განაჩენი

სისხლის სამართლის 19.07.2019
საქმის ნომერი
190100119002988632
თარიღი
19.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ს--------------------------------

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ივლისი, 2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მამია ფხაკაძემ

ქეთი ინასარიძეს მდივნობით,პროკურორ - ნ-----------------ის;

ბრალდებულ - მ-–--–-–-------------ის;

ადვოკატ - მ----------ს;

თარჯიმან - თ--–----–----ს;

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ:

 

მ-–--–-–--------------------------ს - (დ----------–-------–-–--------------------------------------------------------------–----------–-------–----–----------–---------------–-------–--------------–--------------------------------–------------------------–-------------------------------------------------------–-------–---) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. ქმედების კვალიფიკაცია პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

 

2019 წლის 26 აპრილს დაახლოებით 18:00 საათზე გარდაბნის რაიონის ს------–------–--ში საცხოვრებლ ბინასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის დროს მ-–--–-–-------------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს ს-----------------ს, კერძოდ ფეხი ჩაარტყა მარჯვენა ფეხის მუხლის არეში, რის შედეგადაც ს-----------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული ქმედებისთვის მ-–--–-–-------------ს ბრალი წარედგინა დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ-–--–-–-------------ის ბრალეულობას, ბრალად შერაცხულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში.

 

3. დანაშაულებრივი ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ს მიხედვით: სისხლის სამართლის № 0----------- საქმეზე გამოძიება დაიწყო 2019 წლის 26 აპრილს, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბარათი შედგენილია გამომძიებელ თ----------------ის მიერ. ბარათის მიხედვით, 2019 წლის 26 აპრილს ს-----------------მ განაცხადა, რომ საკუთარ სახლში ყოფილმა მეუღლემ მ-–--–-–-------------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (ტ1. ს.ფ. 1).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული ს-------------------, რომელმაც განმარტა, რომ ოჯახური პრობლემები აქვს მ-–---–-------------თან, მასთან განქორწინდა იმის გამო, რომ ჰყავთ ინვალიდი შვილი და საბუთებისთვის სჭირდებოდა განქორწინება. სახლთან დაკავშირებით დავა არ აქვთ, მათი სახლი რეგისტრირებულია ქალიშვილის სახელზე. მ-–--–-–-------------ი ცხოვრობს სხვა სახლში. 2019 წლის 04 მარტს მ-–--–-–------------ი საცხოვრებლად დაბრუნდა სახლში, რაც ს-----------------ს არ მოეწონა და მ-–--–-–-------------ს უთხრა, რომ მასთან სახლში აღარ მისულიყო. 2019 წლის 26 აპრილს, მ-–--–-–-------------ი მასთან სახლში ისევ მივიდა ინსტრუმენტების წასაღებად, რაზეც ს-----------------მ დაუწყო ჩხუბი, ყვირილი და უნდოდა, გაეგდო სახლიდან, ეუბნებოდა, რომ წასულიყო მისი სახლიდან და ხელით მიუთითა, რომ გასულიყო, რა დროსაც შემთხვევით მოხვედრა მ-–--–-–-------------ის. ამის შემდეგ, მ-–--–-–-------------ი გავიდა სახლის გარეთ. ზუსტად არ ახსოვს, როგორ მოხვდა მ-–--–-–--ის ფეხი, რადგან იყო გაბრაზებული და არ ახსოვს კარგად. მოწმის განმარტებით ის გაბრაზდა მ-–--–-–--ის დანახვაზე, ვინაიდან ეჭვიანობს მასზე, ვინაიდან მ-–--–-–--ი ცხოვრობს სხვა ქ--–----. მოწმემ პროკურორის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებაში მიცემული მისი ჩვენება დაადასტურა და განმარტა, რომ მ-–--–-–--ის დარტყმული ეტკინა ცოტათი, თუმცა ჰპატიობს მას. მოწმემ განმარტა, რომ მასზე ზემოქმედება არავის არ მოუხდენია. 2019 წლის 27 აპრილს მან გამოძიებას მისცა ჩვენება, 2019 წლის 28 მარტს კი წავიდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაზე, ასვე განმარტა, რომ ფეხი ჩალურჯებული არ ჰქონია, სილურჯეები, რომლებიც აღენიშნებოდა ექსპერტიზაზე, ჰქონდა მანამდე და არ მიუყენებია მ-–---–-–-- გ---------ს. აღნიშნული ჩალურჯება აქვს ახლაც, რადგან აქვს ვენების პრობლემა.

 

მოწმემ განმარტა, რომ როდესაც მივიდა გამოძიებაში ჩვენების მისაცემად მ-–--–-–-------------ზე იყო გაბრაზებული, იყო სტრესში, სწორედ ამიტომ უთხრა, რომ მ-––--–-- გ---------მა დაარტყა ფეხი, სინამდვილეში კი მ-–--–-–--მა ფეხი შემთხვევით მოარტყა. პოლიციელებს განყოფილებაში უთხრა, რომ ფეხი სტკიოდა, სინამდვილეში კი არ სტიკიოდა. მოწმის განმარტებით სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება წარმოადგენს სინამდვილეს. (ტ.2 ს.ფ.21-56)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითა, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების, ექსპერტი ა-–-------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 11 ივნისს, გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც: მოქ. ს-----------------ს 27.04.19წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება სისხლნაჟღენთი მარჯვენა ქვედა კიდურის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხის, ჯანმრთელობის მოუშლელად. (ტ.2 ს.ფ.64-67)

 

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ აღნიშნული დაზიანების მაპროვოცირებელი შესაძლოა ყოფილიყო ვარიკოზული ვენებიც, თუმცა მკვრი ბლაგვი საგანის მოქმედებით მიყენებულ დაზიანებას ვერ გამორიცხავს. (ტ.2 ს.ფ. 85-87)

 

ბრალდებულმა მ-–--–-–-------------მა წარდგენილ ბრალდებაში არ სცნო თავი დამნაშავედ და ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.

 

სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. შესაბამისად საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების შეფასება და გაანალიზება სასამართლომ მოახდინა ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის, სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი ითვალისწინებს ძალადობის არა ყველა ამ შემთხვევას, არამედ მხოლოდ ფიზიკურს. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა, სისტემატური ცემა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

 

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სასამართლოში დაკითხული მოწმის ექსპერტ ა-–-------------–---–ის მიერ მიცემული ჩვენება, ასევე სასამართლო არსებითი განხილვის სხდომაზე უდაოდ ცნობილი მოწმეების: ჯ-------------–---–ის და თ----------------ის გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებული ჩვენებები - მ-–--–-–-------------ის მიმართ შერაცხულ ბრალდებასთან მიმართებაში არის ირიბი ჩვენებები, ვინაიდან არცერთი მათგანი არ არის უშუალოდ ძალადობის ან კონფლიქტის ფაქტის შემსწრე და მათი ჩვენებები გადმოსცემს, მხოლოდ დაზარალებულ ს-----------------სგან მიღებულ ინფორმაციას, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას უარყო მ-–--–-–-------------ის მიერ მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი.

 

სასამართლოს შეფასებით, ირიბი ჩვენება სარწმუნოობის თვალსაზრისით უფრო დაბალი ხარისხით ხასიათდება და ნაკლები მტკიცებულებითი ძალა გააჩნია თავდაპირველ მტკიცებულებებთან შედარებით.

 

ირიბი ჩვენების მტკიცებულებით მნიშვნელობაზე მსჯელობისას საყურადღებოა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული მინიმალური სტანდარტი. კერძოდ, იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “ Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom “ , საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „ Horncastle and Others v. The United Kingdom “ საჩივარი: N4184/1 0 )

 

ამავე მიმართებით საყურადღებოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22ივნისის N 1/1/548 გადაწყვეტილება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესზე, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული ამ ნორმის, ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც შესაძლებელი იქნებოდა ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და მიიჩნია, რომ ირიბი ჩვენებები ვერ ქმნის აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

განსახილველ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით: გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან (ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით) დაკავშირებული განმარტება, კერძოდ, ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გულისხმობს „მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №548, II-7).

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმეზე არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულმა მ-–--–-–-------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესეი იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, შესაბამისად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა არ არსებობს, რომელიც საკმარისი იქნებოდა მ-–--–-–-------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

4.სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა (სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში ) არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი. მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, მ-–--–-–-------------ის ბრალდების დამადასტურებელი არც ერთი პირდაპირ მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, მით უფრო, რომ დაზარალებულმა უარყო მის მიმართ მ-–--–-–-------------ის მხრიდან განზრახ ძალადობის ჩადენის ფაქტი, ხოლო ყველა სხვა მტკიცებულება, რომლიც სასამართლოს მიერ იქნა გამოკვლეული, წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე არ იკვეთება შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ-–--–-–-------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც მ-–--–-–-------------ი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე-277-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-–--–-–-------------ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს;

 

2. ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

 

3. განემარტოს მ-–--–-–-------------ს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მამია ფხაკაძე