გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.07.2019
საქმის ნომერი
330210118002365182
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/8719-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

9 ივლისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი

მოსარჩელე - ნ--–-----------ა

წარმომადგენელი - ჟ------------ი, ლ-----–-–--–---–ი

მოპასუხე - გ----------–-–---–ი, ფ-----------–-–---–ი

წარმომადგენელი - მ------------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გ----------–-–---–ს და ფ-----------–-–---–ს, ნ--–-----------ას სასარგებლოდ მხარეთა შორის 2015 წლის თებერვალში დადებული სესხის ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე დაეკისროთ საპროცენტო სარგებლის 1350 ლარისა და 1400 ლარის გადახდა;

1.2. გ----------–-–---–ს და ფ-----------–-–---–ს, ნ--–-----------ას სასარგებლოდ მხარეთა შორის 2015 წლის 11 იანვარს დადებული სესხის ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე დაეკისროთ ძირი თანხის 4000 ლარისა და 1000 აშშ დოლარის გადახდა;

1.3. გ----------–-–---–ს და ფ-----------–-–---–ს, ნ--–-----------ას სასარგებლოდ მხარეთა შორის 2015 წლის 11 იანვარს დადებული სესხის ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე დაეკისროთ საპროცენტო სარგებლის 4800 ლარისა და 1200 აშშ დოლარის გადახდა;

1.4. გ----------–-–---–ს და ფ-----------–-–---–ს, ნ--–-----------ას სასარგებლოდ დაეკისროთ 2016 წლის 11 იანვრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მიუღებელი შემოსავლის სახით 2018 წლის აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდით 4000 ლარისა და 1000 აშშ დოლარის საპროცენტო სარგებელი თვეში 200 ლარისა და 50 აშშ დოლარის ოდენობით.

მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის თებერვალში, ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე გ----------–-–---–ს და ფ-----------–-–---–ს, სესხის სახით გადასცა 3000 ლარი, თვიური საპროცენტო განაკვეთი 5%-ის პირობით. ხელშეკრულების დადებიდან მსესხებლისგან სარგებლის სახით მოსარჩელემ მიიღო 1500 ლარი, რაც მოიცავდა 2015 წლის თებერვლიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდს. 2016 წლის იანვრიდან 2016 წლის ოქტომბრამდე მსესხებელს სარგებელი არ გადაუხდია მოსარჩელისთვის, რამაც შეადგინა 1350 ლარი. 2016 წლის ოქტომბერში მსესხებლისგან მოსარჩელემ მიიღო ძირი თანხის ნაწილი 1000 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი 2000 ლარი მიიღო მსესხებლისგან 2017 წლის დეკემბერში. შესაბამისად, 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის დეკემბრამდე მსესხებლისგან მოსარჩელეს არ მიუღია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი, რაც აღნიშნული პერიოდის განმავლობაში შეადგენს 1400 ლარს.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 11 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის დაიდო ზეპირი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სესხის სახით მოპასუხეებს გადაეცათ ფულადი თანხა 4000 ლარი და 1000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების დადებიდან დღემდე მოპასუხეებს სარგებლის სახით გადახდილი აქვთ 670 ლარი, რაც წარმოადგენს 2 თვის სარგებლის ოდენობას. შესაბამისად, სესხის სახით გაცემული 4000 ლარის სარგებელმა, თვიური 5%-ის გათვალისწინებით, 2016 წლის აპრილიდან 2018 წლის აპრილამდე შეადგინა 4800 ლარი, ხოლო 1000 აშშ დოლარის სარგებელმა ამავე პერიოდში შეადგინა 1200 აშშ დოლარი. მოსარჩელე ითხოვს აღნიშნული თანხების, კერძოდ ძირი თანხებისა და საპროცენტო სარგებლის მოპასუხეებზე დაკისრებას. ასევე მიუღებელ შემოსავალს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

ფ-----------–-–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას თანხა სრულად აქვს გადახდილი და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

გ----------–-–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არანაირი თანხა მოსარჩელისგან არ აუღია და შესაბამისად არ გააჩნია მოსარჩელის მიმართ არანაირი დავალიანება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მოსარჩელესა და მოპასუხე ფ-----------–-–---–ს შორის 2015 წლის თებერვალში და 2016 წლის 11 იანვარს თვიური 5%-ის დარიცხვის პირობით დაიდო სესხის ორი ხელშეკრულება ზეპირი ფორმით, რომლის შედეგად მოპასუხემ მოსარჩელისგან სესხის სახით მიიღო პირველ შემთხვევაში - 3000 ლარი, მეორე შემთხვევაში - 4000 ლარი და 1000 აშშ დოლარი. ორივე ხელშეკრულების მსესხებელს წარმოადგენდა ფ-----------–-–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სარჩელი(ს.ფ.2-17);

- ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის V-------------–--ის მიერ შედგენილი ფ-----------–-–---–ის და მისი მეუღლის გ----------–-–---–ის გასაუბრების ოქმები (ს.ფ. 110-114)

- მხარეთა ახსნა–განმარტებები (შესაგებელი; მთავარი სხდომის ოქმი - ს.ფ.168-180).

 

3.1.2. მხარეთა (ნ. დ-------ა/ფ. მრ--–-–---–ი) შორის 2015 წლის თებერვლის ხელშეკრულების დადების შემდეგ, მოპასუხე ფ-----------–-–---–მა, მოსარჩელეს გადაუხადა სარგებელი 1500 ლარი, რაც მოიცავდა 2015 წლის თებერვლიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდს. ასევე, 2016 წლის ოქტომბერში მოპასუხე ფ-----------–-–---–მა მოსარჩელეს გადაუხადა ძირი თანხის ნაწილი 1000 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი 2000 ლარი გადაუხადა 2017 წლის დეკემბერში. ჯამში, მოსარჩელის მიერ, 2015 წლის თებერვლის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხა სრულად გადახდილია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი( ს.ფ. 1-11); შესაგებელი; სასამართოს მთავარი სხდომის ოქმი (ს.ფ. 110-114);

 

3.1.3. მხარეთა შორის 2016 წლის 11 იანვრის ხელშეკრულების დადების შემდეგ, მოპასუხე ფ-----------–-–---–მა, მოსარჩელეს გადაუხადა სარგებლის სახით 670 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა–განმარტებები (მთავარი სხდომის ოქმი - ს.ფ.110-114).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე ფ-----------–-–---–ის მიერ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულება 2016 წლის 11 იანვრის ხელშეკრულების შესაბამისად (სესხის ძირი - 4000 ლარი და 1000 აშშ დოლარი; პროცენტი - 4800 ლარი და 1200 აშშ დოლარი) შესრულებულია მხოლოდ 670 ლარის (2 თვის სარგებელი) მოცულობით. დანარჩენ ნაწილში, მოპასუხე ფ-----------–-–---–ის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებუ-ლებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის მიერ თანხის დაბრუნების ფაქტი. მნიშვნელოვანია ის გარემოება თუ ვინ უნდა დაადასტუროს კონკრეტული ფაქტი. სესხის ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია, როგორც უფლებები ასევე ვალდებულებები, ნათელია, რომ თითეულმა მხარემ უნდა ადასტუროს მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი. ასევე საგულისხმოა ის გარემოება, რომ მხარე მოკლებულია შესაძლებლობას ადასტუროს ის რაც არ მომხდარა, მან უნდა დაადასტუროს ის რაც მოხდა, შესაბამისად, ქმედების განმახორციელებელმა მხარემ უნდა ადასტუროს მის მიერ ქმედების განხორციელება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოვალე, კერძოდ მოპასუხე ფ-----------–-–---–ი უთითებს, რომ მას სრულად აქვს გადახდილი 2016 წლის 11 იანვრის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ გადაუხდია.

 

განსახილველ შემთხვევაში, გამსესხებლის (მოსარჩელის) მიერ, სესხის ხელშეკრუ-ლებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულება (თანხის გადაცემა) ცალსახად დადასტურებულია მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ხოლო მსესხებლის (მოპასუხე ფ-----------–-–---–ი) მიერ ვალდებულების შესრულება (გამსესხებლისათვის თანხის დაბრუნება) საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება. მართალია, ხელშეკრულების დადებისას, კანონი არ ითვალისწინებს წერილობითი დოკუმენტის შექმნის აუცილებლობას თანხის გადაცემის შესახებ, მაგრამ სადავოობის შემთხვევაში, ვინაიდან სახეზეა ფულადი ვალდებულების შესრულება, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრუ-ლების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტუ-რებელი დოკუმენტი. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (სკ 427-ე მუხლი), ამიტომ მოვალეა ვალდებული ადასტუროს შესრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმები);

- სარჩელი (ს.ფ. 1-11);

- ხელწერილი (ს.ფ.129).

 

3.2.2. ნ--–-----------ასა და ფ-----------–-–---–ს შორის 2015 წლის თებერვლის და 2016 წლის 11 იანვრის ხელშეკრულებებში გათვალისწინებული შეთანხმება სარგებლის, თვიური 5% შესახებ ბათილია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ თვიურ 5%-იან სარგებელზე, რაც, მოპასუხე ფ-----------–-–---–ის მიერ 2015 წლის თებერვლის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილია 1500 ლარის ოდენობით რაც მოიცავდა 2015 წლის თებერვლიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდს, ხოლო 2016 წლის 11 იანვრის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილია 670 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. მართალია, გარიგება თავისუფალი ნების თანხვედრაა და კანონი არ ზღუდავს მხარეებს გარიგების შინაარსში, თუმცა ეკონომიკური სტაბილუ-რობის უზრუნველსაყოფად, მხარეთა ნების გამოვლენა მოქცეულია როგორც სამარ-თლებრივი ისე ზნეობრივი რეგულაციის სფეროში. სამოქალაქო კოდექსის მიზანია, აღმოფხვრას ამ სახის გარიგებებით გამოწვეული არახელსაყრელი ქონებრივი შედეგები. როგორც აღინიშნა, სამოქალაქო მართლწესრიგი ითვალისწინებს ზნეობის ნორმების გამოყენებას სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების დასარეგულირებლად. მორალის ნორმები, როგორც სამართლებრივი გამოვლინება სოციალურ გარემოში ყალიბდება საზოგადოებრივი შეხედულებების საფუძველზე. ზნეობის ნორმები უშუალოდ საზოგადოებაში არსებობენ და მისი წევრების ქცევის წესებზე დიდ გავლენას ახდენენ. მორალურ სისტემებს განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნიათ სამართალ-შეფარდებითი საქმიანობისათვის, რადგან მათი განსაზღვრება არ არის ამომწურავი და ეფუძნება, როგორც ზემოთ აღინიშნა, საზოგადოების წარმოდგენებს: მაგალითად, სიკეთესა და ბოროტებაზე, ღირსებაზე, ეთიკის ნორმებზე და ა.შ. ამდენად, არსებობს ზნეობის საპირისპირო გარემოებები, რომლებიც საზოგადოებაში ამორალურ ხასიათს ატარებენ. ზემოთ მითითებული ნორმა კი ამგვარ გარიგებებს ბათილ გარიგებად მიიჩნევს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თითოეულ სოციალურ გარემოს თავისი დამახასიათებელი მორალური სისტემა გააჩნია. ამიტომ ამ საფუძვლით გარიგების ბათილობისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იმ კონკრეტული საზოგადოების მორალური შეხედულებები, სადაც წარმოიშვა სადაო სამართლებრივი ურთიერთობა.

 

გარიგების ამორალურობა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს არა მხოლოდ მის შინაარსთან, არამედ მის ხასიათთანაც. შესაბამისად, გარიგება ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს, როდესაც იგი არსებითად არღვევს ერთ-ერთი მხარის ინტერესებს და არათანაბარ პირობებში აყენებს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელშეკრულება ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზეა დადებული. გარიგებით გათვალისწინებული შეუსაბამოდ, მაღალი ფასი ან სარგებელი ზნეობის საპირისპირო მოვლენებია. სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული შემთხვევის შეფასებისას, გონივრულობის სტანდარტის გათვალისწინებით, ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს სარგებლის ამორალური ხასიათი და კრედიტორის სურვილი მიიღოს მაქსიმალური სარგებელი დადებული ხელშეკრულებიდან. ფასების ზრდა გონივრულობის ფარგლებში - ამორალურად ნეიტრალურია. სხვა შემთხვევაა, როდესაც ფასი ან სარგებელი ორჯერ ან მეტჯერ აღემატება ამ გარემოში მოქმედ ბაზარზე ზოგადად დადგენილ ნიხრს. დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებები, სარგებლის სახით ითვალისწინებდა თვეში 5%-ს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს შეთანხმებით განსაზღვრონ სესხის პროცენტი, თუმცა მისი ოდენობა არსებითად არ უნდა ეწინააღმეგებოდეს ზოგადად დამკვიდრებულ ოდენობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველთვიური სარგებელი 5%-ის ოდენობით ანუ წლიური 60%, შეუსაბამოდ მაღალია, როგორც საბანკო სექტორში დამკვიდრებულ საპროცენტო ნიხრთან შედარებით, ისე ყოფით ურთიერთობებში მოქმედ სესხის პირობებთან. მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს მოპასუხე ფ-----------–-–---–ისგან 2015 წლის თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარგებლის სახით მიღებული აქვს 1500 ლარი, რაც წარმოადგენს სესხის ძირი თანხის 3000 ლარის ნახევარს, ხოლო 2016 წლის 11 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მოპასუხე ფ-----------–-–---–ისგან ასევე მიღებული აქვს 670 ლარი სარგებლის სახით, რასაც თავად მოსარჩელეც ადასტურებს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხეთა ვალდებულება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 411-ე, 625-ე, მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებუ-ლების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე ფ-----------–-–---–ს შორის, დადებულ იქნა სესხის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველ-ზეც მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდე-ბულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2015 წლის თებერვლის ხელშეკრულების დადების შემდეგ, მოპასუხე ფ-----------–-–---–მა, მოსარჩელეს გადაუხადა სარგებელი 1500 ლარი, რაც მოიცავდა 2015 წლის თებერვლიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდს. ასევე, 2016 წლის ოქტომბერში მოპასუხე ფ-----------–-–---–მა მოსარჩელეს გადაუხადა ძირი თანხის ნაწილი 1000 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი 2000 ლარი გადაუხადა 2017 წლის დეკემბერში. ჯამში, მოსარჩელის მიერ, 2015 წლის თებერვლის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხა სრულად გადახდილია.

 

ასევე დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 11 იანვრის ხელშეკრულების დადების შემდეგ, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხე ფ-----------–-–---–მა, მოსარჩელეს გადაუხადა სარგებლის სახით 670 ლარი.

 

მხარეთა შორის სადავოა, ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დარჩენილი თანხების გადახდის საკითხი. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარეს მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის აღნიშნული თანხების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელის დავალიანება სრულად აქვს დაფარული. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხეს გააჩნია ფულადი დავალიანება მოსარჩელის მიმართ, კერძოდ 2015 წლის თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებელი 1350 ლარი და 1400 ლარი, ხოლო 2016 წლის 11 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხები 4000 ლარისა და 1000 აშშ დოლარის ოდენობით და ასევე, საპროცენტო სარგებლები აღნიშნულ ძირ თანხებზე 4800 ლარისა და 1200 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულის დასტურად მოსარჩელე მიუთითებს 2019 წლის 8 თებერვალს, ფ-----------–-–---–ის მიერ შედგენილ ხელწერილზე, სადაც მოპასუხე აღიარებს არსებულ დავალიანებას. მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ხელწერილი არ არის შედგენილი მის მიერ და მოითხოვა ექსპერტიზის დანიშვნა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, შეჩერდა საქმის წარმოება N2/8719-18 სამოქალაქო საქმეზე და დაინიშნა ექსპერტიზა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–---------------–------------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: 1. ,,ხელნაწერი ტექსტი, განლაგებული, ვალის უთარიღო ხელწერილზე (ს.ფ. 129), რომელიც იწყება და მთავრდება შესაბამისად სიტყვებით: ,,მე ფ-----ა მრ--–-–---–ი ...“ ,, ... 5 პროცენტში“, შესრულებულია ფ-----------–-–---–ის მიერ. 2. გადაწყვეტა საკითხისა, ხელმოწერა, ფ-----------–-–---–ის სახელით, განლაგებული, ვალის უთარიღო ხელწერილზე (ს.ფ. 129), რომელიც იწყება და მთავრდება შესაბამისად სიტყვებით: ,,მე ფ-----ა მრ--–-–---–ი ...“, ,,... 5 პროცენტში“, ხელნაწერი ტექსტის ბოლოს, მარჯვენა მხარეს, შესრულებულია თუ არა ფ-----------–-–---–ის მიერ შეუძლებელია, ნიმუშების სიმცირისა და შეუსაბამობის გამო (ს.ფ. 154-162).

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნით ვერ დადგინდა ხელწერილზე არსებული ხელმოწერის ფ-----------–-–---–ისათვის კუთვნილების ფაქტი, აღნიშნული ხელმოწერა არ შეიძლება იყოს ავთენტური მტკიცებულება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დგინდება ხელწერილში შედგენილი ტექსტის ფ-----------–-–---–ის მიერ შესრულება, მიუხედავად იმისა არის თუ არა ტექსტზე ხელმოწერა ფ-----------–-–---–ის მიერ შესრულებული, მოცემული მტკიცებულება ავთენტურია და უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ფ-----------–-–---–ის მიერ შედგენილი აღნიშნული ხელწერილით, დგინდება მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანების არსებობის ფაქტი, მოსარჩელის მიერ მითითებული მოცულობით (იხ. ს.ფ. 129).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრუ-ლებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვ-ნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე ფ-----------–-–---–ს შორის გაფორმებულია სესხის ხელშეკრულებები, ამასთან, ფ-----------–-–---–ის მიერ აღიარებულია მისი ფულადი ვალდებულება მოსარჩელის წინაშე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწი-ლეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

ნორმა სოლიდარულ მოვალეთა ლეგალურ დეფინიციას იძლევა. იგი ზუსტად განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში მოვალეები სოლიდარულ მოვალეებად ჩაითვლებიან. ამავდროულად იგი სოლიდარული ვალდე-ბულების შემადგენელ აუცილებელ ელემენტებსაც განსაზღვრავს. ამასთან ნორმა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის სამართლებრივი შედეგების კუთხითაც.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ვერ დგინდება, რომ მოპასუხეები ფ-----------–-–---–ი და გ----------–-–---–ი არიან სოლიდარული მოვალეები. მოსარჩე-ლე აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოპასუხე გ----------–-–---–ი არის მოპასუხე ფ-----------–-–---–ის მეუღლე, ისინი ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას და შესაბამისად, სესხის თანაც ესაჭიროებოდათ საერთო მიზნებისთვის.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ზემოაღნიშნულ არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ ვინაიდან სესხის ხელშეკრულება დადებული იყო უშუალოდ მოსარჩელესა და მოპასუხე ფ-----------–-–---–ს შორის, ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორს წარმოადგენს მოსარჩელე, ხოლო მოვალეს მოპასუხე ფ-----------–-–---–ი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე ფ-----------–-–---–ის მიმართ 2016 წლის 11 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 4000 ლარისა და 1000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გ----------–-–---–ის მიმართ აღნიშნული მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, დათქმა საპროცენტო სარგებელზე ბათილია, არ არსებობს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს უარი ეთქვა სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოპასუხეებისთვის სარგებლის დაკისრებაზე, და სხვა დასაბუთება მიუღებელ შესამოსავლებზე არ არსებობს, არ არსებობს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიუღებელი შემოსავლის მოპასუხეებისთვის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარ-ჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვ-ნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ”ვ” პუნქტის საფუძველზე. სარჩელი მოპასუხე ფ-----------–-–---–ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ 4000 ლარისა და 1000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხე გ----------–-–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხე ფ-----------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 192,90 ლარის ოდენობით (თანხა გამოანგარიშებულია სარჩელის შეტანის დღისათვის არსებული კურსით).

 

8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ნ--–-----------ას სარჩელზე გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით გ----------–-–---–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე, თბილისი, გ---------ის ქუჩა, კორპუსი 13, ბინა 31, ს/კ 0---------------------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

ვინაიდან ნ--–-----------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა გ----------–-–---–ის მიმართ, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნ--–-----------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. ფ-----------–-–---–ს ნ--–-----------ას სასარგებლოდ დაეკისოს 2016 წლის 11 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 4000 ლარისა და 1000 აშშ დოლარის გადახდა;

 

1.2. ნ--–-----------ას სარჩელი გ----------–-–---–ის მიმართ სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის, სარგებლის და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონიძიება, რომლითაც გ----------–-–---–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე, თბილისი, გ---------ის ქუჩა, კორპუსი 13, ბინა 31, ს/კ 0---------------------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

3. ფ-----------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 192,90 ლარის ოდენობით. ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტებია: ბანკის დასახელება - ქ.თბილისი, ”სახელმწიფო ხაზინა”, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის #-200122900; სახაზინო კოდი : 3 0077 3150;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგარძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე