გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე080210019002986920
საქმე №2/1102-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი ია დვალიშვილი
მოსარჩელე თ----- გ-------;
წარმომადგენელი ნ--- გ-------, ნ----- მ---------–--;
მოპასუხე პ----- ტ--–--–-–---–ი;
დავის საგანი ალიმენტის ოდენობის გაზრდა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე პ----- ტ--–--–-–---–ზე არასრულწლოვანი შვილის, 2001 წლის 20 სექტემბერს დაბადებული მ------ ტ--–--–-–---–ის სასარგებლოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2001 წლის 05 დეკემბერს, სამოქალაქო საქმეზე 2/1174-2001 მიღებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის - 35 ლარის გაზრდა და მისი განსაზღვრა 300 ლარით, რომლის გადახდევინება დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2019 წლის 10 მაისიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
სარჩელის საფუძვლები:
თ----- გ-------ს და პ----- ტ--–--–-–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2001 წლის 20 სექტემბერს, შეეძინათ შვილი - მ------ ტ--–--–-–---–ი. 2001 წლის 05 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მოპასუხეს შვილის სასარგებლოდ დააკისრა ალიმენტის, თვეში 35 ლარის გადახდა. მ------ ტ--–--–-–---–ი არის აბიტურიენტი, რომელსაც ესაჭიროება მომზადება უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად, ყველა ხარჯს წევს დედა, ხოლო მამა გარდა 35 ლარისა, არაფრით ეხმარება შვილს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდის თაობაზე, მისი მითითებით, არის უმუშევარი, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, დასაქმებულია მხოლოდ მისი მეუღლე, შესაბამისად, ვერ შეძლებს გაზრდილი ალიმენტის გადახდას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თ----- გ-------ს და პ----- ტ--–--–-–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2001 წლის 20 სექტემბერს, შეეძინათ შვილი - მ------ ტ--–--–-–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მ------ ტ--–--–-–---–ის დაბადების მოწმობა (ს.ფ.15).
3.1.2. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი მ------ ტ--–--–-–---–ი ცხოვრობს დედასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.3. პ----- ტ--–--–-–---–ი ქორწინებაში იმყოფება თ------- დ---------ესთან, მათ ჰყავთ საერთო შვილი: 2014 წლის 6 იანვარს დაბადებული ა-- ტ--–--–-–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქორწინების მოწმობა (ს.ფ.30).
-დაბადების მოწმობა (ს.ფ.29).
3.1.4. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, 2001 წლის 05 დეკემბერს, სამოქალაქო საქმეზე 2/1174-2001, მიღებული გადაწყვეტილებით, პ----- ტ--–--–-–---–ს შვილის - მ------ ტ--–--–-–---–ის სასარგებლოდ დააკისრა ალიმენტის - თვეში 35 ლარის გადახდა 2001 წლის 15 ნოემბრიდან, შვილის სრულწლოვანებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 16).
3.1.5. დადგენილია, რომ მ------ ტ--–--–-–---–ი არის აბიტურიენტი, ამავე დროს იგი სწავლობს ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მეათე კლასში, მონაწილეობს სასწავლებლის შიდა და საქალაქო ღონისძიებებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლიდან ცნობა (ერთვის სასამართლო სხდომის ოქმს);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, რომ მოპასუხე მუშაობს და გააჩნია შემოსავალი, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება წარმოდგენილი არაა. ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ გააჩნია საკრედიტო ვალდებულებები, რის გამოც არ შეუძლია გაზრდილი ალიმენტის გადახდა. მართალია მოპასუხეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მაგრამ საკრედიტო ხელშეკრულების დადება მეტყველებს მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ პირს განუსაზღვროს არაგონივრულად მცირე ალიმენტი და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. ამასთან, მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მისი შემოსავლებიდან გამომდინარე ვერ ასრულებს ბანკის მიმართ საკრედიტო ვალდებულებას და არის მძიმე მდგომარეობაში მოპასუხეს, როგორც უკვე აღინიშნა, არ წარმოუდგენია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მათი სამართლიანი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის ზრდის გათვალისწინებით, არასრულწლოვნის რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე, მ------ ტ--–--–-–---–ის რჩენა-აღზრდისათვის განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს და ნაცვლად 35 ლარისა, განისაზღვროს 120 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1221-ე, 1231-ე და 1234-ე მუხლები
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 მოსარჩელემ არასრულწლოვანი მ------ ტ--–--–-–---–ის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდა მოითხოვა იმ არსებით გარემოებაზედ მითითებით, რომ სასამართლო წესით საალიმენტო ვალდებულების განსაზღვრის შემდეგ, გაიზარდა ბავშვი, იგი არის აბიტურიენტი, შესაბამისად, მისთვის აუცილებელმა ხარჯმა მოიმატა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ----- გ-------ს და პ----- ტ--–--–-–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2001 წლის 20 სექტემბერს, შეეძინა შვილი - მ------ ტ--–--–-–---–ი. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი მ------ ტ--–--–-–---–ი ცხოვრობს დედასთან. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, 2001 წლის 05 დეკემბერს, სამოქალაქო საქმეზე 2/1174-2001, მიღებული გადაწყვეტილებით, პ----- ტ--–--–-–---–ს შვილის - მ------ ტ--–--–-–---–ის სასარგებლოდ დააკისრა ალიმენტის - თვეში 35 ლარის გადახდა 2001 წლის 15 ნოემბრიდან, შვილის სრულწლოვანებამდე.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას, მათთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდათ მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ალიმენტის დადგენილი ოდენობის შეცვლა, მისი გაზრდის გზით უკავშირდება შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობას: 1. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უნდა იყოს ალიმენტვალდებული პირის მიერ შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა; 2. ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს; 3. დადგენილი ალიმენტის ოდენობა მეორე მშობლის, ამ შემთხვევაში დედის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ უნდა იყოს საკმარისი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის გაზრდას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან.
მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე დავისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებებიდან დადგენილია, რომ მოპასუხე არ მუშაობს, მისი მატერიალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, მაგრამ სახეზეა არასრულწლოვან მ------ ტ--–--–-–---–ის საარსებო მოთხოვნილებების გაზრდა, ვინაიდან იგი უკვე არის აბიტურიენტი, პარალალურად სწავლობს სამუსიკო სასწავლებელში, მონაწილოებას ღებულობს სხვადასხვა ღონისძიებებში, შესაბამისად, გაზრდილია მისი ხარჯები.
აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს არასრულწოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ბავშვის ინტერესების საზიანოდ ალიმენტის ოდენობის შეცვლას. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2019 წლის მაისის თვისათვის - 190.00 ლარს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შეცვლის, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების, მედეა ჯანიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხის მატერიალური მდგომარეობიდან, სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტი უნდა გაიზარდოს და მოპასუხის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა, სარჩელის აღძვრიდან 2019 წლის 10 მაისიდან უნდა განისაზღვროს 120 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ელისო რუხაძე გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით, ვინაიდან ალიმენტის ოდენობა გაიზარდა თვრეში 85 ლარით, რაც ერთ წელზე გაანგარიშებით შეადგენს 1020 ლარს, აღნიშნული თანხის 3% არის 30.6 ლარი.
ვინაიდან მოსარჩელე სარჩელის წარდგენისას გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, არსებობს მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 30.6 ლარის გადახდის დაკისრების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, მე-8, 38-ე, 39-ე, 41-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1.თ----- გ-------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.მოპასუხე პ----- ტ--–--–-–---–ს (პირადი №6----------) არასრულწლოვანი შვილის - 2001 წლის 20 სექტემბერს დაბადებული მ------ი ტ--–--–-–---–ის სასარგებლოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 05 დეკემბერს, სამოქალაქო საქმეზე 2/1174-2001 მიღებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი - 35 ლარი გაეზარდოს და მისი ოდენობა განისაზღვროს ყოველთვიურად 120 ლარით, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 10 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;
3.დაეკისროს პ----- ტ--–--–-–---–ს (პირადი №6----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 30.6 ლარის გადახდა;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე