განაჩენი

სისხლის სამართლის 25.06.2019
საქმის ნომერი
330100119003013918
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2373-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 ივნისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ – ნ----- გ-------–ის

ბრალდებულ _ ნ------- ბ----–---–ის

ადვოკატ - თ------- გ--------–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ ნ------- ა-–----------ს ძე ბ----–---–ის, დაბადებულის 19---–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ.თბილისში, გ-–------------------------------------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ------- ბ----–---–მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

ნ------- ბ----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ.-----–--–-----–--------------------------------------------------------ში, ნ------- ბ----–---–მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ფიზიკური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი თ----ა ს------–-–---–ის მიმართ, კერძოდ, ნ------- ბ----–---–ს მიაჩნდა, რომ თ----ა ს------–-–---–ი, როგორც ქალი და მეუღლე, ვალდებული იყო დამორჩილებოდა ქმარს და მისი მოთხოვნის შესაბამისად ემოქმედა. მას შემდგომ, რაც 2019 წლის 14 აპრილს სახლში დაბრუნებულს, მამრობითი სქესის ხელოსანი დახვდა მეუღლესთან ერთად სახლში, აღნიშნული მიიჩნია ქალის სოციალური როლისათვის შეუფერებელ ქცევად და შეკრული ხელის მტევანი დაარტყა თ----ა ს------–-–---–ს მხრისა და ბეჭის არეში და ხელი მოუჭირა ნიკაპზე, რა დროსაც თ----ა ს------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ესწრებოდა თ----ა ს------–-–---–ის არასრულწლოვანი შვილი, – 4 წლის მ------ ს------–-–---–ი.

ე.ი. ნ------- ბ----–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

სასამართლოს დასკვნა ნ------- ბ----–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულებისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, შემაკავებელ ორდერს, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

საქმის ირგვლივ შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მისი დედის მიმართ რეალურად განხორციელდა ფიზიკური ძალადობა ბრალდებულის მხრიდან, რასაც არც თავად ბრალდებული უარყოფს და ითხოვს არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას, რის საფუძვლადაც მიუთითებს იმას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სურს განაგრძოს ოჯახთან თანაცხოვრება და მატერიალურად დაეხმაროს ოჯახის წევრებს, მათ შორის არასრულწლოვან შვილს.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ნ------- ბ----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

მოცემულ შემთხვევაში ნ------- ბ----–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რაც საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. აღნიშნული დადასტურებულია მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით, რომელშიც დაზარალებული მიუთითებს, რომ ნ------- ბ----–---–ს ქალის ვალდებულებად მიაჩნდა, რომ უნდა დამორჩილებოდა მას, ვინაიდან „იყო ქალი და არ ჰქონდა უფლება დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების და საკუთარი შეხედულებისამებრ ცხოვრების“. მოცემულ შემთხვევაშიც კონფლიქტის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ თ----ა ს------–-–---–თან ერთად მათ საცხოვრებელ სახლში, ნ------- ბ----–---–ის არყოფნისას იმყოფებოდა უცხო მამაკაცი (ხელოსანი), რისი უფლებაც დაზარალებულს, როგორც ქალს არ ჰქონდა. წარდგენილი ბრალდება სრულად, მათ შორის, ძალადობის გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენის ნაწილში, აღიარა ბრალდებულმა. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ------- ბ----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული შეიცავს გენდერული დისკრიმინაციის ნიშნებს, რამდენადაც ისინი ჩადენილია ქალის უფლებრივი შეზღუდვის მიზნით, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ თავისუფლების აღკვეთის მინიმალურ ზღვარს, რაც მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციის ქვედა ზღვარის გათვალისწინებით შეადგენს 2 (ორ) წელს.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებულია ფიზიკური ძალადობა, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ხოლო მეორეს მხრივ, აფასებს ბრალდებულის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებისადმი და სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებული გულწრფელად ინანიებს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ჩადენილ დანაშაულს, ამასთან, მის მიერ განხორციელებული ძალადობა არ გამოირჩეოდა ისეთი დაუნდობელი ხასიათითა და მომეტებული საშიშროებით, რაც აუცილებელს გახდიდა ნ------- ბ----–---–ის იზოლირებას ოჯახისა და საზოგადოებისაგან საპატიმრო სასჯელის გამოყენებით. რაც შეეხება ძალადობის განმეორების რისკს, აღსანიშნავია, რომ არც ბრალდებული და არც დაზარალებული არ მიუთითებენ მის განმეორებით ხასიათზე და წარსულში მეუღლეებს შორის მხოლოდ სიტყვიერი კონფლიქტის არსებობას ადასტურებენ. ამასთან, დღეის მდგომარეობით მათ შორის კონფლიქტი ამოწურულია, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და სასამართლოსაგან ითხოვს არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას (აღნიშნული დადასტურებულია საქმეში არსებული სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით), ისინი აპირებენ თანაცხოვრების გაგრძელებას, რაც მინიმუმამდე ამცირებს ძალადობის განმეორების რისკს.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იგი აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს სისხლისსამართლებრივი სანქცია გამოყენებული. იგი დასაქმებულია თ-----–-----------------–-----–---–-------------–---------–--------–---–-------------–------------–----ში, საიდანაც ხასიათდება დადებითად, აგრეთვე, მის კმაყოფაზე არიან მცირეწლოვანი შვილი და ხანშიშესული ბებია. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს ნ------- ბ----–---–ის მიმართ პირველივე შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა ბრალდებულის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც. რაც შეეხება ალტერნატიული სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნას, სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია, რამდენადაც აღნიშნული სასჯელი შეუთავსებელი იქნება მის ძირითად საქმიანობასთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ------- ბ----–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად სასამართლოს მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ბრალდებულის სათანადო ქცევას.

ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ნ------- ბ----–---–ი დღემდე აგრძელებს სამხედრო სამსახურში მუშაობას, მის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაევალოს შესაბამისი სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ------- ბ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

2. მსჯავრდებულ ნ------- ბ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 15 აპრილიდან 2019 წლის 25 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

3. მსჯავრდებულ ნ------- ბ----–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი სამხედრო სამსახურში მუშაობის განმავლობაში, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, განახორციელოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ს--–---–-------------–---------–-------–-–------------–-----–----–-----------ის ხელმძღვანელობამ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, გამოსაცდელი ვადის დარჩენილ პერიოდში, ნ------- ბ----–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნ------- ბ----–---–ს დაევალოს ყოფაქცევაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

4. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მინის ნატეხები (ინახება შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლ-----------–--------------------–-----------– განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი