გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.05.2019
საქმის ნომერი
140310018002634759
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140310018002634759

საქმე №3/254-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 მაისი, 2019 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნინო გერგაული

სხდომის მდივანი - ნათია ბერიშვილი

მოსარჩელე: თ----- მ-------–---–ი

წარმომადგენელი: ზ---- მ-----–---–ი

მოპასუხე: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონალური ოფისი

წარმომადგენელი: თ----- ი------–---–ი

მესამე პირი: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი: გ------- ქ----–-----ე

დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული საააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგოიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის №892018349967-07 (22.06.2018) გადაწყვეტილება ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“.

1.2 ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18 ივლისის №316188 გადაწყვეტილება, №892018349967-07 (22.06.2018) ,,გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“.

1.3 ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის №892018349967-09 (24.07.2018) გადაწყვეტილება, ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“.

1.4 დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს №892018349967 სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში დაარეგისტრიროს თ----- მ-------–---–ის საკუთრების უფლება, კურორტ ,,ხ----–-ზე“ დამაგრებულ 10000.00 კვ.მ მიწის ფართზე.

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ კასპის რაიონის გამგეობის სხდომის 1992 წლის 29 ივლისის №182 გადაწყვეტილებით დამტკიცდა კასპის რაიონის მიწის შემრჩევი კომისიის 1992 წლის მაისის თვის შერჩევის აქტი, სოფელ ხ----–-ს კოლმეურნეობის 1992 წლის 12 მაისის საერთო კრების გადაწყვეტილება და კურორტ ,,ხ----–-ს“ დასავლეთ მხარეს გამოეყო 2 ჰა მიწის ფართი. თუმცა 1995 წლის 13 ივნისის №2-1376 ხეშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა 10000.00 კვ.მ მიწის ფართზე განთავსებული კურორტი ,,ხ----–-“, მის სახელზე გაიცა შესაბამისი №28/48 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, სადაც მითითებული იქნა, რომ 10000.00 კვ.მ მიწის ფართის საკითხი, რომელზედაც განთავსებული იყო მის მიერ პრივატიზაციით შეძენილი კურორტი ,,ხ----–-“, გადაწყდებოდა მიწის კანონის თანახმად, ვინაიდან ასეთი კანონი ამ პერიოდისთვის ჯერ კიდევ არ იყო მიღებული, ანუ უდავოა, რომ სახელმწიფომ კურორტი ,,ხ----–-ს“ საკუთრებაში გადმოცემასთან ერთად მიწის კანონის არარსებობის გათვალისწინებით სარგებლობაში გადასცა კურორტ ,,ხ----–-ზე“ დამაგრებული 10000.00 კვ.მ მიწის ფართი. შემდგომში სახელმწიფოს მიერ მიღებული იქნა საქართველოს კანონი ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების საარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“, რომელიც შემდგომში ჩაანაცვლა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონმა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესმა“. პირველ შემთხვევაში კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირებს კერძო საკუთრების უფლება მიენიჭებოდათ პრივატიზებულ (კერძო) საწარმოთა საარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე. იგივე მიდგომაა განვითარებული შემდგომ საკანონმდებლო აქტებშიც. კერძოდ, კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ,,დ“ ქვეპუნქტების და წესის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს საკუთრებაში გადაეცემა ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით საახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტით გათვალისწინებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ვინაიდან დასახელებული საკანონმდებლო აქტებით უდავოა, რომ კურორტ ,,ხ----–-ზე“ დამაგრებულ 10000.00 კვ.მ მიწის ფართზე თ.მ-------–---–ს კანონით წარმოეშვა საკუთრების უფლება, 2018 წლის 26 აპრილის №892018349967 განცხადებით მიმართა მოპასუხე მხარეს და მოითხოვა ამ მიწის ფართზე თავისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო წარმოების პროცესში კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ დაადასტურა მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №28/48) გათვალისწინებული უძრავი ქონების იდენტურობა საკადასტრო აზომვითი ნახაზით განსაზღვრულ უძრავ ქონებასთან, მოპასუხემ თავისი №892018349967-07 (22.06.2018) გადაწყვეტილებით ჯერ არ ჩათვალა თ.მ-------–---–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის საკმარის დოკუმენტად, ხოლო შემდეგ №892018349967-08 (24.07.2018) გადაწყვეტილებით საერთოდ შეწყვიტა მისი განცხადების საფუძველზე დაწყებული №892018349967 სარეგისტრაციო წარმოება. ბუნებრივია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის გადაწყვეტილება თ.მ-------–---–ის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2018 წლის 9 ივლისს ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა თ.მ-------–---–მა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, თუმცა ამ უკანასკნელმა თავისი 2018 წლის 18 ივლისის №316188 გადაწყვეტილებით მისი №390130/17 ადმინსტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა, სრულად გაიზიარა რა რეგიონული ოფისის მოტივები, მის მიერ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის სახით წარდგენილი დოკუმენტების უფლების დამდგენ დოკუმენტებად არცნობის კუთხით.

ვინაიდან მოსარჩელე თვლის, რომ როგორც ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის, ისე ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების“ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის საფუძველზე მოპოვებული აქვს №892018349967 განაცხადით წარდგენილ სარეგისტრაციო ობიექტზე - კურორტ ,,ხ----–-ზე“ დამაგრებულ 10000.00 კვ.მ მიწის ფართზე საკუთრების უფლება და შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნული საააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონალურ ოფისს არ ჰქონდა უფლება, უარი ეთქვა მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, მისი სასარჩელო მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს.

მოსარჩელის წარმომადგენლის ზ.მ-----–---–ის პოზიციით, მოსარჩელეს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მოპოვებული აქვს მართლზომიერი მფლობელობა და კანონის თანახმად არის აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, საკუთრების მოწმობაში მითითებულია, რომ მას 10000.00 კვ.მ გადაეცა სარგებლობაში. ხელშეკრულებას თუ დავაკვირდებით, თ.მ-------–---–ს ამ პროფილით უნდა ემუშავა კიდევ 10 წელი. ამიტომ გადაეცა საკუთრებაში და ამიტომ მიმაგრდა 10000 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი, კურორტი ,,ხ----–-“ სხვანაირად, მხოლოდ შენობებით ვერ იარსებებდა. საკუთრების მოწმობაში მითითებულია, რომ საკუთრების საკითხი გადაწყდება შემდეგშიო, ვინადან არ არსებობდა შესაბამისი კანონმდებლობა, ამჟამად კი მოპოვებულია საკუთრების უფლება, ამიტომ ვალდებული იყო სააჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, დაერეგისტრირებინა თ.მ-------–---–ის საკუთრების უფლება.

 

2. მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია

2.1. მოპასუხის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითა, რომ სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ამასთან არ არსებობს აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძვლები, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოსარჩელის პირველ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №892018349967-07 (22.06.2018) და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №892018349967-08 (24.07.2018) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული მონაცემებით დგინდება, რომ 2018 წლის 26 აპრილს თ----- მ-------–---–მა №892018349967 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა კასპის რაიონის სოფელ ხ----–-ში მდებარე 10000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია.

 

დაინტერესებულმა პირმა №892018349967 სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო პირადობის მოწმობის ასლი, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები, პირველი და მეორე სართულის გეგმები, შენობა-ნაგებობების გეგმები, საკუთრების დამადასტურებელი №28/48 მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, 1996 წლის 13 ივნისის ხელშეკრულება და 1996 წლის 13 ივნისის სახელმწიფო ქონების მიღება-ჩაბარების აქტი.

 

ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №892018349967-03 (02.05.2018) გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელმა ორგანომ 2018 წლის 2 მაისს №193555 წერილით გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან და სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გადადო ზემოაღნიშნულ წერილზე პასუხის მიღებამდე.

 

მარეგისტრირებელ ორგანოს 2018 წლის 18 მაისს წარედგინა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №6/28187 წერილი, თანდართული დოკუმენტაციით.

ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ № 892018349967-05 (24.05.2018) გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელმა ორგანომ 2018 წლის 24 მაისის №226772 წერილით გამოითხოვა ინფორმაცია კასპის მუნიციპალიტეტის მერიიდან და სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გადადო ზემოაღნიშნულ წერილზე პასუხის მიღებამდე.

 

2018 წლის 15 ივნისს მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 012/3522 წერილი და უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00071 ოქმი.

 

ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდაქართლის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №892018349967-07 (22.06.2018) გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, შენობა - ნაგებობების ქვეშ განთავსებულ მიწის ნაკვეთზე, ასევე წარსადგენი იყო აზომვით ნახაზზე ასახული და მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული შენობა-ნაგებობების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი.

 

იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22–ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, 2018 წლის 24 ივლისს მარეგისტრირებელმა ორგანომ №892018349967 სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №892018349967-08 გადაწყვეტილება.

 

მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საკუთრების დამდასტურებელი №28/48 მოწმობის თანახმად, თ----- ს------ს ძე მ-------–---–ს საკუთრებაში გადაეცა კურორტი „ხ----–-“, 1996 წლის 13 ივნისის №2-1376 ხელშეკრულებისა და ამავე წლის 13 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

 

1996 წლის 13 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მყიდველმა, თ----- მ-------–---–მა მიიღო განსაზღვრული ქონება, თუმცა ჩამონათვალში მითითებული არ არის მიწის ნაკვეთი.

 

1996 წლის 13 ივნისის №2-1376 ხელშეკრულების თანახმად, მყიდველს ქონება გადაეცა 4.1.4. პუნქტში მითითებული მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია.

 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №6/28187 წერილის თანახმად, „სააგენტოს არქივში დაცული დოკუმენტაციის მიხედვით დგინდება, რომ პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და თ----- ს------ს ძე მ-------–---–ს შორის 1996 წლის 13 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ამ უკანასკნელს საკუთრებაში გადაეცა კურორტ „ხ----–-ს“ ქონება, „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის შესახებ“ კანონით და „საქართველოს რესპუბლიკაში ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების შესახებ" მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 30 ივნისის №392 დადგენილებით განსაზღვრული წესით. ვინაიდან საპრივატიზებო დოკუმენტაციაში დაცული არ არის აღნიშნული საწარმოს კაპიტალში რიცხული უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობების, ხოლო მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის სარგებლობის პირობები, უნდა დადგენილიყო დამატებით, რესპუბლიკაში მიწის კანონის ამოქმედების შემდგომ) ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს პრივატიზებული საწარმოს კაპიტალში რიცხული და დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული შენობების იდენტურობის დადგენასა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზანშეწონილობის საკითხზე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, როგორც ფუნქციურ-სამართლებრივი ნიშნით შექმნილი ადმინისტრაციული ორგანოს, ერთ-ერთი ძირითადი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებაა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცია. ამ უმნიშვნელოვანესი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მინიჭებით, კანონმდებელმა მას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა და მისი საჯარო წესრიგთან და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა დააკისრა. სწორედ ამიტომ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოს და მასზე სრულად ვრცელდება, ზოგადად, მმართველობითი ფუნქციის განხორციელებასთან დაკავშირებული ამავე კოდექსით დადგენილი უმნიშვნელოვანესი პრინციპები, მათ შორის კანონიერების, გარემოებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის, კერძო და საჯარო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვისა და სხვა პრინციპები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით განმტკიცებული კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, ხოლო, ამ მუხლის ,,კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით სპორადული რეგისტრაცია განმარტებულია, როგორც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამავე კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის“ მე-4 მუხლის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოებისას გამოვლენილი გარემოებების შესაბამისად, სააგენტო, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში, საკუთარი ინიციატივით გამოითხოვს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციას/ინფორმაციას სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (უფლებამოსილი პირისგან).

 

„საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ყურადღებას მიაქცევს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის (სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი) მე-2 პუნქტის დანაწესზე, რომლის თანახმად, ,,თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგულია მხოლოდ შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება რეგისტრირდება ამ შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობის შესაბამისად“.

 

აღნიშნული მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, „თუ მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და საკადასტრო აღწერის შედეგების შეჯერებით დადგინდა, რომ შენობა- ნაგებობის ფართობი ან/და კონფიგურაცია შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშეა შეცვლილი, საკუთრების უფლება რეგისტრირდება ამ შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობის შესაბამისად. რეგისტრაცია დასაშვებია, თუ მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობი სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ ფართობს არაუმეტეს 10 პროცენტით აღემატება“, ხოლო, იმ შემთხვევაში „თუ მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობი სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ ფართობს 10 პროცენტზე მეტით აღემატება, შენობა- ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების მთელ ფართობზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია დასაშვებია, თუ ზედმეტად დაკავებულ ფართობზე წარდგენილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ შემთხვევაში ზედმეტად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მარეგისტრირებელი ორგანოსთვის წარუდგენლობის შემთხვევაში საკუთრების უფლება რეგისტრირდება მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ განაშენიანების ფართობზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დასაშვები ცდომილების გათვალისწინებით.“

 

რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას "ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კანონსა და "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 376-ე დადგენილებაზე. აღსანიშნავია, რომ "ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" საქართველოს კანონი ძალადაკარგულია "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის №5274 კანონით. ხოლო, "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 376-ე დადგენილების მე-2 მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახამად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალში მოცემულია „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი.

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა მიმაგრების აქტი. ამდენად, მოსარჩელის მიერ მითითებული არგუმენტაცია არ შეესაბამება კანონს.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

ამდენად, ვინაიდან სადავო შემთხვევაში ვერ დგინდება სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №892018349967- 07 (22.06.2018) გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული უძრავი ნივთების განაშენიანების ფართის შესაბამისად და წარსადგენი იყო ისეთი დოკუმენტი რომლითაც დადგინდებოდა მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული შენობა-ნაგებობებისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ნივთების იდენტურობა.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლებით დაკისრებული სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების ვალდებულება და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №892018349967-07 (22.06.2018) და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №892018349967-08 (24.07.2018) გადაწყვეტილებები კანონიერია.

 

მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №316188 (18.07.2018) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დავალება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პოზიციით, სარჩელი ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელი, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილფეს ვინაიდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაში 2018 წლის 9 ივლისს წარდგენილ იქნა თ----- მ-------–---–ის №390130/17 ადმინისტრაციული საჩივარი. აღნიშნულით მოთხოვნილ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №892018349967-07 (22.06.2018) გადაწყვეტილების გაუქმება და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით 2018 წლის 18 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №316188 გადაწყვეტილება, რომლითაც დაადგინა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობას და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის თანახმად, არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

სააგენტომ სწორად შეაფასა წარმოების ფარგლებში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ ვინაიდან:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი პირი) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.

 

ამ კოდექსის მე-5 მუხლით განმტკიცებული კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამება კანონს და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები ვინაიდან, სააგენტოს მიერ განხორციელდა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201–ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციის დავალების მოთხოვნაც უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2. მესამე პირის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, რომელსაც კანონით დადგენილი ეცნობა სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ, სხდომაზე არ გამოცხადდა, შესაბამისად სასამართლოსთვის უცნობია მესამე პირის პოზიცია, წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1 კასპის რაიონის გამგეობის სხდომის 1992 წლის 29 ივლისის №182 გადაწყვეტილებით დამტკიცდა კასპის რაიონის მიწის შემრჩევი კომისიის 1992 წლის მაისის თვის შერჩევის აქტი, სოფელ ხ----–-ს კოლმეურნეობის 1992 წლის 12 მაისის საერთო კრების გადაწყვეტილება და კურორტ ,,ხ----–-ს“ დასავლეთ მხარეს თ.მ-------–---–ს გამოეყო 2 ჰა მიწის ფართი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ადგილობრივი მმართველობის კასპის რაიონის გამგეობის სხდომის 1992 წლის 29 ივლისის №182 გადაწყვეტილება;

 

3.2 1995 წლის 13 ივნისის №2-1376 ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე თ.მ-------–---–ს საკუთრებაში გადაეცა კასპის რაიონის სოფელ ხ----–-ში მდებარე კურორტი ,,ხ----–-“; თ.მ-------–---–ის სახელზე გაიცა №28/48 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, სადაც მითითებული იქნა, რომ 10000.00 კვ.მ მიწის ფართის საკითხი, რომელზედაც განთავსებული იყო თ.მ-------–---–ის მიერ პრივატიზაციით შეძენილი კურორტი ,,ხ----–-“, გადაწყდებოდა მიწის კანონის თანახმად; 1995 წლის 13 ივნისის №2-1376 ხელშეკრულებით პრივატიზებული კურორტი ,,ხ----–-ს“ ქონება აუქციონში გამარჯვებულ მყიდველს თ----- მ-------–---–ს გადაეცა მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც ჩამონაათვალში არ შეიცავს მიწის ფართს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

1995 წლის 13 ივნისის №2-1376 ხელშეკრულება; №28/48 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა;

 

3.3 2018 წლის 26 აპრილს თ----- მ-------–---–მა №892018349967 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა კასპის რაიონის სოფელ ხ----–-ში მდებარე 10000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია.

დაინტერესებულმა პირმა №892018349967 სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო პირადობის მოწმობის ასლი, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები, პირველი და მეორე სართულის გეგმები, შენობა-ნაგებობების გეგმები, საკუთრების დამადასტურებელი №28/48 მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, 1996 წლის 13 ივნისის ხელშეკრულება და 1996 წლის 13 ივნისის სახელმწიფო ქონების მიღება-ჩაბარების აქტი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2018 წლის 26 აპრილის №892018349967 განცხადება;

 

3.4 ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №892018349967-03 (02.05.2018) გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელმა ორგანომ 2018 წლის 2 მაისს №193555 წერილით გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან და სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გადადო ზემოაღნიშნულ წერილზე პასუხის მიღებამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №892018349967-03 (02.05.2018) გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 მაისის №193555 წერილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს;

 

3.5 მარეგისტრირებელ ორგანოს 2018 წლის 18 მაისს წარედგინა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს №6/28187 წერილი, თანდართული დოკუმენტაციით.

ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ № 892018349967-05 (24.05.2018) გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელმა ორგანომ 2018 წლის 24 მაისის №226772 წერილით გამოითხოვა ინფორმაცია კასპის მუნიციპალიტეტის მერიიდან და სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გადადო ზემოაღნიშნულ წერილზე პასუხის მიღებამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ № 892018349967-05 (24.05.2018) გადაწყვეტილება; 2018 წლის 24 მაისის №226772 წერილი კასპის მუნიციპალიტეტის მერიას;

 

3.6 2018 წლის 15 ივნისს მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 012/3522 წერილი და უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00071 ოქმი, რომლის მიხედვითაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №28/48 ქონების მართვის სამინისტროს კასპის რაიონული განყოფილება 13.06.1996 წელი) გათვალისწინებული უძრავი ქონება იდენტურია საკადასტრო აზმოვითი ნახაზით განსაზღვრული უძრავი ქონების.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 15 ივნისის №012/3522 წერილი, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი №00071;

 

3.7 ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდაქართლის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №892018349967-07 (22.06.2018) გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, შენობა - ნაგებობების ქვეშ განთავსებულ მიწის ნაკვეთზე, ასევე წარსადგენი იყო აზომვით ნახაზზე ასახული და მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული შენობა-ნაგებობების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №892018349967-07 (22.06.2018) გადაწყვეტილება;

 

3.8 იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22–ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, 2018 წლის 24 ივლისს მარეგისტრირებელმა ორგანომ №892018349967 სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №892018349967-08 გადაწყვეტილება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

№892018349967 სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №892018349967-08 გადაწყვეტილება.

 

3.9 2018 წლის 9 ივლისს მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ივნისის №892018349967-07 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოში; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ივლისის №316188 გადაწყვეტილებით თ.მ-------–---–ის №390130/17 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

თ.მ-------–---–ის №390130/17 ადმინისტრაციული საჩივარი; 2018 წლის 18 ივლისის №316188 გადაწყვეტილება;

 

3.10 მიწის კადასტრის დეპარტამენტის კასპის განყოფილების 1996 წლის 11 ივნისის ცნობის მიხედვით, ხ----–-ს ადგილობრივ კურორტს უკავია 1.0 ჰა მიწის ფართობი, მათ შორის ბაღი 0.60 ჰა, შენობა-ნაგებობები და მისასვლელი გზების ქვეშ 0.40 ჰა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მიწის კადასტრის დეპარტამენტის კასპის განყოფილების 1996 წლის 11 ივნისის ცნობა;

 

3.11 მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს კასპის რაიონული განყოფილების №04-13-04/2181 ცნობა;

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” და ,,ვ” ქვეპუნქტებით რეგლამენტირებულ აღმჭურველი სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტიაა სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

იმავე კანონის 26-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები; რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად.

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება დაინტერესებული პირის განცხადების, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე.

 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ს ა კ ო მ ლ ო წ ი გ ნ ი დ ა ნ ა მ ო ნ ა წ ე რ ი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ამ წესის მიზნებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მ ი წ ი ს გ ა დ ა ს ა ხ ა დ ი ს გ ა დ ა მ ხ დ ე ლ თ ა ს ი ა (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი, მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 26 აპრილს თ----- მ-------–---–მა №892018349967 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა კასპის რაიონის სოფელ ხ----–-ში მდებარე 10000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია.

 

მოსარჩელემ №892018349967 სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო პირადობის მოწმობის ასლი, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები, პირველი და მეორე სართულის გეგმები, შენობა-ნაგებობების გეგმები, საკუთრების დამადასტურებელი №28/48 მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, 1996 წლის 13 ივნისის ხელშეკრულება და 1996 წლის 13 ივნისის სახელმწიფო ქონების მიღება-ჩაბარების აქტი.

 

მას განემარტა, რომ წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, შენობა - ნაგებობების ქვეშ განთავსებულ მიწის ნაკვეთზე, ასევე წარსადგენი იყო აზომვით ნახაზზე ასახული და მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული შენობა-ნაგებობების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი.

 

იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22–ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, 2018 წლის 24 ივლისს მარეგისტრირებელმა ორგანომ №892018349967 სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №892018349967-08 გადაწყვეტილება. მოსარჩელემ გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება, რომლის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ზემდგომი ორგანოს მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში გასარკვევია, რამდენად სრულყოფილად იქნა დადგენილი და გამოკვლეული სააგენტოს მიერ ფაქტობრივი გარემოებები და მიეცა თუ არა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. ამისათვის უპირველეს ყოვლისა უნდა გაირკვეს მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტი არის თუ არა უფლებადამდგენი დოკუმენტი და რომელ უძრავ ქონებაზე წარმოშობს საკუთრების უფლებას.

 

დადგენილია, რომ კასპის რაიონის გამგეობის სხდომის 1992 წლის 29 ივლისის №182 გადაწყვეტილებით დამტკიცდა კასპის რაიონის მიწის შემრჩევი კომისიის 1992 წლის მაისის თვის შერჩევის აქტი, სოფელ ხ----–-ს კოლმეურნეობის 1992 წლის 12 მაისის საერთო კრების გადაწყვეტილება და კურორტ ,,ხ----–-ს“ დასავლეთ მხარეს თ.მ-------–---–ს გამოეყო 2 ჰა მიწის ფართი;

 

ხოლო 1995 წლის 13 ივნისის №2-1376 ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე თ.მ-------–---–ს საკუთრებაში გადაეცა 10000.00 კვ.მ მიწის ფართზე განთავსებული კურორტი ,,ხ----–-“; თ.მ-------–---–ის სახელზე გაიცა №28/48 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, სადაც მითითებული იქნა, რომ 10000.00 კვ.მ მიწის ფართის საკითხი, რომელზედაც განთავსებული იყო თ.მ-------–---–ის მიერ პრივატიზაციით შეძენილი კურორტი ,,ხ----–-“, გადაწყდებოდა მიწის კანონის თანახმად;

ამრიგად, შენობა ნაგებობებთან და მიღება-ჩაბარების აქტში ამოთვლილ ქონებასთან დაკავშირებით, თ----- მ-------–---–ის საკუთრების უფლება უტყუარად არის დადგენილი და ადმინისტრაციულ ორგანოს სადავოდ არ გაუხდია. სადავოდ არ გაუხდია ასევე განაშენიანების ფართი. რაც შეეხება 10000.00 კვ.მ მიწის ფართს, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის მიხედვით უნდა გადაწყვეტილიყო მიწის კანონმდებლობის თანახმად. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და განმარტავს, რომ იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაიცემოდა მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი. ასეთი აქტი ადმინისტრაციული წარმოებისას მოსარჩელეს არ წარუდგენია. საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში აღნიშნული დათქმა თ----- მ-------–---–ის მხრიდან დამატებით საჭიროებდა მიემართა შესაბამისი ორგანოებისათვის მიწის ფართის საკითხის გადასაწყვეტად, რაც მას არ გაუკეთებია.

 

ამასთან სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ ხელშეკრულებას და მიღება-ჩაბარების აქტს, რომლის საფუძველზეც გადაეცა კურორტი ,,ხ----–-’’ მოსარჩელეს. მიღება-ჩაბარების აქტში არის ჩამონათვალი იმ ქონების შესახებ, რომელიც პრივატიზაციის ხელშკრულებით შეისყიდა თ----- მ-------–---–მა. მასში არ არის დასახელებული მიწის ნაკვეთი და აქედან გამომდინარე, შესყიდულად ვერ ჩაითვლება. სასამართლო ითვალსწინებს იმ ვითარებას, რომ კურორტი ხ----–-ს პრივატიზაციის დროს უძრავი ქონების, შენობის და მიწის სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრა სხვადასხვა წესით ხდებოდა. მიწის ნაკვეთის შეყიდვისათვის ასევე დამატებითი პირობები იყო შესასრულებელი, რისი შესრულების მტკიცებულება არ წარმოდგენილა.

 

მიწის ფართის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ასევე გასათვალსწინებელია ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი, რომლის თანახმად, ,,თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგულია მხოლოდ შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება რეგისტრირდება ამ შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობის შესაბამისად“. ასევე განსაზღვრულია, რომ საკუთრების უფლება რეგისტრირდება ამ შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობის შესაბამისად. თუ მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობი სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ ფართობს არაუმეტეს 10 პროცენტით აღემატება“, ხოლო, იმ შემთხვევაში „თუ მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობი სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ ფართობს 10 პროცენტზე მეტით აღემატება, შენობა- ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების მთელ ფართობზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია დასაშვებია, თუ ზედმეტად დაკავებულ ფართობზე წარდგენილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ შემთხვევაში ასეთი დოკუმენტი, რაც საშუალებას მისცემდა მარეგისტრირებელ ორგანოს განაშენიანების ფართობზე 10 პროცენტზე მეტი მიწის ფართზე საკუთრების უფლება დაერეგისტრირებინა, მოსარჩელეს არ წარუდგენია.

 

რაც შეეხება, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას სრულყოფილად იქნა თუ არა გამოკვლეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებზე:

მარეგისტრირებელმა ორგანომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან და კასპის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოითხოვა ინფორმაცია და სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გადადო ზემოაღნიშნულ წერილზე პასუხის მიღებამდე. ორივე ადმინისტრაციული ორგანოდან სათანდო დოკუმენტაციის და უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №00071 ოქმის მიღების შემდეგ, რომლის მიხედვითაც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №28/48 ქონების მართვის სამინისტროს კასპის რაიონული განყოფილება 13.06.1996 წელი) გათვალისწინებული უძრავი ქონება იდენტური იყო საკადასტრო აზომვითი ნახაზით განსაზღვრული უძრავი ქონების, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეჩერა წარმოება და მოსარჩელეს მოსთხოვა კორექტირებული ნახაზის წარდგენა და მხოლოდ ამის მერე შეწყვიტა, ვინაიდან არ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზი. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სააგენტომ სრულყოფილად ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება გასაჩივრებული აქტები კანონიერია.

 

აღნიშნული გასათვალისწინებელია, აგრეთვე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისას შეფასებისას, რომელიც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით იქნა მიღებული. ამ შემთხვევაშიც სწორად იქნა შეფასებული ფაქტობრივი გარაემოებები და არ არსებობს ბათილად ცნობის საფუძველი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ზემოხსენებული გადაწყვეტილებების მიღებისას ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით;

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, რაც ამ შემთხვევაში არ გამოვლენილა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის მიმართ, მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული საააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის №892018349967-07 (22.06.2018) ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ გადაწყვეტილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №892018349967-07 (22.06.2018) ,,გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ №316188 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის 2018 წლის 24 ივლისის №892018349967-09 ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უარი უნდა ეთქვას მოსარჩელეს მესამე სასარჩელო მოთხოვნაზე - და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონალური ოფისისთვის №892018349967 სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში კურორტ ,,ხ----–-ზე“ დამაგრებულ 10000.00 კვ.მ მიწის ფართზე თ----- მ-------–---–ის საკუთრების უფლების დარეგისტრირების დავალების შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. რისი გათვალისწინებითაც მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 22-ე, 23-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. თ----- მ-------–---–ის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის მიმართ, მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული საააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის №892018349967-07 (22.06.2018) ,,სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ გადაწყვეტილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №892018349967-07 (22.06.2018) ,,გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ №316188 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის 2018 წლის 24 ივლისის №892018349967-09 ,,სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თ----- მ-------–---–ის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონალური ოფისისთვის №892018349967 სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში კურორტ ,,ხ----–-ზე“ დამაგრებულ 10000.00 კვ.მ მიწის ფართზე თ----- მ-------–---–ის საკუთრების უფლების დარეგისტრირების დავალების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;

 

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.

 

4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: ნინო გერგაული