განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------
#------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ივნისი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ – ნ----- ქ--------–-–---–ის
ბრალდებულ – მ-----– მ------–-–---–ის
ადვოკატ – მ------ გ-------ას
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
– მ-----– ა---------–ის ძე მ------–-–---–ის, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი #-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო-ტექნიკური განათლების მქონის, დასაოჯახებლის, მცხოვრების: ქ------–--–---------------------------ში, ამჟამად აღკვეთის ღონისძიების გარეშე მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ-----– მ------–-–---–ს წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისათვის, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ-----– მ------–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
ქ.თბილისში, ნ--------------------ში, თანაცხოვრების პერიოდში. მ-----– მ------–-–---–ი დედის - მ----–--- კ-------ის მიმართ გამოხატავდა აგრესიას და სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც მ----–--- კ-------ე იმყოფებოდა მუდმივი სტრესის ქვეშ და განიცდიდა სულიერ ტანჯვას.
ე.ი. მ-----– მ------–-–---–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები და გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით გამოკვლეულ, ასევე უდავოდ ცნობილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი ყველა მტკიცებულება - მ-----– მ------–-–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:
საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა მ-----– მ------–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ც----- ტ----–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს დაზარალებულისა და ბრალდებულის მეზობლად. მისთვის, დაზარალებულისაგან - მ----–--- კ-------ისაგან ცნობილი გახდა, რომ შვილმა - მ-----– მ------–-–---–მა სამჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის ბოლო შემთხვევაში - უგონო მდგომარეობაში მყოფს, რის გამოც ითხოვდა დახმარებას და თავშესაფარში გადაყვანას. მან ამის შესახებ შეატყობინა პოლიციას. მანვე განმარტა, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა სილურჯეები, თუმცა უცნობია, აღნიშნული სილურჯეები გამოწვეული იყო მ-----– მ------–-–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად თუ სამედიცინო მანიპულაციებით, რამდენადაც ასაკიდან გამომდინარე, მ----–--- კ-------ე ხშირად იძახებდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. ამასთან, პოლიციაში დარეკვიდან მეორე დღეს დაზარალებულმა უარყო მასთან წინა დღეს ნათქვამი და უთხრა, რომ მ-----– მ------–-–---–ის მიერ მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შესახებ ინფორმაცია იყო მხოლოდ ხუმრობა და სინამდვილეში ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამასთან, მოწმემ აღნიშნა, რომ ბრალდებულისა და დაზარალებულის საცხოვრებელი სახლიდან კონფლიქტის ხმა არასოდეს გაუგია არც აღნიშნულ ფაქტამდე და არც მას შემდეგ.
ამასთან, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებებად.
სასამართლომ შეაფასა რა გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა მ-----– მ------–-–---–ის მიერ მ----–--- კ-------ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის დასადასტურებლად, არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის სამტკიცებლად, რომ მ-----– მ------–-–---–მა ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა მ-----– მ------–-–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, კერძოდ, ბრალდებულმა მ-----– მ------–-–---–მა თავი დამნაშავედ არ სცნო და სასამართლოსთვის წარდგენილი ბრალდების ირგვლივ რაიმე ინფორმაცია არ მიუწოდებია; დაზარალებულ მ----–--- კ-------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად (რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული), დაზარალებული ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში, ხოლო გონზე მოსვლის შემდეგ შეამჩნია, რომ ხელებზე აღენიშნებოდა სილურჯეები. მის შვილს - მ-----– მ------–-–---–ს მისთვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია, პირიქით, ბრალდებული მისი ერთადერთი მარჩენალია; სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ც----- ტ----–---–ისათვის მ-----– მ------–-–---–ის მიერ მ----–--- კ-------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ (და არა სისტემატური შეურაცხყოფის შესახებ, რაც ბრალად აქვს წარდგენილი) ცნობილი გახდა უშუალოდ დაზარალებულისაგან, რომელმაც შემდეგ მასთან საუბარში თავადვე უარყო აღნიშნული ნათქვამის სიმართლე და განუცხადა, რომ წინა დღით იხუმრა; უდავოდ ცნობილი სხვა მტკიცებულებები კი არ შეიცავს ბრალდებულის მამხილებელ საკმარის ინფორმაციას. შესაბამისად, იმ ფონზე, როდესაც ბრალდებულს სასამართლოსათვის ინფორმაცია არ მიუწოდებია წარდგენილი ბრალდების ირგვლივ, ხოლო დაზარალებული გამოძიების ეტაპზევე გამორიცხავდა ბრალდებულისაგან როგორც ფიზიკური ძალადობის, ასევე სისტემატური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს და საუბრობდა მხოლოდდამხოლოდ უგონო მდგომარეობაში ყოფნისას გარკვეული ფიზიკური დაზიანების მიღებაზე (ხელებზე აღენიშნებოდა სილურჯეები) და უცნობია, თუ რა ვითარებაში მიიღო აღნიშნული დაზიანებები, ამასთან, სასამართლო სხდომაზე დაკითხული ერთადერთი მოწმე, რომლის ჩვენება ირიბ მტკიცებულებას წარმოადგენს და თავადე უთითებს პირველწყაროსაგან (დაზარალებულისაგან) მიღებული ინფორმაციის არასანდოობაზე, ხოლო საქმეში არ მოიპოვება სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას დადასტურებულად მიეჩნია ბრალდებულის მიერ მ----–--- კ-------ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს პირის მსჯავრდების საფუძვლიანობაზე.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----– მ------–-–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, სახეზე არ არის საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-----– მ------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2. მ-----– მ------–-–---–ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი