გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110310018002536301
N3/87-2018
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05.07.2019 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე შოთა ნიკურაძე
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე: დ------- ქ----–---,მოპასუხე: ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ზესტაფონის კომისია,წარმომადგენლები: ფ------ ხ---------, თ-----------;
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1ბათილად იქნეს ცნობილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ზესტაფონის კომისიის 2018 წლის 15 ივნისის N409 განკარგულება დ------- ქ----–---- მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
1.2.ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ზესტაფონის კომისიას დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდება დ------- ქ----–---- საკუთრების უფლების აღიარება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ა--------–- 900 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 109.05 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე;
მოსარჩელის პოზიცია: მოსარჩელე 1988 წლიდან ფლობს 900 კვ.მ მიწის ნაკვეთს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ა--------–-. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გადასვლა მოუწია ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ძ------–-–- მომხდარი სტიქიური უბედურების - მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ. მფლობელობაში არსებულ 900 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ჯერ კიდევ 1988 წელს დაიწყო მშენებლობა, ჩაყარა ცოკოლიც- 109.05 კვ.მ. ასევე აქვს სახლის პროექტიც, თუმცა საბოლოო ჯამში მშენებლობა სოციალურ-ეკონომიური პირობების გამო ვერ განახორციელა. 2017 წლის 05 ოქტომბერს მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის სააგენტოს მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე. განცხადება უფლების დამდგენი დოკუმენტების არ არსებობის გამო საჯარო რეესტრის სააგენტომ გადაუგზავნა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ზესტაფონის კომისიას. კომისიამ 2018 წლის 15 ივნისის N409 განკარგულებით მოსარჩელეს უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე.
მიაჩნია, რომ განკარგულება არის უკანონო და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი აქტის გამოცემა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ა--------–- 900 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 109.05 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ;
2.მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ზესტაფონის კომისიამ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. მოპასუხის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. მათივე განმარტებით, 2018 წლის 11 მაისის N42 კომისიის სხდომაზე განხილული იქნა დ------- ქ----–---- დოკუმენტაცია, რომელიც საქართველოს კანონის „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ მე–9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შუამდგომლობით გადაეგზავნა კომისიას. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ პუნქტის საფუძველზე, განმცხადებელი ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ა--------–- 900 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (განაშენიანების ფართობი 109.05 კვ.მ). ადგილზე განხორციელებული დათვალიერების, მოწმეთა გამოკითხვის, კომისიისათვის წარმოდგენილი ცნობების და საქმის შემდგომი განხილვით გაირკვა, რომ დ------- ქ----–--- წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ აკმაყოფილებდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ და ,,დ“ პუქტების მოთხოვნებს. კერძოდ, ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს საკუთარი ადგილის მომიჯნავე ფართობსა და არ არის მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). ასევე საჯარო რეესტრის 10/11/2017 წ სამსახურებრივი ბარათით ირკვევა, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს, რაც „სახელწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ძ.ა) პუნქტის შესაბამისად, არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2017 წლის 5 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ა--------–- მდებარე 900 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 ნოემბრის N882017936105-09 გადაწყვეტილება;
3.2. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების მოძიების შედეგად ზესტაფონის რაიონის სოფელ ა--------- ს/მეურნეობის 1988 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ა--------–- მდებარე 900 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 ნოემბრის N628585/17 სამსახურებრივი ბარათი, 2018 წლის 23 აპრილის N177351 მიმართვა მოსარჩელისადმი;
3.3. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 16 ნოემბერს მიღებულ იქნა N882017936105-09 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ. გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: დაინტერესებული პირის მიერ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი; საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება განცხადებისა და მასალების ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიისათვის გადაგზავნის შესახებ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 ნოემბრის N882017936105-09 გადაწყვეტილება;
3.4. დ------- ქ----–---- განცხადების საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ზესტაფონის კომისიის მიერ განხორციელდა ადგილზე დათვალიერება, გამოიკითხნენ მოწმეები, რის საფუძველზეც კომისიამ დაადგინა, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს საკუთარი ადგილის მომიჯნავე ფართობს და მასზე არ იყო განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). ამასთან, ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესაგებელი;
- მოპასუხის წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები;
- ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ზესტაფონის კომისიის 2018 წლის 11 მაისის N42 სხდომის ოქმის ამონაწერი;
3.5. საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 14 სექტემბრის N--------------- ცნობის შესაბამისად, ზესტაფონის არქივში დაცული ზესტაფონის რაიონის ქ-------------- სასოფლო-საბჭოს და საკრებულოს სოფელი ა--------- 1986-1996, 1997-2006, 2001-2009 წლების საკომლო წიგნებში და ქ-------------- მიწის მიღება-ჩაბარების აქტებში დ------- ნ-----–------ ასული ქ----–--- (ჩ--–---) არ ირიცხება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 14 სექტემბრის N--------------- ცნობა;
3.6. მოსარჩელის მიერ სარჩელზე დამატებით წარმოდგენილ იქნა ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფოტოილუსტრაცია, რომლითაც დგინდება, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ არის შემოფარგლული ღობით და მასზე არ ფიქსირდება საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ფოტოილუსტრაცია;
3.7. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ზესტაფონის კომისიის მიერ 2018 წლის 15 ივნისის N409 განკარგულებით დ------- ქ----–---ს უარი ეთქვა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ა--------–- მდებარე 900 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 109.05 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2018 წლის 15 ივნისის N409 განკარგულება;
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები გამოკვლეულია სრულყოფილად, მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება, რომლის საფუძველზეც დაადასტურებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებისა და მის მიერ მიღებული აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ვერ მიუთითა კანონის ისეთ დარღვევაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6.სამართლებრივი შეფასება
6.1.სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო 23-ე მუხლის პირველი ნაწილით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამის ნორმებთან, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონისმიერი პირობა რეგლამენტირებულია საქართველოს კანონმდებლობით, ესენია: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს და ბ) ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავდეს მის უფლებას. ერთ-ერთი ამ პირობის არარსებობისას წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილება გამოირიცხება.
აღნიშნული პირობების კონკრეტული გამოვლინებაა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი, რომლითაც აღძრული სარჩელის საფუძველზე მოსარჩელეს შეუძლია მიაღწიოს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადებას, რომელიც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას და შესაბამისად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის ან პირების მიერ, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დარღვეული იქნა სადავო აქტით. სასამართლო მიუთითებს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დარღვევის არსებობა-არარსებობის საკითხის დადგენის მნიშვნელობაზე. კერძოდ, კანონიერი უფლების ან ინტერესის არსებობა გულისხმობს როგორც კანონით, ისე კანონქვემდებარე აქტით დაცულ უფლებებს და ინტერესებს, ანუ მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ უფლებასა თუ ინტერესს და გამორიცხავს მორალურ ან თეორიულ საკითხებს. ასევე სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენების ფაქტი სამართლებრივად დაცულ უფლებებსა და ინტერესებზე.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2017 წლის 5 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ა--------–- მდებარე 900 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 16 ნოემბერს მიღებულ იქნა N882017936105-09 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რადგან დაინტერესებული პირის მიერ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი; შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება განცხადებისა და მასალების ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიისათვის გადაგზავნის შესახებ;
6.3. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
აღნიშნული ნორმა გამოხატავს თვითნებურად დაკავების ფაქტის რამდენიმე შემთხვევას, რომელთაგან ერთ-ერთი დაინტერესებული პირის სასარგებლოდ უნდა დადასტურდეს საქმის განხილვით იმისათვის, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს. მითითებულ შემთხვევათაგან დ------- ქ----–---- მოთხოვნას არ შეესაბამება მითითებული ნორმის არცერთი პირობა, კერძოდ, აღიარებას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ამასთან, ის არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეს.
სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მხრიდან მისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა. შესაბამისად, სასამართლოსაგან შეფასების საგანია საკითხი მასზედ, რომ მიადგა თუ არა ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული აქტით - განკარგულებით პირდაპირი და უშუალო ზიანი მოსარჩელეს.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა საგამონაკლისოდ ადგენს მტკიცების ტვირთის განსხვავებულ სტანდარტს, რასაც ცხადყოფს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. კანონმდებლის მიერ მითითებული შინაარსით დებულების რეგლამენტაცია განპირობებულია იმით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს მაღალი პასუხისმგებლობა სტანდარტის ვალდებულება, სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
6.5. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის– ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს(სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტში მოცემულია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რაც განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად.
6.6. სასამართლო დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც,- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს (განსახილველ შემთხვევაში მერიის შესაბამის კომისიას) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და ბრძანებულებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
6.7. დადგენილია, რომ მოსარჩელე დ------- ქ----–---მ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ზესტაფონის რაიონის სოფელ ა--------–- მდებარე 900 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, ამ უკანასკნელმა წარდგენილი განცხადება და მასალები განსახილველად გადაუგზავნა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
ნივთის მფლობელობასთან დაკავშირებით, სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვან განმარტებაზე, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ განჩინებაში აღნიშნა, რომ ,,მფლობელობა არის ფაქტი და იმის მიხედვით, რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება მფლობელობა ერთმანეთისაგან გამიჯნავენ არამართლზომიერ და მართლზომიერ მფლობელობას. მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, მაშინ, როდესაც არამართლზომიერი მფლობელობის დროს ნივთზე ბატონობა ხორციელდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ორივე შემთხვევაში სავალდებულოა, რომ პირი დაუფლებული იყოს ნივთს და ახორციელებდეს მასზე ფაქტობრივ ბატონობას’’.
6.8. კომისიამ დ------- ქ----–---- განცხადების საფუძველზე (განცხადება და მასალები კომისიას გადაეგზავნა საჯარო რეესტრის სააგენტოს მიერ) დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, განახორციელა მიწის ადგილზე დათვალიერება, გამოკითხა მოწმეები და მიიღო გადაწყვეტილება დ------- ქ----–----ათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლებმა მიღებული განკარგულების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითეს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები, კერძოდ, ასაღიარებელ მიწაზე განთავსებული არ არის სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე, ასაღიარებელი მიწა არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეს, წარმომადგენლებმა დამატებით სამართლებრივ საფუძვლად კი აპელირება მოახდინეს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ძ.ა“ პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, პრივატიზებას არ ექვემდებარება შემდეგი სახელმწიფო ქონება ,, საძოვარი, გარდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ გაცემული აქტით დამაგრებულია მათზე მდებარე, ფიზიკური ან/და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე;
6.9. ამდენად, მოპასუხე ორგანო სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან განცხადების კომისიაში განხილვის მომენტისათვის (სარჩელის განხილვის მომენტის ჩათვლით) არ ფლობს ზესტაფონის რაიონის სოფელ ა--------–- თავის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთს, ნაკვეთი არ არის შემოფარგლული ღობით, და არ არის მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. შენობა-ნაგებობის არ არსებობის ფაქტს არ უარყოფს არც თვით მოსარჩელე (იხ.სარჩელი). რაც შეეხება 900 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ 109.05 ბალავერს, იგი ვერ იქნება მიჩნეული კანონით გათვალისწინებულ აშენებულ ან დანგრეულ შენობად, რადგან „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შენობა განმარტებულია, როგორც - სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა. დ------- ქ----–---- მიერ საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს მის მფლობელობაში არსებულ ნაკვეთს, არც საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეს, ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ შენობას, დასტურდება, რომ იგი წარმოადგენს ბეტონის კონსტრუქციას, რომელიც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განმარტებულ შენობას არ განეკუთვნება.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილით რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
6.10. ამდენად, სადავო ადმინისტრაციული აქტის მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და საკუთრების უფლების ასაღიარებლად კანონმდებლობით განსაზღვრული წინაპირობები.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ასკვნის, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 15 ივნისის N409 განკარგულება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისობაშია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონთან და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა კომისიის 2018 წლის 15 ივნისის N409 განკარგულების ბათილად ცნობაზე, უარი უნდა ეთქვას ასევე კომისიისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალდებულებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.დადგენილია, რომ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი. ამასთან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, მოსარჩელის მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტის შემოსავალში;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ------- ქ----–---- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი დარჩეს ბიუჯეტის შემოსავალში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი:ზესტაფონი, წერეთლის ქ.N7).
მოსამართლე შოთა ნიკურაძე