გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210118002784849
№ 2/1106-2018 წელი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 ივლისი 2019 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე შოთა ნიკურაძე
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე - ლ--–- ვ---–---–ი;
მოსარჩელის წარმომადგენელი - ვ-----–- ვ---–---–ი;
მოპასუხე - კ--- გ--------ე;
წარმომადგენელი- ბ---- ბ-----ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა.
მოსარჩელის მოთხოვნა:
1. მოპასუხე კ--- გ--------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სესხად აღებული თანხის 7000 აშშ დოლარის გადახდა.
სარჩელის გარემოებები:
ლ--–- ვ---–---–ს ქ. რუსთავში ჰქონდა საცხოვრებელი ბინა, რომელიც გააყიდინა მოპასუხემ იმ საფუძვლით, რომ ბინის გაყიდვიდან აღებული თანხა მისთვის ესესხებინა, უნდა დაეწყო ბიზნეს საქმიანობა და მოპასუხესაც რაღაც სარგებელი ექნებოდა მისგან. 2012 წლის დეკემბერში, მოსარჩელემ თავის დის ქმარს, მოპასუხე კ--- გ--------ეს ასესხა 7 ათასი აშშ დოლარი. მსესხებელს 7 ათასი აშშ დოლარი უნდა დაებრუნებინა 2013 წლის ბოლომდე. ამ ვადაში ნასესხები თანხა ვერ დააბრუნა მოპასუხემ, რის გამოც შეთანხმდნენ, რომ 7 ათას აშშ დოლარს მოსარჩელეს დაუბრუნებდა 2015 წლის დეკემბრის ბოლოს. აღნიშნული შეთანხმება გაფორმდა მხარეებს შორის ხელწერილით, რომელიც კ--- გ--------ის ხელითვე იქნა შედგენილი. შეთანხმება თავდაპირველად იყო სიტყვიერი, ვინაიდან მოსარჩელე მოპასუხეს ენდობოდა, როგორც მისი დის მეუღლეს.მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა კ--- გ--------ე დღემდე არ უბრუნებს ნასესხებ თანხას. ასევე, მოსარჩელეს უარი განუცხადა წერილობითი სახით კვლავ მოეხდინათ სესხის გადახდის ვადის გაგრძელება.
2. მოპასუხის პოზიცია.
2012 წელს მოპასუხემ მისი მეუღლის დისგან - ლ--–- ვ---–---–ისგან ისესხა 7 000 აშშ დოლარი. მოსარჩელეს მეუღლე ჰყავდა ავად, ასევე ჰქონდა ფიზიკური პირების ვალი და ამის გამო იძულებული გახდა ესესხა კერძო იპოთეკარისაგან თანხა, რის სანაცვლოდ ქალაქ რუსთავში მდებარე საცხოვრებელი ბინა დატვირთა იპოთეკით. აღებული თანხის ნაწილი 7 000 აშშ დოლარის ოდენობით გადასცა მას სესხის სახით, ვინაიდან ჰქონდა მცირე ბიზნესი და სჭირდებოდა თანხა. აღნიშნული თანხა მოპასუხემ გაუსტუმრა ლ--–- ვ---–---–ს ნაწილ-ნაწილ და სრულად დააბრუნა 2015 წელს. სესხის გაცემისას და ასევე სესხის დაბრუნების დროს არავითარი წერილობითი დოკუმენტი არ შედგენილა, ვინაიდან მათ აკავშირებთ ნათესაური ურთიერთობები და ეს ურთიერთობა დაფუძნებული იყო ერთმანეთის მიმართ ნდობაზე. ასევე, არ ყოფილა შედგენილი წერილობითი დოკუმენტი სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელების თაობაზე. სესხის არსებობის შესახებ არანაირი წერილობითი დოკუმენტი არ არსებობს. სარჩელზე თანდართული საბუთების ნუსხაში არსებული ხელწერილი სესხის არსებობის შესახებ არის ყალბი და იგი მის მიერ შედგენილი არ არის. სავარაუდოდ იგი გაყალბებულია მოსარჩელის მიერ იმ მიზნით, რომ სასამართლოს არ ეთქვა უარი სარჩელის მიღებაზე, გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ასევე არ არის მისი ხელით დაწერილი პოლიციის გამოკითხვის ოქმი და იგი მას არ ეკუთვნის. რაც მთავარია მოსარჩელის მოთხოვნა გარდა იმისა, რომ უსაფუძვლოა, იგი ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ლ--–- ვ---–---–მა 2012 წლის დეკემბერში კ--- გ--------ეს ასესხა 7000 აშშ დოლარი, რომელიც კ--- გ--------ეს უნდა დაებრუნებინა 2013 წლის ბოლომდე.
_ სასამართლო დაეყრდნო სარჩელს, მხარეთა ახსნა-განმარტებებს, სესხის ხელწერილს.
3.2. ლ--–- ვ---–---–მა წარმოადგინა ხელწერილი, რომელშიც მითითებულია, რომ კ--- გ--------ე აღიარებს - აქვს ლ--–- ვ---–---–ის ვალი 7000 დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა 2013 წლის ბოლომდე და იღებს ვალდებულებას, რომ ამ თანხას გაუსტუმრებს 2015 წლის დეკემბრის თვის ბოლომდე, თუმცა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 21 მაისის N---------- დასკვნის თანახმად, აღნიშნული სესხის ხელწერილი მთლიანად და ხელწერილის ბოლოში მითითებული ,,კ. გ--------ე'' არ არის შესრულებული კ--- გ--------ის მიერ.
_ სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის ახსნა-განმარტებას, სესხის ხელწერილს და 2019 წლის 21 მაისის N---------- ექსპერტიზის დასკვნას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
მხარეთა ახსნა-განმარტებების, აგრეთვე მათ მიერ საქმის მასალებად წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებათა სასამართლოს შინაგანი რწმენის საფუძველზე ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ლ--–- ვ---–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 137-ე, 138-ე, 140-ე, 144-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება.
6.2. 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
დადგენილია, რომ 2012 წლის დეკემბერში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სესხის ზეპირი ხელშეკრულება, რომლითაც ლ--–- ვ---–---–მა კ--- გ--------ეს ასესხა 7000 აშშ დოლარი, რომელიც კ--- გ--------ეს უნდა დაებრუნებინა 2013 წლის ბოლომდე.
_ ლ--–- ვ---–---–ის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა და დასაბუთებულობა სასამართლომ შეამოწმა, როგორც გამომდინარე სახელშეკრულებო-სასესხო ურთიერთობიდან.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლით იფარება (ისპობა) სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოებისათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად მოთხოვნა განხილული უნდა იქნეს და თუ გამოირკვა, რომ არ არსებობს ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
განსახილველ შემთხვევაში ლ--–- ვ---–---–ს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2013 წლის ბოლოს, შესაბამისად ამ პერიოდიდან დაიწყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა და იგი გავიდა 2016 წლის ბოლოს, სარჩელი კი შემოტანილია 2018 წლის 26 დეკემბერს. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ხელწერილს, რომლის მიხედვით მას მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2015 წლის დეკემბრის ბოლოს, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა კი გადიოდა 2018 წლის დეკემბრის ბოლოს, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად არ არის შედგენილი კ--- გ--------ის მიერ და არც ხელწერილის ბოლოს შესრულებული ხელმოწერა ეკუთვნის მოპასუხეს, შესაბამისად, მას სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ--–- ვ---–---–ის სარჩელი ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ'' ქვეპუნქტის თანახმად, ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში, სსკ-ის 46-ე მუხლის ,,ვ''ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე ლ--–- ვ---–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5 .პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: შოთა ნიკურაძე