განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2823-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 ივლისი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ _ ა-- ლ----–---–ის
ბრალდებულ _ ი-----–- წ-----ის
ადვოკატ _ ლ---- ზ------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ ი-----–- მ--–----ის ძე წ-----ის, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დასაოჯახებლის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ-------–--–---------–-----–-------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------–--------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-----–- წ-----ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
ი-----–- წ-----ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 19:15 საათზე, ქ.თბილისში, ჟ----–--–-----------------------ში მდებარე კომპანია „ტ----------ის“ ოფისის ფოეიში, ი-----–- წ-----ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ი-–-- ტ------–ს, კერძოდ, ხელები და ფეხები რამდენჯერმე დაარტყა სახისა და ტანის არეში. ი-----–- წ-----ის ქმედების შედეგად ი-–-- ტ------–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიადგა ფიზიკური ზიანი, კერძოდ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი-–-- ტ------–ის მარცხენა სხივის ძვლის მოტეხილობა მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა. დანარჩენი დაზიანებები კი მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ე.ი. ი-----–- წ-----ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა ი-----–- წ-----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
საქმის ირგვლივ შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ბრალდებულმა ი-–-- ტ------–ს ნამდვილად მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან და რასაც არც თავად ბრალდებული უარყოფს. იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულის ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ი-----–- წ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:
აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით. მოცემულ შემთხვევაში, ი-----–- წ-----ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული, რის გამოც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომლის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ძალადობის ხასიათსა და დაზარალებულისათვის მიყენებულ ზიანს. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ი-----–- წ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იგი აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც სრულად აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, არ არის ნასამართლევი და წარსულში არ ყოფილა შემჩნეული რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, ხოლო საქმის მასალების მიხედვით, რაიმე დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის გაღიზიანება, რასაც დაზარალებულთან ფიზიკური კონფლიქტი მოჰყვა, გამოიწვია იმან, რომ ამ უკანასკნელთან ერთად, საკუთარი სურვილით ანაზღაურების გარეშე მუშაობდა შპს „ტ----------ის“ საქმიანობის გასაუმჯობესებლად, ხოლო დასახული მიზნის სისრულეში მოყვანის შემდეგ, დაზარალებულმა უარი განუცხადა ერთობლივი მუშაობის გაგრძელებასა და კუთვნილი ანაზღაურების გადახდაზე, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია. ამ ეტაპზე ბრალდებული გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ქმედებას, რასაც დაზარალებულის ფიზიკური დაზიანება მოჰყვა. ამასთან, როგორც სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის განმარტებით დგინდება, ბრალდებულს ჰქონდა მცდელობა მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოლაპარაკებოდა დაზარალებულს, თუმცა უშედეგოდ, რამდენადაც დაზარალებულს გააჩნდა კატეგორიულად საწინააღმდეგო დამოკიდებულება ბრალდებულისაგან ზიანის ანაზღაურების მიღების და შერიგების თაობაზე. ასეთ ვითარებაში სასამართლო ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ვერ განიხილავს იმ ფაქტს, რომ ბრალდებულს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურებია, რამდენადაც აღნიშნულის შესაძლებლობას მოკლებული იყო დაზარალებულის მკვეთრად უარყოფითი პოზიციის გამო. სსკ–ის 53–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, სხვა გარემოებებთან ერთად სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ყურადღებას აქცევს ბრალდებულის მისწრაფებას – აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს, ხოლო რამდენადაც ეს მისწრაფება იკვეთება, ზიანის აუნაზღაურებლობა და შეურიგებლობა დაზარალებულის პოზიციის გამო, ვერ იქნება განხილული ბრალდებულის საუარესოდ. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენების აუცილებლობა, რამდენადაც მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის მიმართ დამოკიდებულების გათვალისწინებით, შესაძლებლად მიიჩნევს მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ი-----–- წ-----ის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რომლითაც მიღწეული იქნება სასჯელის მიზნები, უზრუნველყოფს მის ნორმალურ ქცევას და იქონიებს პრევენციულ გავლენას მისი შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებების აღსაკვეთად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-----–- წ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. მსჯავრდებულ ი-----–- წ-----ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ი-----–- წ-----ეს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
3. გაუქმდეს ი-----–- წ-----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
4. კტ კვლევის 1 (ერთი) ცალი კომპიუტერული დისკი და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი