წარუდგენია.
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კონკრეტული ვალდებულებების ვადაში შეუსრულებლობისათვის. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და მას ერიცხება პირგასამტეხლო მოსარჩელის წინაშე.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელშეკრულების ღირებულების 0,05% და 0.05% ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე, სულ 21032.32 ლარი, შეუსაბამოდ მაღალი არ არის ხელშეკრულების მთლიან ღირებულებასა და ვადაგადაცილებულ დღეებთან მიმართებაში, ვინაიდან ხელშეკრულება შესრულდა არაჯეროვნად და დაგვიანებით, შესაბამისად მოპასუხეს მისი გადახდა უნდა დაეკისროს დადგენილი ოდენობით.
6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მისი ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა 21032.32 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, შპს ,,ე----“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 630.96 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შპს ,,ე----“-ს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 21032.32 ლარი.
3. შპს ,,ე----“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 630.96 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე