განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1656-19
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი
სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ--------------–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ---------------------–----- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #4----------- დაბადებული 1----–-–-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----–-------------------------–-.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი;
ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ე.ი. ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, როდესაც არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
2018 წლის ოქტომბრის დასასრულს გ------------–----ი ზეპირად შეუთანხმდა თ------------ეს, რომ იცხოვრებდა ქ.თბილისი, მ--------------------–- მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, ყოველი თვის დასაწყისში 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარისა და მის მიერ გახარჯული კომუნალური გადასახადების ოდენობით თანხის გადახდის სანაცვლოდ.
2018 წლის ოქტომბრის დასასრულიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე გ------------–----ი ცხოვრობდა ქ.თბილისი, მ--------------------–- მდებარე თ-------------ის საცხოვრებელ სახლში და ისე, რომ არ გადაუხდია სახლის ქირავნობის ორი თვის საფასური 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და მის მიერ გახარჯული კომუნალური გადასახადების საფასური - 159 (ასორმოცდაცხრამეტი) ლარისა და 12 (თორმეტი) თეთრის ოდენობით, 2019 წლის იანვრის დასაწყისში დატოვა ქ.თბილისი, მ--------------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლი, რითაც მოტყუებით, ქონებრივად დააზიანა თ-------------ე, რომელსაც გ------------–----ის ქმედებით მიადგა 309 (სამას ცხრა) ლარის და 12 (თორმეტი) თეთრის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2018 წლის ოქტომბრის დასასრულიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე გ------------–----ის მიერ მოტყუებით თ-------------ის ქონებრივი დაზიანების ფაქტი.
შესაბამიასად, გ------------–----ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდებულ გ------------–----ის მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ბრალდების მხარის მიერ წინასასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იქნა შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულ თ-------------ის გამოკითხვისას მიცემული ინფორმაცია, მოწმეების: რ----------------ის, რ------–----–--ის, ი--------–--–ის გამოკითხვისას მიცემული ინფორმაცია, გ------------–----ის მოწმის სახით გამოკითხვისას მიცემული ინფორმაცია, თ------------ის განცხადების დანართი, კომუნალური გადასახადების ქვითრები და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია პირველ რიგში ყურადღება გაამახვილოს პროკურორის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებულ ბრალდების ფორმულირებაზე და ამ საკითხის მნიშვნელობაზე მტკიცებულებების საკმარისობის შეფასების კონტექსტში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ბრალდებულს ედავება, რომ 2018 წლის ოქტომბრის დასასრულს გ------------–----ი ზეპირად შეუთანხმდა თ------------ეს, რომ იცხოვრებდა ქ.თბილისი, მ--------------------–- მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, ყოველი თვის დასაწყისში 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარისა და მის მიერ გახარჯული კომუნალური გადასახადების ოდენობით თანხის გადახდის სანაცვლოდ. 2018 წლის ოქტომბრის დასასრულიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე გ------------–----ი ცხოვრობდა ქ.თბილისი, მ--------------------–- მდებარე თ-------------ის საცხოვრებელ სახლში და ისე, რომ არ გადაუხდია სახლის ქირავნობის ორი თვის საფასური 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და მის მიერ გახარჯული კომუნალური გადასახადების საფასური - 159 (ასორმოცდაცხრამეტი) ლარისა და 12 (თორმეტი) თეთრის ოდენობით, 2019 წლის იანვრის დასაწყისში დატოვა ქ.თბილისი, მ--------------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლი, რითაც მოტყუებით, ქონებრივად დააზიანა თ-------------ე, რომელსაც გ------------–----ის ქმედებით მიადგა 309 (სამას ცხრა) ლარის და 12 (თორმეტი) თეთრის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მხარეებმა მიიჩნიეს უდავოდ და მათი გამოკვლევა არ მომხდარა სასამართლო სხდომაზე, თუმცა აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები შეაფასოს ობიექტურად და მისცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებს. სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს ქონების მესაკუთრის ქონებრივ დაზიანებას მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არამედ საქმეზე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულ გ------------–----ის მხრიდან ადგილი აქვს სამოქალაქო ვალდებულების შეუსრულებლობას. დაზარალებულთან ქირავნობის ზეპირი ხელშეკრულების დადების დროს გ------------–----ი მიზნად არ ისახავდა დაზარალებულის მოტყუებას და ამ გზით დაზარალებულისათვის ქონებრივი ზიანის მიყენებას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები არ იკვეთება.
სასამართლოს შეფასებით, საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება, რომლის საფუძველზე მხარებმა აიღეს ვალდებულება, რომ თ-------------ე გააქირავებდა, ხოლო გ------------–----ი დაიქირავებდა უძრავ ქონებას, მდებარე ქ.თბილისი, მ--------------------–-, რის სანაცვლოდ ყოველი თვის დასაწყისში გ------------–----ი გადაიხდიდა 75 ლარს და მის მიერ გახარჯული კომუნალური გადასახადების თანხას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, გარიგება სამოქალაქო სამართლის ცენტრალურ ინსტიტუტს წარმოადგენს. იგი კერძო ავტონომიისა და ხელშეკრულების თავისუფლების განხორციელების მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტრუმენტია. სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილის ნორმები გარიგებათა შესახებ ვრცელდება ყველა სახის კერძო სამართლებრივ ურთიერთობებზე. ნების გამოვლენა გარიგების დეფინიციის აუცილებელი ელემენტია. ამ გაგებით ნების გამოვლენა არის სამართლებრივი შედეგის დადგომის სურვილის გარეგნული გამოხატვა კანონით დადგენილი ფორმით. შინაგანი ნების გამოხატულებით გარიგების მონაწილენი აფიქსირებენ იმ მიზანს, რომლის მიღწევაც სურთ და ამისათვის კანონით განსაზღვრულ სამართლებრივ საშუალებებს იყენებენ. სამართლებრივ შედეგს იწვევს მხოლოდ ნამდვილი ნების გამოვლენა, რაც გულისხმობს ნების შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ნამდვილია ნების გამოვლენა, თუ დაცულია მისი გამოხატვის სამართლებრივი წინაპირობები - მატერიალური თუ ფორმალური. მატერიალურ წინაპირობებს განეკუთვნება ნების გამომვლენი პირის გონებრივი შესაძლებლობები (ასაკი, ჯანმრთელობა), ხოლო ფორმალურს – ნების გამოვლენის კანონით დადგენილი ფორმის დაცვა ნების გამოვლენა ზეპირად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. ზეპირი გარიგების დადება მხარის მიერ ფორმის განსაზღვრის თავისუფლების ფარგლებში ხვდება. ზეპირობა მიჩნეულ უნდა იქნეს ფორმის სახედ. მიუხედავად დოგმატური განსხვავებისა, აღნიშნული გამიჯვნა პრაქტიკული თვალსაზრისით უმნიშვნელოა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.
საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოტყუებაში, რის შედეგადაც მესაკუთრეს ქონებრივი ზიანი ადგება. ამასთან, დამნაშავის ქმედებაში არ უნდა იყოს თაღლითობის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ვინაიდან განსახილველი დანაშაულის ობიექტურ მხარეს გარკვეული მსგავსება აქვს თაღლითობის გზით სხვისი ქონების დაუფლებასთან. ორივე შემთხვევაში გამოიყენება დანაშაულის ჩადენის ერთი და იგივე ხერხი - მოტყუება. ამასთან, ამ ორ დანაშაულს შორის არსებობს განსხვავებაც. თაღლითობის დროს მოტყუება გამოყენებულია, როგორც მესაკუთრის მფლობელობაში არსებული ქონების დაუფლების საშუალება, ხოლო ქონებრივი ზიანის გამოწვევის დროს კი მოტყუება გამორიცხავს მესაკუთრისათვის სათანადო ქონების მიღებას, რაც წესით მას უნდა მიეღო. ამასთან, დამნაშავე ითვისებს იმ შემოსავალს, რომელიც მესაკუთრისთვის უნდა გადაეცა, ან თავს არიდებს მის გადაცემას. ამ მოქმედების შედეგად მესაკუთრეს ადგება ზარალი, ე.წ. აცდენილი მოგების სახით. ეს ორი დანაშაული განსხვავდება ქონებრივი სარგებლის უკანონოდ მიღების მექანიზმით. თუ თაღლითობის დროს მოტყუებითი ხერხის გამოყენებით ხდება სხვისი კუთვნილი მოძრავი ნივთის დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი ზიანის მიყენებისას ნივთის ამ გზით ამოღება არ ხორციელდება. მესაკუთრის კანონიერ მფლობელობაში არსებული ქონება არ მცირდება. განსახილველი მუხლის თავისებურება სწორედ იმაშია, რომ დამნაშავე თავის სასარგებლოდ იყენებს ფულად სახსრებს ან სხვა ქონებას, რომელიც მესაკუთრემ ვერ მიიღო. ამრიგად, აღნიშნული დანაშაულის განხორციელებისას ქონებრივი ზიანი არ არის გამოხატული პირდაპირ ზიანში, არამედ გულისხმობს სარგებლის მიუღებლობას. ზემოთაღნიშნული დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა. იგი დამთავრებულია არა მოქმედების ჩადენის მომენტიდან, არამედ ქონების მესაკუთრისა ან სხვა კანონიერი მფლობელისათვის ფაქტობრივი ქონებრივი ზარალის მიყენების მომენტიდან. ცხადია, რომ დამნაშავის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის დადგენილ უნდა იქნეს მიზეზობრივი კავშირი. ამ დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია პირდაპირი განზრახვით. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ატყუებს ქონების მესაკუთრეს მისთვის ცრუ ცნობების მიწოდებით ან რეალურად არსებული ფაქტების შეუტყობინებლობით, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიადგება და სურს მისთვის ამ ზიანის მიყენება. სუბიექტური მოტივით სახეზეა ანგარების მოტივი და სხვის ხარჯზე გამორჩენის მიღების მიზანი. სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ამსრულებელია საერთო სუბიექტი.
სასამართლოს განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში უნდა გაიმიჯნოს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული და სამოქალაქო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა. საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობის შემთხვევაში ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა წინ უნდა უსწრებდეს ქმედების განხორციელებას, ბრალდებულს უნდა ამოძრავებდეს სურვილი, რომ დაზარალებული წინასწარ შეიყვანოს შეცდომაში და მოტყუებით დაზარალებულს მიაყენოს ქონებრივი ზიანი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულსა და სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას შორის გადის ძალიან ვიწრო, მყიფე ზღვარი და კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და გადასაწყვეტია, ადგილი აქვს მხარეთა შორის არსებულ სამოქალაქო სამართლებრივი ვალდებულების შეუსრულებლობას თუ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას. ეს კი უნდა შეფასდეს იმ გარემოების გარკვევით, ვალდებულების შეუსრულებლობისას პირს ამოძრავებდა თუ არა ქონების მესაკუთრისათვის ცრუ ცნობების მიწოდებით და მისი მოტყუებით ქონების მესაკუთრისათვის ქონებრივი დაზიანების მიყენების განზრახვა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის შედგა ზეპირი შეთანხმება ბინის ქირავნობის თაობაზე, რომლის საფუძველზე დაზარალებულმა დროებით სარგებლობაში გადასცა მისი კუთვნილი ბინა, რომლის სანაცვლოდ ბრალდებულს უნდა გადაეხადა გარკვეული ოდენობის თანხა, რომელიც ვერ გადაიხადა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქონების მესაკუთრისათვის შეპირებული თანხის გადაუხდელობის მიზეზი მოტყუებით სხვისი ქონებრივი დაზიანების განზრახვით კი არ იყო განპირობებული, არამედ თანხის გადაუხდელობა განპირობებული იყო ბრალდებულის მძიმე ეკონომიური მდგომარეობით, ბრალდებულისათვის ხელფასის არაჯეროვნად გადახდითა და მისი შვილის ავადმყოფობის გამო გაწეული ხარჯებით. ბრალდებულის ჩვენებით დადასტურდა, რომ დაზარალებულს თანხა მხოლოდ იმიტომ ვერ გადაუხადა, რომ ხელფასი ვერ აიღო ერთიანად, ხოლო ის თანხა, რომელიც აიღო, დასჭირდა მისი შვილის მკურნალობის ხარჯებისათვის, რომლის თაობაზეც ინფორმირებული იყო დაზარალებული. აღნიშნული გარემოება დაადასტურა თავად დაზარალებულმაც და განმარტა, რომ ბრალდებულისგან ინფორმირებული იყო იმის თაობაზე, რომ ხელფასი ვერ აიღო, შვილი ჰყავდა ცუდად და ამის გამო ვერ უხდიდა შეთანხმებულ თანხას. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე მხარეთა მიერ მიჩნეული უდავო მტკიცებულებები და საქმის გარემოებები მოწმობენ, რომ გ------------–----ი გარიგების დადებისას მიზნად არ ისახავდა მოტყუებით ქონებრივი დაზიანების მიყენებას ქონების მესაკუთრისათვის და მას სურდა აღებული ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, აღნიშნული ქმედება საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ვერ მიიჩნევა. მოცემულ შემთხვევაში გ------------–----ი არის ხელშეკრულების დამრღვევი, რომელსაც შესაძლოა დაეკისროს ვალდებულება მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რაც თავის მხრივ გამორიცხავს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებულ კვალიფიკაციას. მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ხელშეკრულების დამდებს ეკისრება სამოქალაქო სამართლწარმოების წესით.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთმითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ბრალდებული გ------------–----ი საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და უნდა გამართლდეს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ კონკრეტულ შემთხვევაში მტკიცებულებათა ასეთი საკმარისი ერთობლიობა საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებაში სახეზე არ არის. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------------–----ი საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და უნდა გამართლდეს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლია მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხ. Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49) .
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა გ------------–----ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა გ------------–----ის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც, გ------------–----ი საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272, 275-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------------–----ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2. გ------------–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
3. გამართლებულ გ------------–----ს განემარტოს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი