გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/36531-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე სა---------–----–-----------------------------
წარმომადგენელი ოთ-----------–---
მოპასუხე შპს „ს----------------“
წარმომადგენელი ლი-----–--–---–-
დავის საგანი პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „ს----------------სათვის“ მოსარჩელე სა---------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 12 300 ლარის გადახდის დაკისრება. სა---------–----–-----------------------------სა და შპს „ს----------------“ შორის 2017 წლის 27 ივლისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N5-- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად მოპასუხეს უნდა შეესრულებინა შ-----------------------------ს ბალანსზე რიცხული „TOYOTA“-სა და „LEXUS“-ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება. 2017 წლის 03 ნოემბერს შპს „ს----------------ს“ სერვის ცენტრში „TOYOTA HILUX“-ის მარკის ავტომობილს (სახელმწიფო ნომრით: L--------), შეუკეთდა ძრავი. აღნიშნული ავტომობილის ძრავი კვლავ გამოვიდა მწყობრიდან. 2017 წლის 20 დეკემბერს შ----–----------------------------მა, შპს „ს----------------“ მიმართა წერილით აღნიშნული ავტომობილის ძრავის შესაკეთებლად გარანტიის ფარგლებში. შპს „ს-----------------“ უარი განაცხადა ავტომობილის შეკეთებაზე, იმ საფუძვლით, რომ ავტომობილის ძრავის დაზიანება გამოწვეული იყო მძღოლის დაუდევრობით. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ძრავის დეტალების კვლევისას დადგინდა, რომ დაზიანება გამოწვეულია ძრავის მეოთხე ცილინდრის საწვავის მფრქვევანას მწყობრიდან გამოსვლის შედეგად და აღნიშნულ დაზიანებას ავტომანქანის მძღოლი თავიდან ვერ აირიდებდა. სა---------–----–-----------------------------ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა ჯეროვნად, თუმცა მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება გაერემონტებინა ავტომანქანა შემსყიდველისათვის დადგენილ ვადაში. 2018 წლის 27 აპრილს ავტომანქანა „TOYOTA HILUX“, სახ. N L-------- აღდგენილ იქნა შპს „ს----------------ს“ მიერ. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.3 ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის პირობებს ვერ შეასრულებს ან/და დაარღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, შემსყიდველი უფლებამოსილია: ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადების გადაცილების, მათ შორის აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის ან/და სერვისცენტრების ვიდეოკამერებით აღჭურვის ვადების დარღვევის შემთხვევაში ან 6.3. პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტეხლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით, რაც გადაცილებულ 123 დღეზე შეადგენს 12 300 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. მოპასუხემ სადავოდ გახდა ძრავის დაზიანება უხარისხობის გამო და განმარტა, რომ ძრავის დაზიანების მიზეზი იყო მძღოლის დაუდევრობა. 2.2. სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა დაფარულია ბანკის მიერ გაცემული გარანტიის ფარგლებში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სა---------–----–-----------------------------სა და შპს „ს----------------“ შორის 2017 წლის 27 ივლისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად მოპასუხეს უნდა შეესრულებინა შ-----------------------------ს ბალანსზე რიცხული, დანართი N1-ით გათვალისწინებული „TOYOTA“-სა და „LEXUS“-ის მარკის სხვადასხვა მოდელის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (30 ავტომანქანა) ტექნიკური მომსახურება.
ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 465 700 ლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N5-- ხელშეკრულება;
- ხელშეკრულების დანართი N1.
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.3. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში, მაგრამ არაუმეტეს 5 კალენდარული დღის ვადაში განახორციელოს უხარისხოდ გაწეული მომსახურების წუნის გამოსწორება და შეუსაბამოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N5-- ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 2%-ის ოდენობით და მისი მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
ამავე მუხლის 8.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, შესაბამისი პირგასამტეხლოს, საჯარიმო სანქციების ან/და ზიანის ანაზღაურების მიზნით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N5-- ხელშეკრულება;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
3.1.4. შპს „ს----------------ს“ ზემოაღნიშნული სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 26 ივლისს სს „ბ--------------“ გასცა საბანკო გარანტია.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
- საბანკო გარანტია.
3.1.5. 2017 წლის 03 ნოემბერს შპს „ს----------------ს“ სერვის ცენტრში „TOYOTA HILUX“-ის მარკის ავტომობილს (სახელმწიფო ნომრით: L--------), შეუკეთდა ძრავი.
აღნიშნული ავტომობილის ძრავი გამოვიდა მწყობრიდან და 2017 წლის 20 დეკემბერს შ----–----------------------------მა, შპს „ს----------------“ მიმართა წერილით აღნიშნული ავტომობილის ძრავის შესაკეთებლად გარანტიის ფარგლებში.
შპს „ს-----------------“ უარი განაცხადა ავტომობილის შეკეთებაზე, იმ საფუძვლით, რომ ავტომობილის ძრავის დაზიანება გამოწვეული იყო მძღოლის დაუდევრობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
-2017 წლის 20 დეკემბრის წერილი;
-2017 წლის 27 დეკემბრის წერილი;
-სარემონტო შეკვეთა;
- საგადასახადო ანგარიშფაქტურა;
- დეფექტური აქტი;
- შესრულებული სამუშაოს აქტი.
3.1.6. 2018 წლის 01 მარტს ავტომანქანა გადაყვანილ იქნა ევაკუატორით შპს „ს----------------ს“ სერვის ცენტრში, 27 აპრილს ავტომანქანა TOYOTA HILUX“, სახ. N L-------- აღდგენილ იქნა სერვის ცენტრის მიერ საგარანტიო პირობებით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 2018 წლის 19 ივნისის წერილი.
3.1.7. 2018 წლის 24 აგვისტოს სს „ბ--------------“ გასცა საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 10 246 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
- საგადახდო დავალება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.3 ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის პირობებს ვერ შეასრულებს ან/და დაარღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, შემსყიდველი უფლებამოსილია: ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადების გადაცილების, მათ შორის აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის ან/და სერვისცენტრების ვიდეოკამერებით აღჭურვის ვადების დარღვევის შემთხვევაში ან 6.3. პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტეხლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N5-- ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.2. შპს „ს-----------------“ TOYOTA HILUX“-ის მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით: L--------), ტექნიკური მომსახურება უხარისხოდ შეასრულა.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის შეფასების საგანია.
განსახილველ შემთხვევაში, ძრავის უხარისხოდ შეკეთების გარემოების დასადასტურებლად, მოსარჩელემ წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვით, მოპასუხის მიერ შეკეთებული ავტომანქანის დეტალების კვლევისას ექსპერტმა დაადგინა, რომ ძრავის მეოთხე ცილინდრის დგუში დაზიანებულია ისევე როგორც ძრავის თავაკი, მეოთხე ცილინდრის სარქველებისა და საწვავის მფრქვევანის განლაგების ადგილას. აღნიშნული დაზიანება გამოწვეულია კონკრეტულად მეოთხე ცილინდრში განვითარებული დეტონაციის შედეგად, ხოლო დეტონაცია გამოიწვია საწვავის მიწოდების მფრქვევანამ, რომელმაც ვერ უზრუნველყო საკმარისი რაოდენობის საწვავის მიწოდება ცილინდრში, რაც იწვევს საწვავის აფეთქების სიძლიერებისა და ტემპერატურის ზრდას, რომელი დაზიანებებიც ნათლად ჩანს მეოთხე ცილინდრის დგუშსა და ძრავის თავაკზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტმა დაადგინა, რომ ძრავის დაზიანება გამოიწვია ძრავის მეოთხე ცილინდრის საწვავის მფრქვევანას მწყობრიდან გამოსვლამ და აღნიშნულ დაზიანებას ავტომობილის მძღოლი თავიდან ვერ აირიდებდა.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნით, ცალსახად დადგენილია, ძრავის დაზიანების მიზეზი იყო ძრავის მეოთხე ცილინდრის საწვავის მფრქვევანას მწყობრიდან გამოსვლა. ამ დასკვნის გასაქარწყლებლად მოპასუხის მიერ არ ყოფილა წარდგენილი საწინააღმდეგო მტკიცებულება. აქვე საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოპასუხემ საბოლოოდ შეაკეთა დაზიანებული ძრავი, რაც ასევე აქარწყლებს მის პოზიციას მძღოლის მიზეზით, ძრავის დაზიანებაზე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სა---------–----–-----------------------------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 641-ე, 361-ე, მე-400, 417-418-ე, 427-ე, 420-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სა---------–----–-----------------------------სა და შპს „ს----------------“ შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება შეესრულებინა ხელშეკრულების დანართი N1-ში მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლის მიხედვით, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, ხოლო თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
ამ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ უხარისხოდ შეასრულა ძრავის შეკეთების მომსახურება და ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.3. პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 5 დღის ვადაში ვერ უზრუნველყო უხარისხოდ გაწეული მომსახურების წუნის გამოსწორება. ამდენად, ცალსახად დადგენილია, შპს „ს----------------ს“ მიერ ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პირობის დარღვევა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლით დადგენილია მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევები. კერძოდ, ასეთად ჩაითვლება თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შეუსრულებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში განიხილება არაჯეროვან შესრულებად.
სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დადგენილია, რომ შპს „ს---------------მა“ ჯეროვნად არ შეასრულა მასსა და სა---------–----–-----------------------------ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.3. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, რომელი პირობის დარღვევის შემთხვევაშიც, ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.3. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდევინებაზე. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ყველა პირობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. (შესრულება).
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, რაც განაპირობებს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამოქალაქო ბრუნვის სფეროში. მოთხოვნის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კრედიტორს უქმნის რწმენას, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაშიც კი, ამ სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, შეძლებს საკუთარი მატერიალური უფლების დაცვას და მოთხოვნის დაკმაყოფილებას. სამოქალაქო კოდექსი არაერთი სახის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას გარიგების სახით იცნობს (გირავნობა, იპოთეკა, საბანკო გარანტია და სხვა).
ამდენად, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების ფუნქცია შეუსრულებელი ვალდებულების შესრულებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოვალისათვის ვალდებულების შესრულების დაკისრება უზრუნველყოფის საშუალებით ხორციელდება, ანუ მოვალის შესასრულებელ ვალდებულებას მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ჩაანაცვლებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2. პუნქტით მხარეებმა განსაზღვრეს, რომ საბანკო გარანტია მიზანმიმართულად გამოეყენებინათ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს, საჯარიმო სანქციების ან/და ზიანის ანაზღაურების მიზნით. დადგენილია, რომ გარანტმა გასცა საბანკო გარანტიის თანხა 10 246 ლარის ოდენობით, რომლის დანიშნულებაც მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, იყო სწორედ ვალდებულების დარღვევის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილება. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის (მოსარჩელისათვის) საბანკო გარანტიის თანხის ჩარიცხვისას, გადახდის დანიშნულებაა: შემოსავალი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოდან. აღნიშნული ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ (ბენეფიციარმა) საბანკო გარანტიის თანხა მიმართა სწორედ მოპასუხის (პრინციპალის) მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, დარიცხული პირგასამტეხლოს მოთხოვნის ჩასათვლელად.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს მოპასუხისაგან დარიცხული პირგასამტეხლოდან 10 246 ლარის დაკისრება, ამ ვალდებულების საბანკო გარანტიის თანხიდან შესრულების გამო.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, აღნიშნოს, რომ ამ შემთხვევაში, მოსარჩელეს შესაგებლის საწინააღმდეგოდ არ მიუთითებია და შესაბამისად არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხის მიერ სხვა შემთხვევებში ვალდებულების დარღვევის ფაქტს, რასაც შესაძლოა გამოერიცხა 8.2. პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნილი თანხიდან 10 246 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლის არსებობა.
სასამართლო მიუთითებს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხემ სადავოდ გახადა მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოიხმოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება, კერძოდ: „საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში სასამართლო მხოლოდ ხელმძღვანელობს მხარეთა შეჯიბრს. ამ პროცესში მონაწილეობენ მოთხოვნის კრედიტორი, რომლის მიმართაც დარღვეულია ვალდებულება და მოვალე/მოპასუხე, რომელიც მოთხოვნის უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალებას - პირგასამტეხლოს მიიჩნევს შეუსაბამოდ მაღალგანაკვეთად. ამ დროიდან, უკვე სასამართლო იწყებს პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას. საგულისხმოა, რომ ამ პროცესში მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი, თუმცა საგულისხმოა, რომ თუ მხარე სადავოდ არ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას (გონივრულობას), მაგრამ საერთოდ გამორიცხავს მისი დაკისრების წინაპირობების არსებობას, უპრიანია სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობაც შედავებულად მიიჩნიოს და შეაფასოს მისი გონივრულობა. ასეთ ვითარებაში ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს მხარის ნება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არათუ პირგასამტეხლოს ოდენობას ხდის სადავოდ, არამედ საერთოდ პირგასამტეხლოს დაკისრებას არ ეთანხმება“ (№ას-318-301-2017, 05.05.2017 წელი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.
მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით - 12 300 ლარის დაკისრება, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება და მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს 10 246 ლარით, შემდეგი გარემოებების გამო:
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღვრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. (იხ. სუსგ. №ას-181-181-2018; 23 მარტი, 2018 წელი).
დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უხარისხოდ გაწეული მომსახურების წუნის გამოსწორება განახორციელა 123 დღის ვადის დარღვევით. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო 10 246 ლარის ოდენობით, სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება შემსყიდველის მიერ დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა დარჩენილი 2054 ლარის ნაწილში, სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების გამო, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს სა---------–----–-----------------------------ს სარჩელი შპს „ს----------------ს“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მაკა ჭედია