გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210019002956653
საქმე №2/940-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18.06.2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - ს----------------ე;
ადვოკატი - ფ-------–---–---ე;
მოპასუხე - გ----------–--ე;
წარმომადგენელი - ი-–---------–--ე;
დავის საგანი - წარსული და მომავალი დროისათვის ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ----------–--ეს თავისი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით;
1.2. გ----------–--ეს არასრულწლოვანი შვილის - ა------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს წარსული დროის სამი წლის ფარგლებში გადაუხდელი ალიმენტი.
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2003 წლის 16 ნოემბრიდან ს----------------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ----------–--ესთან, თანაცხოვრების პერიოდში, 2004 წლის 10 აპრილს შეეძინათ შვილი ა------–--ე. მხარეები 2007 წლიდან ერთად აღარ ცხოვრობენ. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი თხოვნისა მოპასუხე თავს არიდებდა ბავშვის აღზრდაში მონაწილეობას. (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. გ----------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლოს სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ ამჟამად არის უმუშევარი და არანაირი შემოსავალი არ გააჩნია. მოპასუხე თანახმა არის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით გადაიხადოს ყოველთვიურად 150 ლარი, ხოლო გასული სამი წლის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნას არ დაეთანხმა. მისი განმარტებით შვილის აღზრდაში იღებს აქტიურ მონაწილებას. ყოფილი მეუღლისგან ალიმენტის თაობაზე არასოდეს საუბარი არ ყოფილა. (იხ. შესაგებელი, 18.06.19წ სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ს----------------ე და გ----------–--ე 2003 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმატება;
3.1.2. ს----------------ეს და გ----------–--ეს თანაცხოვრების პერიოდში 2004 წლის 10 აპრილს შეეძინათ შვილი - ა------–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-დაბადების მოწმობა #6----------.
3.1.3. მხარეები 2007 წლიდან ერთად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. ს----------------ე არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლების ოჯახში. მუშაობს ტექნიკის მაღაზია ე-–------–-----------სში და მისი შემოსავალი ყოველთვიურად შეადგენს 650 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.1.5. გ----------–--ე ცხოვრობს ქ. ქუთაისში, მეუღლესთან და შვილთან ერთად. ხშირ შემთხვევაში არის დედასთან. ხელოსანია, თუმცა ამჟამად არ მუშაობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოპასუხის ახსნა-განმარტება;
3.1.6. ა------–--ე არის სკოლის მოსწავლე, დამატებით სწავლობს ინლისურ ენასა და ცეკვას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას წარსული დროის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში და მიიჩნევს, რომ ს----------------ის მიერ წარსული დროის ალიმენტის მოთხოვნისა და მოპასუხის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებაზე თავის არიდების ფაქტები არ დასტურდება. ამდენად, ნორმის (1234.2 მუხლი) მაკვალიფიცირებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, რაც საქმის მასალებით არ დადასტურდა. მარტოდენ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელიც სადავოდ გახადა მოპასუხემ ამ ფაქტის სამტკიცებლად საკმარისი არ არის.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. ნორმის მაკვალიფიცირებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელეს, რომელსაც უნდა დაედასტურებინა, რომ მან კონკრეტული ხასიათის ზომები გაატარა წარსულში სარჩოს მისაღებად. ამგვარ მტკიცებულებებზე მოსარჩელეს არ მიუთითებია, ხოლო მარტოდენ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელიც სადავოდ გახადა მოპასუხემ, ამ ფაქტის სამტკიცებლად საკმარისი არ არის.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, მასზედ, რომ გ----------–--ეს გააჩნია შესაძლებლობა შვილის სასარგებლოდ იხადოს ალიმენტი ყოველთვიურად - 300 ლარის ოდენობით და ყოველთვიურად დასაკისრებელ ალიმენტის გონივრულ ოდენობად მიიჩნევს - 170 ლარს შვილის სასარგებლოდ, რაც შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ ეწინააღმდეგებოდა გონივრულობისა და სამართლიანობის პრინციპებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა გადახდეს ალიმენტი ყოველთვიურად - 170 ლარის ოდენობით 2018 წლის 19 აპრილიდან მის სრულწლოვანებამდე.
4.2. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამებიან წარსული დროის ალიმენტის დაკისრების ნაწილში, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები; ბავშვის უფლებათა კონვენცია;
6. სამართლებრივი შეფასება;
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
სს კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
სსკ 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლების მიხედვით, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
კანონის მოხმობილი ნორმებით გათვალისწინებული საალიმენტო სამართალურთიერთობებიდან გამომდინარე ბავშვს უჩნდება უფლება, მოითხოვოს უზრუნველყოფა საარსებო სახსრებით, ანუ ალიმენტის გადახდა, მშობლებს კი უჩნდებათ მოვალეობა უზრუნველყონ არასრულწლოვანი შვილი ამგვარი საშუალებებით.
6.2. ბავშვთა უფლებების კონვენციით, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო.
გადასახდელი ალიმენტის ოდენობაზე მშობლები ვერ თანხმდებიან. მოპასუხე შესაგებელში აცხადებს, რომ თანახმა არის ალიმენტის სახით გადაიხადოს 100 ლარი, ხოლო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი 150 ლარის მოთხოვნის ნაწილში ცნო.
დადგენილია, რომ მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი შვილი ა------–--ე ფაქტობრივად ცხოვრობს, დედასთან ს----------------ესთან ერთად. ს----------------ე მუშაობს ტექნიკის მაზაღიაში, მისი შემოსავალი შეადგენს ყოველთვიურად 650 ლარს. მოპასუხე გ----------–--ეს ცხოვრობს მეუღლესთან და შვილთან ერთად, ხშირად დედასთან. ხელოსანია, თუმცა ამჟამად არ მუშაობს. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ ბავშვს სჭირდება ზრუნვა და მატერიალური უზრუნველყოფა, რომლის ვალდებულება თანაბრად ეკისრება ორივე მშობელს. ამ თვალსაზრისით, მოპასუხის უპირობო ვალდებულებაა არჩინოს მცირეწლოვანი შვილი, შექმნას მისთვის ცხოვრების ნორმალური პირობები აღზრდისა და განვითარებისათვის.
6.3. ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.
კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის მე-2 პრინციპის მიხედვით, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. ამავე რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთიანობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საკანონმდებლო რეგულაცია მშობლების საალიმენტო მოვალეობასთან დაკავშირებით ითვალისწინებს როგორც ნებაყოფლობით, ასევე იძულებით მექანიზმებს. იძულებითი მექანიზმის დაწესების მიზანია ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხვადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო, რელიგიურ თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით.
6.5. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, როგორც ალიმენტის გადამხდელის, ისე მისი მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. ეს დებულება საალიმენტო სამართლებრივი ურთიერთობის ამოსავალი პრინციპია და მისი შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ალიმენტის გადახდა მძიმე ტვირთად არ უნდა დააწვეს ალიმენტის გადამხდელს და მისი ოჯახის სხვა წევრებს, არც აღზრდასა და რჩენას მოკლებული პირი უნდა დარჩეს სამართლებრივი დახმარების გარეშე.
ბავშვი არის არასრულწლოვანი, რომლის აღზრდაზე და განვითარებაზე ვალდებულება თანაბარწილად ეკისრებათ მშობლებს, მიუხედავად მატერიალური და სოციალური მდგომარეობისა, ეს მათი კანონისმიერი ვალდებულებაა.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მშობლის მატერიალური მდგომარეობა არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ვალდებული პირის პირობების შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ მისი ფინანსური შესაძლებლობებით, არამედ მნიშვნელოვანია ასევე მისი პოტენციალიც, თუ რამდენად შრომისუნარიანია იგი და აქვს თუ არა შესაძლებლობა, უზრუნველყოს შვილის მატერიალური გარემო. მხედველობაშია მისაღების ის გარემოებაც, რომ ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე;
კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები (ფაქტობრივად მიღებული (მისაღები) აქტივების გათვალისწინებით), სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ობიექტური გარემოებების განსჯის და შეფასების სტანდარტი, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ის გარემოებაც, თუ რამდენად სტაბილური და მყარია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდა, რომელიც გამიზნულია სარჩენი პირის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნისათვის, უნდა იყოს აღსრულებადი, რომ მას რეალური შედეგი მოჰყვეს).
მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას, აღსანიშნავია ასევე ის გარემოებაც, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვროს ბავშვი. ამიტომ, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა იყოს გონივრულ შესაბამისობაში ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებთან. იმ მინიმალური საჭიროების გათვალისწინებით, რომელიც აუცილებელია, პირველ რიგში ბავშვის ჯანმრთელობის, კვების და სხვა საყოფაცხოვრებო პირობების შექმნისათვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბავშვის აღზრდისათვის აუცილებელი საჭიროებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ სარჩელი ცნო ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში 150 ლარის ოდენობით, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოსარჩელე ითხოვს ალიმენტის დაკისრებას 300 ლარის ოდენობით, თუმცა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში - 170 ლარი.
სამართლებრივი შეფასება წარსული დროის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
ხსენებული ნორმის სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ გასული დროისათვის ალიმენტის გადახდევინება, ჩვეულებრივ არ ხდება. ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, კანონმდებლობა წარსული დროის ალიმენტის გადახდევინებას ითვალისწინებს მხოლოდ ამისათვის სავალდებულო წინაპირობების დაცულობის შემთხვევაში. კერძოდ, უნდა დასტურდებოდეს, რომ სარჩოს მიღების მიზნით გარკვეული ზომები გატარდა მოსარჩელის მიერ და მას შედეგი არ მოჰყოლია. ანუ, აღნიშნული ნორმის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სარჩელის წარდგენამდე სარჩოს მოთხოვნისა და ვალდებული პირის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებაზე თავის არიდების ფაქტები. ამ ფაქტობრივი გარემოებებზე და შესაბამის მტკიცებულებებზე მოსარჩელემ ვერ მიუთითა. მოცემულ შემთხვევაში, ს----------------ის მხრიდან ალიმენტის მოთხოვნით მოპასუხისათვის მიმართვის დასადასტურებლად გარდა მისი ახსნა-განმარტებისა, სხვა მტკიცებულებები წარდგენილი არ არის, ხოლო მითითება იმაზე, რომ მოპასუხე თავს არიდებდა შვილის მოვლა პატრონობას საქმის მასალებით არ დასტურდება.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო პროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სსკ 39-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სსკ კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ პუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
7.2. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (სსსკ-ის 46-ე მუხლი; ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონი).
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ს----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხემ სარჩელი ცნო შვილის სასარგებლოდ 150 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულობის და მოპასუხის პოზიციის გათვალისწინებით, მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 50 ლარი.
8. ზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ს----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გ----------–--ეს- პ/ნ - 6----------, არასრულწლოვანი შვილის - ა------–--ის (დაბ: 10.04.2004წ.) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად - 170 (ასსამოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2019 წლის 19 აპრილიდან მის სრულწლოვანებამდე.
3. ს----------------ეს უარი ეთქვას წარსული დროის ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
4. გ----------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე