განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2276-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 ივლისი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ – ც------ ც---–---ის
ბრალდებულ _ ვ-----–- გ--------ს
ადვოკატ _ გ---- ბ---------ის
თარჯიმან - ე-–--- თ---–--ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ ვ-----–- ე-–------ის ასული გ--------ს, დაბადებულის 2----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ-------–--–----------–-----------–-----–-----------------------, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ-----–- გ--------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
ვ-----–- გ--------ს მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 18 თებერვალს, საღამოს, ქ.-----–--–-------------------–-–-----–------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ-----–- გ--------მ მარცხენა ხელის მტევანზე დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილს - სამი წლის რ------ ა-–------------ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ე.ი. ვ-----–- გ--------მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.
სასამართლოს დასკვნა ვ-----–- გ--------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შემაკავებელ ორდერს, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ვ-----–- გ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:
აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.
სტამბოლის კონვენციის განმარტებითი ანგარიშის თანახმად, ბავშვები ხშირად ხდებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი. ოჯახში ძალადობა არასრულწლოვნის მიმართ, როგორი ფორმითაც არ უნდა გამოვლინდეს, სავალალო გავლენას ახდენს ბავშვის ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე და მოწყვლადს ხდის აგრესიული ქცევების ათვისებისა და შემდგომში გამოვლინების მიმართ. გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-19 მუხლი მონაწილე სახელმწიფოებს ავალდებულებს ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მიმართონ, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტმოქმედებისაგან, იმისაგან, რომ ბავშვი მოკლებული არ იყოს ზრუნვას ან დაუდევრად ექცეოდნენ, უხეშად ეპყრობოდნენ ან ექსპლუატაციას უწევდნენ, აგრეთვე სექსუალურ ძალადობას იჩენდნენ.
ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლი მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე“ სანქციის მეშვეობით. ერთის მხრივ, სახელმწიფო ვალდებულია რეაგირების გარეშე არ დატოვოს ოჯახში ძალადობის შემთხვევები და მოახდინოს დროული და სათანადო ინტერვენცია ყველა შემთხვევაში, განსაკუთრებით კი, თუ მსხვერპლი არასრულწლოვანია, ხოლო მეორეს მხრივ, მშობელსა და შვილებს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობიდან გამომდინარე, ყურადღებას მიაქცევს მიღებული ღონისძიებების ზომიერებას, რათა ჩარევა არ აღმოჩნდეს გაუმართლებელი და უფრო მეტი ტკივილის მომტანი არასრულწლოვნისათვის. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას, ბრალდებულის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებისადმი და სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკებს. ვ-----–- გ--------ს მიერ არასრულწლოვანი დაზარალებულის მიმართ განხორციელებულია ფიზიკური ძალადობა, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბრალდებული გულწრფელად ინანიებს მცირეწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებას, რომელიც არ გამოირჩეოდა ისეთი დაუნდობელი ხასიათითა და მომეტებული საშიშროებით (ხელზე ერთხელ დაარტყა ხელი), რაც აუცილებელს გახდიდა ვ-----–- გ--------ს იზოლირებას ოჯახის, მათ შორის არასრულწლოვანი შვილებისა და საზოგადოებისაგან საპატიმრო სასჯელის გამოყენებით. რაც შეეხება ძალადობის განმეორების რისკს, აღსანიშნავია, რომ მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, მათ შორის ოჯახის წევრების გამოკითხვის ოქმებით ირკვევა, რომ ვ-----–- გ--------ს მიერ შვილების მიმართ ძალადობას არ ჰქონია განმეორებითი ხასიათი და ეს იყო პირველი შემთხვევა, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი მხრიდან ძალადობის განმეორების რისკი არ არის იმდენად მაღალი, რომლის აღკვეთაც მხოლოდ საპატიმრო სასჯელის გამოყენებით იქნებოდა შესაძლებელი.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იგი აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს სისხლისსამართლებრივი სანქცია გამოყენებული, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, რომელთაც ზრდის და უვლის თვითონ. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე არასრულწლოვანი დაზარალებულის დამოკიდებულებას ბრალდებული დედის მიმართ, კერძოდ, საქმეში არსებული ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებით ირკვევა, რომ რ------ ა-–------------ დედაზე საუბრისას არ ამჟღავნებდა ნეგატიურ რეაქციებს, პირიქით, აქვს პოზიტიური მიჯაჭვულობა დედის მიმართ და აღნიშნავს, რომ „ძალიან უყვარს და მოენატრა“. ყოველივე ზემოაღნიშნულის და განსაკუთრებით კი დაზარალებულის დამოკიდებულების გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ვ-----–- გ--------ს მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება. ამასთან, სასამართლო არ მსჯელობს ალტერნატიული სასჯელი სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის მიზანშეწონილობაზე, რამდენადაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი, ხოლო ვ-----–- გ--------ს ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, მათ შორის, 3 წლის რ------ ა-–------------.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ-----–- გ--------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად სასამართლოს მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ბრალდებულის სათანადო ქცევას, რათა მან განაგრძოს ოჯახის წევრებთან მშვიდი და არაკონფლიქტური ურთიერთობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ-----–- გ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
2. მსჯავრდებულ ვ-----–- გ--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 18 თებერვლიდან - 2019 წლის 21 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
3. მსჯავრდებულ ვ-----–- გ--------ს ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ვ-----–- გ--------ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
4. გაუქმდეს ვ-----–- გ--------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 1.000 (ათასი) ლარის ოდენობით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი