განაჩენი

სისხლის სამართლის 15.08.2019
საქმის ნომერი
110100119003142118
დავის ტიპი
151
თარიღი
15.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #110100119003142118

#1/204-2018

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 აგვისტო, 2019 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ფ-------- ს------;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ---- მ------–---–-, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----------, განქორწინებული, ნასამართლეობის არ მქონე, რეგისტრირებული: საჩხერის რაიონი, სოფელი შ---------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქალაქი საჩხერე, დ.აღმაშენებლის ქუჩა N--;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათიდან 17:30 საათამდე პერიოდში, ქ.საჩხერეში, გომართელის ქუჩაზე მდებარე აგრარული ბაზრის შესასვლელში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა გ---- მ------–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს - ლ--–- ჩ-------ს, ასევე, ცდილობდა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, რისი საშუალებაც არ მისცეს იქ მყოფმა პირებმა და დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც, მათ შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობიდან გამომდინარე, ლ--–- ჩ-------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. გ---- მ------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

 

3. წინასასამართლო სხდომაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

4. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).

 

6. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

7. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---- მ------–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენას, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულ ლ--–- ჩ-------ს გამოკითხვის ოქმები; მოწმეების ნ---- მ--–------, ი-----–- ს-------–----, ზ----- დ---–--, დ-–---- კ-------- და ი----- გ-------–---–-- გამოკითხვის ოქმები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გ.მ------–---–-ს მიმართ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები და მასალები.

 

8. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია გ---- მ------–---–-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

9. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 151-ე მუხლი) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში (კერძოდ მუქარა); ბ) შედეგში (შიში) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის (მათ შორის დანის) დემონსტრირებით. მუქარის შინაარსი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობაში, ქონების განადგურებაში და სხვა. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით (პირის შეიარაღება მუქარის წარმოთქმისას), ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ (ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის) უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ესე იგი, იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედების ჩასადენად. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთ ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგან ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალის ფორმის მიხედვით კი მუქარა არის განზრახი დანაშაული. მისი ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი.

 

10. საქართველოს სსკ 111-ე მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებით გ---- მ------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

12. გ---- მ------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია;

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

14. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ---- მ------–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ---- მ------–---–- არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან, ოჯახში ცხოვრობს შვილებთან ერთად და მუდმივი სამუშაო არ გააჩნია (დაკავებულია პერიოდული, კერძო სამუშაოებით). შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად. ასევე, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია გ---- მ------–---–-ს მიმართ დამატებითი სასჯელის გამოყენება, კერძოდ: საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე ბ--- წ------–---–-, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია გ---- მ------–---–-ს მიმართ საქართველოს სსკ 63-ე მუხლის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიერ ხანგრძლივი ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდა, რაც პირიქით, შეიძლება კონპროდუქტიული იყოს.

 

15. საქართველოს სსკ 521-ე მუხლის თანახმად, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა ნიშნავს იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების შეზღუდვას ან/და აკრძალვას. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელად არის გათვალისწინებული ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის დამატებით სასჯელად დანიშვნისას აუცილებელი არ არის, იარაღი დანაშაულის იარაღი იყოს ან დანაშაულის ჩასადენად იყოს გამიზნული. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შემთხვევაში იარაღის ჩამორთმევა ხდება და ჩამორთმეული იარაღი შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, ამ სასჯელის მიზნებისათვის ტერმინს „იარაღი“ აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მნიშვნელობა. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების დროს, ალეკო ფერაძემ გამოიყენა იარაღი, გასროლა მოახდინა ჰაერში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ კიდევ ერთი დამატებითი სასჯელის განსაზრღვრა, კერძოდ კი იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის განსაზღვრა და მას უნდა აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების უფლება 2 (ორი) წლის ვადით.

 

16. სასამართლოს მიაჩნია, რომ 1 (ერთი) წლის პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, დამატებით სასჯელებთან ერთად, შეძლებს დააფიქროს გ---- მ------–---–- უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ---- მ------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი;

 

საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, გ---- მ------–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ 521-ე მუხლის საფუძველზე, გ---- მ------–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და აეკრძალოს იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების უფლება 2 (ორი) წლის ვადით;

 

გ---- მ------–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 6 ივნისიდან, 2019 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით;

 

საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, გ---- მ------–---–ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სსკ 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ასევე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე