გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310019003161381
საქმე № 3/212-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ
30 აგვისტო, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური
მოსარჩელე: ე---------- ბ----–-–---–ი
წარმომადგენელი: ა-–---- მ------–---–-
მოპასუხე: საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველო
წარმომადგენელი: ო---- ყ------–---–-
მესამე პირი: ვ------ ბ----–-–---–ი
დავის საგანი: შემაკავებელი ორდერი გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს 2019 წლის 23 აგვისტოს შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
სარჩელის თანახმად, ე---------- ბ----–-–---–ი (პირ. № 5----------) არის ვ------ ბ----–-–---–ის (პირ. № 5----------) რძალი (შვილის მეუღლე); ისინი ცხოვრობენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------–ში მდებარე ერთ სახლში, ცალ-ცალკე ფართებში.
ე---------- ბ----–-–---–ი 2019 წლის 22 აგვისტოს იმყოფებოდა სახლის ეზოში რძალთან (შვილის მეუღლესთან) - ნ---- ბ----–-–---–თან ერთად, რა დროსაც დედამთილმა - ვ------ ბ----–-–---–მა მათ გასაგონად თქვა, რომ ისინი (ე---------- და ნ---- ბ----–-–---–ები) ელოდებოდნენ კაცებს, თუმცა ამ გამონათქვამზე მათ პასუხი არ გაუციათ. მეორე დღეს კი შეიტყო, რომ პოლიციას გამოუცია შემაკავებელი ორდერი, თითქოს ე----------მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ვ------ ბ----–-–---–ს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
პოლიციას არ დაუდგენია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არ გამოუკითხავს საქმესთან კავშირში მყოფი პირები, და მხოლოდ ვ------ ბ----–-–---–ის განმარტებაზე დაყრდნობით გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რაც წარმოადგენს კანონის დარღვევას.
2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია
საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს განმარტებით, ბ----–-–---–ების ოჯახში წლებია, არის რთული და დაძაბული ურთიერთობა; ოჯახის თითქმის ყველა წევრის მიმართ არაერთხელ გამოიცა შემაკავებელი ორდერები; 2019 წლის 23 აგვისტოს პოლიციაში მივიდა ვ------ ბ----–-–---–ი და განაცხადა, რომ მას წინა დღით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რძალმა - ე---------- ბ----–-–---–მა, რაც გახდა შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი. სხვა პირების გამოკითხვის საჭიროება არ არსებობდა.
ვ------ ბ----–-–---–ის განმარტებით, რძალი გამუდმებით აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და აქვთ კონფლიქტი. 2019 წლის 22 აგვისტოსაც მან მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს მიერ 2019 წლის 23 აგვისტოს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ე---------- ბ----–-–---–ს 30 დღით აეკრძალა ვ------ ბ----–-–---–თან მიახლოება; ასევე აეკრძალა მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
მტკიცებულება: შემაკავებელი ორდერი № 019009.
3.2.2. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ ნ---- ბ----–-–---–ის განმარტებით, მეუღლის ბებიასთან - ვ------ ბ----–-–---–თან 2018 წლიდან რაიმე სახის ურთიერთობა აღარ აქვს, ხოლო დედამთილთან - ე---------- ბ----–-–---–თან აქვს ნორმალური, საშუალო სახის ურთიერთობა; ოჯახში არსებული რთული კონფლიქტური მდგომარეობის შედეგად მათი არასრულწლოვანი შვილების დასაცავად გამოცემულია შემაკავებელი ორდერები და საოციალური სამსახურის მხრიდან ხდება მათი საცხოვრებელი პირობების პერიოდული შემოწმება. 2019 წლის 22 აგვისტოს სოცმუშაკები იმყოფებოდნენ ჯერ მასთან, ხოლო შემდეგ მივიდნენ ვ------ ბ----–-–---–თან; ეს უკანასკნელი ვერ გაერკვა ვითარებაში, სოცმუშაკები მიიჩნია უცხო პირებად, ცუდის გაკეთების ინსცენირების ეჭვი კი ე---------- და ნ---- ბ----–-–---–ებზე მიიტანა, გამოხატა უარყოფითი ემოცია და ვ------ ბ----–-–---–მა მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა. სოცმუშაკების თხოვნით და საკუთარი თვითშეგნებით, ისინი არ აყვნენ პროვოკაციას და რაიმე სახის საპასუხო ქმედება არ განუხორციელებიათ, მით უფრო სიტყვიერი შეურაცხყოფა ვ------ ბ----–-–---–ისათვის არავის მიუყენებია. ე---------- და ნ---- ბ----–-–---–ები დაუკავშირდნენ პოლიციას, რომ რაიმე სახის გართულება აღარ მოჰყოლოდა ამ ინციდენტს, თუმცა მეორე დღეს შემაკავებელი ორდერი გამოიცა ე----------ს მიმართ.
მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემას საფუძვლად დაედო მხოლოდ ვ------ ბ----–-–---–ის განმარტება, რომ ე---------- ბ----–-–---–მა მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა, და მისი მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი სხვა გარემოებებით და მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
6. სამართლებრივი შეფასება
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
იმავე კანონის მე-4 მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლის მშობელი და სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
დადგენილია და სადავო არაა, რომ ე---------- ბ----–-–---–ი არის ვ------ ბ----–-–---–ის შვილის მეუღლე; ისინი ცხოვრობენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------–ში - ერთი სახლის ცალ-ცალკე გამოყოფილ ფართებში.
იმავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით.
მითითებული ნორმის შინაარსის ანალიზით, ნათელია, რომ შემაკავებელი ორდერი გამოიყენება ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის.
საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს მიერ 2019 წლის 23 აგვისტოს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი იმ საფუძვლით, რომ ადგილი ჰქონდა ე---------- ბ----–-–---–ის მხრიდან ფსიქლოგიური ძალადობის ფაქტს ვ------ ბ----–-–---–ის მიმართ.
მოსარჩელე შემაკავებელი ორდერის გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მისი მხრიდან ვ------ ბ----–-–---–ის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
იმავე კანონის მე-4 მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის მიხედვით, ფსიქოლოგიურ ძალადობად ითვლება შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემას საფუძვლად დაედო მხოლოდ ვ------ ბ----–-–---–ის განმარტება, და სხვა რაიმე მტკიცებულებას ეს ორდერი არ ეფუძნება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის წლებია, რთული და დაძაბული ვითარებაა, შესაძლოა, ისინი დანტერესებული იყვნენ ერთმანეთისათვის პრობლემებისა და ამით მათთვის ხელსაყრელი ვითარების შექმნაზე (შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას);
ამიტომ, ადმინისტრაციულმა ორგანომ, მსხვერპლის დაცვის მიზნით უნდა გაატაროს გადაუდებელი ღონისძიებები თუნდაც შემაკავებელი ორდერის გამოცემის გზით, თუკი ამის გადაუდებელი გამოცემის საჭიროება არსებობს, და ამის შემდეგ მაინც სრულყოფილად დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არ ქმნის იმის უტყუარად დადასტურებულად მიჩნევის საფუძველს, რომ ვ------ ბ----–-–---–ის მიმართ ე---------- ბ----–-–---–ის მხრიდან განხორციელდა იმგვარი ხასიათის ქმედება (ქმედებები), რაც შეფასებული იქნებოდა ფსიქოლოგიურ ძალადობად.
ოჯახური ძალადობის სპეციფიკა იმგვარია, რომ ძალადობის, მით უფრო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს შემსწრე პირი, უმრავლეს შემთხვევაში, არ ჰყავს.
ასეთ შემთხვევებში, პრენეციისა და მსხვერპლის დაცვის მიზნით, შესაძლოა, შემაკავებელი ორდერის გამოცემა მოხდეს მხოლოდ დაზარალებულის განმარტებაზე დაყრდნობით.
როგორც საქმის განხილვისას გაირკვა, იმ პერიოდში, როდესაც ვ------ ბ----–-–---–ის მითითებით, მასზე ფსიქოლოგიური ძალადობა განხორციელდა, იქ იმყოფებოდნენ სოციალური სამსახურის მუშაკები, ანუ პირები, რომლებსაც შეეძლოთ, მომხდართან დაკავშირებით მიუკერძოებელი განმარტება მიეცათ, რაც მეტ-ნაკლებად ნათელ წარმოდგენას შექმნიდა სადავო ფაქტზე.
ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კი არათუ ეს პირები, არამედ მოძალადედ მიჩნეული ე---------- ბ----–-–---–იც კი არ გამოკითხულა და განმარტება არ მიღებულა.
ეს გარემოებები ქმნის იმის მყარად დასკვნის საფუძველს, რომ ადმინისტრაციული წარმოება სრულყოფილად არ ჩატარდა და შემაკავებელი ორდერის გამოცემას საფუძვლად მხოლოდ მსხვერპლად მიჩნეული პირის განმარტება დაედო, რომელიც, ე---------- ბ----–-–---–თან არსებული კონფლიქტური ურთიერთობის გამო, შესაძლოა, სუბიექტური და მიკერძოებული ყოფილიყო.
სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოცემულ კონკრეტულ ვითარებაში არსებობდა სხვა მტკიცებულებების მოძიებისა და საქმის გარემოებების უფრო სრულყოფილად დადგენის საშუალება, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოყენებული არ ყოფილა.
პოლიციამ მხოლოდ დაინტერესებული პირის განმარტების საფუძველზე დადასტურებულად და დამტკიცებულად ჩათვალა ფსიქოლოგიური ძალადობის ჩადენის ფაქტი, და როდესაც არსებობდა დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების საშუალება, ეს არ გამოიყენა.
ასეთ ვითარებაში, პოლიციის განმარტება, რომ ბ----–-–---–ების ოჯახში კონფლიქტური და დაძაბული ვითარებაა, ვერ გახდება შემაკავებელი ორდერის უპირობოდ გამოცემის საკმარისი საფუძველი მხოლოდ ვ------ ბ----–-–---–ის განმარტებაზე დაყრდნობით.
ამგვარად გამოცემული შემაკავებელი ორდერის კანონიერად მიჩნევის პრეცედენტის შექმნით შესაძლებელი იქნება, მსხვერპლად მიჩნეულმა პირმა გამუდმებით აკეთოს განცხადებები პოლიციაში ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ და დაუსრულებლად გამოიცეს შემაკავებელი ორდერები მისთვის არასასურველი ოჯახის წევრების მიმართ, რაც უკანონოდ შეზღუდავდა ამ წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებას.
შესაძლოა, მოწმე ნ---- ბ----–-–---–ი წარმოადგენდეს ამ საქმის შედეგით დაინტერესებულ პირს (ვ------ ბ----–-–---–ს მასთან აქვს კონფლიქტური ურთიერთობა), თუმცა ისეთ ვითარებაში, როდესაც საქმეზე სხვა მტკიცებულება არ არსებობს, შეფასება უნდა მიეცეს მოწმის სახით დაკითხულ ნ---- ბ----–-–---–ის ჩვენებას, რომ ე---------- ბ----–-–---–ის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ადგილი არ ჰქონია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირი დაცული უნდა იქნეს ნებისმიერი სახის, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, რომლის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება შემაკავებელი ორდერის გამოცემაა იმ პირის მიმართ, ვისზეც არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ახორციელებს ამ სახის ძალადობას მსხვერპლის მიმართ, თუმცა შემაკავებელი ორდერის ნებისმიერ შემთხვევაში გამოცემით შესაძლოა, დაუსაბუთებელი ზიანი მიადგეს მოძალადედ მიჩნეულ პირს და უსაფუძვლოდ ჩაითვალოს იგი მოძალადედ.
შემაკავებელი ორდერის გაცემის კანონიერების შემოწმების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს, დაადგინოს, საქმის მასალები და მხარეთა ახსნა-განმარტებები ქმნიდა თუ არა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ, შემაკავებელი ორდერის გამოცემის გარეშე, მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ზიანი მიადგებოდა მსხვერპლის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალები და სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული ფაქტები და ინფორმაცია, არ იძლევა იმის მტკიცების საკმარის საფუძველს, რომ საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს მიერ შემაკავებელი ორდერი გაცემულია მხარეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვის, მოსალოდნელი საფრთხეების სწორი შეფასების საფუძველზე.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
ამ კანონის მიზანს წარმოადგენს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სხვა ხელშეუხებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესში მნიშვნელოვანია, დადგინდეს ორდერის გამოცემის გარდაუვალი საჭიროება, რა ტიპის ძალადობის აღკვეთასაც უნდა ემსახურებოდეს იგი.
ფიზიკური ძალადობა წარმოადგენს შემაკავებელი ორდერის გამოცემის ერთ-ერთ წინაპირობას, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ორდერის გამოცემა ფსიქოლოგიური ძალადობის პირობებშიც; ამგვარი ძალადობით გამოწვეული განცდების სიმძაფრე არ ჩამოუვარდება ფიზიკური ძალადობით მიყენებულ ტკივილს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში, არ იძლევა დასაბუთებული ეჭვის საფუძველს, რომ ე---------- ბ----–-–---–ის მხრიდან მოხდა ვ------ ბ----–-–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა; შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკმარისი ფაქტობრივი და ფორმალური საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-4, მე-19 და 2114 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. გაუქმდეს საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს 2019 წლის 23 აგვისტოს № 019009 შემაკავებელი ორდერი ე---------- ბ----–-–---–ის მიმართ.
2. გადაწყვეტილება მიღებიდან 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში გადაეცეთ მხარეებს.
3. გადაწყვეტილება შეიძლება, ერთჯერადად გასაჩივრდეს საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქემთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. № 30) მისი ასლის მხარეთათვის გადაცემიდან 3 (სამი) დღის ვადაში.
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი