განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N1-237-19
(N042230219004)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 ივლისი 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი: ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე: პროკურორი ლევან ჯალაღანია,ბრალდებული: ვ----------–---ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, პ/ნ 1----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლეობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქ.თბილისი, ს----------–--------------–---------- და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ. თბილისი, სოფელი ფ-------–--------------------------;
ადვოკატი: კახაბერ ჩუბინიძე,თარჯიმანი: ნურანა გაჯიევა,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა;
სხდომის სახე: ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2019 წლის 1 მარტს, 17:45 საათზე, ვ----------–---ი ქ.თბილისში, სოფელ ფონიჭალაში, ი------–----------–---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადად, უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 12.85 გრამ ჰეროინს.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ვ----------–---ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ვ----------–---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შესაბამისად იგი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში შემდეგ გარემოებათა გამო:
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2019 წლის 23 თებერვალს შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება ვ----------–---ის მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ზ---------–---–ის ინფორმაცია, რომ ვ----------–---ი სისტემატურად ეწევა ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა გასაღებას და ნარკოტიკულ ნივთიერებებს უნდა ინახავდეს პირადად და საცხოვრებელ მისამართზე.
მითითებული ინფორმაციისა და მოწმის გამოკითხვის ოქმის საფუძველზე, პროკურორის შუამდგომლობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 თებერვალს გაიცა განჩინება ვ----------–---ის პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე.
ვ----------–---ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 1 მარტს, 17:45- 18:10 დროის შუალედში ქ.თბილისი სოფელი ფონიჭალა ი------–----------–------ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა ვ----------–---ის პირადი ჩხრეკა. ჩხრეკა ჩაატარა ნ-----–-----------–---–მა და მასში მონაწილეობდნენ ა----------ე, ზ---------–---–ი, ლ---------ე და თარჯიმანი გ--------------ე. ვ----------–---ის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ორ პაკეტად ცალ-ცალკე 5 (ხუთი) ცალ პოლიეთილენის პარკებში შეფუთული გაურკვეველი ნივთიერება ცალკე ერთ პაკეტად, „სამსუნგის“ ფორმის მობილური ტელეფონი ცალკე ერთ პაკეტად.
პირადი ჩხრეკის ოქმზე თარჯიმნის მიერ აღნიშნულია, რომ ვ----------–---ის განმარტებით, ამოღებული ნივთიერება არის ნარკოტიკული საშუალება და მას ეკუთვნის.
ვ----------–---ის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების შენახვისა და გასაღების შესახებ ინფორმაციის მიღება გახდა ასევე მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ჩატარების საფუძველი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 თებერვლის განჩინების საფუძველზე, 2019 წლის 1 მარტს, 18:15-19:50 დროის შუალედში შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გმს განყოფილების დეტექტივ გამომძიებელ ნ-------------ას მიერ ჩატარდა ვ----------–---ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, მდებარე ქ.თბილისი სოფელი ფონიჭალა, ი-------------------------. ჩხრეკას ესწრებოდა ვ----------–---ის მეუღლე გ---–----------------ა. ჩხრეკისას ამოღებული იქნა DVR მოწყობილობა, HP ფირმის ლეპტოპი და IPHONE-ის ფირმის მობილური.
2019 წლის 1 მარტს, 18:11 საათზე ვ----------–---ი დაკავებული იქნა ბრლდებულის სახით.
მოცემულ საქმეზე მოწმეთა დაკითხვის თანმიმდევრობას და მათი ჩვენებების სანდოობას აქვს არსებითი მნიშვნელობა, რათა სასამართლომ უტყუარად დაადგინოს და სამართლებრივი შეფასება მისცეს ფაქტობრივ გარემოებებს, აგრეთვე მათ შორის ობიექტური, ლოგიკური და გონივრული კავშირის არსებობას. სასამართლო მიუთითებს, რომ ისეთი ხასიათის ბრალდების საქმე, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, ძირითადად აგებულია იმ პოლიციელთა ჩვენებებზე, რომლებმაც მოიპოვეს და შექმნეს მტკიცებულებები. რა თქმა უნდა სასამართლო არ მიანიშნებს მათ მიკერძოებაზე, ასევე აღნიშნავს, რომ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენა არ ხდება მოწმეთა თანდასწრებით, რაც განაპირობებს კიდეც მტკიცებულებათა ერთფეროვნებას, თუმცა გვერდს ვერ აუვლის იმ ფაქტს, რომ სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ დაკითხული პირები - პოლიციის თანამშრომლები, იმავდროულად არიან ბრალდების მხარის წარმომადგენლები და ამ პირობებში მტკიცებულებათა სიცხადე, სარწმუნოობა და მათი ურთიერთკავშირი უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად უტყუარი, მათ მიერ მითითებული გარემოებები ყველა არსებით ნაწილში უნდა იყოს ერთგვარი, დამაჯერებელი და არ უნდა ტოვებდეს არანაირ ეჭვს, რომ ის საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ჩატარდა, ზუსტად შეესაბამება ოქმებში აღწერილ ვითარებას.
მოწმე ზ---------------–---–მა, ა--------------ემ და ლ-–----------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2019 წლის 1 მარტს დაიგეგმა ვ----------–---ის მიმართ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და მონაწილეობა მიიღეს მის პირად ჩხრეკაში. გეგმის მიხედვით, ისინი მივიდნენ ვ----------–---ის საცხოვრებელ სახლთან თეთრი ფერის მ/ავტობუსით და დაინახეს, რომ იგი გამოვიდა თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოდან, გადავიდა ქუჩის მეორე მხარეს და შევიდა სავარაუდოდ მეზობლის ეზოში, ამიტომ ი-------------ის ქუჩიდან მივიდნენ ც----------–ის ქუჩაზე და როდესაც ვ----------–---ი გამოდიოდა ეზოდან, შეაჩერეს, წარუდგინეს თავი, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, გააცნეს სასამართლოს განჩინება და დაიწყეს პირადი ჩხრეკა. მისი წინა მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს 5 ცალად დაფასოებული ნივთიერება, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის შემდეგ იგი დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ, დაკავებამდე ისინი მუშაობდნენ მასზე, აკვირდებოდნენ მას და მის კავშირებს. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ვ----------–---ის პირად ჩხრეკაში მონაწილეობდა თარჯიმანი გ--------------ე, რომელმაც უთარგმნა მას ჩხრეკის ჩატარების შესახებ. აგრეთვე აღნიშნეს, რომ ბრალდებულის დაკავებისას ხალხიც მოგროვდა.
ლ-–----------ემ ასევე განმარტა, რომ როგორც მისთვის ცნობილია უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ვ----------–---ის მიმართ მიმდინარეობდა სხვა საქმეც, მის მეუღლესთან დაკავშირებით. გაჩიანის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილდებოდნენ ვ----------–---ი, მისი მეუღლე და სიდედრი, მათ ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა, ასევე ჩხრეკა ჩაატარეს საცხოვრებელ სახლშიც, თუმცა არაფერი ამოღებულა.
მოწმე გ--------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მან როგორც თარჯიმანმა მონაწილეობა მიიღო ვ----------–---ის პირად ჩხრეკაში, მისი განმარტებით იგი იჯდა მ/ავტობუსში, რა დროსაც დაინახა, რომ მამაკაცი გამოვიდა ეზოდან და შევიდა მოპირდაპირე მხარეს მდებარე ეზოში. ქუჩის მეორე მხარეს იდგა, როდესაც მიუახლოვდნენ ა/მანქანით, პოლიციის თანამშრომლები გადავიდნენ და დააკავეს. კითხვაზე ვ----------–---ს ჯერ პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა თუ ჯერ დააკავეს, მოწმემ განმარტა, რომ ის ჯერ დააკავეს, გააცნეს მისი უფლებები და შემდეგ ა/მანქანში ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რასაც თავადაც ესწრებოდა. ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია, ოქმს ხელი მოაწერა. კითხვაზე რა განმარტა ბრალდებულმა ნარკოტიკულ საშუალებაზე, მოწმემ უპასუხა, რომ ბრალდებული აცხადებდა ჩემი არ არისო. თარჯიმნის განმარტებით, ვ----------–---ის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ნივთიერება 5 პაკეტად.
მოწმე ნ-----–-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები და შეადგინა შესაბამისი ოქმები. 2019 წლის 1 მარტს ვ----------–---ის პირადი ჩხრეკა ჩატარდა მისი საცხოვრებელი სახლის პარალელურ ქუჩაზე და ამოღებულ იქნა 5 ცალად შეკრული სავარაუდო ნ/საშუალება. ვ----------–---ის შესახებ არსებული ინფორმაციით იგი დაკავებული იყო ნარკოტიკული საშუალებების გასაღებით, როგორც თვითონ, ისე მისი ოჯახის წევრები. სწორედ ამიტომ 23 თებერვლიდან ხდებოდა მისი შესწავლა და გასაღებასთან დაკავშირებით კავშირების დადგენა, თუმცა ვერ განხორციელდა. სხვა დროსაც ჩატარებულა მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები, მაგრამ უშედეგოდ. მოწმემ აღნიშნა, რომ ვ----------–---ის პირადი ჩხრეკა ჩატარდა ა/მანქანში, ხოლო დაცვის მხარის კითხვაზე რატომ არ არის ოქმში ჩხრეკის ჩატარების ადგილად მითითებული ა/მანქანა, მოწმემ აღნიშნა, რომ ვინაიდან ჩხრეკა ჩატარდა ც----------–ის ქუჩაზე, არსებითად არ ცვლის აღნიშნულს. მანქანაში ჩხრეკის მიზეზი იყო მისი შესაძლო გაშიშვლება. მანვე აღნიშნა, რომ სახლიდან დივიარის მოწყობილობის ამოღების შემდეგ, ის არ დაათვალიერეს, რაც შეიძლება იმით აიხსნას, რომ გამორჩათ.
ნ-------–---–ი მოწმის სახით დაიკითხა ზემოთ მითითებული პირების შემდეგ და ნებისმიერ ობიექტურ პირს გაუჩნდება რწმენა, რომ ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ადგილად მან ავტომანქანა მხოლოდ იმ მიზეზით მიუთითა, რომ მისი ჩვენება ამ ნაწილში დამთხვეოდა თარჯიმან გ-------ის ჩვენებას. აღნიშნული დასკვნის საფუძველს სასამართლოს აძლევს ის გარემოება, რომ მან ვერ ახსნა რატომ არ მიუთითა პირადი ჩხრეკის ოქმში ჩხრეკის ჩატარების ადგილად ა/მანქანა და როგორ არის ერთიდაიგვე ადგილი ც----------–ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია იგივე სატრანსპორტო საშუალება. მან ასევე ვერ ახსნა რამ განაპირობა ვ----------–---ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერების იგნორირება საქმის მიზნებისთვის, ვინაიდან ამგვარი მტკიცებულება უფრო დიდი შესაძლებლობაა ბრალდების მხარისთვის ამტკიცოს მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე, მით უფრო იმ პირობებში, რომ თუ ოპერატიულ ინფორმაციას და მოწმის ჩვენებას დავეყრდნობით, ვ----------–---ი დაკავებული იყო ნარკოტიკული საშუალებების გასაღებით და მაღალია ალბათობა, რომ ვიდეო-ჩანაწერები მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო შეიძლებოდა ყოფილიყო.
მოწმე ნ------–-–--ა სასამართლოში დაიკითხა ბრალდების შესახებ დადგენილების გაცნობის საკითხთან დაკავშირებით, რაც მოწმემ დაადასტურა და აღნიშნა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალდებულს გააცნო დადგენილება და ნ----------------–---–მა მისგან აიღო ნერწყვის ნიმუში. საგამოძიებო მოქმედებას და ბრალის წარდგენას ესწრებოდა თარჯიმანი და ადვოკატი.
2019 წლის 2 მარტის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმეების (ექსპერტები) თ-----------–--ას და ა-–---------------------ის ჩვენებების თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პოლიეთილენის ნაჭრებში ხუთ (5) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით საერთო წონით 21,93 გრამი, (ობ.N1-5) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს საერთო წონით 12,85 გრამს.
2019 წლის 1 ივლისის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნისა და მოწმე ი------------ის ჩვენების თანახმად: „პაკეტში წარწერით ,,,,,,,“შესაფუთი მასალა“ მოთავსებულ მოყვითალო და მოთეთრო ფერის პოლიეთილენის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალა ეკუთვნის ვ----------–---ს. მოწმის განმარტებით, გენეტიკური პროფილის წარმოშობის მექანიზმზე კვლევა არ ტარდება და შეუძლებელია პასუხის გაცემა იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა ან არ აღმოჩნდა კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანის უჯრედი რაიმე ობიექტზე.
სასამართლო ვ----------–---ის ბრალეულობის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად ვერ განიხილავს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც მართალია ადგენს, რომ პოლიეთილენის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალა ეკუთვნის ვ----------–---ს, თუმცა ექსპერტის ჩვენებით შეუძლებელია დადგინდეს გენეტიკური პროფილის წარმოშობის მექანიზმი და არ გამოირიცხება, რომ იგი გამოსაკვლევ ობიექტზე აღმოჩნდეს ზემოქმედების შედეგად, თუნდაც ტანისამოსთან შეხებით.
ბრალდებულმა ვ----------–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნ/საშუალება მას არ ეკუთვნის. როდესაც პოლიციის თანამშრომელი მას ჩხრეკდა, ჯიბეში ჩაუყო ხელი და დაიყვირა წამალი ვიპოვეო, თუმცა მანამდე მან თავად ამოაბრუნა ჯიბეები და უთხრა, რომ მას არაფერი ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო. არანაირი დოკუმენტი მისი პირადი ჩხრეკის და დაკავების დროს არ შედგენილა და მხოლოდ განყოფილებაში მიუთითეს, რომ ხელი უნდა მოეწერა.
მოწმე გ---–----------------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 1 მარტს მეზობლებისგან შეიტყო, რომ მისი მეუღლე დააკავეს. პირადად ეს პროცესი მას არ დაუნახავს, თუმცა კამერები დაათვალიერა და დაინახა, რომ ც----------–ის ქუჩაზე მანქანა იდგა და ხალხი მოგროვდა. ვიდეო-სათვალთვალო მოწყობილობა დამონტაჟებულია სახლის გარე პერიმეტრზე და ოთახებში. როდესაც სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, ამოიღეს დივიარი, ლეპტოპი და ტელეფონი.
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გამოკვლეული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, "საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ", სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს:
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვ----------–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის მტკიცების თვალსაზრისით წარმოადგინა პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები, თარჯიმან გ-------ის ჩვენება, პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელსაც მტკიცებულებითი ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოწმედ იკითხება მისი შემდეგნი პირი და ექსპერტიზის დასკვნები. ცხადია მტკიცებულებათა მოცულობაზე, მით უფრო, რომ საპროცესო კოდექსი არ ადგენს მის ფარგლებს და მას განსაზღვრავს თავად მხარე, სასამართლო ვერ მიუთითებს არასაკმარის ხასიათზე, ვინაიდან სხვა შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია მათზე დაყრდნობით პირის ბრალეულობის შესახებ სათანადო დასკვნების გამოტანა, თუმცა მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას გამოიკვეთა მნიშვნელოვანი უზუსტობები, რაც მათ უტყუარობაზე ვერ მიუთითებს და აჩენს ეჭვს მოწმეთა მიკერძოებისა და არასანდოობის კუთხით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან დანაშაულის ჩადენას ყოველთვის წარსულში აქვს ადგილი, მასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოში წარმოდგენილი უნდა იქნეს მაქსიმალური სიზუსტით, რომ შესაძლებელი გახდეს მომხდარის აღდგენა, გარკვეული დასკვნების გამოტანა სადავო გარემოებების არსებობისას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოწმეთა დაკითხვამ სასამართლოში გააჩინა ეჭვი ვ----------–---ის მიმართ ჩატარებული საპროცესო მოქმედებების როგორც კანონიერების, ისე უტყუარობის ჭრილში, ვინაიდან გარდა იმისა, რომ ხუთი მოწმიდან, რომლებიც ერთსადაიმავე გარემოებებზე საუბრობდნენ, არსებით ნაწილში არათანხვედრი ჩვენებები მისცეს სასამართლოს, მათ მიერ მითითებული გარემოებები სხვაგვარად არის ოქმებში ასახული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მოწმის ჩვენება, რომელიც არ არის მხარე პროცესში და არ არის პასუხისმგებელი საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებაზე. სწორედ ასეთი პირის ჩვენების საფუძველზე გაჩნდა ეჭვი, რომ რეალურად ვ----------–---ის პირადი ჩხრეკა ჩატარდა არა ისე, როგორც ამის შესახებ მიუთითეს ა----------ემ, ზ---------–---–მა და ლ---------ემ. სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს იმ გარემოებას, რომ როდესაც საქმე ეხება ნარკოტიკულ დანაშაულს და ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენს ის საგამოძიებო მოქმედება, რომლის ჩატარების გზითაც ამოღებულ იქნა ესა თუ ის ნ/საშუალება, მნიშვნელოვანია, რომ იგი უნდა ჩატარდეს საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით და ამაში სასამართლო უნდა დაარწმუნოს იმ პირთა ჩვენებების უტყუარობამ, რომლებმაც შექმნეს მითითებული მტკიცებულებები.
საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად, დადგინდა, რომ ვ----------–---ის პირადი ჩხრეკა ჩატარდა ა/მანქანში, მაშინ როდესაც ჩხრეკის ოქმში მითითებულია ც----------–ის ქუჩის მ/ტერიტორია და მოწმეებმა ა----------ემ, ზ---------–---–მა და ლ---------ემ დაადასტურეს ოქმში მითითებული გარემოებები. ამ თვალსაზრისით სუსტია ბრალდების მხარის არგუმენტი, რომ მათ ჩვენებებში არ დაუკონკრეტებიათ ჩხრეკის ჩატარების ადგილი, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს და ხელახლა აღნიშნავს, რომ რადგან მოწმეები ჩხრეკის ჩატარების პროცესზე უთითებდნენ ოქმში შეტანილი აღნიშვნების შესაბამისად, საჭიროც არ გახდა მათთვის ამ კუთხით დამატებითი კითხვის დასმა. მათ ჩხრეკის ადგილად მანქანა იგულისხმეს თუ ც----------–ის ქუჩის მ/ტერიტორია, აღნიშნული საკითხი მხოლოდ მაშინ გახდა სასამართლოსთვის და თავად მხარეებისთვის ცნობილი, როდესაც ამავე საკითხზე დაიკითხა თარჯიმანი, შესაბამისად, როდესაც სადავო გარემოებებზე, ერთიდაიმავე ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხა რამდენიმე მოწმე და აქედან მათი ჩვენებები არ არის თანხვედრილი, წარმოიშვება ეჭვი, ქონდა თუ არა საერთოდ ასეთ ფაქტს ადგილი და თუ ქონდა რა მყარი არგუმენტები არსებობს ეჭვის გასაბათილებლად. არგუმენტების სიმყარედ შეუძლებელია მიჩნეულ იქნეს ნ-----–-----------–---–ის ჩვენება, რომელიც ერთის მხრივ შეეცადა ჩხრეკის ვითარების დაზუსტებას, ხოლო მეორეს მხრივ იმავდროულად წინააღმდეგობაში მოვიდა მის მიერვე შედგენილ საპროცესო დოკუმენტებთან, სადაც თავად უთითებს ჩხრეკის ჩატარების ადგილად არა მანქანას, არამედ ქუჩას და ამასთან ვერ ახსნა რატომ არის ისინი ერთიდაიგივე. გარდა აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, ჯერ ჩატარდა ვ----------–---ის პირადი ჩხრეკა და შემდეგ დააკავეს ბრალდებულის სახით. ცხადია მოწმეებმა მიუთითეს, რომ გააცნეს სასამართლოს განჩინება, განუმარტეს უფლებები, მაშინ როდესაც თარჯიმნის განმარტებით, ბრალდებული ჯერ დააკავეს და შემდეგ ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. უსაფუძვლოა მითითება, რომ თარჯიმანმა არ იცის საპროცესო მოქმედებათა მიმდინარეობის მნიშვნელობა, რაც შესაძლოა ასეც იყოს, თუმცა უდავოდ იცის ჯერ რა სახის საპროცესო მოქმედების მიმდინარეობა თარგმნა და შემდეგ რა სახის. ასევე ეჭვს იწვევს რას ემსახურება პირადი ჩხრეკის ოქმზე ბრალდებულის სახელით შენიშვნის მითითება, რომ ნარკოტიკული საშუალება მას ეკუთვნის, მაშინ როდესაც ასევე თარჯიმნის განმარტებით, ჩხრეკის დროს ბრალდებული ამბობდა, რომ ნარკოტიკი მისი არ იყო.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობისა და უტყუარობის აუცილებლობაზე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, მათ შორის საქმეზე ვირაბიანი სომხეთის წინააღმდეგ (Virabyan v. Armenia, განაცხადი no. 40094/05, 2012 წლის 2 ოქტომბერი). სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია მხოლოდ ორი პოლიციელის განმარტება გარკვეული დასკვნების გასაკეთებლად და მიიჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნულით სახელმწიფოს თითქმის არაფერი გაუკეთებია სადავო ინფორმაციის გადასამოწმებლად. ასევე საქმეზე ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia, განაცხადი no. 17828/05, 2013 წლის 11 აპრილი) სასამართლომ არასარწმუნოდ მიიჩნია გამოძიება, რომელიც საკუთარ დასკვნებს ამყარებდა მხოლოდ მოწმე პოლიციელთა ჩვენებებზე და განმარტა, რომ სასამართლოსთვის გაუგებარია, თუ რატომ არ მოხდა სხვა თვითმხილველი პირების დაკითხვა, რათა ამ გზით გამყარებულიყო მოწმე პოლიციელთა ჩვენებების სარწმუნოობა.
ამდენად, სასამართლო დასკვნის სახით აღნიშნავს, რომ როდესაც სადავო გარემოება საქმეზე ვერ დგინდება უტყუარი მტკიცებულებებით, მტკიცებულებები არ არის შეთანხმებული და წარმოიშობა ეჭვი თუ რა ვითარებაში ჩატარდა ბრალდებულის პირადი ჩხრეკა და რა ვითარებაში იქნა აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება, საქმეზე დაკითხული პირთა ჩვენებები არ არის თანხვედრილი და დამაჯერებელი, ამგვარი მტკიცებულებები არ შეიძლება გახდეს პირის მსჯავრდების საფუძველი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ----------–---ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ვ----------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ----------–---ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ვ----------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, ნერწყვის ნიმუში და შესაფუთი მასალა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დივიარის მოწყობილობა და ბრალდებულის მ/ტელეფონი დაუბრუნდეს ბრალდებულს.
ვ----------–---ს განემარტოს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე