გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.07.2019
საქმის ნომერი
330210119002897679
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/5349-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 ივნისი 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - რ--------------ი

წარმომადგენელი - ი--------–----------

 

მოპასუხეები - რ-----------–---–ი, ე-------------–---–ი

წარმომადგენელი - ზ----------------–---------------–---–----

 

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნაწილობრივ გაუქმდეს ნოტარიუს ე-–-----–----–---–-ს მიერ 2019 წლის 21 იანვარს, კრედიტორ რ-----------–---–ის სასარგებლოდ გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცელი, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობიდან სულ 18141.12 ლარიდან სრულად გაუქმდეს დარიცხული სარგებელი 1941 ლარი, ხოლო ძირითადი თანხა შემცირდეს 12150 ლარით და განისაზღვროს - 4050 ლარით;

1.2. ნაწილობრივ გაუქმდეს ნოტარიუს ე-–-----–----–---–-ს მიერ 2018 წლის 7 ნოემბერს, კრედიტორ ე-------------–---–ის სასარგებლოდ გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცელი, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობიდან სრულად გაუქმდეს დარიცხული სარგებელი 2430 ლარი, ხოლო ძირითადი თანხა შემცირდეს 18900 ლარით და განისაზღვროს - 8100 ლარით;

 

მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

 

2018 წლის 30 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება. ხელშეკრულების თანახმად რ-----------–---–მა გასცა სესხი 16200 ლარი, ხოლო ე-------------–---–მა - 27000 ლარი. ორივე სესხი გაიცა ყოველთვიური სარგებლის - 3%-ის დარიცხვით და ერთი თვის სარგებელი წინასწარი იქნა გადახდილი. სესხის თანხა იპოთეკარებმა გადასცეს რეალურ მსესხებელს, ნ-----------–-–---–ს, რომელიც აწარმოებდა მოპასუხეებთან ხელშეკრულების დადების მოლაპარაკებებს. მოსარჩელე კრედიტორებს შეხვდა მხოლოდ სანოტარო ბიუროში, არ იცნობდა მათ და კომუნიკაცია არ არსებობდა მათ შორის, არც იპოთეკარებს უნახავთ მოსარჩელის ბინა.

 

ნ-----------–-–---–ი ახდენდა სესხისა და სარგებლის დაფარვას და სულ გადახდილი აქვს 11500 აშშ დოლარი, ხოლო გადასახდელია 4500 აშშ დოლარი. მოსარჩელემ მას თანხის სრულად დაფარვა მოსთხოვა, რისთვისაც ნ-----------–-–---–ი დაპირდა, რომ თავის სახლს დააგირავებდა და მიღებული თანხით ვალი დაიფარებოდა. ამ მიზნით, მან ი-------------ს, რომელსაც ბინა უნდა ეგირავებინა, გამოართვა 10000 აშშ დოლარი, საიდანაც 4500 აშშ დოლარი უნდა დაეფარა მოპასუხეებისთვის. ვალდებულება ნ-----------–-–---–ს არ შეუსრულებია.

 

მოპასუხეების მოთხოვნით გაიცა სააღსრულებო ფურცლები, სადაც არასწორად მიეთითა დავალიანება. რეალურად აღსასრულებელ თანხას წარმოადგენს ერთიანობაში 4500 აშშ დოლარს, აქედან რ-----------–---–----ვის გადასაცემი თანხაა 1500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში - 4050 ლარი, ხოლო ე-------------–---–ისთვის გადასაცემი თანხაა 3000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში 8100 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და ერთობლივი შესაგებლით განმარტეს, რომ მსესხებელს ვალდებულება არ შეუსრულებია, ხოლო სარჩელზე თანდართული საეჭვო წარმომავლობის თანხის დახდის დამადასტურებელი „დოკუმენტი“ მათ მიერ ხელმოწერილი არ იყო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. რ--------------ს (მსესხებელს, იპოთეკის საგნის მესაკუთრეს) და რ-----------–---–სა და ე-------------–---–ს, როგორც გამსესხებლებს შორის 3018 წლის 30 იანვარს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად რ-----------–---–მა მოსარჩელეს სესხის სახით გადასცა 16200 ლარი, ხოლო ე-------------–---–მა - 27000 ლარი, ორივე სესხი გაიცა 6 თვის ვადით, თვეში 3% სარგებლის დარიცხვით, ხოლო ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის მსესხებელი გადაიხდიდა პირგასამტეხლოს, ძირითადი თანხის 0,1%-ის ოდენობით.

 

სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, ლ------------------–--------------–-----, ბინა #5, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0----------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 30.01.2018 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.2. 2018 წლის 3 აპრილს რ--------------სა და ი-------------ს შორის დაიდო გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნასყიდობის საგანი გამოსყიდვის უფლებით გაიყიდა 10000 აშშ დოლარად.

 

გამოსყიდვის ვადა ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე საბოლოოდ 2018 წლის 10 სექტემბრამდე განისაზღვრა.

 

ხელშეკრულების თანახმად, რ--------------ის კუთვნილი, თბილისში, ლ------------------–--------------–------ში, მდებარე ბინა #5, ი-------------ის სახელზე დარეგისტრირდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 03.04.2018 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით;

- 13.08.2018 წლის სანოტარო აქტი გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.3. კრედიტორის, ე-------------–---–ის მოთხოვნით, ნოტარიუსმა ე-–-----–----–---–მა მოვალის - რ--------------ის მიმართ 2018 წლის 7 ნოემბერს გასცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 27000 ლარი, ყოველთვიურად 3% გადაუხდელი თანხა - 2430 ლარი, 2018 წლის 31 ივლისიდან პირგასამტეხლო ძირითადი თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126,72 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად.

 

სააღსრულებო ფურცლით დადგინდა ი-------------ის სახელზე რეგისტრირებული იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 07.11.2018 წლის სააღსრულებო ფურცელი.

 

3.1.4. კრედიტორის, რ-----------–---–ის მოთხოვნით, ნოტარიუსმა ე-–-----–----–---–მა მოვალის - რ--------------ის მიმართ 2019 წლის 21 იანვარს გასცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 16200 ლარი, 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან პირგასამტეხლო ძირითადი თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126,72 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად.

 

სააღსრულებო ფურცლით დადგინდა ი-------------ის სახელზე რეგისტრირებული იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 21.01.2019 წლის სააღსრულებო ფურცელი.

 

3.1.5. ორივე სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად 2019 წლის თებერვალში იქნა წარდგენილი თბილისის სააღსრულებო ბიუროში, საიდანაც წინადადებები გადაწყვეტილების შესრულების შესახებ მოვალეს გაეგზავნა 2019 წლის 4 თებერვალს და 19 თებერვალს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წინადადებები გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე ვერ ადასტურებს რუსულ ენაზე შედგენილი სადავო ხელწერილის შინაარსის ნამდვილობას, რომელიც წარმოდგენილია ასლის სახით. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ გამსესხებლების მიმართ ფულადი ვალდებულება ნაწილობრივ შესრულებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ხელწერილში საუბარია მოპასუხეებისთვის 11500 აშშ დოლარის გადახდაზე და მისი გადახდის შემდგომ მოპასუხეთათვის გადასახდელი თანხა რჩება 4500 აშშ დოლარი, აქედან რ-----------–---–----ვის - 1500 აშშ დოლარი, ხოლო ე-------------–---–ისთვის - 3000 აშშ დოლარი.

 

მოპასუხეებმა სადავოდ გახადეს როგორც ხელწერილზე მათი ხელმოწერა, ასევე მისი შინაარსი, რომლის საპირისპიროდაც მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის რეალიზება, ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ხელწერილზე მოპასუხეთა ხელმოწერას. მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ ექნებოდა სასამართლოს შესაძლებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით შეეფასებინა მისი შინაარსი.

 

ამდენად, ფულადი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებას მოსარჩელე ადასტურებს მხოლოდ პირადი ახსნა-განმარტებით და მოწმის ჩვენებით. სასესხო ვალდებულების ნამდვილობისთვის კი სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მეორე წინადადებიდან გამომდინარე, მოწმის ჩვენება საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს და მოწმის ჩვენებასთან ერთად, სავალდებულოა სხვა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც მოწმის ჩვენებასთან ერთობლივად დაადასტურებს სასესხო ურთიერთობის არსებობას.

 

ამდენად, სასესხო ურთიერთობებში კანონი „არ ენდობა“ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს (ამ შემთხვევაში მოწმის ჩვენების, როგორც არაპირდაპირი (ინდიციური) მტკიცებულების შეფასება, ემპირიული წესების საფუძველზე ხორციელდება სხვა მტკიცებულებთან შეფასების გზით). აქედან გამომდინარე, კანონი მიუთითებს არა მხოლოდ გამსესხებლის უფლებაზე, არამედ „ხელშეკრულების ნამდვილობაზე“, რაც მოიცავს როგორც გამსესხებლის უფლებას, ასევე, მსესხებლის ვალდებულებას (ხელშეკრულების რეალური ბუნებიდან გამომდინარე გამსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების საგნის მსესხებელზე საკუთრებაში გადაცემის და შემდეგ მისი მიღების ფაქტის დადგენა ემორჩილება ერთსა და იმავე წესს.), შესაბამისად, მითითებული დანაწესის მიზნებიდან გამომდინარე, სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზეპირი ფორმით ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით (სუსგ №ას-872-830-2013, 17 ოქტომბერი, 2014 წელი).

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები უქმნის სასამართლოს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ ხელწერილით არ დასტურდება მოპასუხეთა სასარგებლოდ ფულადი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება და მხოლოდ მოსარჩელე მხარის განმარტება და მოწმის ჩვენება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო ურთიერთობის არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გამსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მსესხებელს ვალდებულება (სესხის დაბრუნება) შესრულებული არ აქვს. ამდენად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია გამსესხებელს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე. მისი გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) მსესხებელს აკისრია. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ იმას, რომ მოვალემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, არამედ იმას, ეს შესრულება რამდენად ითვლება კრედიტორის მიერ მიღებულად, დაცული არის თუ არა სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. აღნიშნული წესი გამომდინარეობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოვალისთვის აუცილებია, ვინაიდან სწორედ მას აკისრია ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სანოტარო წესით დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის პირობა მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ შესრულებულა.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ ფულადი ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა და რ-----------–---–ის სასარგებლოდ დარჩენილია 1500 აშშ დოლარის ექვივალენტი 4050 ლარი, ხოლო ე-------------–---–ის სასარგებლოდ - 3000 აშშ დოლარის ექვივალენტი 8100 ლარი. თუმცა აღნიშნულის შესახებ კრედიტორის მიერ გაცემული დოკუმენტი მას არ წარმოუდგენია. ამგვარ მტკიცებულებად ვერ შეფასდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილი (ასლი). მას სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ფაქტის დასადასტურებლად მტკიცებულებითი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი). ხოლო „მოსარჩელის (გამსესხებლის) მიერ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევასა და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელეს (მსესხებელს) ვალდებულება (სესხის დაბრუნება) შესრულებული არ აქვს (სუსგ Nას-№ას-929-891-2014, 22.04.2015.; №ას-763-722-2015, 28.09.2015 წელი).

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. რ--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე