განაჩენი

სისხლის სამართლის 30.07.2019
საქმის ნომერი
010100119003062180
დავის ტიპი
276 5
თარიღი
30.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე# 010100119003062180

საქმე №1-517/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 ივლისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნათია ზოიძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ მ-----–--------–--ის

ბრალდებულის - კ--- ფ----------ის

ადვოკატის - გ-----–-----ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №075171218004 საქმე :

 

ბრალდებულ კ--- ფ----------ის მიმართ

მამის სახელი: რ------

დაბადებული: 0--------- წელს

მოქალაქეობა: საქართველოს

პირადი ნომერი: 1----------

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული მისამართზე: დ--------–--–---------------–--------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ---------------–------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც მართავს ამ სატრანსპორტო საშუალებას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (2019 წლის 01 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, შ. ხ--–--–---–ის ქუჩა N15“ბ“-ს წინ ი--------–--ის ქუჩის მიმართულებით „ლენდ როვერის“ მარკის ავტომობილით (სახელმწიფო სანომრე ნიშით H------), მოძრაობისას, მძღოლმა კ--- ფ----------ემ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 32-ე, პუნქტი 1-ის მოთხოვნები, დაიწყო არასწორი მანევრი, შეუქმნა საფრთხე და შეეჯახა თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ „ჰონდას“ მარკის მოტოციკლეტს (სახელმწიფო სანომრე ნიშნით C-----), რომელსაც მართავდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მ----- ჟ----–--ი. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოტოციკლის მძღოლი მ----- ჟ----–--ი გარდაიცვალა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

2. ბრალდებულმა კ--- ფ----------ემ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4. სასამართლოს მიაჩნია, რომ კ--- ფ----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:

 

5. მოწმეების - ნ----------------–---ის, მ---------------ის ჩვენებები; დაზარალებულის უფლებამონაცვლე - ე---------- ჟ----–--ას ჩვენება; 2018 წლის 17 დეკემბერს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოცხრილი; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 08 თებერვლის სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, წარმოდგენილი ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა გამართულ მდგომარეობაშია. წარმოდგენილი მოტოციკლის საჭით მართვის მექანიზმი და უკანა თვალის სამუხრუჭე სისტემა გამართულ მსგომარეობაშია, ხოლო წინა თვალის მუხრუჭი მწყობრიდან არის გამოსული მასზე მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 08 თებერვლის ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, მძღოლ კ--- ფ----------ეს, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო, თუ ის იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 32-ე, პუნქტი 1-ის მოთხოვნათა გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით, მძღოლი მ----- ჟ----–--ი, მის განკრაგულებაში არსებული დროის სიმცირის გამო, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შესძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება; სსიპ „ლევან სამხრაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 22 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ----- ჟ----–--ის სიკვდილის მიზეზია - სისხლჩაქცევა ტვინის რბილ ქსოვილებში, ნათხემსა და მოგრძო ტვინში, კეფის დიდი ხვრელის მიდამოში, გამოწვეული ქალა ფუძის მოტეხილობით, კაფე-ატლასის/ კისრის პირველი მალის/ შესახსრების ტრავმული გათიშვით (გაგლეჯით). დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედებით, სიცოცხლისდროინდელია, პირდაპირ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთა და ცოცხალ პირებში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგეილებაში მითითებულ თარიღს;

 

6. ”საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მუხლი 32 პუნქტი 1-ის თანახმად: მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.

 

7. კანონის სწორედ აღნიშნული მოთხოვნა დაარღვია კ--- ფ----------ემ ავტომანქანის მართვისას, რის გამოც შეეჯახა თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ „ჰონდას“ მარკის მოტოციკლეტს, რომელსაც მ----- ჟ----–--ი მართავდა და რამაც ამ უკანასკნელის გარდაცვალება გამოიწვია.

 

8. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

9. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

10. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

11. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით კ--- ფ----------ის ბრალდების დადასტურება.

 

12. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

14. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

15. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

16. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

 

17. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

18. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

20. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ კ--- ფ----------ემ ავტომანქანის მართვისას დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

21. კ--- ფ----------ეს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებება არ გააჩნია.

 

22. კ--- ფ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, შერიგება დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

23. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

24. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

25. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

26. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

27. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

28. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

29. სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

30. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კ--- ფ----------ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა - 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, არ არის ნასამართლევი, სახეზეა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, რომელსაც მის მიმართ პრეტენზია არ აქვს, სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კი ბრალდებულის შერიგება დაზარალებულთან სასჯელის დანიშვნისას განსაკუთრებით გასათვალისწინებელი შემამსუბუქებელი გარემოებაა - სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა 04 (ოთხი) წელი და 06 (ექვსი) თვე; მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების საფუძველზე, 01 (ერთი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

31. რაც შეეხება საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილ ავტომანქანას და მოტიციკლს, წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილებით, უკვე დაბრუნებული აქვთ კანონიერ მფლობელებს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული კ--- რ------ს ძე ფ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2019 წლის 01 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების საფუძველზე, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

მსჯავრდებულ კ--- ფ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს მსჯავრდებულს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი