გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/4835-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
8 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - შორენა აბჟანდაძე
მოსარჩელე - სს ,,ლ-------- ბანკი"
წარმომადგენელი - თ--------------–---–ი
მოპასუხეები - ზ------------------ე, ნ------------ე, მ-----–----------ე
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ნ------------ეს, მ-----–----------ესა და ზ------------------ეს სს ,,ლ-------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 9649.71 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4948.51 ლარი, პროცენტი - 3051.70 ლარი და ჯარიმა - 1649.50 ლარი (თავდებობის ზღვრული ოდენობა განსაზღვრულია თითოეულ თავდებზე 5150 ლარით).
სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაამყარა:
1. 2017 წლის 26 აპრილს სს ,,ლ-------- ბანკ“-სა და ნ------------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, N-------- (მინი-მიკრო სესხი) 5000 ლარის ოდენობით, 2020 წლის 01 მაისამდე ვადით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით;
2. N-------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად 2017 წლის 26 აპრილს გაფორმდა N-------------------- და N-------------------- თავდებობის ხელშეკრულებები ზ------------------ესთან და მ-----–----------ესთან, რომლითაც მოპასუხეებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე თითოეულმა 5150 ლარის მოცულობით;
ბანკის მიმართ სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა მსესხებელს ნ------------ეს უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის ნ------------ის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც სს ,,ლ-------- ბანკმა“ 2019 წლის 18 თებერვალს ცალმხვრივად შეწყვიტა მსესხებელთან გაფორმებული N-------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
2019 წლის 18 თებერვლის მდგომარეობით ნ------------ის დავალიანება სს ,,ლ-------- ბანკის“ მიმართ N-------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 9649.71 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4948.51 ლარი, პროცენტი - 3051.70 ლარი და დაკორექტირებული ჯარიმა - 1649.50 ლარი.
დავალიანების გადახდა მოპასუხეთა მიერ არ სრულდება, რაც გახდა სარჩელის აღძვრის საფუძველი.
2. მოპასუხეების პოზიცია.
წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში და ასევე სასამართლოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხე ზ------------------ემ სარჩელი საერთოდ არ ცნო, ხოლო მოპასუხეებს ნ------------ესა და მ-----–----------ეს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 26 აპრილს სს ,,ლ-------- ბანკ“-სა და ნ------------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, N-------- (მინი-მიკრო სესხი) 5000 ლარის ოდენობით, 2020 წლის 01 მაისამდე ვადით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 26 აპრილის N-------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
3.1.2. N-------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად 2017 წლის 26 აპრილს გაფორმდა N-------------------- და N-------------------- თავდებობის ხელშეკრულებები ზ------------------ესთან და მ-----–----------ესთან, რომლითაც მოპასუხეებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე თითოეულმა 5150 ლარის მოცულობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 26 აპრილის N-------------------- და N-------------------- თავდებობის ხელშეკრულებები;
3.1.3. დავალიანების დაფარვის მოთხოვნით სარჩელი სს ,,ლ-------- ბანკმა“ სასამართლოში 2019 წლის 11 მარტს აღძრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2019 წლის 18 თებერვლის (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) მდგომარეობით ნ------------ის გადასახდელი დავალიანება სს ,,ლ-------- ბანკის“ მიმართ შეადგენს 9649.71 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4948.51 ლარი, პროცენტი - 3051.70 ლარი და დაკორექტირებული ჯარიმა - 1649.50 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
მთავარ სხდომაზე მოპასუხე ზ------------------ემ სარჩელი საერთოდ არ ცნო, ხოლო მოპასუხეებს ნ------------ესა და მ-----–----------ეს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულან. ამავდროულად საქმეში მოსარჩელის სს ,,ლ-------- ბანკის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებები, ცნობა დავალიანების შესახებ) საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 18.02.2019 წლის ცნობა დავალიანების შესახებ;
- გადახდის გრაფიკი;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ლ-------- ბანკის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
4.1. ხელშეკრულების თანახმად, თანხა უნდა დაბრუნებულიყო ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, რაც დარღვეულია მოპასუხის მიერ, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის დავალიანებისა და პროცენტის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4.2. ამასთან, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში სესხის თანხის და შეთანხმებული პროცენტის გადახდის ვადის გადაცილებისას ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. მოპასუხეთათვის დავალიანების ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს სოლიდარულად დაკისრება.
5.1.1. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება (მუხლი 316.1).
5.1.2. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (მუხლი 317.1). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და იწვევს მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას.
5.1.3. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების საფუძველია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის სამართლებრივ რეგულირებასაც ეძღვნება სკ-ის 623-ე, 867-ე და 868-ე მუხლები. კერძოდ, სკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
5.1.4. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით, ხოლო ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
5.1.5. დადგენილია, რომ 2017 წლის 26 აპრილს სს ,,ლ-------- ბანკ“-სა და ნ------------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, N-------- (მინი-მიკრო სესხი) 5000 ლარის ოდენობით, 2020 წლის 01 მაისამდე ვადით, წლიური 36% სარგებლის დარიცხვით, ხოლო ხელშეკრულების დადებით მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა.
5.1.6. დადგენილია, რომ N-------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 2017 წლის 26 აპრილს გაფორმდა N-------------------- და N-------------------- თავდებობის ხელშეკრულებები ზ------------------ესთან და მ-----–----------ესთან, რომლითაც მოპასუხეებმა ზ------------------ემ და მ-----–----------ემ იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე თითოეულმა ცალკ-ცალკე 5150 ლარის მოცულობით;
5.1.7. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის გათვალისწინებით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
5.1.8. ამავე კოდექსის 892.1 მუხლის შესაბამისად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
5.1.9. სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
5.1.10. სადავო არ არის, რომ N-------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 2017 წლის 26 აპრილს გაფორმდა N-------------------- და N-------------------- თავდებობის ხელშეკრულებები ზ------------------ესთან და მ-----–----------ესთან, რომლითაც მოპასუხეებმა ზ------------------ემ და მ-----–----------ემ იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე თითოეულმა ცალკ-ცალკე 5150 ლარის მოცულობით;
5.1.11. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
5.1.12. დავის ფარგლებში, დადგენილია სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხეთა მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი (სკ-ის 361-ე, 400-ე მუხლები). დარღვეულია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
5.1.13. სადავო არარის დავალიანების არსებობა და მისი ოდენობა სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში, ასევე პირგასამტეხლოს დარიცხვის კანონიერება. მოპასუხეებს ნ------------ეს და მ-----–----------ეს სასამართლოში მიმდინარე დავის შესახებ ეცნობათ, მოპასუხეთა მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაგებელი, ისინი არც სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდნენ. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე ზ------------------ემ სარჩელი არ ცნო. ამიტომ, თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ექვემდებარება სრულად დაკმაყოფილებას.
5.1.14. დავის ფარგლებში, დადგენილია სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი (სკ-ის 361-ე, 400-ე მუხლები). დარღვეულია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რაზეც მოპასუხე გაფრთხილდა წერილობით და მიეცა ვალდებულების შესასრულებლად დამატებით 14 დღიანი ვადა, თუმცა უშედეგოდ.
5.1.15. სადავო არაა, რომ მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ვადაგადაცილებული თანხის 0.41%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5.1.16. მოქმედი სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ფუძემდებლურ - ,,pacta sunt servanda-ს’’ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამიტომ, შესრულებისათვის დადგენილ დროში მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა უკვე ვადაგადაცილება და შესაბამისად, ვალდებულების დარღვევაა, რაც მოსარჩელეს შეთანხმების არსებობისას ანიჭებს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამიტომ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო (შეთანხმებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობა), მხარეებს შორის არსებული წერილობითი შეთანხმების თანახმად, მოსარჩელეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება, რაც გამომდინარეობს სსკ-ის 416-418-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას.
5.1.17. სასამართლოს ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე არ უარყოფს ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს. ამიტომ, უნდა განიმარტოს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება, როგორც უკვე აღინიშნა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან და რომლის მიზანია, არა მხოლოდ, ვალდებულების შესრულების სტიმულირება, არამედ, ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება. შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას და უსაფუძვლო გამდიდრებას.
5.1.18. სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო (420-ე მუხლი). ამ მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა. პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ. დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ. ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ. პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
5.1.19. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - გადასახდელი თანხის 0,41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რაც შესაბამისობაშია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტთან, მითუმეტეს მოსარჩელის მიერ მოხდა უკვე დარიცხული პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება, შესაბამისად მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ უკვე შემცირებული ოდენობით.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლით გათვალისწინებული ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ ანგარიშსწორების წინაპირობა არ არსებობს, რის გამოც საპროცესო ხარჯი უნდა გადაწყდეს 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 289 ლარი, შესაბამისად მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის თანხა სრულად უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად სს ,,ლ-------- ბანკის“ სასარგებლოდ.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ლ-------- ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს ნ------------ეს, მ-----–----------ესა და ზ------------------ეს სს ,,ლ-------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 9649.71 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4948.51 ლარი, პროცენტი - 3051.70 ლარი და ჯარიმა - 1649.50 ლარი (თავდებობის ზღვრული ოდენობა განსაზღვრულია თითოეულ თავდებზე 5150 ლარით).
3. მოპასუხეებს ნ------------ეს, მ-----–----------ესა და ზ------------------ეს სს ,,ლ-------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 289 ლარი სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. მოპასუხეებს ნ------------ეს, მ-----–----------ესა და ზ------------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 0.49 ლარი სარჩელის აღძვრისას გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე