განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 040100119003135904
N1/39-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 აგვისტო, 2019 წელი ცაგერი
ცაგერის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი - ეკატერინე მუკბანიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ზვიად შალამბერიძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - სულხან კერესელიძე
მამის სახელი: თემური;
დაბადებული: 21.12.1979 წელი;
დაბადების ადგილი: საქართველო, ამბროლაური;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: საშუალო;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;
პირადი ნომერი: 04001001417;
რეგისტრაციის მისამართი: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი - ამბროლაური, ქუჩა/მასივი-აღმაშენებლის მიკრორაიონი, პირველი ჩიხი, სახლის/კორპუსის N3;
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი - ამბროლაური, ქუჩა/მასივი - ბრატისლავა-რაჭის, სახლის/კორპუსის N38, ბინა N5;
ადვოკატი - მერაბ დარახველიძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.სულხან კერესელიძემ, 2019 წლის 7 ივლისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ამბროლაურში, ბრატისლავა-რაჭის ქუჩაზე, მისივე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შეკამათებისას, სახის არეში ხელის დარტყმის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ანანო ქურცაძეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება
2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს(2019 წლის 30 ივლისის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.167-173).
3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. სულხან კერესელიძემ, სრულად აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.
5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის მიერ, 2019 წლის 7 ივნისს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ ბრალდებულმა სულხან კერესელიძემ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ანანო ქურცაძეს, რის გამოც მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან და მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა(ს.ფ.27-30).
6.დაზარალებულ ანანო ქურცაძის წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ მისი მეუღლე, სულხან კერესელიძე ხშირად ხდება აგრესიული, როდესაც ღამით აანთებს შუქს ან ჩართავს გაზზე მომუშავე წყლის გამათბობელს. ეუბნება, რომ არ არის მისი გადამხდელი, პირადად კი ვერ გადაიხდის, რის გამოც იწყებს ჩხუბს და აგრესიას. უშლის ღამით შუქის ანთებას და ბავშვების მოსაწესრიგებლად წყლის გამათბობელის ჩართვას. ხშირად აგინებს დედის მისამართით, რის გამოც განიცდის ფსიქოლოგიურ სტრესს. როცა სახლში ნასვამი მოდის და სახლშიც ხშირად სვამს, ეუფლება შიშის განცდა, რომ უმიზეზოდ დაიწყებს ჩხუბს. იმყოფება ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სტრესის ქვეშ. თუმც ადრე ხელით არ შეხებია. ხელფასს ხარჯავს სიგარეტსა და ლუდში, არ მიაქვს საჭმელი, როცა მიიტანს ამადლის მათ. 2019 წლის 6 ივნისს, სახლში ჰქონდათ მხოლოდ დაობებული პურის ნაჭერი, რაც ბავშვებს არ აჭამა, რომ არ მოწამლულიყვნენ. საღამოს მოიტანა ცხელი პური, რასაც ბავშვები მიცვივდნენ და მოიტეხეს. ამის გამო დაუწყო ჩხუბი, რომ ბავშვები მთელი დღე მშიერი იყვნენ. ბავშვებსაც აუქნია ხელი: გამოიწიეთ, მოშორდით პურსო. ბავშვებისთვის არ დაურტყამს. მათ არ ეჩხუბებათ. ასევე ერიდება მათი თანდასწრებით მასთან ჩხუბს. 8 ივნისს, დილით დაახლოებით 9 საათზე ჩართო წყლის გამათბობელი, რის გამოც სულხანი განაწყენდა და ხელი გაარტყა სახის არეში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ტკივილი(ს.ფ.3-5; 60-62);
7.მოწმის სახით დაკითხული მადონა ჩიკვილაძის წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დგინდება, რომ სოციალურ სამსახურში მიაკითხა ანანო ქურცაძემ, იცნობს მის ოჯახს, როგორც სოციალურად დაუცველს. მოუყვა მეუღლისაგან ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის, კერძოდ შუქის ანთებისა და წყლის გამათბობელის ჩართვის გამო(ს.ფ.63-65);
8.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 21 ივნისის N004295219 დასკვნით, თანახმად წარდგენილი სამედიცინო (შპს ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ამბროლაურის ცნობა N182 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დათარიღებული 11.06.19 წ.)მონაცემებისა, მოქალაქე ანანო ქურცაძემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 07.06.19 წელს 22:30 სთ-22:30 საათზე, სადაც დაესვა დიაგნოზი პრაქტიკულად ჯანმრთელი.
წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში, მოქალაქე ანანო ქურცაძის სხეულზე, მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნების არსებობის შესახებ მითითებული არ არის(ს.ფ.136-138).
9.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 21 ივნისის N004295119 დასკვნით, ანანო ქურცაძის ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი ტანჯვის ხარისხის დადგენა არ ხერხდება.(ს.ფ.140-144);
10.2019 წლის 9 ივნისის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ სულხან კერესელიძემ, 2019 წლის 7 ივლისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ამბროლაურში, ბრატისლავა-რაჭის ქუჩაზე, მისივე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შეკამათებისას, სახის არეში ხელის დარტყმის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ანანო ქურცაძეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.82-84);
11. სულხან კერესელიძის მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმე ცეცილია კერესელიძის გამოკითხვის ოქმით; მოწმე მზია აბუთიძის გამოკითხვის ოქმით; მოწმე ნინო რეხვიაშვილის გამოკითხვის ოქმით; ბრალდებულ სულხან კერესელიძის გამოკითხვის ოქმით; ოქმით სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაყვანაზე უარის თქმის შესახებ; ბრალდებულ სულხან კერესელიძის დაკავების ოქმით; ალკოტესტით შემოწმების ოქმით, თანდართული ამონაწერით; ოქმით სამედიცინო შემოწმებაზე უფლების განმარტების შესახებ; ოქმით დაცვის უფლების განმარტების შესახებ; ოქმით ნათესავისათვის ბრალდებულის დაკავების შეტყობინების შესახებ; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თანდართული ფოტოცხრილით, დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების ოქმით; ოქმით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ, დადგენილებით ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, დადგენილებით ანანო ქურცაძის სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, სულხან კერესელიძის ნასამართლობის ცნობით, სულხან კერესელიძის ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით, ამონაწერით სულხან კერესელიძის უძრავი ქონების შესახებ, ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან სულხან კერესელიძის შესახებ თანდართული ამონაწერით, ცნობით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან“ სულხან კერესელიძის შესახებ, განცხადებით დანაშაულის შესახებ, ანანო ქურციძის ფორმა N100-თ, ფორმა N1-თ, წერილობითი მიმართვებით და პასუხებით, სულხან კერესელიძის ფორმა N1-თ, შეტყობინებით ოჯახის წევრის დაკავების შესახებ, დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ, შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, ბარბარე კერესელიძის დაბადების მოწმობით, ქრისტინე კერესელიძის დაბადების მოწმობით, განჩინებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, შეტყობინებით სულხან კერესელიძის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესახლებაზე, საჩივრით მოსამართლის განჩინებაზე, განჩინებით უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე, განცხადების მიღების ბარათით, წერილით სასჯელაღსრულების დაწესებულებისადმი ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ, ოქმით ბრალდებულთან გასაუბრებისა და შეხვედრის დროების განსაზღვრის შესახებ, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით სულხან კერესელიძის მიმართ, ოქმებით ბრალდებულის გამოცხადების შესახებ;
12.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. შესაბამისად ანანო ქურცაძე არის ბრალდებულ სულხან კერესელიძის ოჯახის წევრი - მეუღლე.
13.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა სულხან კერესელიძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება
სამართლებრივი შეფასება:
14.სასამართლოს მიაჩნია, რომ სულხან კერესელიძემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
15.სულხან კერესელიძის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ნასვამ მდგომარეობაში ჩადენა.
16.სულხან კერესელიძის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. შეუბღალავი წარსული(არ არის ნასამართლევი და ადმინისტრაციულ სახდელდადებული) შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
17. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ .სულხან კერესელიძეს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს .სულხან კერესელიძის მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: შეუბღალავი წარსული, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სულხან კერესელიძის მიმართ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად, დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული სულხან კერესელიძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი)წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლიდან გამომდინარე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.
2. სულხან კერესელიძეს, სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 08 ივნისის 01:00 საათიდან, 2019 წლის 14 ივნისის ჩათვლით.
3.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ სულხან კერესელიძის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4.გაუქმდეს ბრალდებულ სულხან კერესელიძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით უზრუნველყოფილი გირაო და მოეხსნას ამბროლაურის რაონული სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით დადებული ყადაღა სულხან კერესელიძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების 5 000(ხუთი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს გადახდის უზრუნველსაყოფად სულხან კერესელიძის (პ/ნ 04001001417) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - საცხოვრებელ ბინას, მდებარე ამბროლაური, ბრატისლავა-რაჭის ქუჩა N38-ში(ზონა - 46; სექტორი - 19; კვარტალი - 01; ნაკვეთი - 630, კოდი 01/002; არასასოფლო-სამეურნეო, სართული პირველი; ბინა N2, ფართი - 22.28 კვ.მ, საკადასტრო კოდი - N86.19.01.630.01.002, ღირებული 7 000 (შვიდი ათასი) ლარად.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი