განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1-421-19
( N0----------- )
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ივლისი , 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მამია ფხაკაძემ
ქეთი ინასარიძეს მდივნობით,პროკურორ - ხ-----------------ის;
ბრალდებულ - კ---------------ს ;
ადვოკატ - მ----------------ს;
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ:
კ---------------------------- - (------------–---------–-–---------------------------------–----------–------------------------------–-------–--------------–-------------------------–-----------–-------------------------–----------–------–-------–--------------------------------------------–------------------------------------------- მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. ქმედების კვალიფიკაცია პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
ქ-----------–---------------------ში მცხოვრები ი----------- 9 წლის მანძილზე იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში კ---------------სთან და ყავთ ერთი შვილი კ-----------, მათ თანაცხოვრების პერიოდში ჰქონდათ უთანხმოება სხვადასხვა საკითხებზე, 2019 წლის 5 მაისს დაახლოებით 00:05 საათზე, ქალაქ რუსთავში მ-----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, კ---------------მ ი-----------ს, ორჯერ დაარტყა ხელი მარცხენა მხარეზე. კ---------------ს ძალადობრივი ქმედებებით ი-----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული ქმედებისთვის კ---------------ს ბრალი წარედგინა დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2.სასამართლომ დაადგინა:
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა კ---------------ს ბრალეულობას, ბრალად შერაცხულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში.
3. დანაშაულებრივი ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ს მიხედვით: სისხლის სამართლის № 0----------- საქმეზე გამოძიება დაიწყო 2019 წლის 05 მაისს, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბარათი შედგენილია გამომძიებელ მ-------------ს მიერ. ბარათის მიხედვით, 2019 წლის 5 მაისს ი-----------ს საცხოვრებელ ბინაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ კ---------------მ . (ტ1. ს.ფ.1)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, დაზარალებული ი-----------, რომელმაც განმარტა, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა კ---------------სთან, რომელთანაც ჰყავს საერთო შვილი. მოწმის განმარტებით თანაცხოვრების პერიოდში კ--------------- თვეებით იკარგებოდა და არ ნახულობდა შვილს. კ---------------ს მხოლოდ პერიოდულად მიჰქონდა ოჯახში 20-50 ლარი, მაგრამ აღნიშნული თანხა არ იყო საკმარისი ოჯახისთვის. ვინაიდან, ოჯახს არ ჰქონდა მუდმივი საცხოვრებელი და საჭირო იყო ბინის ყიდვა ი-----------მ გააფრთხილა კ---------------, რომ ბინის ყიდვისას, თუ ოჯახთან ცხოვრება უნდოდა ბინის ღირებულების ნახევარი მას უნდა გადაეხადა, ხოლო მეორე ნახევარს გადაიხდიდა ი-----------, რომელიც აგროვებდა ბინის ფულს და სახლის ტექნიკასაც თვითონ ყიდულობდა. 2017 წლის ნოემბერში ი-----------მ მარტომ იყიდა ბინა და როდესაც კ---------------მ ნახა, რომ ბინის ღირებულების ნაწილის გადაუხდელობის გამო ი----------- მართლა არ აპირებდა მის სახლში შეშვებას, კ---------------ს დამ ი-----------ს მიუტანა 5000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც კ---------------ს აძლევდა სახლში შესვლის უფლებას.
ამჟამად იმის გამო, რომ ი----------- და კ---------------მ გადაწყვიტეს განქორწინება ი-----------ს მისთვის უნდა დაებრუნებინა ბინის საყიდლად შეტანილი წილი 5000 აშშ დოლარი, რის წინააღმდეგი არ იყო ი-----------, თუმცა აღნიშნულის ნოტარიალური წესით გაფორმება სურდა, ხოლო კ---------------ს არ ჰქონდა ვადიანი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რაც შეუძლებელს ხდიდა სანოტარო მოქმედების შესრულებას.
მოწმის განმარტებით, კ---------------სთან კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა რამოდენიმეჯერ, ისიც ძირითადად მაშინ, როდესაც კ--------------- იყო ნასვამი და სთხოვდა ბინის ფულს. მოწმის განმარტებით კ--------------- ზოგადად მშვიდი ადამიანია, როდესაც არ არის ნასვამი არის უკომფლიქტო.
მოწმის განმარტებით, 2019 წლის 05 მაისს, დაახლოებით 23:30 საათზე იმყოფებოდა სახლში და აძინებდა ბავშვს, რა დროსაც ბინის შესასვლელ კარზე გაისმა ბრახუნი. კართან მისვლისას იკითხა თუ ვინ იყო, რაზეც კარს მიღმა მყოფმა კ---------------მ უსაყვედურა - ,,რატომ კითხულობდა? ვის ელოდებოდა?“. ბინაში შესვლის შემდეგ მიხვდა, რომ კ--------------- იყო ნასვამი და აგრესიულ, ის ეკითხებოდა ,,ვის ელოდებოდა?“,, ,,რატომ ჰკითხა ვინ იყო?“ და ,,როდის მისცემდა ფულს?“. რაზეც ი-----------მ განუმარტა, რომ როდესაც აიღებდა პირადობის მოწმობას მაშინვე მისცემდა ფულს. კ--------------- სთხოვდა დაერეკა თავის მშობლებისთვის და ეთხოვა ფული, რადგან კონკრეტულად იმ საღამოს სჭირდებოდა ფული, ამასთანავე უწოდებდა უცენზურო სიტყვებს. აღნიშნულის შემდეგ კ---------------მ დაიწყო პირადი ბარგის ჩალაგება და თან ეუბნებოდა, რომ სჭირდებოდა 300 ლარი, თან ემუქრებოდა, რომ ორშაბათამდე თუ ფულს არ მისცემდა ის დღე არ გაუთენდებოდა. ი-----------მ თავის მხრივ კ---------------ს გაუმზადა საჭმელი და გაუშალა საწოლი, რათა დაეძინა. როდესაც კ-------მა დაინახა არეული საწოლი დაუწყო ჩხუბი, რამოდენიმეჯერ ჩაავლო ხელი ხალათში, გაიყვანა საძინებელ ოთახში და არეულ საწოლზე მითითებით ეკითხებოდა ,,ვინ არია საწოლიო?“ ამასთანავე ლანძღავდა უცენზურო სიტყვებით. ი-----------მ განუმარტა, რომ საწოლი გაუშალა მას, რათა დაეძინა. ი----------- რამდენიმეჯერ შევიდა თავის საძინებელ ოთახში, სადაც ეძინა მათ შვილს, იმის იმედით, რომ კ---------------ც დაიძინებდა, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ ი----------- დაჯდა სავარძელზე, ელოდებოდა როდის დაწვებოდა დასაძინებლად კ-------ი, თუმცა ის აგრძელებდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას მისი, მისი მშობლებს და ნათესავებს მისამართით. შელაპარაკების დროს, კ--------------- წავიდა მუშტით ი----------ის მიმართულებით, თუმცა ფეხი წამოჰკრა მისივე ბარგს, წაბარბაცდა და მისი ხელი ი-----------ს მოხვდა მარცხენა მკლავზე, რითაც ი-----------მ განიცა ტკივილი. აღნიშნული დარტყმა მოწმის აზრით იყო გამიზნული. ამის შემდეგ ი----------- შევიდა საძინებელ ოთახში და მოიხურა კარი. კ--------------- ცდილობდა იმავე ოთახში შესვლას, რა დროსაც ფეხის დარტყმით ჩაამტვრია შუშა. როდესაც კ---------------მ ჩაამტვრია კარის შუშა, ი-----------ს შეეშინდა და მიიჩნია, რომ ის სახლში დალეწავდა ყველაფერს, თუმცა კარის გატეხვის შემდეგ კ-------ი არ შესულა საძინებელ ოთახში ის გაბრუნდა უკან, დაჯდა სავარძელზე და იყო მშვიდად. ი-----------მ უთხრა, რომ აპირებდა დაერეკა 112-ში, რაზეც კ---------------მ უპასუხა, რომ დარეკე , ვინაიდან არ ეშინოდა, რის შემდეგაც ი-----------მ დარეკა 112-ში.
მოწმის განმარტებით ბავშვს კონფლიქტის დროს არ გაღვიძებია და შესაბამისად არ შესწრებია ფაქტს. მოწმემ განმარტა, რომ საგამოძიებო ორგანოში ჩვენება მისცა თავისი ნებით, იცოდა იმის შესახებ, რომ შესაძლოა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე. მოწმის განმარტებით 112-ში დარეკა იმის გამო, რომ შეეშინდა რამე არ დაეშავებინა მისთვის კ---------------ს, იმის მიზანი არ ჰქონდა, რომ დაეკავებინათ კ---------------.
მოწმემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ფხიზელ მდგომარეობაში კ--------------- არის მშვიდი, და ზემოხსენებული ქმედება მან ჩაიდინა იმის გამო, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში ან წაახალისა იმ ფაქტმა, რომ მის დას შერჩა მასზე ადრე განხორციელებული ძალადობა და არ დაეკისრა პასუხისგებლობა. (ტ.2 ს.ფ. 102-113)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებელი, მ-------------, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 05 მაისს, რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში შესული ი--- კიკვაძის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რასთან დაკავშირებითაც გამოიკითხა დაზარალებული ი-----------, რომლის ჩვენებიდან გამომდინარე დააკავეს ბრალდებული და ი----------ის ჩვენების შემოწმების მიზნით დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. მოწმის განმარტებით შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას შეამჩნია, რომ დაზიანებული იყო ბინის კარის მინა, შუა ნაწილში (ჩამტვრეული), მინის ნამსხვრევები ეყარა იატაკზე. დაზარალებულის მითითებით, ოთახში ეძინა მცირეწლოვან ბავშვს, ოთახის კარი ჩაკეტა იმისთვის, რომ კ--------------- აღარ შესულიყო ოთახში. კ--------------- სთხოვდა გაეღო კარები, რათა დალაპარაკებოდა, რა დროსაც ჩაიმტვრა კარის მინა. დაზარალებულის განმარტებით, მას კ---------------მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, უწოდებდა უცენზურო სიტყვებს, ასვე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე ემუქრებოდა, რომ თუ საღამოს არ მისცემდა 5000 აშშ დოლარს ორშაბათს ცოცხალი აღარ იქნებოდა. მოწმის განმარტებით მის მიერ გამოიკითხა დაზარალებული ი-----------, გამოკითხვის დროს დაზარალებულს ზედაპირულად რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებოდა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მის მიერ გამოიკითხა კ---------------, რომელიც გამოკითხვისას არ იყო აგრესიული. მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე დაადასტურა.
(ტ.2. ს.ფ.92-97)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ ინსპექტორი გ------------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 05 მაისს მის მეწყვილესთან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც საინფორმაციო სამსახურ 112-იდან მიღო შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რასთან დაკავშირებითაც გავიდა შემთხვეის ადგილზე. შემთხვევის ადგილზე მისულებს დამხვედრმა ქალბატონმა განუმარტა, რომ მისი მეუღლე ძალადობდა მასზე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცყოფა, შეეხო ხელით და დაემუქრა, რომ ,,ფული მიეტანა ანდა ორშაბათამდე ვერ იცოცხლებდა“, ,,ააფეთქებდა ყველას“. ქალბატონის განმარტებით მეუღლის მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს ადრეც ჰქონია ადგილი და არ იყო პირველი შემთხვევა. შემთხვევის ადგილზე ჩამტვრეული იყო საძინებლ ოთახში შესასვლელი კარის შუშა. მოწმის განმარტებით ი-----------ს გარეგნულად დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა, იყო აღელვებული, ტიროდა და ამბობდა, რომ აღარ სურდა კ---------------სთან ცხოვრება, უკვე დიდიხანი იყო უნდოდა ცალკე ეცხოვრა, კ--------------- კი არ ანებებდა თავს, ვერ იშორებდა. გამოკითხვისას ი----------- იყო ადეკვატური. მოწმის განმარტებით, როდესაც მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, კ--------------- მშვიდად იჯდა სკამზე ეტყობოდა, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში, თუმცა არ იყო აგრესიული და განმარტავდა, რომ მის მიერ ძალადობრივ ქმედებას არ ადგილი ჰქონია. მოწმის განმარტებით მის მიერ გამოკითხული იქნა კ---------------ც, რომელიც კითხვებზე სცემდა ადეკვატურ პასუხებს, მეუღლისგან ითხოვდა მხოლოდ ფულს და ეუბნებოდა, რომ ,,როდესაც მისცემდა მის კუთვნი თანხას, მაშინ წავიდოდა სახლიდან“. პოლიციის თანამშრომლების ყოფნის პერიოდში მუქარას არ ჰქონია ადგილი, მეუღლეები რამდენჯერმე შეკამათდნენ (მიზეზი არ ახსოვს). მოწმის განმარტებით რეაგირების მიზნით კ---------------ს მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, კ---------------მ, ოქმის ხელმოწერაზე უარი განცხადა, არ სურდა თანამშრომლობა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ დაზარალებულს შესთავაზეს სამედიცინო შემოწმება, რაზეც უარი განცხადა. (ტ.2 ს.ფ. 98-102)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ბრალდებული კ---------------, რომელმაც კატეგორიულად უარყო ი----------ის მიმართ ძალადობის ფაქტი ( ტ.2. ს.ფ. 140-148)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულება პატრულ ინსპექტორის მიერ გადაღებული სამხრე ვიდეო კამერის ჩანაწერები, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჩანაწერში დაზარალებული ძირითად ყურადღებას ამახვილებს კარის შუშის გატეხვაზე, ხოლო კითხვაზე, განიცადა თუ არა ტკივილი ძალადობის შედეგად, დაზარალებული ი----------- პასუხობს უარყოფითად, რის შემდეგაც მას კვლავ ეკითხება ერთერთი იქ მყოფი პოლიციელი თუ იგრძნო მაინც დარტყმა.
საქმეში არსებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ გ----------------–---–ის მიერ 2019 წლის 31 მაისს, გაცემული ექსპერტიზის N---------- დასკვნის მიხედვით, მოქ. ი-----------ს 31.05.19 წ. პირადი გადასინჯვით სხეულზე გარეგნულად ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება (ტ.2.ს.ფ.126-129)
სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. შესაბამისად საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების შეფასება და გაანალიზება სასამართლომ მოახდინა ზეპირი მოსმენის გარეშე.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის, სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი ითვალისწინებს ძალადობის არა ყველა ამ შემთხვევას, არამედ მხოლოდ ფიზიკურს. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა, სისტემატური ცემა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დასტურდება კ---------------ს მხრიდან ი----------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი. სასამართლო განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, კ---------------ს ბრალდების დამადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებად მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ი----------ის ჩვენება, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაკითხული სხვა მოწმეები ( მ------------- და გ------------------–---–-) არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე მოწმეები, აღნიშნული მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებები კ---------------ს მიმართ შერაცხულ ბრალდებასთან მიმართებაში არის ირიბი ჩვენებები, ვინაიდან არცერთი მათგანი არ არის უშუალოდ ძალადობის ან კონფლიქტის ფაქტის შემსწრე და მათი ჩვენებები გადმოსცემს, მხოლოდ დაზარალებულ ი----------ისგან მიღებულ ინფორმაციას.
სასამართლოს შეფასებით, ირიბი ჩვენება სარწმუნოობის თვალსაზრისით უფრო დაბალი ხარისხით ხასიათდება და ნაკლები მტკიცებულებითი ძალა გააჩნია თავდაპირველ მტკიცებულებებთან შედარებით.
ირიბი ჩვენების მტკიცებულებით მნიშვნელობაზე მსჯელობისას საყურადღებოა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული მინიმალური სტანდარტი. კერძოდ, იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “ Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom “ , საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „ Horncastle and Others v. The United Kingdom “ საჩივარი: N4184/1 0 )
ამავე მიმართებით საყურადღებოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22ივნისის N 1/1/548 გადაწყვეტილება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესზე, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული ამ ნორმის, ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც შესაძლებელი იქნებოდა ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და მიიჩნია, რომ ირიბი ჩვენებები ვერ ქმნის აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
განსახილველ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით: გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან (ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით) დაკავშირებული განმარტება, კერძოდ, ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გულისხმობს „მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №548, II-7).
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმეზე არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულმა კ---------------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესეი იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, შესაბამისად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა არ არსებობს, რომელიც საკმარისი იქნებოდა კ---------------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4.სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა (სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში ) არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი. მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა კ---------------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც კ--------------- წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე-277-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ--------------- უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს;
2. ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
3. განემარტოს კ---------------ს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მამია ფხაკაძე