გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210019002989232
საქმე №2/1105-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 ივლისი 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი ია დვალიშვილი
მოსარჩელე - ნ---ი კ--------;
წარმომადგენელი - თ----- ო----–--ე;
მოპასუხე - გ------ თ-------ე;
წარმომადგენელი- ა---- ა--------ი;
დავის საგანი -ალიმენტის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე გ------ თ-------ეს არასრულწლოვანი შვილის გ------ი თ-------ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა თვეში 300 ლარის ოდენობით, სარჩელის შეტანის დღიდან სრულწლოვანების მიღწევამდე
1.2. დაეკისროს მოპასუხე გ------ თ-------ეს არასრულწლოვანი შვილის გ------ი თ-------ის სასარგებლოდ ყოველთვიურად დამატებითი ხარჯების გადახდა, თვეში 300 ლარის ოდენობით;
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2000 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ------ თ-------ესთან. 2007 წლის 26 მაისს შეეძინათ შვილი გ------ი თ-------ე. 2008 წლიდან ბავშვი ცხოვრობს დედასთან ქუთაისში, მის საცხოვრებელ სახლში. ისინი რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას. მთელი ამ დროის განმავლობაში შვილზე ზრუნავს მხოლოდ მოსარჩელე, მოპასუხე არანაირ მონაწილეობას არ ღებულობს მის აღზრდაში და არ აქვს ბავშვთან ურთიერთობა. როგორც ნ---ი კ--------ს, ასევე მის შვილს გ------ი თ-------ეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მინიჭებული აქვთ შშმ პირის სტატუსი, გ------ი თ-------ის დიაგნოზია: ქცევის ჰიპერკინეტიკური აშლილობა. პერიოდულად მოსარჩელე იძულებული ხდება მოათავსოს ბავშვი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, რადგან ვერ ახერხებს მისი ქცევის მართვას. გ------ის ყოველთვიურად 210 ლარის ღირებულების მედიკამენტები და ისეთი მომვლელი სჭირდება, რომელიც მუდმივად იქნება ბავშვთან, წაყვება სკოლაში და შემოქმედებით წრეებზე. ბოლო ოთხი წელია თავად მოსარჩელესაც შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, ვეღარ მუშაობს, აღარ აქვს შემოსავალი, მთლიანად დამოკიდებულია სახელმწიფო გასაცემლებზე, რომელიც არაა საკმარისი გ------ი თ-------ის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, მისი მკურნალობა და სწავლა დაკავშირებულია დიდ ფინანსურ დანახარჯებთან. მოპასუხე არანაირ მონაწილეობას არ იღებს გ------ი თ-------ის აღზრდასა და მატერიალურად უზრუნველყოფაში, მას თანხმობა აქვს გაცხადებული, რომ ბავშვი ჩაირიცხოს სახელმწიფო ზრუნვაში. იგი ცხოვრობს დ--------------–----–----------------–--------------ში, მოსარჩელის ძალისხმევით მოწყობილ საცხოვრებელ სახლში, აქვს კარგად გამართული სოფლის მეურნეობა, საიდანაც იღებს დიდ ფინანსურ სარგებელს, არის ინდივიდუალური მეწარმე და აქვს ყველანაირი საშუალება დაეხმაროს საკუთარ შვილს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ------ თ-------ემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და თანხმობა განაცხადა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 ლარის გადახდაზე. მისი წარმომადგენლის მითითებით, ბავშვზე ზრუნავს სახელმწიფო, მას დანიშნული აქვს პენსია 200 ლარის ოდენობით, სოციალური შემწეობა 50 ლარის ოდენობით, ბავშვის მედიკამენტები და მკურნალობა უფასოა, რადგან იმყოფება სახელმწიფო ზრუნვაში. იგი ყოველთვის ეხმარებოდა მოსარჩელეს ბავშვის რჩენაში და თავადაც ცხოვრობდა მასთან ერთად ქუთაისში 2009 წლამდე. ხასიათების შეუგუებლობის გამო ისინი დაშორდნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც გ------ თ-------ე წამოვიდა მოსარჩელისაგან და დაუტოვა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება, კერძოდ: საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი, ოქროულობა, ოქროს სამკაულები, აგრეთვე გაარემონტა ბინა და საარსებოდ დაუტოვა მაღაზია, სადაც თავად მოსარჩელეც მუშაობდა. მოპასუხეს ამჟამად შექმნილი აქვს ახალი ოჯახი. იგი დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით (ტიპი - 2) და არტერიული ჰიპერტენზიით, ესაჭიროება მუდმივი მედიკამენტოზური მკურნალობა, რომლის ღირებულება შეადგენს თვეში სულ მცირე 60 ლარს. მართალია დარეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, კერძოდ, რეალიზებას უწევს შხამქიმიკატებს სოფელ ვარდისუბანში, მაგრამ ეს ხდება სეზონურად, სულ სამი თვის განმავლობაში და მისი წლიური შემოსავალი შეადგენს 2538 ლარს, რომელიც იბეგრება საშემოსავლო გადასახადით - 507 ლარით და რჩება 2030,40 ლარი წელიწადში (თვიური შემოსავალი 200 ლარსაც არ უტოლდება). მოპასუხეს არ გააჩნია სხვა შემოსავალი, რადგან არის ავადმყოფი და ფიზიკურად ვერ მუშაობს, ასევე კმაყოფაზე ჰყავს უმუშევარი მეუღლე თ----- ბ-----ია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ ნ---ი კ-------- 2000 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ------ თ-------ესთან. 2008 წლიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე, 2007 წლის 26 მაისს მათ შეეძინათ შვილი გ------ი თ-------ე. 2008 წლიდან ნ---ი კ-------- და მისი შვილი გ------ი თ-------ე ცხოვრობენ ცალკე, ქუთაისში, მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში, რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, იღებენ საარსებო შემწეობას. მოსარჩელესაც და გ------ი თ-------ესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აქვთ შშმ პირის სტატუსი. გ------ი თ-------ეს დანიშნული აქვს სახელმწიფო გასაცემელი 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, თვეში 200 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 16);
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 62);
- ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან (ს.ფ.23);
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 24);.
- ცნობა სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან (ს.ფ.22);
- სარჩელი და შესაგებელი (პირველი ფაქტობრივი გარემოება);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.2 გ------ თ-------ე ცხოვრობს დ--------------–----–----------------–--------------ში, მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 და არტერიული ჰიპერტენზია.
მოპასუხე არის ინდივიდუალური მეწარმე, საიდანაც აქვს წლიური შემოსავალი 2538 ლარი, აქედან იხდის საშემოსავლო გადასახადს 507.6 ლარს. იგი ასევე ფლობს მიწის ნაკვეთებს, კერძოდ, დ-------------------------–--------------ში 2929 კვ.მ (ს.კ. 8-----------), იგივე მისამართზე 1993 კვ.მეტრს (ს.კ. 8-----------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჯანმრთელობის ცნობა (ს.ფ. 43);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 25);
- საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია (ს.ფ. 38);
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 95-98).
3.2.1. გ------ი თ-------ეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, მისი დიაგნოზია ქცევის ჰიპერკინეტიკური აშლილობა. წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობის მიხედვით, 2019 წლის აპრილის თვეში მას დაენიშნა ოთხი სახეობის მედიკამენტი, ასევე ამბულატორიული ფსიქიატრის მეთვალყურეობა. დანიშნული მედიკამენტებიდან სამის ღირებულებამ შეადგინა 193.99 ლარი.
- სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჯანმრთელობის ცნობა (ს.ფ. 19);
- მედიკამენტების ანგარიშ-ფაქტურა (ს.ფ. 18);
მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემობების შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის პრინციპით, რომელიც განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, რომლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ გ------ი თ-------ეს ყოველ თვეში ესაჭიროება 210 ლარის ღირებულების მედიკამენტები, რადგან არ არის წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, კერძოდ, 2019 წლის აპრილის თვეში გაცემულ სამედიცინო ცნობაში მითითებულია სამკურნალო და შრომითი რეკომანდაციები (ოთხი სახეობის მედიკამენტის მიღება და ამბულატორიულად ფსიქიატრის მეთვალყურეობა), მაგრამ სასამართლოსათვის უცნობია, რა პერიოდის განმავლობაში უნდა მიეღო პაციენტს ეს პრეპარატები და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საქმის განხილვის დროისათვის. ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის „ღია სახლის“ მიერ გაცემულ ინვოისშიც მითითებულია მომსახურების დასახელება და შესაბამისი ფასები, თუმცა სასამართლოსათვის მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რა პერიოდულობითაა საჭირო ამ ორგანიზაციის მომსახურების მიღება და რა საფუძვლით.
ასევე ვერ გაიზიარებს სასამართლო მოპასუხის განმარტებას, რომ მის კმაყოფაზე იმყოფება უმუშევარი მეუღლე, რადგან არაა წარმოდგენილი მტკიცებულება აღნიშნულის თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ნ---ი კ--------ს მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1215-ე, 1234-ე, 1198-ე, 1214-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
ამდენად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესები. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში, ნ---ი კ-------- დღეის მდგომარეობით არ არის დასაქმებული, ის და მისი შვილი - გ------ი თ-------ე რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ორივე მათგანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. გ------ი თ-------ეს დანიშნული აქვს სახელმწიფო გასაცემელი 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, თვეში 200 ლარის ოდენობით, ასევე ოჯახი იღებს შემწეობას თვეში 50 ლარს, ნ---ი კ--------ს პენსია კი შეადგენს 70 ლარს. ამდენად, სარჩელის განხილვის დროისათვის ოჯახის მთლიანი შემოსავალია 320 ლარი. რაც შეეხება გ------ თ-------ეს, იგი არის ინდივიდუალური მეწარმე, სა----ნაც აქვს წლიური შემოსავალი 2030,40 ლარი, ფლობს მიწის ნაკვეთებს, კერძოდ, დ-------------------------–--------------ში 2929 კვ.მ (ს.კ. 8-----------), იგივე მისამართზე 1993 კვ.მეტრს (ს.კ. 8-----------), მის კმაყოფაზე არავინ იმყოფება. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მოპასუხე შვილს არ ეხმარება მატერიალურად და არც ნახულობს, შესაბამისად, ბავშვის მოთხოვნილებებს მთლიანად უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედა, სახელმწიფოს დახმარებით. რაც შეეხება მამის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მის მიერ წარმოდგენილი ცნობით არ დასტურდება, შრომისუუნარობა ან შეზღუდული შესაძლებლობები. შესაბამისად, იგი ვალდებულია იზრუნოს თავის შვილზე, რომელიც ცხოვრობს შშმ სტატუსის მქონე დედასათან და სჭირდება განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით (საქმე №ას-1803-2018, 6 ივნისი 2019 წ), იქ სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება. (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ სუსგ №ას-967-916-2015, 15.12.2015წ;სუსგ ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.).
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი გ------ი თ-------ისთვის უნდა განისაზღვროს 200 (ორასი) ლარით.
6.2. რაც შეეხება მოთხოვნას დამატებით ხარჯებში მონაწილეობის შესახებ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლით, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, საალიმენტო ვალდებულებათა მიზანია ბავშვისათვის აღზრდისა და რჩენისათვის ნორმალური პირობების შექმნა. საალიმენტო სახსრები შეიძლება არ იყოს საკმარისი იმ დამატებითი ხარჯების განსახორციელებლად, რაც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით. ეს არის განსაკუთრებული გარემოებების გამო დამატებით ხარჯებში მონაწილეობა და არა ბავშვის სარჩენი ხარჯების დამატებითი გადახდევინება, ამიტომ მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების (ან მომავალში აუცილებლად გასაღები ხარჯების) გათვალისწინებით, მყარი თანხებით და არ შეიძლება მისი წილობრივი დაკავშირება ხელფასის ან სხვა შემოსავლის ოდენობასთან. დამატებით ხარჯებში მოპასუხე მშობელი მონაწილეობს ერთჯერადი გადასახდელის სახით ან განსაზღვრული დროით განსაზღვრული თანხების გადახდით (საქმე¹ას-180-507-09,25 ივნისი 2009 წ). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს ალიმენტთან ერთად ყოველთვიურად 300 ლარის დაკისრებას მოპასუხეზე, დამატებითი ხარჯის სახით, რაც მისი განმარტებით უკავშირდება გ------ი თ-------ის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუმცა მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რადგან არ არის გამოკვეთილი ზუსტად რა ხარჯების დასაფარად და რა პერიოდით უნდა მოხდეს მისი დაკისრება მოპასუხეზე.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ნ---ი კ-------- განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოპასუხე გ------ თ-------ემ ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელი ცნო ნაწილობრივ 100 ლარის ფარგლებში, შესაბამისად, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 36 (ოცდათექვსმეტი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ---ი კ--------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე გ------ თ-------ეს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, 2007 წლის 26 მაისს დაბადებული გ------ი თ-------ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2019 წლის 13 მაისიდან, მის სრულწლოვანებამდე, ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
1.2. ნ---ი კ--------ს სხვა სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
2. დაეკისროს მოპასუხე გ------ თ-------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 36 (ოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ციცინო კიკვაძე