განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/419-19 (№0-----------)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 ივნისი 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- გ-----------
დაცვის მხარე:
ბრალდებული: კ---- მ-------–---–ი
მამის სახელი: გ-------
დაბადებული: 3--------- წელი
პირადი ნომერი: N0----------
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები: ბაღდათის რაიონი, ს------–--–-----–--------------------
ადვოკატები - გ------ გ---–--ე, ე-–------ ზ--------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი;
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბაღდათის რაიონის სოფელ წ-----–---ში მდებარე სახლში, თანაცხოვრებისას, 2019 წლის 9 იანვრამდე კ---- მ-------–---–ი სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა მამას გ------- მ-------–---–ს. დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება კ---- მ-------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა კ---- მ-------–---–ის ბრალეულობას.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა.
საქმეში წარმოდგენილი დაზარალებულ გ------- მ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ბრალდებული კ---- მ-------–---–ი არის მისი შვილი, რომელიც ბოლო პერიოდში მიეძალა ალკოჰოლურ სასმელს, რის გამოც საქციელს ვერ აკონტროლებს და აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. კერძოდ, აგინებს უცენზურო სიტყვებით დედის მისამართით. აღნიშნულის გამო მამა-შვილს შორის არაერთხელ მომხდარა სიტყვიერი შელაპარაკება. 2019 წლის 9 იანვარს იმყოფებოდა სახლში, იმ დღეს კ----მ მიიღო ალკოჰოლური სასმელი და ძლიერ დათვრა, რაზეც მამამ უსაყვედურა, აღნიშნული კ---- მ-------–---–მა იუკადრისა მამასთან მივარდა და გინებასთან ერთად იგი ფიზიკური ძალის გამოყენებით ლოგინიდან გადმოადგო, რის გამოც გ------- მ-------–---–მა დარეკა 112-ში და განაცხადა მომხდარი ფაქტის თაობაზე. პოლიციელების დანახვამ კ---- მ-------–---–ი უფრო გააღიზიანა, მან მამას უყვირა თუ როგორ გაბედა პოლიციის გამოძახება და თან დაემუქრა, „დამაცადე, ესენი წავიდნენ და ამათი წასვლის შემდგომ მოგკლავო“ თან გაიქცა მამის მიმართულებით და ორივე ხელი ჩაარტყა მკერდში, წააქცია და დააპირა მისი ცემა, თუმცა იგი პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. როგორც დაზარალებულმა განმარტა მას აღნიშნულ დღეს განხორციელებული ძალადობის შედეგად არც რაიმე სახის დაზიანება და არც ფიზიკური ტკივილი არ განუცდია, თუმცა შვილის მხრიდან სისტემატური გინების და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო არის ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლის და სტრესის ქვეშ და აღნიშნულის გამო იტანჯება.
საქმეში წარმოდგენილი მოწმე გ---–- წ--------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს ბაღდათის რაიონულ სამმართველოში უ-----------------------------–ის თანამდებობაზე. 2019 წლის 9 იანვარს გამოძახების საფუძველზე კოლეგებთან ა------- ფ---–---სთან და ლ---- ჩ--------სთან ერთად გამოცხადდა ბაღდათის რაიონის სოფელ წ-----–---ში მდებარე გ------- მ-------–---–ის ოჯახში, ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, ადგილზე მისულებმა სახლიდან გაიგეს ორი მამაკაცის კამათის ხმა, შევიდნენ სახლში და ნახეს, რომ კ---- მ-------–---–ი მათმა მისვლამ გააღიზიანა და მამას დაემუქრა „დამაცადე, ესენი წავიდნენ და ამათი წასვლის შემდგომ მოგკლავო“, თან გაიქცა მამის მისამართით და ორივე ხელი ჩაარტყა მკერდში, წააქცია და დააპირა მისი ცემა, თუმცა მათ ამის საშუალება არ მისცეს და დააკავეს.
შს ბაღდათის რაიონული სამმართველოს უ-----------------------------–ებმა ლ---- ჩ--------მ და ა------- ფ---–---მ მოწმის სახით გამოკითხვისას ანალოგიურად აღწერეს ფაქტობრივი გარემოებები.
საქმეში წარმოდგენილი ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და გ------- მ-------–---–ის ამბულატორიული სასამართლო - ფსიქოლოგიური კვლევის შედეგით დგინდება, რომ კ---- მ-------–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედება შეიცავს დამცირებისა და შეურაცხყოფის ელემენტებს, თუმცა კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით და გ------- მ-------–---–ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით აღნიშნული ქმედებები არ გამოიწვევდა მის ტანჯვას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ კ---- მ-------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე და მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთმნიშვნევლოვნად და ცალსახად არ ადასტურებენ კ---- მ-------–---–ის მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტს. საქმეში წარმოდგენილი.
ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ კ---- მ-------–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედება შეიცავს დამცირებისა და შეურაცხყოფის ელემენტებს, თუმცა კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით და გ------- მ-------–---–ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით აღნიშნული ქმედებები არ გამოიწვევდა მის ტანჯვას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია: ,,...იმისათვის, რომ დადგინდეს პირის უკანონო ქმედებებმა გამოიწვია თუ არა დაზარალებულის ტანჯვა, აუცილებელი არ არის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის არსებობა, ეს საკითხი წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს - საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე...“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის N617აპ-18 განაჩენი).
სასამართლო უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში გარდა დაზარალებულ გ------- მ-------–---–ის ჩვენებისა, სადაც მითითებულია, რომ ,,შვილის მხრიდან სისტემატური გინების და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო არის ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლის და სტრესის ქვეშ და აღნიშნულის გამო იტანჯება’’, საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა კ---- მ-------–---–ის მიერ მამის - გ------- მ-------–---–ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის განხორციელებას, რომლის შედეგად დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ კ---- მ-------–---–ის ბრალეულობას ინკრიმინირებულ დანაშაულში. წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა კ---- მ-------–---–ის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც კ---- მ-------–---–ი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ---- მ-------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
კ---- მ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
კ---- მ-------–---–ი დაუყოვნებვლივ განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ კ---- მ-------–---–ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური